EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ზვიად გამსახურდია-გელათის აკადემიის სულიერი იდეალები (პირველი ნაწილი) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-15 17:45:09

ზვიად გამსახურდია-გელათის აკადემიის სულიერი იდეალები (პირველი ნაწილი)

ზვიად გამსახურდია-გელათის აკადემიის სულიერი იდეალები (პირველი ნაწილი) 

ზვიად გამსახურდია-გელათის აკადემიის სულიერი იდეალები (პირველი ნაწილი) ძვირფასაო მეგობრებო! ჩვენი წინაპრები თვით უკიდურესი პოლიტიკური ვნებათაღელვის დროსაც არ ივიწყებდნენ მეცნიერებას, პოეზიას, შემეცნებას. თვით ომის დროსაც კი ისინი ზრუნავდნენ სულიერი კულტურის განვითარებაზე. ასეთი იყო საქართველოს ისტორია. ჩვენ რომ დღეს თავი იმით გავიმართლოთ, პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი და მეცნიერებისა და კულტურისათვის არა გვცალიაო, ამით ჩვენს ისტორიულ ტრადიციებს ვუღალატებთ, ჭეშმარიტად.

ყოველივე ეს მსურს დავასაბუთო იმ პიროვნების მაგალითით, რომელსაც მინდა მივუძღვნა დღევანდელი ლექცია, რომლის სახელმწიფოებრივი, ეროვნული ღვაწლი საქართველოში განუზომელია და რაც უმთავრესია, რომელიც იყო მაგალითი ყოველივე ამისა: რომლის სატახტო ქალაქი იყო ქუთაისი და რომლის მიერ არის დაარსებული უდიდესი სულიერი ცენტრი – გელათი. ეს პიროვნება უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის დღესაც იმით, რომ საქართველოს მტერთან ომს, საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას ათავსებდა უდიდეს რელიგიურ, ფილოსოფიურ, მეცნიერულ მოღვეწეობასთან და ეს ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია. სხვა ასეთი მაგალითი ჩვენს ისტორიაში არ მოგვეპოვება, რომ მეფე, მხედართმთავარი ამავე დროს ყოფილიყო ესოდენ დიდი მეცნიერი, ესოდენ დიდი სწავლული, პოეტი და სულიერი კულტურის შემქმნელი.

და ჩვენი იდეალი დღესაც ამგვარი საქმიანობა, ამგვარი მოღვაწეობა უნდა იყოს. ჩვენი დიდი მეფეებიც ხომ ამ ტრადიციას მისდევდნენ არა მხოლოდ იმ დროს, როდესაც საქართველო ბედნიერი და თავისუფალი, ძლიერი სახელმწიფო იყო, არამედ თვით მისი ისტორიის შავბნელ ხანაშიც კი. მაგალითად, მეფე-პოეტი ვახტანგ VI, რომელიც იყო მეცნიერი, „ვეფხისტყაოსნის“ კომენტარების ავტორი, მისი გამომცემელი. ე. ი. თვით უკიდურესი ისტორიული ძნელბედობის დროსაც კი არ ცივდებოდა მეცნიერული და სულიერი კულტურის კერა საქართველოში და დღეს, როდესაც საქართველო მოიცვა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, პოლიტიკურმა მოძრაობამ, არც დღეს უნდა დავივიწყოთ ეს, მეგობრებო. თუ დავით აღმაშენებელი, ომის დროს ცხენზე მჯდომი თან დაატარებდა გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის წიგნებს, ფილოსოფოსთა ნაშრომებს და საფარში მჯდომი, შეჭურვილი, მტრისთვის მოდარაჯე კითხულობდა და ამუშავებდა ამ წიგნებს, ცალ ხელში მშვილდ-ისარი ეჭირა, მეორეში – კალამი.

