EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ლევან სანიკიძე – გორგასლიადა | ვახტანგ გორგასალი (გაგრძელება გვ. 2) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-12 16:34:33

ლევან სანიკიძე გორგასლიადა | ვახტანგ გორგასალი (გაგრძელება გვ. 2)

დაიმტკიცა ზეკაცობა,
არვინ ჰყავდა ქვეყნად ტოლი;
მეფეებში ერჩეოდა,
მარგალიტი ვით ობოლი.

აკაკი

ლევან სანიკიძე – გორგასლიადა | ვახტანგ გორგასალი (გაგრძელება გვ. 2)

„დურ აზ გორგასარ“

ბრძოლად გამოდის ზუჩმოელვარე ჰექტორ დიადი.
ჰომეროსი
სპარსეთის მეფე ჰორმიზდ III ჩრდილოეთ სირიაში იდგა და მოუთმენლად ელოდა კონსტანტინოპოლის იმპერატორისა და ქართველი მეფის შეხვედრის შედეგს.
მას იმედი ჰქონდა, დაზავება არ შედგებოდა, ქართველები და ბიზანტიელები ერთმანეთს შეაწყდებოდნენ, ძალ-ღონითგან დაშრეტდნენ და ამით სპარსეთის საქმესაც სამუდამოდ „უშველიდნენ“. ხოლო როგორც კი ჰორმიზდმა შეიტყო, რომ ლეონ და ვახტანგ დაზავებულან და შეკავშირებულან, ჯავრით აღვსილი აიყარა, ქტესიფონში დაბრუნდა, ლოგინში ჩაწვა და ვეღარ ადგა. ქართველთა და მათი ხელმწიფის ჯავრიც სამარეში თან ჩაიყოლა.
სპარსეთის ტახტი ჰორმიზდის ვაჟი პეროზის ხელში დარჩა.
სამი წელი ემზადებოდნენ სპარსელები ქართველთა ჯავრის საყრელად.
ამასობაში დედოფალმა ბალენდუხტმა ვახტანგს მარჩბივად ორი შვილი აჩუქა, ძე და ასული, მაგრამ თვითონ ბალენდუხტი მშობიარობას გადაჰყვა.
ტახტის მემკვიდრეს დაარქვეს დაჩი, ანუ დარჩილ.
ვახტანგს პირობისამებრ კეისარ ლეონ პირველის ასული უნდა შეერთო ცოლად.
მაგრამ არც სამგლოვიარო ადათი და არც სპარსეთიდან მოსალოდნელი თავდასხმა ჯერჯერობით ნებას არ აძლევდა ახალი ქორწინებისათვის.
მეფე შეუსვენებლივ ემზადებოდა ომისათვის, ამაგრებდა ძველსა და აგებდა ახალ ციხესიმაგრეებს, სჭედდა იარაღს, წრთვნიდა ლაშქარს, ამზადებდა ხალხს მტრის დასახვედრად.
მისდგა მცხეთაში შემოსახლებულ ცეცხლთაყვანისმცემლებს, პირველ რიგში საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან „მაცთური“, ხოლო დანარჩენები ან გააძევა საქართველოს საზღვართაგან, ან სიკვდილით დასაჯა ურჩობისათვის.
დადგა 467 წელი.
სპარსელები საქართველოსკენ მოისწრაფოდნენ.
ურიცხვ მხედრობას წინ მოუძღოდა ახალგაზრდა შაჰინშაჰი პეროზი.
მეგზურად ჰყავდათ ბინქარან მაცდური, რომელსაც რაღაც მანქანებით მცხეთის საპყრობილიდან გაქცევა მოეხერხებინა.
ვახტანგმა სასწრაფოდ აფრინა მალემსრბოლი კეისარ ლეონთან. პატრუცაგით ატყობინებდა სპარსელთა მოსვლას, მოაგონებდა დადებულ კავშირს ურთიერთდახმარებისას; გაახსენებდა სპარსთა სისხლის ღვრის დიდ სურვილს, რაიც ასე ჟინმორეულად გამოთქვა ლეონმა ვახტანგთან პირველი შეხვედრისას.
