EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ჰოროსკოპის მიხედვით ორსულების ხასიათი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: DEMI

თარიღი: 2013-07-24 02:36:09

ჰოროსკოპის მიხედვით ორსულების ხასიათი

ჰოროსკოპის მიხედვით ორსულების ხასიათი

თევზები

უმეტეს შემთხვევაში ორსულობა თევზი ქალისთვის, საქორწინო კაბის ჩაცმის აუცილებლობას უკავშირდება. მისი აზრით, ოჯახი უბავშვოდ – ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ორი სხვადასხვა სქესის ადამიანის, უმიზნო და წარუმატებელი თანაცხოვრების მცდელობაა. ორსულობის პერიოდში ქალთევზა, მომხიბვლელი ნოზიდან, რომელმაც თავის დროზე მეუღლე საკუთარი მაცდური შარმით მოხიბლა, აუტანელ ღლავად გადაიქცევა. ეს იმიტომ რომ, ცხრა თვის მანძილზე ვინმეს ნერვების ღრღნა მისთვის აუცილებელია საიმისოდ რომ, ამ მეთოდით როგორმე დააღწიოს თავი მოახლოებულ მშობიარობასთან დაკავშირებულ შიშებს. 
თევზი ქალები, თანადაყოლილი სინაზისა და ქალურობის მიუხედავად, ორსულობის დროს, ზედმეტად პირდაპირები და ხისტები ხდებიან გარშემო მყოფთა მიმართ. ექიმთან სიარული ფეხმძიმე თევზისთვის, ლამის დღესასწაულის ტოლფასი მოვლენაა. იმიტომ რომ, მხოლოდ აქ ახერხებს იგი, მისნაირ მდგომარეობაში მყოფი სუსტი სქესის წარმომადგენლებთან დამეგობრებას, წუწუნს და ენის მოქავებას სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. დაქალებს ხომ მისი ორსულობის დეტალები რვაასიათასჯერ აქვთ უკვე მოსმენილი და გადაღეჭილი. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ ქალთევზას ახალი აუდიტორია ესაჭიროება.

 

 

მერწყული


ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნებისგან განსხვავებით, მერწყულს ყველაზე გვიან უჩნდება ბავშვის გაჩენის სურვილი. ეს იმიტომ, რომ თავსუფლების სიყვარული მასში ყველაფერზე ძლიერია. ქალი მერწყულისთვის დეპრესიის ტოლფასია იმის გაფიქრება, რომ ბავშვის ეტლს, სამზარეულოს, ან ქმარს უნდა მიეჯაჭვოს რაღაც დროით მაინც. შესაბამისად, პასუხისმგებლობას პატარა ადამიანის მიმართ, რომელიც მის ცხოვრებაში ამ ავადასახსენებელ მონოტონურობას შემოიტანს, მერწყული მაქსიმალურად არიდებს თავს მანამ, სანამ ამ პასუხისმგებლობის აუცილებლობას, მისი საკმაოდ წამოზრდილი ღიპი არ დაუსვამს ბეჭედს. თუმცა გააცნობიერებს რა ჯერ არდაბადებული პატარას წინაშე საკუთარ დამოკიდებულებას, ქალი მერწყული მის შესწავლას უკვე ექსპერიმენტული კუთხით იწყებს. მთელი ფეხმძიმობის მანძილზე, იგი მონდომებით ეცნობა სხვადასხვა სახის ლიტერატურას ორსულობის, მშობიარობის და ჩვილის მოვლის შესახებ. თავს ანებებს მისთვის აქამდე საყვარელ მეგობრულ ჭორაობებს ყოველ საღამო დაქალებთან ერთად და მთლიანად მიმართავს საკუთარ პოტენციალს საბრალო ქმრის ნერვების წრთობაზე, ორსულებისთვის დამახასიათებელი, მრავალრიცხოვანი ოფოფების დემონსტრირებით. ხან ეჩვენება რომ ბავშვი მუცელში თავს არაკომფორტულად გრძნობს და გულაღმა სძინავს, იმის შიშით რომ ნაყოფი არ გააღვიძოს. ხან გადაწყვეტს, რომ რაკი ბიჭს ელოდება, სანამ ეს უკანასკნელი ამ ქვეყანას მოევლინება თავად უნდა ატაროს ბიჭისთვის განკუთვნილი ლურჯი ფერის სამოსი, მომავალი შვილისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნიშნად. პრინციპში, ორსულობისას მერწყული ისევ მერწყულად რჩება, თავისი კრეატიული გამოხტომებით, იცვლება მხოლოდ ამ ხუშტურების გამოვლენის არეალი და მიმართულება.