იყო ერთი შეთხვევა ასეთ დროს, როდესაც მტერი კინაღამ საფარში შეეჭრა და მეფემ იქვე განგმირა ერთ-ერთი მათგანი. ასეთი სიტუაციაა დაახლოებით დღეს. ჩვენ გვიხდება ომი მრავალ ფრონტზე, გვიხდება ომი საქართველოს თავისუფლებისათვის, მისი სახელმწიფოებრივი აღორძინებისათვის და ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რელიგია, კულტურა, ფილოსოფია, მეცნიერება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ერის სახეს, ერის იმგვარ სახეს, რომელიც მას ჰქონდა ისტორიულად, რომელიც ჰქონდა პრეისტორიულ ხანიდან მოყოლებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კოლხეთი იყო უძველესი კულტურის კერა, უძველესი სიბრძნის კერა. ელინური კულტურა, შეიძლება ითქვას, ზედნაშენია კოლხური კულტურისა, ელინური კულტურა აღმოცენდა კოლხური კულტურიდან. ეს შესანიშნავად ჩანს არგონავტების მითში.

რა არის ოქროს საწმისი? ოქროს საწმისი არის სიმბოლო ძველი სიბრძნისა, მისტერიალური სიბრძნისა, რომელიც იმჟამად შემონახული იყო მხოლოდ კოლხეთში. ოქრო სიმბოლოა უმაღლესი სულიერებისა, უმაღლესი სიწმინდისა, ხოლო ვერძი სიმბოლოა აგრეთვე უზენაესი სიწმინდისა, აზრის სიწმინდისა, აზროვნების კულტურისა და ოქროს საწმისი არის იმ ქვეყანაში, რომელიც ფლობს ამ სიბრძნეს. იგი ჰკიდია მუხაზე და ეს მუხა არის უძველესი კულტის გამოხატულება, რომელიც დაიწყო კოლხეთიდან და შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საბერძნეთშიც. მუხის კულტი, მოგეხსენებათ, ევროპაშიც გვხვდება, შემდეგ საბერძნეთშიც, მაგრამ ის უძველესი კოლხური მუხა, რომელზედაც იყო დაკიდებული ოქროს საწმისი და რომლის მოსაპოვებლად საბერძნეთის უდიდეს გმირს იაზონს უნდა გაევლო მრავალი ეტაპი თვითგანვითარებისა, განწმენდისა, რათა შემდგომ ზიარებოდა ამ სიბრძნეს. აი, სიმბოლურად ეს არის მოთხრობილი ამ მითში. და უძველესი დროის ბრძენნი, ბრძენკაცნი თავის სარქმელს სიმბოლურად გამოხატავდნენ. 

სინი პირდაპირ არასოდეს გვთავაზობდნენ ამ სიბრძნეს, ისინი ამას გვაძლევდნენ სიმბოლურად. აი, რისი სიმბოლოებია ეს დიდი მუხა, ეს ოქროს საწმისი და ის გამოცდები, რომელიც გაიარა საბერძნეთის უდიდესმა გმირმა იაზონმა, რათა ზიარებოდა ოქროს საწმისს. რა დახვდა მას კოლხეთში? მას კოლხეთში დახვდა სამყარო ანტიური სიბრძნისა, უძველესი პრეისტორიული სიბრძნისა, შეიძლება ვთქვათ, კაცობრიობის ყველაზე უფრო ძველი სიბრძნისა.

იმჟამად საბერძნეთში ეს ყოველივე დაკარგული იყო. საბერძნეთი იმჟამად გაცილებით უფრო დაბალ საფეხურზე იდგა, კულტურისა და განვითარების გაცილებით უფრო დაბალ საფეხურზე, ვიდრე კოლხეთი. მაგრამ ის ფაქტი, რომ იაზონი შეიყვანეს კოლხურ მისტერიაში, მას ჩაუტარეს გარკვეული გამოცდები იქ, მას დახვდნენ მებრძოლნი, მას დახვდა დრაკონი, მას დახვდა ცეცხლისმფრქვეველი ხარები – ყოველივე ეს მოწმობს იმაზე, რომ კოლხებმა, უძველესმა კოლხებმა აღზარდეს საბერძნეთი, აღზარდეს ელინური კულტურა და არა მარტო კოლხებმა, არამედ ქართველური მოდგმის სხვა ხალხებმა, ვინაიდან ქართველური მოდგმა იმ უძველეს ხანაში ლოკალიზებული იყო არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ გადაჭიმული იყო პირინეებიდან ინდოეთამდე და უძველესი ქართველური მოდგმა, ეს უძველესი იბერიული მოდგმა წარმოდგენილია სხვადასხვა კულტურების სახით, სხვადასხვა ხალხების სახით, რომლებიც არიან ამ ერთი ძირითადი იბერიული რასსის განშტოება.

