EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« იაპონელი სამურაები და მათი წესები / Samurai 2–ე ნაწილი »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2013-11-18 23:11:39

იაპონელი სამურაები და მათი წესები / Samurai

იაპონიის კუნძულებზე აღმოჩენილი მატერიალური კულტურის პირველი ძეგლები (თიხის ნაკეთობანი) ისტორიკოსების მიერ ჩვ. წ-მდე 10 000 - 300 წლებით თარიღდება და იაპონურ წელთაღრიცხვაში ჯომონის პერიოდით არის ცნობილი.
    შემდგომი ეპოქა (ჩვ. წ-მდე 300 - ჩვ.წ-ის 300 წწ.) იაიოის პერიოდის სახელით მოიხსენიება. ამ ეპოქაში იაპონიის კუნძულებზე იწყება ბრინჯის კულტურის შესვლა, რაც, თავის მხრივ, არსებული საზოგადოების ახლებურად ორგანიზებას გულისხმობს. 
      ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნემდე იაპონიის ბინადარი ტომები ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენდნენ თავს. პირველი წერილობითი ცნობები იაპონიის მცხოვრებთა შესახებ ჩინელებს ეკუთვნით და ჩვ. წ.-მდე I და ჩვ. წ.-ის V საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ იაპონური წყაროები მხოლოდ VIII საუკუნიდან ჩნდება და წარმოდგენილია "კოჯიკის" (ძველი დროის ჩანაწერები, 712 წ.), "ნიჰონ სიოკის" (იაპონიის ანალები, 720 წ.) და "ფუდოკის" (პირველი გეოგრაფიული ძეგლი, იაპონიის მხარეებისა და მცხოვრებთა წეს-ჩვეულებების აღწერით) სახით. ამ სამი წყაროდან პირველი ორი ძეგლი მითებისა და ისტორიულ გადმოცემათა ნაკრებს წარმოადგენს.    
      ჰანის ჩინური დინასტიის ქრონიკების თანახმად, პრიმიტიული იაპონია დაყოფილი იყო ურიცხვი რაოდენობის სამთავრო-სათავადოებად და ცენტრალიზებული ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, რაც ძლიერ აფერხებდა ქვეყნის განვითარებას. 
      იაპონელთა ტრადიციული რელიგიური სისტემის, შინტოს (ღმერთების გზა) გადმოცემების თანახმად, იაპონელი ერი დასაბამს იღებს მზის ქალღმერთ ამატერასუსგან. მისი პირდაპირი ჩამომავალი იყო იაპონიის ლეგენდარული იმპერატორი - "ღვთიური მებრძოლი",  ჯინმუ  ან ძიმმუ-ტენნო, რომელიც ჩვ.წ.-მდე 660 წელს ჩაუდგა სათავეში იამატოს სახელმწიფოს და რომლისგანაც დაიწყო იაპონიის იმპერატორთა უწყვეტი დინასტია. 
      იმპერატორი ძიმმუ-ტენნო, სათავეში ჩაუდგა მებრძოლ კლანთა კონფედერაციას და თავისი ქვეშევრდომები კუნძულ კიუსიუდან  (ყველაზე სამხრეთი კუნძული იაპონიის დიდი კუნძულებიდან). კინკის პროვინციაში (კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთი), იამატოში ჩაასახლა. მან დაიმონა ადგილობრივი მოსახლეობა და დასაბამი მისცა იამატოს სახელმწიფოს. 
      იამატოს კლანები იყვნენ პირველნი, რომლებმაც კონტინენტურ აზიაში (კორეა, ჩინეთი) ჩაატარეს საომარი კამპანიები და სწორედ ამ ომების შედეგად დაიწყო იაპონიის კუნძულებზე ჩინური, კორეული, მონღოლური და სხვა კონტინენტური კულტურების იმპორტი. ჩინური კულტურის ფილტრაციას იაპონიაში თან მოჰყვა შეიარაღების, დამწერლობის, სხვადასხვა ტექნოლოგიების, არქიტექტურის კონტინენტური სტილის დანერგვა კუნძულებზე. 