მაგრამ ვახტანგის შათირმა კონსტანტინოპოლში ვერ ჩაუსწრო კეისარს. იგი ხაზართა წინააღმდეგ წასულიყო საომრად.
ვახტანგს ისედაც ნაკლები იმედი ჰქონდა ბიზანტიელთა დახმარებისა… ამიტომ შათირის დაბრუნებამდე ლაშქარი მზად ჰყავდა მტერთან შესახვედრად.
ქართლის საზღვართან მეგზური ბინქარანი მოუკვდათ სპარსელებს, მაგრამ მათ ისედაც კარგად იცოდნენ საქართველოსაკენ მომავალი გზები.
გადმოიარეს ქვემო ქართლი, ქვეშევრდომი საპიტიახშო, სადაც მაშინ პიტიახშად იდგა არშუშა.
მოადგნენ მცხეთის კარებს _ ტფილისის ხევს და ააოხრეს სოფელი ტფილისი.
მტკვრის მარცხენა მხარე ერანელებით გაივსო.
ცხენის ტერფზე (დიდუბე) დადგნენ და მცხეთისაკენ თვალი ალაგნეს:
მოპირდაპირედ, მტკვრის მარჯვენა მხარეს, დიღმის ველიდან არმაზამდე,
ქართველთა ლაშქარი იდგა საომრად გამზადებული.
რიცხვით სამჯერ მეტნი იყვნენ სპარსელნი.
მაგრამ ქართველნი ქართულ მიწაზე იდგნენ, მისგან ნიადაგ ძალმოცემულნი.
ხოლო წინ ედგათ ხელმწიფე და მხედართმთავარი, დიდხელოვანი მტერთა ძლევისა, გმირი, რომელმაც ჯერ არ იცოდა სიმძიმილი დამარცხებისა.
სპარსელები კარგად ხედავდნენ ლაშქრის წინ ამხედრებულ მთაკაცს, ალმაჭურად აღჭურვილს.
მის თავზე ათინათური სხივკრთომით ელვარებდა საომარი თავსარქმელი, ოქროვანი მუზარადი.
მხოლოდ ჯერ ვერ ამჩნევდნენ სპარსნი:
ვახტანგ მეფის მუზარადს წინ მგელი ჰქონდა გამოსახული, უკან _ ლომი…
ბრძოლა დაიწყო.
დღე დღეს მისდევდა.
ბრძოლის სასწორი წონასწორად ქანაობდა.
მტკვრის ფონი ხელიდან ხელში გადადიოდა.
საარაკო გმირობით იბრძოდა ვახტანგ მეფე.
იგი იყო ყველგან, სადაც კი მისჭირდებოდათ ქართველთა და ეტევებოდა მტერს, „ვითარცა ლომი კანჯართა“.
სპარსელებმაც უკვე ინიშნეს ქართველთა მეფის სანიშნებელი: მგლის თავის სახოვნება წინ, მუზარადზე.
გამოჩნდებოდა „მგლისთავა“ გოლიათი და ძრწოლამოსილნი გარბოდნენ სპარსნი.
ხან აქ და ხან იქ, სადაც უფრო მძლავრობდნენ სპარსნი, გაიელვებდა მგლისსახოვანი მუზარადი და სპარსელები ზარგანხდილად ატეხდნენ ღრიალს:
„დურ აზ გორგასარ!“ (მოერიდეთ თავსა მგლისასა!)
ასე დაიბადა სამარადჟამოდ სახელგანსმენილი თიკუნი დიდი ქართველი ხელმწიფისა _ გორგასალი, მგლისთავა.
მაშ, თალპიონზე ომობს ვახტანგ გორგასალ!
ძრწოდეთ, მოსისხარნო ქართველთა!
საბოლოოდ დაისადგურა სპარსელთა გულში შიშმა, მუხლში _ სიძაბუნემ.
ხოლო შიში უარესი მძულვარებით და ბოროტებით აღავსებს მტრის გულს.