 

თხის რქა 

თხის რქა ქალი საკუთარი თავის სიყვარულს ყველაზე უკეთ ფეხმძიმობისას სწავლობს. იმიტომ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში აძლევს იგი თავს უფლებას, მოდუნდეს და სხვების ზრუნვით თავი გაინებივროს. 
მისთვის ორსულობა იმდენად სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება, რომ ქალი თხის რქა, იშვიათად კმაყოფილდება ერთი შვილის გაჩენით. შესაბამისად, წინააღმდეგი არ არის ამგვარი "საპატიო შვებულებით" თავი ცხოვრებაში მინიმუმ სამჯერ მაინც გაირთოს. 
თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ორსულობის პერიოდში, შვილთან შედარებით, მეუღლე მისთვის ხშირად მეორე პლანზე იწევს. მით უმეტეს, თუ ეს უკანასკნელი, საკუთარი კარიერული მიღწევებით ან სახელფასო განაკვეთით სოლიდურ სიმაღლეზე არ დგას, ქალი თხის რქა მას აუცილებლად დაუწყებს ზემოდან ყურებას და გამუდმებით იმის შეხსენებას, რომ მომავალი შვილისთვის უკეთესი მამობის კანდიდატი არ აწყენდა. ისეთი, რომელიც მინიმუმ ჰარვარდში სწავლის საფასურის გადახდას უზრუნველყოფს მისი პირმშოსთვის. 
თხის რქები აღმერთებენ ვაჟიშვილებს, ამიტომ ორსულობისას ბევრი თხის რქა ოცნებობს მამრობითი სქესის პატარა მოავლინოს ამ ქვეყანაზე. იმიტომ რომ, მისი აზრით, ქალად დაბადება ცხოვრებაში საკმაოდ არასახარბიელო პერსპექტივაა.

 

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ძალიან უყვარს ბავშვები. შესაბამისად, შთამომავლობის გაგრძელების საკითხზე, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ფიქრობს. წინასწარ ნაფიქრი აქვს, რა სახელს დაარქმევს, როგორ გაზრდის, რა სახის განათლებას მისცემს და რამდენ კაციან ქორწილს გადაუხდის მომავლ პირმშოს, იმ დროს როცა ზემოთ ხსენებული ბავშვის პოტენციური მამაც კი არ ჭაჭანებს ჯერ ჰორიზონტზე. როცა ბოლოს და ბოლოს ეღირსება სანატრელი ორსულობა, იგი ძველებურად აქტიური ცხოვრების წესით აგრძელებს ცხოვრებას. ამიტომ ქალი მშვილდოსანის ნახვა უკვე საკმარისად წამოზრდილი მუცლით დისკოთეკაზე ან ღამის კლუბში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა. სიცოცხლის მოყვარული მშვილდოსანი, არასოდეს დაკარგავს ძვირფას დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გასატარებლად, თუნდაც ამისთვის ისეთი საპატიო მიზეზი გააჩნდეს, როგორიც ორსულობაა. მართალია, მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ქალი მშვილდოსანი მონდომებით ზრუნავს, რაც სასარგებლო საკვების მიღებით და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიდევნით განისაზღვრება, თუმცა ექიმებთან ხშირ სიარულში, როგორც წესი, ეს ქალი დროს ნაკლებად ხარჯავს. საქმე იმაშია, რომ მის ოპტიმისტურ ბუნებას, ეჭვიც არ ეპარება ფეხმძიმობის უსაფრთხოდ მიმდინარეობასა და მომავალი შვილის სიჯანსაღეში.