    552 წელს იაპონია ეცნობა ჯერ ბუდიზმს, შემდგომ დ(ტ?)აოსიზმსა და კონფუცის მოძღვრებას. კონფუციანურმა დოქტრინებმა გააბატონა ოჯახის, როგორც სახელმწიფოს ქვაკუთხედის იდეა, წარმოიშვა ოჯახის უფროსისა და ქვეშევრდომთა ინსტიტუტი, რაც, თავის მხრივ, ცენტრალიზებული სახელმწიფოს, იმპერატორის, მისი ღვთაებრივი დანიშნულების იდეის და, საზოგადოდ, უნიტარული სახელმწიფოს განმტკიცების საფუძველი გახდა. 
      იმპერატორის ძალაუფლება შეუვალი და აბსოლუტური მხოლოდ X საუკუნის ბოლომდე რჩება. მომძლავრებული მსხვილი თავადები იწყებენ სისხლისმღვრელ ომებს ერთმანეთისა და იმპერატორის წინააღმდეგ საიმპერატორო ტახტის ხელში ჩასაგდებად. 866-1160 წ.წ. ფუჯივარას (ადრე მოიხსენიება, როგორც ნაკატომი) კლანი იმპერატორს მიემხრობა ხდება და აბსოლუტურ ძალაუფლებას ეცილება მას. მათ უჭირავთ რეგენტების (სესიო) თანამდებობა მცირეწლოვან იმპერატორებთან, ხოლო კანცლერების (კამპაკუ) პოსტი - მოქმედი იმპერატორების დროს და, ფაქტობრივად, ქვეყნის სათავეში ექცევიან.  
    ფუჯივარას კლანის ასეთი აღზევება და ბატონობა წინააღმდეგობას იწვევს სხვა დიდგვაროვნებში, რომლებიც მათ წინააღმდეგ ერთიანდებიან და, საბოლოოდ, მინამოტო ნო იორიტომოს გვარის მებრძოლები (გენჯი) მათ ძალაუფლებას ართმევენ, აყალიბებენ ახალ მთავრობას და ქმნიან მმართველ-გენერალთა ქსელს. ეს უკანასკნელნი მთლიანად აკონტროლებენ ქვეყნის ტერიტორიას. იმპერატორი სიმბოლური ფიგურა ხდება და იაპონიის ისტორიაში ყალიბდება პირველი სიოგუნატი ანუ სამხედრო მმართველთა ეპოქა, რომელიც "კამაკურა ბაკუფუ"-ს სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ პერიოდს უწოდებენ "სამურაიების ოქროს ხანას". 
    შუა საუკუნეებში სამურაების ფენის მნიშვნელობის ზრდას ხელს უწყობს ძალაუფლებისათვის ომები მინამოტოს, ტაირასა და ფუჯივარას სამ უძლიერეს კლანს შორის. 1156 წელს ტაირას კლანი დროებით ამარცხებს მინამოტოს კლანს, მაგრამ, 1185 წელს მინამოტოს დინასტია გემპეის ომში იმარჯვებს ტაირას წინააღმდეგ, იბრუნებს ძალაუფლებას და 1192 წელს იორიტომო მინამოტო ხდება იაპონიის პირველი სიოგუნი (სხვაგვარად შოგუნი) - სამხედრო მმართველი, აყალიბებს სამურაების პირველ მმართველობას კამაკურაში. 
    სიოგუნატის სისტემამ იაპონიის ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და, ფაქტობრივად, 800 წლის განმავლობაში სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთადერთ ფორმას წარმოადგენდა. ამ სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფოებრივი სისტემის დროს იმპერატორს და მის სახლს წმინდა სარიტუალო ფუნქციები ეკისრებოდა, ხოლო რელური ძალაუფლება სიოგუნებს ეპყრათ. სიოგუნები ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდნენ შვილებს.  სულ ცნობილია სიოგუნთა სამი დინასტია - მინამოტო (1192-1333 წ.წ.), აშიკაგა (1338-1573 წ.წ.) და ტოკუგავა (1603-1867 წ.წ). 
                                                                  
                                      ფეოდალური ომები იაპონიის ისტორიაში და მათი როლი საბრძოლო 
                                                          ხელოვნების განვითარებაში
            ფეოდალურმა ომებმა აუცილებელი გახადა თავადებისა (დაიმიო) და სამხედრო მმართველების (სიოგუნების) გარშემო მებრძოლთა, სამურაების (ბუშის) ფენის ჩამოყალიბება, რომელთა დანიშნულება თავადისა და სათავადოს ტერიტორიის დაცვა იყო. 