ამბავი რაჟდენ პირველმოწამისა

რამეთუ ვითარცა ღამისა შინა ბნელსა აღმობრწყინდების მთიები და შემდგომად მისსა სხუანი ვარსკულავნი შეუდგებიან და მის თანა გამობრწყინდიან, ეგრეთვე ესე ექმნა წინამძღუარ მოწამეთა.
ანონიმი XII საუკუნისა.

გავიხსენოთ ზემოთ ნათქვამი: როცა ვახტანგ მეფემ პირველ ცოლად ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი შეირთო, სადედოფლოს სპარსეთიდან წამოჰყვა მისი მამამძუძე-გამზრდელი, რომელმაც უკან დაბრუნება აღარ ისურვა და, საქართველოსა და მის მკვიდრთაგან მოხიბლული, საქართველოშივე დარჩა.
მალე მან ცეცხლთაყვანისმცემლობა უარჰყო და ქრისტიანობა მიიღო.
ნათლობის სახელად დაერქვა რაჟდენ.
ვახტანგ მეფემ, „ვითარ ჰშუენოდა მთავრობასა მისსა“, თავიდანვე დიდი არზანიგი (პატივი) მიუგო გაქართველებულ უცხოელს; „დიდნი სოფელნი და აგარაკნი მიანიჭნა და საკუთარ თანამზრახველ თვისსა ყო იგი“.
რაჟდენი ძალიან შეიყვარა ისედაც უცხოელთა მოყვარე ქართველობამ. თვითონაც თავის თავს ჭეშმარიტ ქართველად და ქრისტიანად თვლიდა და გარდასულ სპარსულ წარმომავლობას ხსენებითაც არ ახსენებდა.
საქმემაც მალე გამოაჩინა რაჟდენის წრფელი ქართული მამულიშვილობა.
სწორედ ახლა, როცა „მოვიდეს სპარსნი და აღავსეს ქართლი სპითა სიმრავლითა“, რაჟდენი ქართველთა მოსისხლე მტრის წინააღმდეგ მეწინავე მეომართა რიგებში ჩადგა.
იგი ვახტანგ გორგასალის ერთი სარდალთაგანი იყო, „ახოვან წყობათა (ბრძოლათა) შინა და გამოცდილი, რჩეული მებრძოლი“. მრავალგზის ისახელა თავი რაჟდენმა თავისი ჯარით.
აღტაცებულნი იყვნენ ქართველნი თანამოძმედ ქცეული გმირით.
ცოფს ჰყრიდნენ სპარსელნი, გაბოროტებულნი თვისტომყოფილის მტრობით.
გაცოფებული პეროზ შაჰი დაჟინებით ბრძანებდა, როგორმე ცოცხლად ჩაეგდოთ ხელში რაჟდენი.
და ერთ ავბედით დღეს რომელიღაც ვიწრო ხევში მცირერიცხოვანი რაზმით მიმავალ რაჟდენს თავს დაეცა საგულდაგულოდ ჩასაფრებული სპარსელთა ჯარი.
ბრძოლა უსაზმნო გამოდგა. რაჟდენი შეიპყრეს და პეროზს მიჰგვარეს…
შაჰინშაჰმა „ქრისტეს მხედარი“ აათვალ-ჩაათვალიერა და ლოშქრიანი ღიმილით უთხრა:
„გიხაროდენ, მხნეო რაჟდენ, მშვიდობაი შენდა! სად ბრძანდებოდი ესოდენ ჟამთა? რაისთვის უარგიყვია მამაპაპეული სჯული და შესდგომიხარ სჯულსა უცხოსა?
განა, მზისა, ცეცხლისა და ციურ მნათობთა ბრწყინვალებას ჰურიათაგან ჯვარცმული კაცის თაყვანება სჯობიან?!“
რაჟდენმა მშვიდად, „ბრწყინვალითა ხმითა“ და „მოკლითა სიტყვითა“ უპასუხა, რომ მან წმინდა სიწრფოებით უარყო სპარსული „უღმრთოებაი“ და ურყევად ეზიარა ახალ სარწმუნოებას.
ჯერ წყნარადვე განაგრძობდა პეროზ.
„ისმინე, რაჟდენ და თავი დაანებე მაგ უხმარ სიტყვებს. დაემორჩილე ჩვენს ბრძანებას, სამაგიეროდ მოგანიჭებთ უფრო დიდ პატივს და დიდებას, ვიდრე გაქრისტიანებამდე გქონდა სპარსეთში. ჩვენი დიდების თანაზიარს გაგხდით, ჩვენს უახლოეს და უსაყვარლეს მეგობრად გარდაიქცევი. ხოლო, უკეთუ არ შეისმენ, შენ მოგაკვდინებთ სიკვდილითა უმწარესითა, სატანჯველითა მრავალფერითა“.
რაჟდენმა გაიღიმა და თქვა:
„რანი არიან ნიჭნი და პატივნი შენნი, მეფეო, თუ არ წუთიერნი, სიზმარებრ გაქარვებადნი და აჩრდილებრ წარმავალნი? რამეთუ ვითარცა კვამლი განქარდების და ვითარცა მტვერი განიბნევის, რამეთუ მიწანი ვართ და მიწადცა მოვიქცევით. ხოლო სული უკვდავ არს და უკვდავადცა ჰგიეს. შენთა თქმულთა რომ დავერწმუნო, განა მეც ისე არ მოვკვდები, ვითარცა ზოგად ყოველნი კაცნი? ხოლო უკეთუ მოვკვდე წმიდა სჯულისათვის, სული ჩემი განვადიდო და უკვდავ ვყო. ესე არს განზრახვა ჩემი უცვალებელი, ხოლო შენ მოიქეც, ვითარცა გსუროდეს, ჩემგან არა სახითა ვერჩდე ბრძანებასა შენსა“.