ეს იყო პირინეების ისტორიული სამყარო, ეს იყო ხმელთაშუა ზღვის სამყარო, მინოსის კულტურა, ეს იყო ტროას სამყარო, ეს იყო პელაზგების სამყარო, რომლებიც იყვნენ პირველადი მოსახლეობა დღევანდელი საბერძნეთისა, ელადისა და რომლებიც დახვდნენ იქ ელადაში მისულ ვედურ ბერძნებს და რომელთაც უფრო უმაღლესი კუოტურა ჰქონდათ, ვიდრე ბერძნებს და ყოველივე ეს გამოხატულია პრომეთეს მითში; პრომეთე არის სწორედ სიმბოლო იმ უძველესი სიბრძნისა, იმ უძველესი ქართველური ტომების – პელაზგების სიბრძნისა, რომელიც კოლხეთთან ერთად ქმნიდა ერთიან სამყაროს. ვერავინ იფიქრებს, რომ კოლხეთი და კავკასია იყო ერთადერთი კერა ამ კულტურებისა და, საერთოდ, ქართველური ტომებისა. ქართველური ტომები, ვიმეორებ, გაბნეულნი იყვნენ პირინეებიდან ხმელთაშუა ზღვის სამყაროში, ეგეოსურ სამყაროში, მცირე აზიაში, სადაც მოგვიანებით იყო კაპადოკიური და მესხური, ანუ მოსხური ტომები, რომლებიც იხსენიება ბიბლიაში.

კავკასიის უძველესი ბრძენნი, უძველესი მისტერიების ქურმნი იყვნენ ალქიმიკოსები, რომლებიც ამ მისტერიული სიბძნიდან იყვნენ წამოსულნი და ამ მისტერიული სიბრძნის პრაქტიკა გამოიტანეს შუა საუკუნეებში. ალქიმია იყო არა მარტო ფიზიკური ოქროს მოპოვება, არამედ იყო სულიერი ოქროს მოპოვება, ეს იყო იგივე, რაც ოქროს საწმისის მოპოვება. ალქიმიას ჰქონდა იდეალი ოქროს ქვისა. ეს ფილოსოფიური ქვა იგივეა რაც ოქროს საწმისი, რომელსაც მიელტვოდნენ იმ წარმართულ ეპოქაში საბერძნეთის ბრძენნი და შუასაუკუნეთა ალქიმიკოსები, ჰერმეტული ალქიმიკოსები (ამას ერქვა ჰერმეტული გზა, ვინაიდან ჰერმესის სიბრძნიდან მომდინარეობდა).

კავკასიას უწოდებდნენ ფილოსოფოსთა მთას, სადაც, მათი სიმბოლური გამოთქმით, იყო ზეციური რწმენის მადანი, ანუ ოქროს საწმისი. ე. ი. შუა საუკუნეებში კავკასია ითვლებოდა ზეციური სიბრძნის ქვეყნად, ვინაიდან იქ იყო ზეციური რწმენის მადანი. მადანი, რა თქმა უნდა, სიმბოლურად ნიშნავდა ამ სიბრძნეს და ამ სიბრძნეში იგულისხმებოდა ძველი კოლხური მისტერიების სიბრძნე, ოქროს საწმისის სიბრძნე. და ტროაშიც იმიტომ ილაშქრეს ბერძნებმა, მეგობრებო, ტროა იგივეა, რაც კოლხური სამყარო, იქაც იმიტომ ილაშქრეს, ბერძნებმა, ის სიბრძნე წამოეღოთ, ის სიბრძნე აეთვისებინათ, რომელიც ბერძნებს არ ჰქონდათ და ეს სიბრძნე გამოხატულია სიმბოლურად პალადიუმის სახით, ანუ ათენას ქანდაკების სახით, რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ტროაში და არ იყო საბერძნეთში. აი, ასე არის ანტიურ მითოსში, ანტიურ პოემებში საქართველო, ქართული სამყარო, ძველკოლხური სამყარო. თქვენ იცით, ოდისევსის მოგზაურობაში როგორ მოხვდება ოდისევსი კირკესთან, აეტესის დასთან და ლატინოსი, ანუ ლათინთა წინაპარი, რომაელთა წინაპარი არის კირკესა და ოდისევსის შვილი. სიმბოლურად მიუთითებს იმაზე, რომ ლათინებიც, რომაელებიც წარმოშობია ნახევრად ქართველური მოდგმისანი არიან, ვინაიდან კოლხი კირკე, მედეას მამიდა, აეტესის დაი არის მშობელი ლატინოსისა, ანუ ლათინთა წინაპრისა.