          ადრინდელ პერიოდებთან შედარებით, შუა საუკუნეების დაძაბული საომარი და პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში სამურაები, დაიმიოს (თავადის) თაოსნობით, უფრო ორგანიზებული და დიდი სამხედრო დანაყოფებით ომობდნენ. ამ დროს ბრძოლებში მშვილდისრის ნაცვლად, უფრო ხმალი და შუბი გამოიყენება. საბრძოლო არსენალში უფრო ხარისხიანი და საიმედო ჯავშანი ჩნდება; ჯავშანი, რომელიც ქვეითად ბრძოლისა და მოძრაობის საშუალებას იძლევა. ბრძოლის მეთოდების განვითარება სხვადასხვა საბრძოლო იარაღის ფლობისა და შეუიარაღებელი ბრძოლის ხერხების ცოდნის აუცილებლობას წარმოშობს.  
            თავის მხრივ, ჯავშნის დამზადების ტექნოლოგიის პროგრესი ჯავშნიანი მეტოქის წინააღმდეგ საბრძოლო სისიტემების განვითარებას იწვევს. მთავარი ყურადღება მძიმეწონიანი დაჯავშნული მებრძოლის გდების, ბლოკირებისა და წონასწორობიდან გამოყვანის ილეთებს ეთმობა. ალბათ აქ უნდა ვეძებოთ იაპონური საბრძოლო სისტემებისათვის (ჯიუ-ჯიუცუ, ძიუ-დო, კარატე, აიკიდო) დამახასიათებელი ტექნიკური არსენალის რაციონალური და პრაგმატული ხასიათის ძირითადი მიზეზი - შერკინებისადმი პრაგმატული მიდგომით შესაძლებელი გახდა ნაკლები ძალისხმევით მძიმე და იარაღით აღჭურვილი, კარგად დაცული მოწინააღმდეგის დამარცხება, ჩვენებური - "ხერხი სჯობია ღონესა". 
            პირველი ასეთი სისტემის შექმნა საკაედა მურამაროს, ნარას ეპოქის (710-794 წწ.) არისტოკრატს მიეწერება, თუმცა საეჭვოა, რომ ასეთი ტრადიციული საბრძოლო სისტემა ადრეც არ არსებულიყო. იაპონიის ისტორიის მკვლევართა ნაწილი (დ.დრეგერი) თვლის, რომ ეს ხელოვნება XV საუკუნეში, ცუცუმიჰოძან-რიუს სკოლაში განვითარდა. იაპონურ წყაროებში ჯავშნით ბრძოლის ხელოვნება იოროი კუმიუტის სახელით მოიხსენიება და ნიშნავს "ხელით ბრძოლას ჯავშნიან მოწინააღმდეგესთან". ბრძოლის ამ სახეობის ტექნიკა, რომელიც შეჯავშნული მოწინააღმდეგეების შერკინებას ითვალისწინებდა, საკმაოდ პრიმიტიული იყო და ძირითადად ჩაჭიდების, გდებებისა და წონასწორობის დარღვევის ილეთებს მოიცავდა. 
            იოროი კუმიუტის სისტემის ძირითადი ელემენტი იყო სწორი შესვლა, შემდგომი ჩაჭიდებით, რამაც მოგვიანებით იაპონურ საბრძოლო სტილებში მომგებიანი დგომის, პოზიციის (იოცუ-გუმის) განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. 
            ჯავშნიან მებრძოლთან შერკინებისას მნიშვნელოვანი იყო ჯავშნისაგან დაუფარავ ადგილებზე (ხელის მაჯები, სახსრები, კისერი) სწორი და ეფექტური ჩაჭიდება, რადგან ამ ადგილებში ჯავშნის ფირფიტები მოძრავი იყო და ხელს ვერ უშლიდა სახსარზე მტკივნეულ ზემოქმედებას, რაც, თავის მხრივ მძიმეწონიანი მოწინააღმდეგის წონასწორობიდან გამოყვანისა და შემდგომი გდების განხორციელებისათვის იყო საჭირო. 
          ჯავშნიანი კაცის გდებისას კი ეს უკანასკნელი, საუკეთესო შემთხვევაში, ტრავმით ამთავრებდა ბრძოლას. ამავე სისტემას უნდა უმადლოდეს ტრადიციული იაპონური ჯიუ-ჯიუცუს ათეულობით სახეობაც, რომლებიც, თავის მხრივ, ბევრი საბრძოლო სისტემის საფუძვლად გადაიქცნენ. 