ავზნიანი დესპოტისათვის სავსებით კმაროდა.
მისი ბრძანებით კაცთა წამებაში დაოსტატებულმა ჯალათებმა რაჟდენი ძირს დასცეს და დიდხანს სცემეს. სცემდნენ სახეში, სცემდნენ ყველაფრით: ხელით, ფეხით, არგანით, მშვენიერი სახე სავსებით დაულეწეს, ყველა კბილი ჩაუმსხვრიეს.
არც ერთი ხმა გმინვისა და კვნესის მაგვარი.
იწვა მშვიდად, მდუმრიად, უდრტვინველად.
თითქოს სხეული მისი არ იყო მისი.
არც პირიდან მძაფრად წახეთქილი სისხლი ყოფილა მისი.
დაიქანცნენ კაცთა წამებით ძალმოსილი ჯალათნი.
კვლავ მიესივნენ. დედიშობილად განაშიშვლეს.
წვერმახვილ ქვათა ფენილზე ათრიეს და კვლავ სცემეს ხელით, ფეხით, არგანით.
მერე მისი დარღვნილ-დალეწილი სხეული მარწუხებით შეკრეს და რკინით შეჭედილ ბნელ საკანში ჩააგდეს.
ეგონათ მოკვდებოდა.
მაგრამ ყოველი წყლული მოინელა მისმა ჩაკირულმა სხეულმა.
რაჟდენის საშინელი წამების ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მტრისა და მოყვრის ბანაკებს.
ქართველები შეძრწუნებული იყვნენ სპარსელთა ურჯუკობით.
წუხილით შეძრულმა ვახტანგ მეფემ ორი ერისთავი გაგზავნა პეროზთან.
შეუთვალა, ომსაც ახლავს კაცთმოყვარული კანონებიო, ხოლო შაჰინშაჰს ახლა შემთხვევა აქვს ხელმწიფური გულმოწყალების ჩვენებისა: დაე, მცირე ხნით მაინც განუტევოს მან რაჟდენ წამებული ცოლ-შვილისა, ახლო ნათესავთა და მეგობართა მოსახილველად და გამოსათხოვებლად.
პეროზს მართლაც დაჯდომია ჭკუაში „ხელმწიფური გულმოწყალების“ ჩვენება; რაჟდენს უკანვე დაბრუნების ფიცი ჩამოართვა და ბორკილაყრილი ქართველთა ბანაკისაკენ გამოუშვა.
ჯერ მეფეს ეწვია რაჟდენი. ვახტანგმა დიდი სიყვარულით, მადლიერებითა და თანაგრძნობით მიიღო იგი. მკერდში ჩაიკრა, ნაწამები ღაწვები ამბორჰყო, მისი მძიმე თავგადასავალი გამოიკითხა და კვლავ მადლი და თანალმობა მიუგო საქართველოსთვის გარდახდილი სიმძიმილისათვის.
შემდეგ, ახლობლები და მეგობრები მოიკითხა რაჟდენმა. ბოლოს, საკუთარ ოჯახში მივიდა. ცოლი და შვილები ტირილით შემოეგებნენ, გვემული სხეული, დალეწილი სახე და ხელ-ფეხი დაუკოცნეს.
დიდხანს აღარ დარჩენილა რაჟდენი თავისიანებთან.
არ შეისმინა მათი წუხილი, ხვეწნა-მუდარა, არ უღალატა ფიცის სიტყვას.
ადგა და წავიდა ისევ ტყვეობად სპარსთა ბანაკში.
პეროზ შაჰი კვლავ დიდი პატივ-დიდების აღთქმით შეეცადა რაჟდენის ისევ სპარსად და მაზდეიანად გადმორჯულებას, მაგრამ ვერაფერს გახდა.
რაჟდენი ურყევად იმეორებდა თავისას: „ვერა რამან გამაშოროს საქართველოსა და ქრისტეს სიყვარულსა, ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ პყრობილებამან, სიკვდილმან ანუ ცხოვრებამან, სიმდიდრემან ანუ სიგლახაკემან, ვერარამან განმიტევოს ჩემი სიყვარული რწმენისაგან, რამეთუ მზა ვარ დათმენად ყოველისა“.
მიესივნენ ჯალათნი. ჰგვემეს უწყალოდ, ათრიეს, სხეული დაუფლითეს, ძვალნი დაულეწეს, სისხლი დაუთხიეს.
დაიქანცნენ ჯალათნი.
ხოლო იგი კვლავ იწვა გაუნძრევლად, მდუმრიად, უდრტვინველად.
თითქოს სხეული მისი არ იყო მისი.
თითქოს არც სისხლი მისი იყო სისხლი მისი.
ისევ მოინელა მისმა ჯანღონიანმა სხეულმა წყლული ყოველი.
ბოლოს პეროზმა დაბორკილი რაჟდენი სოფელ წრომში გაგზავნა, იქ ბანაკად მდგარ რომელიღაც მარზპანთან. იქნებ რაიმე ძალითა და ღონით შენ მოახერხო მისი მორჯულებაო; ხოლო, უკეთუ შენც ვერაფერს გახდე, მაშინ ისე სტანჯეთ და აწამეთ, სიკვდილად მივარდნილი დასამარხავადაც აღარ ვარგოდესო, _ უბრძანებდა შაჰინშაჰი ქვეშევრდომს.
წრომში დაბანაკებულ სპარსელ მთავრისთვის თავიდანვე ცნობილი იყო რაჟდენის საოცარი გმირობის ამბავი. იგი დიდის პატივითა და სიტკბოებით შეხვდა წამებულს, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა, ვერც დამარწმუნებელი სიტყვით, ვერც ხვეწნით, ვერც მუდარით, ვერც მუქარით.