 

მორიელი 

ფეხმძიმე მორიელი, ბევრის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ სუბიექტს წარმოადგენს. ეს იმიტომ, რომ ბავშვი რომელსაც იგი ელოდება, მისი აზრით, ერთადერთი ადამიანია, რომელიც მისგან ჭეშმარიტ სიყვარულსა და დაცვას საჭიროებს. მორიელის ცხოვრებაში ორსულობა ზოგჯერ სრულიად დაუგეგმავი მოვლენაა, ზოგჯერ კი იგი შვილს ხანგრძლივი ფიქრისა და გათვლების შემდეგ აჩენს. თუმცა, ტესტის დადებითი პასუხი, მის ისედაც არამარტივ ხასიათს კიდევ უფრო ართულებს და ამძიმებს. ფეხმძიმობის პერიოდში იგი მონდომებით თამაშობს როგორც ქმრის, ისე ქმრის ნათესავების და მეზობელ-მეგობრების ნერვებზე. მას ხან მოცხარის არომატის მქონე იოგურტი უნდა დილის ოთხ საათზე, ხან აჟურული კოლჰოტები, სწორი ვერტიკალური ხაზებით – ფეხები უფრო გამხდარი რომ გამოუჩინოს; ხან სცივა, ხან ცხელა; ხან სწყინს, ხანაც სული ეხუთება. მოკლედ, მოდი და გაიგე რა უნდა?

ერთი სიტყვით, მისი კუდი ყოველთვის მზადყოფნაშია საიმისოდ, რომ ნებისმეირი სულიერი დაგესლოს, ვინც მისდა საუბედუროდ ჰორიზონტზე გაჭაჭანდება და თვალში უშნოდ გაეჩხირება ორსულ მორიელს. ქალი მორიელის რისხვის საგანი, ძირითადად ექიმები ხდებიან. იმიტომ რომ ბუნებით ეჭვიან მორიელს ყოველთვის ეჩვენება, რომ უმეცარი, უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალი მედიკოსებითაა გარემოცული და ამით, მას და მის პირმშოს შესაძლოა საფრთხე შეექმნას. ფეხმძიმე მორიელის მეუღლეს ვურჩევთ, არასოდეს ჩაერთოს დისკუსიაში ცოლთან კამათისას, მანამ სანამ იგი ამ "საპატიო" მდგომარეობაშია და მისი პრეტენზიები, მაქსიმალური სიმშვიდით და მოთმინებით აიტანოს.

 

 

სასწორი

სასწორს, როგორც ვენერას ჭეშმარიტ შვილს ფეხმძიმობის მიმართ ერთობ რომანტიკული დამოკიდებულება გააჩნია. მის ცხოვრებაში ბავშვის თემა დაუგეგმავად მოდის, ოცნების პრინცად წარმოსახულ მორიგ თაყვანისმცემელთან ერთად, რომელიც როგორც ნამდვილ პრინცს შეეფერება ნაკლებად ზრუნავს უსაფრთხო სექსზე. შესაბამისად, რომანტიულად დაწყებული ზღაპარი, სრულიად ბანალური ორსულობის ცხრა თვით გრძელდება, რომლის განმავლობაშიც ქალი სასწორი ცდილობს იყოს მოსიყვარულე მეუღლე და სანიმუშო პარტნიორი. იგი, სიამოვნებით იღებს საკუთარ თავზე საოჯახო საქმეებს, რომელსაც სამზარეულოში ფუსფუსსა და მეუღლეზე ზრუნვასაც უთავსებს. მისთვის მთავარია სახლში ემოციურად სტაბილური და მყუდრო გარემო შეუქმნან და თუკი მას ეს გარემო აკმაყოფილებს, კონსულტაციაზე შეიძლება სულაც აღარ იაროს. ის კი არა, ექიმებისა და წამლების არსებობაც კი დაივიწყოს. სამაგიეროდ აქტიურად ივლის ეკლესიაში, დაკავდება იოგით ან დაიქირავებს კერძო ფსიქოლოგს. ყველაფერი ამის ხარჯზე კი, ორსულობის პერიოდში იგი კიდევ უფრო მომღიმარი, დამყოლი და მოსიყვარულე გახდება. 

