EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რა ძალას ფლობენ ინტროვერტები? »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2019-12-12 15:04:07

რა ძალას ფლობენ ინტროვერტები?

Psychology

ტერმინები „ინტროვერტი" და „ექსტრავერტი" პოპულარული გახდა 1920-იან წლებში, ფსიქოლოგ კარლ იუნგის წყალობით, მოგვიანებით კი - მეიერს-ბრიგის „პიროვნული ტესტებით", რომლებიც უმსხვილეს უნივერსიტეტებსა და კორპორაციებში გამოიყენებოდა. ქეინის განსაზღვრებით, ინტროვერტს იზიდავს ნაკლებად ხმაურიანი გარემო, სადაც მშვიდად კონცენტრირებაა შესაძლებელი, მეტს უსმენს, ვიდრე საუბრობს და უფიქრდება იმას, რის თქმასაც აპირებს. ამის საპირისპიროდ, ექსტრავერტს ხალხმრავალი ადგილები აძლევს ენერგიას, ისინი უფრო თავდაჯერებული, მეტად პროდუქტიული ადამიანები არიან,რომლებიც საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოთქვამენ და გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებენ.
 
ქეინის თქმით, გასული საუკუნის განმავლობაში თანდათან ჩამოყალიბდა საზოგადოება, რომელიც ექსტრავერტებისათვის სამოთხეა, ინტროვერტებისათვის კი სრულიად უპერსპექტივო გარემოს ქმნის. ავტორის აზრით, მეოცე საუკენემდე , როგორც ისტორიკოსები უწოდებენ, „ხასიათის კულტურის" ხანაში ვცხოვრობდით, როდესაც ჩვენგან „ჩუმი პირდაპირობით" გამოხატულ მორალურ ქცევას მოელოდნენ. მაგრამ როდესაც ადამიანებმა ქალაქებში თავმოყრა და დიდ კომპანიებში მუშაობა დაიწყეს, გაჩნდა კითხვა: რითი უნდა გამოვირჩეოდე ბრბოსაგან? შედეგად მივიღეთ „ინდივიდუალიზმის კულტურა", რომელიც ასე გვხიბლავს ბრწყინვალე კინოვარსკვლავებით, აქტიური თანამშრომლებით და კომუნიკაბელური ლიდერებით.
 
ქეინის აზრით, გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ „ექსტრავერტულმა იდეალმა" სამუშაო გარემო შეცვალა. დამოუკიდებელი, ავტონომიური ტიპის სამუშაო, რომელიც სიმარტოვეში მუშაობას მოითხოვდა გაქრა და მის ნაცვლად მივიღეთ „ახალი კოლექტიური აზროვნება", რომელიც „ჯგუფურ მუშაობას ყველაფერზე მაღლა აყენებს". ბავშვები ახლა ჯგუფურად სწავლობენ; იდეები ბრეინშტორმინგის (იდეთა კოლექტიური ძიების) პროცესში ყალიბდება; ენაწყლიანი ადამიანები უფრო ჭკვიანებად ითვლებიან; თანამშრომლების შერჩევა „ადამიანებთან მუშაობის უნარ-ჩვევებით" ხდება და ოფისები ღიად და ინტერაქტიულად არის მოწყობილი.
 
თუმცა, ქეინის აზრით, ამ ყველაფერმა ნოვაციები და პროდუქტიულობა დააზარალა. კვლევა აჩვენებს, რომ ქარიზმატიულ ლიდერებს უფრო დიდი ხელფასი აქვთ, თუმცა კორპორატიული საქმიანობით ისინი სხვებს ვერ ჯობნიან; ბრეინშტორმინგის შედეგად ვიღებთ დაბალი ხარისხის იდეებს, რადგან ადამიანები თავდაჯერებული ტონით მოსაუბრა ექსტრავერტების აზრს უფრო იზიარებენ; თითოეული თანამშრომლისათვის გამოყოფილი სივრცე 1970-იანი წლების შემდეგ 60%-ით შემცირდა; ოფისის ღია გეგმარება იწვევს კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის დაქვეითებას, მეხსიერების გაუარესებას, კადრების გადინების მაღალ მაჩვენებელს და ხშირ ავადმყოფობას.
 
თუ ყველანი წაგებულები ვართ ამ სიტუაციაში, ინტროვერტები კიდევ უფრო წაგებულნი არიან - დიდი ალბათობით, მათი თვისებები შემჩნეული და დაფასებული არ იქნება. „ექსტრავერტული იდეალის" გარემოში აღმოჩენილი ინტროვერტი იგივეა, რაც მამაკაცთა სამყაროში მცხოვრები ქალი - აცხადებს ქეინი - ჩვენი უმნიშვნელოვანესი დაწესებულებები ექსტრავერტებისთვისაა შექმნილი. ჩვენ ტალანტს ვკარგავთ."
 
ქეინი ინტროვერტების დომინირებისაკენ არ ისწრაფის. მას ესმის, რომ დიდი იდეების მოწოდება და კარგ ლიდერად ჩამოყალიბება ორივე ტიპის პიროვნებას შეუძლია. მას, უბრალოდ, უკეთესი ბალანსი და მუშაობის სხვადასხვა სტილის არსებობა სურს. „კანდიდატების შესარჩევად ჩატარებულ გასაუბრებათა უმრავლესობაზე ყურადღება მახვილდება ადამიანებთან მუშაობის უნარ-ჩვევებზე და ემოციურ ინტელექტზე - აღნიშნა ქეინმა - ეს ლოგიკურია, თუმცა ჩნდება კითხვა: როგორ განისაზღვრება ეს ყველაფერი?"
 
ამასთან ერთად, ქეინს სწამს, რომ ექსტრავერტ და ინტროვერტ ლიდერებს შეუძლიათ თავი წარმოაჩინონ სხვადასხვა კონკრეტულ სფეროში და ამავდროულად ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლონ. კვლევამ აჩვენა, რომ ინტროვერტები უკეთესად მართავენ პროაქტიულ თანამშრომლებს, რადგანაც ისინი მათ უსმენენ და თავიანთი იდეების განხორციელების საშუალებას აძლევენ. ექსტრავერტები კი უკეთ მართავენ პასიურ თანამშრომლებს, ვინაიდან აქვთ მოტივირებისა და შთაგონების უნარი.
 
ექსტრავერტ ლიდერებს შეუძლიათ ინტროვერტი კოლეგებისაგან რისკისადმი უფრო ფრთხილი მიდგომა და სხვებისათვის ლაპარაკის საშუალების მიცემა ისწავლონ, ხოლო ინტროვერტი ლიდერები უნდა შეეცადონ მეტად სოციალურები გახდნენ . ქეინს მაგალითად მოჰყავს Mozilla-ს ყოფილი გენერალური აღმასრულებელი ჯონ ლილი. ის თავს აიძულებდა კომპანიის შენობაში ევლო და თანამშრომლებთან ვიზუალური კონტაქტი დაემყარებინა, რადგანაც ის ადრე ვერ ხვდებოდა, რამდენად შეურაცხმყოფელია ადამიანებისათვის, როდესაც მათ არ ესალმები.
დაბოლოს, ქეინი ამტკიცებს, რომ საზოგადოება მოწყურებულია სიმშვიდეს და ხმაურიანი გარემო უნდა შეიზღუდოს. „სიწყნარეში აზრების მშვიდად დალაგების შესაძლებლობა საუკეთესო შედეგს გამოიღებს."