          XVI საუკუნეში, იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწისა და გენერალის, ტოიოტომი ჰიდეიოშის (1536-1598) დროს, შეირაღებაში შემოვიდა ჯავშნის შემსუბუქებული მოდელები, რომლებიც ჯავშნის დიდოსტატის, მაცუნაგა ჰაშიშაგეს სახელს უკავშირდება. ამ ახალ ჯავშანს (გუსოკუ), რომელიც თევზის ქერცლის მსგავსი ლითონის ფირფიტებისაგან შედგებოდა, ძირითადად მებრძოლის სახსრებისა და ხელ-ფეხის დაცვის ფუნქცია ჰქონდა (ჯავშანი ფარავდა მუხლებს, იდაყვებს, ბარძაყებს, წინამხარს) და მებრძოლს მოძრაობისა და მანევრირების თავისუფლებას მატებდა. 
          გუსოკუს შემცირებული ვარიანტის, კოგუსოკუს (მცირე ჯავშანი) გაჩენამ გამოიწვია ახალი საბრძოლო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ძალიან ახლოს დგას ჯიუ-ჯიუცუს სისტემასთან და მას ეფექტურად იყენებდნენ შეჯავშნული მებრძოლები. კოგუსოკუს საბრძოლო სისტემას უკავშირებენ ოსტატ ტაკენოუჩი ჰისამორის სახელს, რომლის სახელობის საბრძოლო სკოლა, ჯიუ-ჯიუცუ ტაკენოუტი-რიუ, დღესაც არსებობს თანამედროვე იაპონიაში და ბევრი მიმდევარი ჰყავს.
ტერმინი - ჯიუ-ჯიუცუ, რბილი ხელოვნება, იაპონურ ლიტერატურაში პირველად XI საუკუნეში ჩნდება და "კონჯიაკუ-მონოგატარიშია" (თქმულებანი გარდასულის შესახებ) ნახსენები. იმ დროისათვის სავარაუდოა, რომ დიდ ფეოდალთა სასახლეებში უკვე არსებობდა ხელით ბრძოლის ცალკეული, მკაცრად გასაიდუმლოებული სკოლები. 
          გარდა ამისა საბრძოლო ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი ბუდისტური მონასტრებს მიუძღვით, რომელნიც გარდა მათი მთავარი ფუნქციისა, ძლიერ და გამაგრებულ ციხესიმაგრეებს წარმოადგენდნენ და რომელთა გარნიზონები მებრძოლი ბერებით (სოუ-ჰეი) იყო დაკომპლექტებული.
          მიუხედავად იმისა, რომ 1543 წელს იაპონიაში ცეცხლსასროლი იარაღი შედის, მაღალი ფენის მებრძოლთათვის იგი მიუღებელია და თოფები მხოლოდ ჯი-სამურაის (გლეხებით დაკომპლექტებული ფეხოსანი ჯარი) დანაყოფებს აქვთ შეიარაღებაში, ხოლო ტრადიციული სამურაები ბრძოლას XIX საუკუნის ბოლომდე ელგანტური ხმლებით განაგრძობენ.          
        სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება სამურაების ქცევის კოდექსი - ბუშიდო (ბუში - მებრძოლი, დო - გზა). 
ბუშიდოს, როგორც მებრძოლთა სამოქმედო პრინციპის, განვითარება-განმტკიცებას  ხელი შეუწყო იაპონიაში ძენ-ბუდიზმისა და მისი პრინციპების გავრცელებამ. XII-XIII საუკუნეებში, ჩინეთიდან შესულმა რინძაი-ძენისა და სოტო-ძენის მსოფლხედველობამ დიდი როლი შეასრულა მებრძოლთა ფენის იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში. 
        ძენ-ბუდიზმის ამოსავალი პრინციპია სატორი (悟) - "სულიერი სიმშვიდე", "შინაგანი გასხივოსნება", "უსასრულობასთან ერთიანობა", "უეცარი გასხივოსნება", "უძრაობის სიბრძნე"; განსაზღვრებათა სიმრავლეც კი მიუთითებს იმას, თუ რამდენად უცხო და განსხვავებულია ევროპული ან, ზოგადად, არააღმოსავლური აზროვნებისათვის ძენ-ბუდიზმის ამ მნიშვნელოვანი ტერმინის განმარტება. 