 


ქალწული


შთამომავლობის გაგრძელების საკითხზე, ჯერ კიდევ ადრეული თინეიჯერობის ასაკიდან ფიქრობს. იმიტომ, რომ ოჯახი ორი-სამი, მოტირალ-მოზუზუნე პატარა წევრის გარეშე ვერ წარმოუდგენია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი ერთადერთი ქალია, ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის, რომელიც ვიტამინების მიღებას და კვების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლას, უშუალოდ დაფეხმძიმებამდე ნახევარი წლით ადრე იწყებს. თუმცა ნანატრ ორსულობას, გარშემო მყოფებისგან მკაცრად გაასაიდუმლოებს, იმ დრომდე სანამ მისი შეცვლილი იმიჯი და სხეულის ფორმები თვალშისაცემი არ გახდება ყველასთვის. რატომ? ეშინია ავი თვალი არ აიკიდოს. ნებისმიერმა ქალმა, რომელიც ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით იბადება, ზეპირად იცის ყველა წამლის შემადგენლობა და ანოტაცია. შესაბამისად, საკუთარი თავის პირადი ექიმიც თავადაა ორსულობისას. გარდა ამისა, იგი აქტიურად დაკავდება მომავალი პირმშოსთვის საჭირო ნივთების, თეთრეულის და აქსესუარების შეძენით ონალინ-შოფინგის მეშვეობით, ძირითადად იმ საიტებზე, სადაც ხშირია ფასდაკლებები. რატომაც არა? დრო ბევრი აქვს, ფულს კი ეკონომიური ხარჯვა სჭირდება, მით უმეტეს როცა საცაა დედა გახდები. 
გარშემო მყოფების მიმართ, ისედაც პრეტენზიული ქალწული, ორსულობის პერიოდში გაცილებით უფრო მომთხოვნი ხდება. ამიტომ გამორიცხული არაა, დეკრეტში გასვლამდე არაერთგზის სცადოს, საკუთარი "საპატიო მდგომარეობის" გამო, დაკისრებული სამუშაო როგორმე კოლეგებს გადააბაროს. თუმცა სამსახურისთვის თავის დანებებას ქალწულები ნაკლებად ჩქარობენ, იმ მოტივით რომ რაც შეიძლება მყარი ფინანსური ბეგრაუნდი მოამზადონ, მომავალი შვილის დაბადების პერიოდამდე.

 

 

ლომი

ლომისთვის, ორსულობა, როგორც წესი, ყოველთვის დაგეგმილი ნაბიჯია. ეს იმიტომ, რომ შვილის სიყვარულს ქალი ლომი, მხოლოლოდ მაშინ იწყებს როცა იგი უკვე ფეხადგმულ, მოლაპარაკე არსებად ჩამოყალიბდება. ხოლო ფეხმძიმობის პერიოდი და ჩვილობის ხანა, დედა ლომისთვის საკუთარი ინტერესების შევიწროვებასთან და დისკომფორტთან ასოცირდება, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს მაინცდამაინც არ ეპიტნავებათ. აქედან გამომდინარე, ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას, ძუ ლომი ან ადრეულ ასაკში იღებს, როცა ოჯახის მკაცრი მარწუხებისგან უნდა თავის დაღწევა და გათხოვება საამისოდ შესანიშნავ მეთოდად მიაჩნია, ან უკვე ზრდასრულ ასაკში მაშინ, როცა სამსახურეობრივი ინტრიგები ყელში აქვს ამოსული და ცოტა ხნით დასვენება უნდა ამ ქაოსისგან. პატარას დაბადებამდე მასში წინააღმდეგობრივი ემოციები ბობოქრობენ, ერთის მხრივ იგი თავს ამხნევებს "რა მაგარია, მალე დედა გავხდები!" მეორეს მხრივ კი გულში მუდმივად შიში ეპარება "და მერე მე? რა ეშველება ჩემი სხეულის დაკარგულ ფორმებს?" 
მართალია, მედიცინის მუშაკები, ლომ ქალს გულზე დიდად არ ეხატება და მაქსიმალურად ცდილობს კონსულტაციაზე ვიზიტები მინიმუმამდე დაიყვანოს, მაგრამ თუ მაინც უწევს ექიმის მომსახურებით სარგებლობა, ყოველთვის კერძო, ფეშენებელურ კლინიკას არჩევს და არც პირად ექიმზე ენანება ფული. ბოლოს და ბოლოს, დედოფლის სტატუსი ხომ არ უნდა შეარცხვინოს?!