მარზპანსაც ჰყავდა ჯალათნი, სპარსელი ჯალათნი.
ამათაც დასცეს რაჟდენი, ათრიეს, სცემეს, ჰგვემეს, დალეწეს, დაასახიჩრეს, სისხლი ანთხევინეს.
მერე ისევ ჩიჩინი „მოსჯულებისთვის“.
ისევ უწყალო გვემა ურჩობისთვის.
სხეული მისი აღარ იყო მისი.
სისხლი მისი აღარ იყო მისი.
სიცოცხლე მისი აღარ იყო მისი.
ბოლოს, როცა ყველას გასაოცრად ისევ ფეხზე დადგა, ბნელი დილეგიდან ამოიყვანეს.
წყვდიადიდან თავდაღწეულმა რაჟდენმა სინათლის სხივით ჩაჭრილი თვალები მოავლო შემოგარენს.
წრომის მაღლობზე ჯვარი აღემართათ.
წამიერმა ღიმილმა დაამშვენა მისი ერთ დროს მშვენიერი სახე.
მშვენიერება გაიხსენა მისმა გვემულმა სახემ.
წამების გვირგვინი ელოდა _ ჯვარცმა!
მიეახლნენ ჯვარცმის ოსტატი ჯალათნი.
ბორკილები დახსნეს, ჯვართან მიიყვანეს, ზედ ჯვარსახოვნად განმართეს და სამი დიდი, ჯიბუკი სამსჭვალით მიალურსმნეს _ თითო თითო ხელისგულზე, ერთიც ურთიერთ გარდათხმულ ფეხებზე.
შეძრწუნებულნი უცქერდნენ სპარსელები, როგორ მდუმარედ, უდრტვინველად ეკიდა სამსჭვალებით ჯვარზე ჯვარად განრთხმული კაცი.
გამოერკვა მარზპანი და ნიშანი მისცა მწყობრად ჩარიგებულ, მშვილდ-ისარ გამართულ მეომრებს.
ისართა მერეხ-ბარანი სტვენა-წივილით გაფრინდა ჯვრისკენ.
ისართა ჯაგარი თრთოდა წამებულის სხეულზე.
მიცვივდნენ მეომრები, ხელდახელ ამოაგლიჯეს სხეულიდან ისრები. უკუიქცნენ და ხელახლა დაუშინეს იგივე ისრები.
კვლავ ათრთოლდა ისართა ჯაგარი წამებულის ტანზე.
კვლავ მიცვივდნენ და ამოგლიჯეს, ისევ უკუიქცნენ და ისევ დაუშინეს სისხლით გათხვრილი ისრები.
ისევ და ისევ.
წიოდნენ სისხლიანი ისრები.
სისხლის ცვარ-ნამი ცვიოდა ნასისხლარ ისართაგან.
მხოლოდ ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები: „ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა!“
…………..
ასე აღესრულა რაჟდენი, რომელმაც თავისი გმირობით ჭეშმარიტად „განაკვირნა ანგელოზნი და სირცხვილეულ ჰყო ეშმაკნი“.
…………..
ომის შემდგომად მეფე ვახტანგმა რაჟდენის ნეშტი წრომიდან სოფელ ნიქოზში გადაასვენა და იქვე მის სახსოვრად ახალი ეკლესია აღაშენა.
…………..
მერწმუნე, კეთილო მკითხველო, ანალოგიური თავგადასავალი საქვეყნოდ განსმენილი წმიდა სებასტიანისა, ვერც გმირობით, ვერცა წამებით რაჟდენ პირველმოწამის თავგადასავალს ვერ შეედრება…
სამთა მტერთა შეთანხმება
მეოთხე თვე მიდიოდა ომი ქართველთა და სპარსელთა შორის.
კეისარმა ლეონმა შეატყო, ქართველები უმისოდაც დაამარცხებდნენ სპარსელებს, ამიტომ სანამ გვიან არ იყო, _ სანამ ვახტანგ გორგასალი „სპარსულის“ შემდგომ „ბერძნულ“ ლაშქრობას გაიმეორებდა _ ჯარები აფრინა ქართველთა მისაშველებლად.
ბიზანტიელებს იმპერატორის თანამოსახელე მოუძღოდა, ლეონ ანთიპატოსი.
მოვიდა, ვახტანგს კეისრის ძღვენი მოართვა და კეისრის სახელითვე ბოდიში მოუხადა მაშველი ლაშქრის დაგვიანებისათვის.
სპარსელთა მეფე საბოლოოდ გატყდა, „ფეხის ტერფიდან“ ფეხი ამოიკვეთა, უკან გაბრუნდა, კალას დაბანაკდა და ვახტანგთან ზავისათვის ელჩები აფრინა დიდი ძღვენით.
ვახტანგ მეფე იდგა „ჯაჭუს“.
მოეახლნენ სპარსელი ელჩები და მოართვეს ძღვენი და ძღვენთაგან უძვირფასესი „გვირგვინი ანთრაკოანი“.
მეფემ გულდასმით და გულდინჯად მოისმინა პეროზის საზავო სათხოვარი.
მერე ნება დართო მასთან მოსალაპარაკებლად მისულიყო თვითონ პეროზ შაჰი.
ასეც მოხდა. ქართველი მეფის კარავში შეიყარნენ სამნი: ქართველი, სპარსელი და ბიზანტიელი.
პეროზმა დასაწყისშივე უთხრა ვახტანგს: შენ მოითხოვე, რაც გნებავს და ჩვენ აღმსრულებელი ვართო.
ვახტანგმაც წამოაყენა საზავო პირობები.
