EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« იაპონელი სამურაები და მათი წესები / Samurai 3–ე ნაწილი »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი:

თარიღი: 2013-11-18 23:17:29

აპონელი სამურაები და მათი წესები / Samurai 3–ე ნაწილი

ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებისა და ბუშიდოს როლი იაპონიის უახლეს ისტორიაში

 საინტერესოდ გვეჩვენება სამურაების საბრძოლო ხელოვნების ტრადიციის დღევანდელი დღე თანამედროვე იაპონიაში, რაზეც ცოტა ხნით შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. II მსოფლიო ომში დამარცხებისა და კაპიტულაციის შემდეგ, იაპონიამ შეძლო საკუთარი ინტერესებისათვის გამოეყენებინა ამერიკული ოკუპაციის წლები, ეკონომიკური დახმარება და დემოკრატიული ცვლილებები. 
        ამ პერიოდში აღდგენილ იქნა ეროვნული მრეწველობა და მოკლე ხანში დაიწყო ეკონომიკის ფორსირებული ზრდა, რამაც იაპონიის მმართველ წრეებს საშუალება მისცა ამაყად და ხმამაღლა განეცხადებინათ "იაპონური სასწაულისა" და იაპონელთა განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ. 
      სამურაების წესები - ბუშიდო (მეომრის გზა) და მასში ასახული პრინციპები "ახალი" იაპონიის საზოგადოებამ წარმატებულად გამოიყენა თანამედროვე მსოფლიო რეალობაში და იაპონელების სამოქმედო პრინციპად აქცია. 
      ომის შემდგომი საყოველთაო ფრუსტრაციის და ატომური დაბომბვების ფონზე, რომლის შედეგები ძნელად წარმოსადგენიც კი არის არაიპონელთათვის, იაპონია გადარჩა და შეიცვალა მთელი მსოფლიოსათვის გასაკვირი ეკონომიკური მიღწევებით. ამ მიღწევებმა იაპონელთა "განსაკუთრებულობის" იდეა ააღორძინა და ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ აქცია. 
      იაპონელთა შესახებ ერთ-ერთ წიგნში (Brown, People of Japan) ვხვდებით ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1938 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის,  ქალბატონ პერლ ბაკის ფრაზას: "...იმ ფაქტმა, რომ ბელადებმა თავიანთი ხალხი ომში ბრწყინვალე გამარჯვების ნაცვლად საშინელ დამარცხებამდე მიიყვანეს, ძლიერ შეძრა იაპონელები. ეს იყო როგორც მათი არსების, გონებისა და სულის, ასევე სხეულის მარცხი. ისინი აღარ იყვნენ ისეთი ხალხი, როგორიც თავი ეგონათ..." 
              შეიძლება, პერლ ბაკის ამ ფრაზამ მიბიძგა და გამაბედვინა ქართველი მკითხველისათვის მომეთხრო იაპონელების შესახებ, რომლებსაც კარგად (!) ახსოვთ 2–ე მსოფლიო ომისდროინდელი მარცხი, ატომური ბომბების საშინელება და ცინიკური ამერიკელების ოკუპაციის სიმწარე: შარშანდელი აგვისტოს ტრაგედიისა და მარცხის შემდგომ, ჩვენი საზოგადოებაც, ალბათ, მსგავს ფრუსტრაციაში იმყოფება, თანაც, ცოტახნისწინანდელი გამოსვლების ფონზე, უიმედობამ ყველას გულებში შემოაღწია. სამწუხაროდ, ომისშემდგომი იაპონელებისგან განსხვავებით, ჩვენ არც "დატსუნის", არც "ტოიოტას" და "დაჟე" არც ჩაის ქარხნის მშენებლობა არ დაგვიწყია...ვზივართ პირღიები და მივჩერებივართ ტელევიზორს (ისინიც ომისშემდგომი იაპონური ქარხნების პროდუქციის შვილთაშვილები არიან, თუ გახსოვთ) პ. კუბლაშვილი აჯობებს, თუ კ. კუკავა...არცერთი მათგანიარ არის სამურაი , არცერთს არ გაუწირავს თავი წესისათვის და არცერთს არ აქვს ეს წესები ჩამოყალიბებული – ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც უწესობას მოაქვს...