          სატორის პრინციპი, რომელიც მიზნად ღრმა მედიტაციის გზით შინაგანი წონასწორობის მიღწევასა და უეცარ გაცისკროვნებას ისახავს, ძენის მოძღვართა მიერ ჩამოყალიბდა, როგორც იაპონელის ცხოვრების შინაარსის, შრომის, ყოველდღიური საზრუნავის შემადგენელი ნაწილი. 
          მედიტაციის აუცილებლობა, მოქმედებათა სკრუპულოზური დაგეგმვა, აზრისა და ენერგიის კონცენტრაცია იაპონელების იმ ლეგენდარული გულმოდგინების საფუძვლად იქცა, რაც ამ ერის კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების დამახასიათებელი ნიშანია დღესაც. 
          შუა საუკუნეების სამურაები, მათი სამსახურის, საზოგადოებაში მდგომარეობისა და პიროვნული სრულყოფისათვის, ბუდისტი ბერების ძირითად მრევლად იქცნენ. ბერების რჩევები მებრძოლთა ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა, ბევრი მათგანი სამხედრო კარიერის დამთავრების შემდეგ, მხოლოდ მონასტერში ხედავდა თავისი ცხოვრების ლოგიკურ დასასრულს. 
          იმ დროს ძენ-ბუდიზმმა ფაქტობრივად, იაპონიის სახელმწიფო რელიგიის ფუნქცია  იკისრა. მკვლევართა აზრით, ბუდიზმის ასეთი ორგანული ინტეგრაცია მებრძოლთა ფენაში გამოწვეული იყო თვითონ ბუდისტური რელიგიის ინტუიტიური პრინციპებით, რომლებიც მებრძოლთათვის ნაცნობი აღმოჩნდა და, კონფუციანიზმის ინტელექტუალურ-არისტოკრატული, საერო ხასიათისაგან განსხვავებით, ყურადღებას თვითდისციპლინასა და მოქმედების პრაგმატულობაზე ამახვილებდა. 
          XVI საუკუნის ძენის ოსტატი, ტაკუანი, თავის ჩანაწერებში ხმლით ბრძოლის ხელოვნებაზე საუბრობს: " ხმლით ბრძოლის ხელოვნების მთავარი მიზანია ისეთ გონებრივ შესაძლებლობას მიაღწიო, რომელსაც "უძრაობის სიბრძნეს" ვუწოდებთ. ეს არის ინტუიციის სიბრძნე, რომელიც ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ გამოუმუშავდება ადამიანს. "უძრავად" ყოფნა არ ნიშნავს იყო მოუქნელი, უსიცოცხლო, როგორც ქვა ან ხის ნაჭერი. ეს მოქმედებისადმი უაღრეს მზადყოფნას ნიშნავს: როდესაც ცენტრი უძრავია, გონებას მეყსეული რეაგირების საშუალება ეძლევა ". 
          ხმალი ("კატანა", იაპონურად, 刀) , იაპონური ტრადიციების მიხედვით, სარკესა და იასპისთან ერთად, იმპერატორის ძალაუფლების ერთ-ერთი ატრიბუტია და იმპერატორთა გვარს  მზის ღვთაებამ, ამატერასუმ გადასცა. თუმცა ეს იგივე ხმალია, რომლის მეშვეობითაც მებრძოლთა ფენამ შვიდი საუკუნით წაართვა ძალაუფლება "მზით კურთხეულ" საიმპერატორო გვარს და ისინი ფაქტობრივად კიოტოს სასახლის მძევლებად აქცია. 
          ამ უსამართლობას ბოლო XIX საუკუნის დასასრულს მოეღო, როდესაც ტოკუგავას სოიგუნატი დაემხო, დამთავრდა ედოს პერიოდი და იაპონიის იმპერია, იმპერატორ მუცუჰიტოს (შემდგომში მეიძი–ტენოო, იაპონიაში გარდაცვალების შემდგომ იმპერატორი მოიხსენიება, მისი ეპოქის სახელით და არა სიცოცხლეში არსებული სახელით) მეთაურობით ბურჟუაზიულ დროებაში - მეიძის (ან მეიჯის) ეპოქაში შევიდა. 
          იაპონურ საბრძოლო სისტემათა მკვლევარნი ერთხმად აღიარებენ ტრადიციული იაპონური საბრძოლო სტილების პირდაპირ კავშირს ხმალთან და მისი ხმარების ხელოვნებასთან. 