უპირველესად ყოვლისა მოითხოვა მუდამ დანასისხლად გადამტერებული სპარსეთისა და ბიზანტიის (გინა ძველი რომის) შერიგება. პეროზს თანხმობა შეუმძიმდა. მან თქვა: ბიზანტიელები ისეთები არიან, როგორც კი დროს იპოვნიან, მაშინვე სპარსეთზე მოდიან საომრადო. მაგრამ ახლა რა გაეწყობა, შენი _ ვახტანგ მეფის სიყვარული მაიძულებს ამ წინადადებას დავთანხმდეო.
ვახტანგმა თვალით ანიშნა ლეონ ანთიპატოსს და იმანაც კეისრის სახელით დაიფიცა, ამიერიდან მშვიდობიანობას აღარ დავარღვევთო.
ვახტანგისვე წინადადებით დადგინდა საზღვრები ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. ჯაზირეთის (მესოპოტამია _ შუამდინარეთი) ჩრდილოეთი ნაწილი ბიზანტიას მიეკუთვნა, ხოლო სამხრეთი _ სპარსეთს.
მერე საქართველოსა და სპარსეთის გავლენის სფეროებზე გაიმართა ბჭობა.
სამხრეთით არაქსი და აღმოსავლეთით კასპიის ზღვა შეიქნა საქართველოს სამფლობელოთა საზღვრები. ამას გარდა სპარსთა მეფემ „მისცა გორგასალსა ალვა ლიტრა სამი ათასი, ამბრი ლიტრა ხუთასი, მუშკი ლიტრა ხუთასი, ტაიჭი ცხენი სამი ათასი, სამოსელი ხუასროვანი ათასი და ხაზდი სამი ათასი“.
მხარეთა წარმომადგენლებმა ზავს ხელი მოაწერეს და ერთმანეთს დაშორდნენ.
გორგასალი უცხოეთში
დიდხანს არ გაუვლია, სპარსელი შათირი მოვარდა მცხეთაში, მეფე პეროზის პირადი მობიდანი (ქურუმი), სახელად ბარზაბან.
ბარზაბანმა ვახტანგს უამბო, როგორც კი პეროზი ქტესიფონში დაბრუნდა, იქაური წარჩინებულები მიეხვივნენ და შავი დღე აყარეს; ჩვენ იმედი გვქონდა საქართველოსა და ბიზანტიას გაანადგურებდიო, შენ კი ამდგარხარ და ორივესთვის ცალ-ცალკე თითო სამეფო გიჩუქნიაო ჩვენი სამფლობელოებიდან. ახლა პეროზი ეაჯება ვახტანგს, თავისი დაი ცოლად მისცეს, თვითონ ვახტანგიც ვითარცა მოყვარე და მოკავშირე ქტესიფონს ეწვიოს, სპარსელი მარზპანები (ერისთავები) და დიდებულები დააშოშმინოს და ელამის, აბაშეთის, ჯორჯანეთის, ინდოეთისა და სინდეთის დალაშქვრაშიც მონაწილეობა მიიღოს.
ვახტანგმა სადარბაზოდ მოიწვია ქართველი ერისმთავრები და ბიზანტიელი ლეონ ანთიპატოსი. სპარსეთის ხელმწიფის სათხოვარი განიხილა, სხვათა თათბირიც მოისმინა და პეროზის თხოვნის აღსრულება გადაწყვიტა. ხოლო ბერძენთა სარდალს
კეისართან უნდა ეშუამდგომლა სასწრაფოდ: თუ ვახტანგი სამხრეთის და აღმოსავლეთის დასალაშქრავად სპარსეთის ჯარებს შეუერთდება, ბიზანტიელებმაც, ვითარცა მოკავშირეებმა, მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ ლაშქრობებში.
გადაწყდა ისიც, რომ პეროზისათვის მიეთხოვებინათ ვახტანგის უმცროსი დაი, ოვსთა ტყვეობიდან გამოხსნილი მირანდუხტ (უფროსი, ხვარანძე, სომეხთა პიტიახშზე იყო დაწინდული).
ამ სასიხარულო გადაწყვეტილებით გაისტუმრა ვახტანგმა სპარსი ელჩი ბარზაბან. თან ქართველთა მეფემ პეროზს შეუთვალა, დედისა და დების თანხლებით, იერუსალიმს მივდივარ წმიდა ადგილთა მოსახილველადო; უკან დაბრუნებისას ანტიოქიაში დამელოდე და იქ შეძლებ ჩემს პირად ხილვასო.
მერე კვლავ შეჰყარა ერისმთავარნი: ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა.
დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა.
გრიგოლ, ერისთავი ჰერეთისა.
ნერსარან, ერისთავი ხუნანისა.
ადარნასე, ერისთავი სამშვილდისა.
სამნაღირ, ერისთავი ეგრისისა და სვანეთისა.
ბაკურ, ერისთავი არგვეთისა და თაკვერისა.
არტავაზ, ერისთავი კლარჯეთისა.
ნასარ, ერისთავი წუნდისა.
ბივრიტიან, ერისთავი ოძრხისა.