(გაგრძელება):

          გენერალ მაკ-არტურის საოკუპაციო მთავრობამ ქვეყნის მმართველი აპარატის დემოკრატიზაციასთან ერთად სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა იაპონურ ნაციონალიზმსა და მილიტარიზმს, ომამდელ სახელმწიფო ცენზურას, ისტორიული და სოციალურ-პოლიტიკური დისციპლინების ომამდელ სისტემას. 
          ამავე დროს აშშ ძალიან ფრთხილად იქცეოდა იმ საკითხებში, რომლებიც იაპონურ ეროვნულ ფასეულობებსა და თვითშეგნებას ეხებოდა, რადგან სამომავლოდ მათ იაპონიის სახით საიმედო სავაჭრო და იდეოლოგიური პარტნიორი ესაჭიროებოდათ წყნარი ოკეანის რეგიონში. 
          მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მასობრივი კომუნიკაციის სფეროში, ლიტერატურაში, კინოსა და თეატრში. ანტიმილიტარისტული კამპანიის ფონზე აიკრძალა ტრადიციული საბრძოლო სკოლების მუშაობა. 
          ეს აკრძალვები შეეხო ძიუ-დოს, აიკიდოს, კენდოს, კარატეს და სხვა ტრადიციულ საბრძოლო სისტემებს. მაკ-არტურის შტაბი შეეცადა სრულიად გაენადგურებინა იაპონელებისათვის ბუნებრივი - ფეოდალური ლოიალობისა და ეროვნული უპირატესობის ფესვები, რომლებიც ტრადიციული იაპონური თეატრის კაბუკის იდეოლოგიურ საფუძველს შეადგენს.  ერთ-ერთ დირექტივაში პირდაპირ იყო ნათქვამი კაბუკის მავნებლობის შესახებ (იმდროინდელი ამერიკელები თავიანთი კატეგორიულობით დიდად არ განსხვავდებოდნენ 40-იანი წლების რუსი და გერმანელი "იდეოლოგებისაგან", რომლებმაც მსოფლიო დაღუპვის პირას მიიყვანეს). 
          ზემოთხსენებულ დირექტივაში, რომელიც 1945 წელს გამოვიდა, ნათქვამია, რომ კაბუკის ტიპის თეატრი უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ხალხზე, რადგან მასში ნაჩვენებია ლოიალური დამოკიდებულება ღალატის, ვენდეტის, მკვლელობისა და თვითმკვლელობის (სეპუკუ, ჰარაკირი), შურისძიების მიმართ. ეს კი უშლის ხალხს გააცნობიეროს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, საერთაშორისო ურთიერთობები. ამის შედეგად კაბუკისა და ძიორურის (ტრადიციული იაპონური დრამის ერთ-ერთი სახეობა) თეატრები "ფეოდალური იდეოლოგიის პროპაგანდის" მიზეზით აიკრძალა. 
          ამან, როგორც მოსალოდნელი იყო, ომის შედეგებით გაუფერულებული იაპონური იდეალებისა და ბუშიდოს მრავალსაუკუნოვანი პრინციპების ხელახალი პოპულარიზაცია გამოიწვია და იაპონელთა ენერგია ოკუპანტების მიერ შელახული ეროვნული კულტურის დაცვისაკენ მიმართა. ამერიკელების მიერ შემოღებული ხელოვნური აკრძალვები რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მაგრამ მაკ-არტურის შტაბის კატეგორიულობამ ძლიერი ბიძგი მისცა იაპონიაში 50-იან წლებში დაწყებულ ფართო იდეოლოგიურ კამპანიას, რომლის მიზანი დაკარგული ეროვნული და სულიერი ფასეულობების აღდგენა გახდა. ამას მოჰყვა იაპონიის მთავრობაში ე.წ. "სახელმწიფო-ნაციონალისტური" აქტივობის ზრდა. ეს გამოიხატა 11 თებერვლის მონარქიული დღესასწაულის - იმპერიის დაარსების დღის აღდგენით, სკოლებში "მორალური აღზრდის" კურსის შემოღებითა და კულტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამით. 