 

 

კირჩხიბი

კირჩხიბი მოწოდებით დედაა. ამიტომ იგი, მამობისთვის გამოსადეგ ნებისმიერი პოტენციურ ობიექტთან ნაცნობობისთანავე იწყებს ბავშვის გაჩენაზე ფიქრს. შესანიშნავი მანევრია – თუ ეს ქორწინებამდე მოხდა, მას სასურველი პარტნიორის ხელში ჩაგდება გაუადვილდება, ხოლო თუ ქორწინების შემდეგ – ოჯახურ ფრონტზე გაიმყარებს საკუთარ პოზიციებს. ფეხმძიმობის პირველივე კვირიდან, ქალი კირჩხიბი "ჭეშმარიტი ორსულის" ცხოვრების წესზე გადადის. თავს ანებებს მუშაობას, ერიდება ზედმეტ ემოციასა და დატვირთვას. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს საიმისოდ,რომ პირმშოს ჯანმრთელობას და თავად მის კომფორტს ხელი არაფერმა შეუშალოს. ორსულობისას ქალი კირჩხიბის ისედაც ემოციური ხასიათი, როგორც წესი, პიკს აღწევს. იგი იმდენად სენტიმენტალური ხდება, რომ ტირის ყველგან და ყველაფერზე, მიზეზით თუ უმიზეზოდ. მთავარია, დღეში რამდენჯერმე მაინც მოახერხოს ცრემლების ყოველდღიური დოზის ამოფრქვევა. ამასთან ერთად, იგი მონდომებით ზრუნავს ქმრის ფსიქიკის დამუშავებაზე გაუთავებელი წუწუნითა და პრეტენზიებით, იმის თაობაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვან მსხვერპლზე მიდის იგი, საიმისოდ რომ ამ უკანასკნელს გვარის გამგრძელებელი გაუჩინოს. როგორც მისი დიდი ბებია ამბობდა, "ორსულებს ხომ ცალი ფეხი სამარეში უდგათ", ამიტომ მეუღლე მთელი სიცოცხლე მადლიერი უნდა იყოს მისი, ამხელა სიმამაცის გამოჩენის გამო.

 

 

ტყუპები 

თავქარიანი ტყუპი ორსულობას, როგორც წესი, ისე აღიქვამს, როგორც ახალი წლის დღესასწაულის დადგომას. მისთვის ეს რაღაც განსაკუთრებული, დაუვიწყარი და ემოციებით სავსე მოვლენაა. თუმცა, გამომდინარე იქედან რომ ბევრი მათგანი ორსულობისას ტოქსიკოზითა და ათასგვარი სახის ჰორმონალური ჭირვეულობით იტანჯება, მისი თავდაპირველი აჟიოტაჟი მალე მოლოდინის რეჟიმში გადაინაცვლებს და იგი ლამის დღეების თვლას დაიწყებს, არა იმდენად ბავშვის დაბადებამდე, არამედ თავისუფლად მოძრაობისა და ჭამის უანრის დაბრუნებამდე. ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნის ქალებს შორის, ტყუპი ქალები ორსულობისას ყველაზე არაადეკვატურად იქცევიან. ამიტომ, ვერავინ გაიგებს, თუ რა სახის პოხონდრია წამოუვლის მას, ამა თუ იმ მომენტში. შეუძლია რვასაათიანი ზუზუნი გააბას, მხოლოდ იმიტომ რომ ნაყინი მოუნდა იანვრის ყინვაში ან ჩაბჟირებამდე იცინოს იმის გახსენებაზე თუ როგორ აურიეს ლაბორატორიაში მისი და ვიღაც 80 წლის მოხუცის ანალიზები. თუმცა, სრულფასოვან ორსულად, თავს ტყუპი ქალი მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა წამოზრდილი მუცელი, უკვე გვარიანად შეუშლის ხელს გადაადგილებაში. მაგრამ ტყუპი რისი ტყუპი იქნება, თუ შეზღუდვებს შეუშინდა. პერიოდს როდესაც მას ამ საპატიო მდგომარეობის გამო, ძველებურად მოძრაობა და აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნება არ შეუძლია, იგი რომელიმე უცხო ენის შესასწავლად ან რაიმე ახალი პროფესიის ათვისების დისტანციური კურსის გასავლელად გამოიყენებს. სად აქვს ტყუპს ამაოდ დასაკარგი დრო?!