ამათ წინაშე ვახტანგმა გამოიყვანა ხუთი წლის დაჩი, ძე და მემკვიდრე. თავი სამეფო დიადემით შეუმკო და დარბაზად წვეულთ უბრძანა, ამიერიდან თაყვანი ეცით და იზრუნეთ მასზე, ვითარცა ჭეშმარიტ ხელმწიფესა და ხელმწიფის შვილზეო. მე ჯერჟამობით უცხო მხარეში მივემგზავრები და, ვიდრე დავბრუნდებოდე, მემკვიდრე ჩემი იგულვეთ ჩემსავ ადგილზეო. მეფე იმასაც გულისხმობდა, რომ მის დაბრუნებამდე ყრმა დაჩისა და ქვეყნის პატრონი იქნებოდა სპასპეტი ჯუანშერ, ისედაც ზედამდგომელი ყოველ ერისთავთა ზედა.
ერისთავთაგან სამი _ არტავაზ, ნასარ და ბივრიტიან _ მეფეს თან უნდა წარეტანა სპარსეთში. მათთან იახლა აგრეთვე „დიდი ეჯიბი“ (მსახურთუფროსი) საურმაგ და ათი ათასი რჩეული მხედარი.
მეფეს უჯარმის მშენებლობა ჰქონდა დაწყებული და მასზე ზრუნვაც ჯუანშერს დაუბარა.
470 წლის აღდგომა დღეს ვახტანგ გორგასალი დედის, დებისა და წარჩინებულ ქართველთა თანხლებით ეწვია იერუსალიმს, მოიხილა წმინდა ადგილები, თაყვანი სცა და მდიდრული ზორვანი გამართა.
იერუსალიმიდან გამობრუნდა და მოვიდა ანტიოქიას, სადაც მას მოუთმენლად ელოდა შაჰინშაჰ პეროზ დიდის ძღვენით. ქება-დიდებითა და თაყვანისცემით შეეგება სპარსელი ქართველს.
საბოლოოდ შეთანხმდნენ კავშირ-მოყვრობაზე, ვახტანგი შორეულ ლაშქრობებში მონაწილეობაზეც დათანხმდა.
აქვე ვახტანგმა ბიზანტიის კეისართაგან მიიღო პატრუცაგი, რომლითაც იგი  დიდი მოკითხვისა და ქება-დიდების შემდგომ ატყობინებდა: ვუბრძანებ ლეონ ანთიპატოსს, „რათა იყოს შიშსა და ბრძანებასა შენსა ქვეშე“ და შენსავე სამსახურად ვაგზავნი ოციათას მეომარსო.
აქვე ვახტანგ გორგასალის წინაშე გამოცხადდა სომხეთიდან გამოწვეული ათი ათასი მეომარი.
ანტიოქიიდან სპარსეთის სატახტოში გაეშურნენ.
ქტესიფონი ზეიმით შეხვდა ქართველ ხელმწიფეს. ქალაქი ვეღარ იტევდა ცნობისმოყვარეთა ბრბოებს. ყველას უნდოდა ეხილა ლეგენდად და ზღაპრად ქცეული „მგელთავა“ გმირი. „პატივს სცემდა ვახტანგს ყოველი ერი სპარსეთისა, ვითარცა მეფესა
მათსა“.
ქტესიფონის სასახლეში „მოეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი სიხარულითა დიდითა“. აღარავის სურდა გაეხსენებინა ქართველთაგან განცდილი მარცხი, რაკი უძლეველი ქართველი ხელმწიფე, ამჯერად მათი მოყვარე და მოკეთე, თანხმობას აცხადებდა მონაწილეობა მიეღო სპარსელთა აღმოსავლურ-დასავლურ ლაშქრობებში.
მას ჟამსვე „აღასრულეს ქორწილი სამეუფო“.
ნეფედ მეფე დაჯდა _ პეროზ.
სპარსეთის დედოფალი შეიქნა მირანდუხტ, უმცროსი დაი ქართველი გვირგვინოსნისა.
ქორწილის შემდგომ ვახტანგის დედა საგდუხტ და მისი უფროსი ასული ხვარანძე დიდძალი ძღვენით დატვირთულნი დაბრუნდნენ ქართლს.
შემდგომი წლები ვახტანგ გორგასალის ცხოვრებისა ახალ-ახალი ლეგენდებით იმოსებოდა და იკაზმებოდა.
სპარსელთა ურიცხვი მხედრობა აღმოსავლეთით მიეშურებოდა.
გორგასალიც ამხედრდა, ორმოცათასიანი ლაშქრით და ათი ათასი ქართველით, ათი ათასი სომეხით, ოცი ათასი ბიზანტიელით.
არაკი სინდთა მეფისა ჯერ აიღეს და დაიმორჩილეს ჯორჯანეთი.
შემდეგ ინდოეთში შევიდნენ, ინდის ზემო წელზე, ფენჯაბის ქვეყანაში (ერთ დროს ამ გზით შევიდა ინდოეთში ალექსანდრე მაკედონელი). ამ ზღაპრულ ქვეყანაშიც გავარდა სახელი ზღაპრული გმირისა. თხუთმეტი ინდოელი „ბუმბერაზი“ მოჰკლა ვახტანგმა ორთა რკენაში. განგის ხეობაშიც შეიჭრნენ ქართველნი, დეჰკანიც დალაშქრეს.
მერე ისევ დასავლეთით შემოიქცნენ და მდინარე ინდს სამხრეთისაკენ დაუყვნენ (საითაც ერთ დროს მიეშურებოდა ალექსანდრე მაკედონელი). აქ გაშლილი იყო უზარმაზარი ინდური ქვეყანა სინდეთი.
სინდეთის მეფე მედგრად დაუხვდა მტერს, ჯარები ციხე-ქალაქებში ჩააყენა და ყოველ ხელსაყრელ მომენტში მტრებზე თავდასასხმელად გამოჰყავდა.
ამნაირი ბრძოლით „მოსწყდა ურიცხვი ერი სპარსთაგანი“, ხოლო „არა-სადა იძლივნეს ვახტანგის სპათაგანნი. და ყოვლადვე მძლედ გამოჩნდეს მტერთა ზედა“.