        მოგვიანებით, 60-იან წლებში, იაპონიის სამრეწველო განვითრების ბუმის დროს, განათლების ცენტრალური საბჭო ერს "ადამიანის ფორმირების" ახალ პრინციპს სთავაზობს. პრინციპის ძირითადი მომენტები თანამედროვე მსოფლიოში იაპონიის მისიის, ქვეყნის მნიშვნელობის ზრდის, იმპერატორის განსაკუთრებული როლისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. ამ სახელმწიფო პროგრამამ, იაპონური "ეკონომიკური სასწაულის" ფონზე, შედეგად გამოიღო იაპონური კულტურის არნახული ზრდა: 
– გააქტიურდა კაბუკისა და ნოოს თეატრების მოღვაწეობა, 
– გააქტიურდა შუა საუკუნეების ისტორიის, კულტურის, პოეზიისა და ფერწერის კვლევა, 
– პოპულარული გახდა ტრადიციული საბრძოლო სკოლები. 
– პარალელურად დაიწყო იაპონური კულტურის ექსპორტი ევროპასა და ამერიკაში. ძიუდოს და კარატეს ოსტატები, ინსტრუქტორები, დოჯოს (სავარჯიშო დარბაზის სახელი, იაპონ.) ტექნიკური აღჭურვილობა, ყველაფერი ეს მთავრობის ხელშეწყობით ვრცელდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, რასაც ბუნებრივად თან ახლდა იაპონური ცხოვრების წესის, ფასეულობათა, ტრადიციული მსოფლმხედველობისა და წეს-ჩვეულებების პოპულარიზაცია მსოფლიოში. 
        იაპონური ბუდოს (საბრძოლო ხელოვნებათა კრებითი სახელი) ათეულობით სახეობიდან რამდენიმემ არნახული "საბრძოლო" ბუმი გამოიწვია ევროპაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში. ამ სახეობებიდან აღსანიშნავია ძიუ-დოსა და კარატეს არნახული პოპულარობა მსოფლიოში, აიკიდოსა და კენდოს რამდენიმე მილიონი მიმდევარი იაპონიის გარეთ, რაც თავისთავად მიუთითებს იაპონური ტრადიციული ბუდოს წარმატებებზე მსოფლიოს მასშტაბით.
        ბუშიდოს იდეა, რომელიც დასაბამს XII საუკუნეში იღებს, საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტოკუგავას სიოგუნების მმართველობის პერიოდში (1603-1867) და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სამურაების ფენის ცხოვრების წესს განსაზღვრავდა. 
        მეიძის ეპოქაში (1867–1912), ამ დროისათვის დამახასიათებელი ბურჟუაზუილ-დემოკრატიული ცვლილებების პარალელურად, ახალმა ოფიციოზმა "ბუშიდოს კოდექსი" მოხერხებულად გამოიყენა "ახალი სამურაების" მორალისა და პრინციპების ჩამოსაყალიბებლად. 
        სამურაისა და სიუზერენის უნიკალური ურთიერთობები გამოყენებულ იქნა იაპონური კორპორაციებისა და კომპანიების მმართველობაში. წარჩინებული სამურაების გვართა წარმომადგენლების საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ლოიალურობა და უსაზღვრო ერთგულება "პატრონისადმი" წარმატებულად განხორციელდა იმდროინდელი მენეჯმენტის სისტემაში და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ამან განაპირობა ტოკუგავების პატრიარქალური იაპონიის სწრაფი ადაპტაცია და ინტეგრაცია თანამედროვე ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ სისტემაში. 
        იაპონიის ახალი ისტორიის ეს ნაწილი ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება შეუსაბამო ე.წ. "ეროვნული თავისებურებები" მსოფლიოში ჩამოყალიბებულ წარმატებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, რომელსაც კომუნისტები კაპიტალიზმს უწოდებდნენ, დღეს კი ბურჟუაზიულ დემოკრატიას ვეძახით. 