 

 

კურო 

ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას, ბევრი ფიქრისა და აწონ-დაწონის შემდეგ იღებს. იმიტომ, რომ მისთვის აუცილებელია მომავალი შვილისთვის, თუ უნივერსიტეტის არა, კოლეჯში სწავლის ფული მაინც ჰქონდეს გადანახული. აღარაფერს ვამბობ ორსულობისა და ჩვილობის ხანაზე. ამიტომ, ქალი კურო როგორც წესი, შვილის გაჩენაზე ფიქრს, საკუთარი ან მეუღლის ფინანსური მდგომარეობის მაქსიმალურად დასტაბილურების შემდეგ იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები თანდაყოლილი დედობრივი ინსტინქტებით გამოირჩევიან და მათგან არაჩვეულებრივი მშობლები გამოდიან. 
მართალია, ექიმების მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა, მომავალი შვილის კეთილდღეობის მიზნით ქალი კურო, მორჩილად და ზედმიწევნით ასრულებს ექიმის დანიშნულებას მთელი ორსულობის მანძილზე და მაქსიმალურად ხშირად დადის კონსულტაციაზე. ამასთან ერთად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორსულობა მათ ხასიათში განსაკუთრებულ ცვლილებებს ან ჭირვეულობას იშვიათად იწვევს. ამიტომ მეუღლისთვის კურო ქალი, ძველებურად მოსიყვარულე და მზრუნველი რჩება.

 

 

ვერძი

ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას, ვერძების უმრავლესობა, როგორც წესი, ყოველთვის სპონტანურად იღებს. უფრო მეტიც, შვილის ყოლის სურვილი, ბევრ მათგანს მხოლოდ მას შემდეგ უჩნდება, როცა სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ პროექტებს წარმატებით განახორციელებს ცხოვრებაში. შვილი კი, რაღა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია ზემოთ ხსენებულ პროექტებს შორის. რომლის სისრულეში მოსაყვანადაც, ვერძი ყველაზე ნაკლებად იტანს რაიმე სახის შეფერხებას ან "დედლაინებს". პოსტ-სამშობიარო პერიოდში, ქალი ვერძი იშვიათად ღელავს იმაზე თუ კონკრეტულად როგორ, რა სახსრებით ან რანაირ გარემოში გაზრდის პატარას. ამასთან ერთად, ორსულობა მისთვის ავად ყოფნასთან არასოდეს ასოცირდება და მიუხედავად გაბარიტებში საპატიო მიზეზით მატებისა, იგი მაინც ძველებურად ენერგიულ, აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს. ქალი ვერძი, იშვიათად უგდებს ყურს სხვადასხვა სახის ცრურწმენას, რომლითაც მომავალი ბავშვის დაბადებამდე მონდომებით უჭედავენ მას ყურებს კეთილისმყოფელი ახლობლები. ამიტომ, იგი ლამის ცხრა თვით ადრე ამზადებს ოთახს მომავალი პირმშოს დასახვედრად, აღჭურვილს სათამაშოების ნაკრებით, საწოვარით, მანეჟით და თქვენ წარმოიდგინეთ ველოსიპედითაც კი. რა მოხდა მერე, ოდესმე ხომ ამ ასაკამდეც გაიზრდება მისი პატარა? თუ არადა თავადაც მშვენივრად გაერთობა მისით.