ყველგან დიდის სიმამაცით და საომარი ოსტატობით იბრძოდნენ ვახტანგის თანაშემწენი: საურმაგ, არტავაზ, ნასარ და ბივრიტიან.
დიდი მხნეობით იბრძოდა თვითონ მეფე სინდეთისა. იგი სპილოზე ამხედრებული გამოიჭრებოდა ხოლმე საომრად. ტანად ახოვანი იყო და გულად უშიშარი. ვახტანგს მოსწონდა მისი სივაჟკაცე და სიკისკასე (ისევე, როგორც ერთ დროს ალექსანდრე მაკედონელი აღაფრთოვანა ინდოელი ხელმწიფის პოროსის გმირობამ).
ერთ ღამით სინდთა მეფემ ქალაქის კარიბჭიდან დაშორებით, მტრისაგან იდუმალ, მაღალი და განიერი ორმო გაათხრევინა და შიგ ათი საუკეთესო მოისარ-მახვილოსანი ჩაასაფრა. დილით ქალაქიდან ერთი ვიღაც „ბუმბერაზი“ გამოიჭრა ამხედრებული, ქართველთა ბანაკს ნავარდით ჩაურბინა და საომრად ვახტანგ გორგასალი გაიწვია.
მეფეს დაასწრო „დიდმა ეჯიბმა“ საურმაგმა. მან ცხენი გააჭენა, სინდელს მიუხტა და შესძახა: შენ მეფესთან შებრძოლების რა ღირსი ხარ, მე შემებრძოლე, ვითარცა მონა მონას შეებმისო.
შეუტია საურმაგმა. სინდელმა უცებ ცხენი შეატრიალა და გაიქცა. ქართველიც გამოენთო კვალდაკვალ. ერთ ხანს ასე სდია დანდობილად, მაგრამ უეცრად ჩასაფრებული ათი სინდელი ამოიჭრა მიწიდან და სათხედები დაუშინეს ზურგიდან.
წამსვე წინგაქცეულიც შემოუბრუნდა. საურმაგმა მოასწრო, _ მოპირდაპირეს გულში შუბი სცა და ჩამოაგდო, მაგრამ თვითონაც მკვდარი გადმოეშვა სათხედებით დაცხრილული.
მაშინვე წინ გაიჭრნენ ვახტანგ, არტავაზ, ბივრიტიან, ნასარ და ლეონ ანთიპატოსი. მაგრამ ამაოდ, _ მკვლელებმა შეასწრეს ქალაქის კედლებში.
მეფე შემობრუნდა და მწუხარებით შეძრულმა ხელში აიტაცა საურმაგის ცხედარი. საურმაგი მისი მამამძუძის ძმისწული იყო, არტავაზის ბიძაშვილი. სამივენი ტოლები იყვნენ, ერთი კბილანი და ერთად გაზრდილნი.
სამი დღე-ღამე ჩაიკეტა ვახტანგ კარავში ცხედართან ერთად; „იგლოვდა გვამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყვარელისასა“ (როგორც ალექსანდრე მაკედონელი იგლოვდა კლიტოს მელანოსს, უსაყვარლეს ძიძიშვილს).
საურმაგის დაკრძალვის შემდეგ გორგასალი საომრად და შურისსაძიებლად აღიკაზმა. სინდთა მეფე ქალაქის კარიბჭეზე გადმოდგა და მოახლოებულ უცხოელს ასეთი იგავი ჩამოსძახა:
ერთხელ ერთმა ყვავმა არწივისაგან დაკოდილ-დაუძლურებული ქორი იპოვნა.
იმის ნაცვლად, რომ ყვავი თავისი ჯიშის მიხედვით მოქცეულიყო, ქორის გასაძევებლად
სხვა ყვავებისათვის მოეხმო, მან თავის ბახალების მოვლას თავი მიანება და
დასუსტებულ მტერზე ზრუნვას შეუდგა. იგი ქორს აჭმევდა იმას, რისი დაჭერაც
თვითონ შეეძლო: კალიასა და ქვეწარმავალს. ქორმა იფიქრა, თუ ფრინველის ხორცი არ
ვჭამე, მარტო მწერისა და ქვემძრომის ჩაყლაპვა ძალას და ღონეს ვერ დამიბრუნებსო და
ერთ მშვენიერ დღეს ქორმა შეჭამა მისი კეთილისმყოფელი ყვავი. ესე არს ზნეობა ამა
არაკისა: ვინაც უღალატა თავის ჯიშს, იგი მოიკლა, ხოლო ვინაც აღასრულა თავისი
ჯიში, იგი განამძლავრდა და აღზევდა. სწორედ შენ, ვახტანგ მეფე ხარ ყვავი იგი
უგუნური, რომელსაც შენი მამაპაპეული ქვეყანა დაგიტოვებია და მშველელად
სპარსელებს მოვლენიხარ, აწ დასუსტებულ შენსავე და შენებრ ქრისტიანთა მოსისხლე
მტრებს. შენც შეეყრები იმ ყვავისაებრ სიკვდილს, რამეთუ სპარსელები შენი
დახმარებით განძლიერდებიან თუ არა, შენვე შენს ქვეყანასთან ერთად ჩაგყლაპავენ.
ვახტანგს გულში მოხვდა ინდოელის ნათქვამი, მაგრამ თვითონაც უპასუხა:
შენ თვითონ ჰგავხარ უგუნურ თხუნელასო, რომლის „საყოფელი არს მიწასა
ქვეშე: და არა უწყის ბრწყინვალება მზისა და შუენიერება ველთა“. არცა ჰგონია, თუ
სადმე მიწისქვეშეთზე უკეთესი ცხოვრება და არც სურვილი აქვს ზესკნელიერი

 

გვერდი 1

გვერდი 2

გვერდი 3 

გვერდი 4

გვერდი 5