          მოძრაობები, დგომის წესი, გადაადგილება და მრავალი სხვა წვრილმანი, რაც სხეულის ფლობასა და რაციონალურ გამოყენებას ეხება, პირდაპირ არის კოპირებული კენ–ჯუცუდან (ხმლით ბრძოლის სისტემების საერთო სახელწოდება). ეს კავშირები განსაკუთრებით შეინიშნება აიკიდოსა და ჯიუ-ჯიუცუს ზოგიერთ სახეობაში. 
          ხმლის როლი იაპონიის საბრძოლო ისტორიაში ძალიან დიდია. არსებობს გამოთქმა: "ხმალი სამურაის სულია". ხმლებზე გაკეთებული წარწერების მეშვეობით ბევრი ისტორიული ფაქტი შემოინახა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იაპონელთა დამოკიდებულებაზე წინაპართა ხსოვნისა და საზოგადოდ ისტორიის მიმართ. 
        ტრადიციულად, ხმლის მჭედლები (ტოუშო) და ხმლის მკეთებელი ოსტატები იაპონიაში დიდი პატივით სარგებლობდნენ და ერთ-ერთ პრივილეგირებულ ფენას წარმოადგენდნენ. იაპონიაში ხმლის ყველაზე დიდ მჭედლებად დღესაც ითვლებიან მურამასა სენგო და გორო მასამუნე. მურამასას ხმლებს დემონურ ხმლებს უწოდებდნენ, რადგან მათთან იყო დაკავშირებული უამრავი გახმაურებული მკვლელობა თუ დუელი. მასამუნეს ხმლები კი ითვლება ხელოვნების ნიმუშებად. თანამედროვე იაპონიაში არსებობს უმაღლესი პრიზი "კატანას" ოსტატებისათვის, რომელიც მასამუნეს სახელს ატარებს. მასამუნესა და მურამას შედარებისას ამბობენ, რომ მასამუნე ხმლის ღმერთი იყო, ხოლო მურამასა – მისი ლუციფერი. 
          ტრადიციული იყო ხმლის შემოწმებაც, მისი გამოცდა ადამიანზე (ძირითადად სასიკვდილო განაჩენით დასჯისას). 
შემოწმება იწყებოდა ხმლის ფხიანობის გამოცდით ადამიანის პატარა ძვლებზე, წარმატებული შედეგებისას ტესტი მსხვილ ძვლებზე (ბარძაყის ძვალი, ქვედა ყბის ძვალი და სხვა) გრძელდებოდა. ცნობილი ოსტატების ხმლების გამოცდის შედეგები თვითონ ხმალზე (ხმლის ქვედა ნაწილზე, ნაგაკოზე) იწერებოდა. ამ ჩანაწერებს მეი–ს უწოდებდნენ და ეს ხმლის ხარისხის ერთგვარ სერთიფიკატს წარმოადგენდა. ტერმინი "მეი", ისე როგორც უამრავი სიტყვა იაპონურში, მრავალი მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა "მეი"–ს ერთ–ერთი მთავარი განმარტებებია: პატივი, სახელგანთმული, სახელი. 
          განსაკუთრებით აღსანიშნავია XVII საუკუნის დასაწყისის (1605) მებრძოლის, იაპონიის ყველა დროის საუკეთესო ხმლის ოსტატის, მიამოტო მუსაშის როლი ხმლით ბრძოლის ხელოვნების სისტემატიზაციაში. 
          ამ მებრძოლმა, რომელსაც "ხმლის წმინდანს" უწოდებდნენ, 30 წლის ასაკამდე 60 ორთაბრძოლა მოიგო და "ორი ცის" ხმლის სკოლა, ნიტტო-იტტო-რიუ, ჩამოაყალიბა. მასვე ეკუთვნის გორინ ნო შო (ხუთი ბეჭდის წიგნი, საყაროს ხუთი შემადგენელი ნაწილი – მიწა, წყალი, ცეცხლი, ქარი და ცა), ხმლის შესახებ შექმნილი ყველაზე ცნობილი იაპონური ნაშრომი. 
        მუსაში მიამოტო გახდა იაპონელი სამურაების საბრძოლო ლეგენდა, მებრძოლისა და, ჩვენებურად, "კაი ყმის" ერთგვარი ულტიმა, რომლის სახელი დღესაც ცოცხალია და რომელსაც უნდა უმადლოდეს ყველა, ვისაც საბრძოლო ხელოვნება უყვარს. ამ დიდი მებრძოლის წიგნები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იაპონელებს საკუთარი კულტურისა და ისტორიისადმი. 

გაგრძელება