        "ბუშიდოს წესების" მოდერნიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო XX საუკუნის 30-40-იან წლებში, იაპონიის იმპერიული და მილიტარისტული ამბიციების ფონზე. "ბუშიდოს კოდექსის" რეალიზაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს დღეს და საკმაოდ წარმატებულადაც. ყველასათვის ცნობილია იაპონელ მოსამსახურეთა უსაზღვრო ერთგულება თავიანთი სამუშაო ადგილისადმი, მათი ერთგვარი "პატრიოტიზმი" კომპანიისადმი, დილის ჰიმნები, უნიფორმები, მოკლე შვებულებები და მსოფლიოში ეტალონად ქცეული "იაპონური ხარისხის" დამადასტურებელი წინადადება: Made in Japan. 
        "მზის შვილები" (რა მაგრად ჟღერს, არა?) დღესაც იმ ტრადიციით საზრდოობენ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბეს მათმა სახელოვანმა წინაპრებმა. ამ ერისათვის დამახასიათებელი გუნდურობისა და საქმისადმი (ბატონისადმი, ქვეყნისადმი, ოჯახისადმი) ერთგულების ტრადიციის საფუძველი კი მეომარ-სამურაების ასკეტური, მკაცრად განსაზღვრული ცხოვრების წესში დევს. ამ წესმა გენეტიკური თავისებურების ფუნქცია შეიძინა და არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობა მიანიჭა ერს, რომლის ისტორია, ერთი შეხედვით, დაუსრულებელი სისხლისღვრისა და ომების ისტორიად შეიძლება აღიქვა ადამიანმა.
        "ბუშიდოს კოდექსი", როგორც მას ევროპელები უწოდებენ, წარმოადგენს ძენ-ბუდიზმისა და ნეოკონფუციანიზმის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ქცევისა და ეთიკური რეგლამენტაციის წესების ნაკრებს, რომელიც ადამიანისათვის ადვილი გასაგებია და ინდივიდისა და საზოგადოების მოხერხებულად მანიპულირების საშუალებას იძლევა. 
        როგორც წესი, აღნიშნული ნორმების საფუძველს წარმოადგენს ძველი კონფუციანისტური პრინციპები: ბატონისადმი უსაზღვრო ერთგულება, მშობელთა პატივისცემა, ასაკითა და მდგომარეობით უფროსთა პატივისცემა, ზრდილობიანობა და მოკრძალებულობა, ზომიერება ჭამისას და ჩაცმისას, საგვარეულოს პატივისცემა და სახელის გაფრთხილება, საბრძოლო და ნატიფ ხელოვნებების შესწავლა და მუდმივი დახვეწა. 
        ბუშიდოს უმთავრესი მიზანი იყო დაკისრებული მოვალეობის შესრულება, ხშირად - თავგანწირვა. ვალის მოხდის პრაქტიკული გზა ხუთი ძირითადი "მუდმივისადმი" (ჰუმანურობა, სამართლიანობა, კეთილგანწყობა, სიბრძნე და სიმართლე) აბსოლუტურ მორჩილებას მოიცავდა. ყველა ეს სიკეთე კონფუციანური საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემაში ემსახურებოდა და განსაზღვრავდა ე.წ. "ხუთ კავშირს": 
1. მოსამსახურეს (იაპონურად სამურაი) და ბატონს შორის, 
2. მამასა და შვილს შორის, 
3. ქმარსა და ცოლს შორის, 
4. უფროსსა და უმცროსს შორის და 
5. მეგობრებს შორის. 
          სამურაი ვალდებული იყო, ზემოთხსენებული კავშირებისათვის განსაზღვრული რეგლამენტით ემოქმედა ნებისმიერ სიტუაციაში და მკაცრად დაეცვა ქცევის დადგენილი ნორმები. 
          რა შეიძლებოდა ყოფილიყო სამურაისათვის დაკისრებული ვალის მოხდის გარანტია საერო ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, ბუდოს ხელოვნების დაუფლება და ბუდოს მეშვეობით ზეცის, მიწისა და ადამიანის კოსმიური კავშირის საიდუმლოს წვდომა მუდმივი, თავგანწირული ვარჯიშისა და ძენ-ბუდისტური ფსიქოფიზიკური ტრეინინგის მეშვეობით.        
          ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რამდენად მისაღებია შუასაუკუნეებისდროინდელი, თუნდაც ტრადიციული, საზოგადოებრივი და პერსონალური ქცევის ნორმები დღეს, თანაც იაპონიაში ანუ ქვეყანაში, რომელიც დანარჩენ მსოფლიოში პროგრესისა და რაციონალურობის სიმბოლოდ აღიქმება? 
          "სამურაების მორალის" დღევანდელი იდეოლოგები გვპასუხობენ, რომ თანამედროვე ყოფის პირობებში, როდესაც ადამიანი ტექნოლოგიურ გარემოში ცხოვრობს, რაც უამრავი სტრესით, ცვლილებით, დაძაბულობითა თუ მოულოდნელი სიტუაციებით ხასიათდება, ბუშიდო ადამიანს ეხმარება ჩამოყალიბდეს ძლიერ პიროვნებად და თავის ტალანტი და ენერგია სამშობლოსა და საზოგადოების სამსახურს მიუძღვნას. 
            შუა საუკუნეების მსგავსად, ბუშიდოს სულისკვეთების მატარებელს შეუძლია გახდეს ქვეყანაში მიღებული კანონებისა და საზოგადოებრივი ნორმების დამცველი, ის ფუნდამენტი, რომელიც გართულებულ და ძნელად გასაგებ სიტუაციებში მაღალი იდეალებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს. 
            ამის დასტურად გვინდა მოვიხმოთ ერთი მაგალითი, რომელიც სამშობლოსადმი ერთგულებისა და ბუშიდოს ნორმებისადმი აბსოლუტურ მორჩილებას გამოხატავს:
1944 წელს, II მსოფლიო ომის დროს, საიმპერატორო არმიის ერთ-ერთი დანაყოფის ოფიცერმა ონოდამ თავისი უშუალო უფროსისაგან მიიღო სამხედრო ბრძანება: დარჩეს ჯარისკაცებთან ერთად ფილიპინების არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე და დივერსიები ჩაატაროს მტრის წინააღმდეგ. ოფიცერი ონოდა დაემორჩილა უფროსის ბრძანებას და დაიწყო მოქმედება. 
            სამურაი ონოდას "ომი" გაგრძელდა 1974 წლამდე! მან ეს საქმიანობა შეწყვიტა მხოლოდ მისი უშუალო უფროსის ბრძანებით, რომელიც 1974 წელს საგანგებოდ ჩაიყვანეს ფილიპინებში. ონოდა მხოლოდ მის ახალ ბრძანებას დაემორჩილა და სამშობლოში 30 წლის შემდეგ დაბრუნდა. თავის ინტერვიუში ონოდა ამბობს: "არ ვნებდებოდი. მე მოვალე ვიყავი მხოლოდ უშუალო უფროსის ბრძანებით მემოქმედა... ხელქვეითთა დაღუპვა არ მინაღვლია, სურვილი კი მქონდა მათი სიკვდილისათვის შური მეძია... მშობლები არ მახსოვდა. ვფიქრობდი, თუ დაღუპულად მთვლიან, სულიერად ამაღლდებიან-მეთქი, ეს კი სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა მათ..." (იაპონელები, ვ.პრონნიკოვი, ი.ლადანოვი).
            აფერუმ შენს კაცობას ოფიცერო ონოდა! ალბათ ამას ფიქრობდა იაპონელების უმრავლესობა 1974 წელს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე "ბითლზებიც" უყვარდათ იაპონელ "თინეიჯერებს"  , "ლედ ზეპელინსაც" უკვე  ჩატარებული ჰქონდა კონცერტები იაპონიაში და ახალგაზრდობაც უკვე თმების მოშვებაზე, ქერად შეღებვასა და ფართო შარვლების ტარებაზე იყო გადასული. როგორც რუსები იტყვიან: Золото, оно и в Африке золото.