ასევე ჩავიდა ათენელი თეზეოსი კრეტაზე, მინოსის სამეფოში, სადაც მან დაამარცხა ურჩხული მინოტავრი. რომელიც იქ მკვიდრობდა ლაბირინთოსში. და იგი გამოვიდა ლაბირინთოსიდან იმ ძაფით, რომელიც მას არიადნემ მისცა. ეს მინოსი, როგორც ცნობილია, არის აეტესის სიძე, აეტესის დაი პასიფეა იყო ცოლი ამ მინოსისა – ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს დაახლოებით ერთი და იგივე პერიოდია და ერთი და იგივე მონათესავე ხალხებია. მინოსის კულტურა არის უძველესი, ძვ. წ. ა. III ათასწლეულის კულტურა და კოლხეთის კულტურაც არის ასეთივე ძველი კულტურა. და როდესაც განსაზღვრავენ, თითქოს ქუთაისი არის დაახლოებით სამიათასი წლისა (ზოგიერთი 2500 ასახელებს), ეს არის აშკარა ბავშვური შეცდომა. ქუთაისის ასაკის განსაზღვრა შეუძლებელია. ქუთაისი არის გაცილებით უფრო ძველი ქალაქი, გაცილებით უფრო ძველი ცენტრი და ჩვენი მოსაზრებებით ძვ. წ. ა. ათასწლეულობით განისაზღვრება მისი ასაკი, თუმც ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ ამ ასაკს. აქ უკვე ლაპარაკი არის არა 4000-5000 წელზე, არამედ გაცილებით უფრო მეტ ხანზე და პირველი სახელი ქუთაისისა, თქვენ კარგად იცით, ეს არის აია. აია არის მისტერიების კულტურის სიმბოლო, ეს ბგერები გამოხატავენ ძველ მისტერიებს. ძველ მისტერიებში იყო ბგერათა შეხამება და აი ეს შეხამება გამოხატავდა გარკვეულ სიბრძნეს, გარკვეულ ხასიათს მისტერიებისას და ამიტომ ერქვა აია. ეს იყო უძველესი კერა მისტერიებისა, ანუ სიბრძნის ცერტრებისა.

კოლხეთი, მისი დედაქალაქი და მისი წარმოშობა უნდა ვეძიოთ ჩვ. წ. ა. მრავალი ათასწლეულით ადრე, ხოლო ის ხანა, როდესაც შეიქმნა ოქროს საწმისის მითი, არის ხანა, შეიძლება ითქვას, უკვე გვიანდელი, ძალზე გვიანდელი, როდესაც კნინდება ის სიბრძნე, ის კულტურა აღარ იყო იმ უძველეს დონეზე, მაგრამ, რასაკვირველია, გაცილებით მაღლა იდგა მის თანამედროვე ბერძნულ კულტურაზე. ე. ი. უკვე მწუხრი იყო დამდგარი, უკვე დეკადანსის გზაზე იდგა ეს კოლხური მისტერიები და ეს ქალაქი აია, როდესაც მასში მოვიდა იაზონი. კვიტ-აია – ეს ორი ფუძე ერთმანეთს შეერწყა. ასე რომ, უძველესი კოლხური დედაქალაქი, როგორც ჩანს, იყო აქ.

მოგეხსენებათ, რომ მეცნიერებაში არის დიდი დავა იმის შესახებ, სად მდებარეობდა ფაზისი. ფაზისის ლოკალიზაცია შეუძლებელია დღესდღეობით იმიტომ, რომ ზღვამ იცვალა თავისი ადგილმდებარეობა. მაგრამ არქეოლოგიური გათხრები გვაძლევენ იმის საშუალებას, განვსაზღვროთ, რომ ეს იყო დაახლოებით ის ზონა, რომელიც იწყება ვანიდან. დაახლოებით ნოქალაქევის, ვანის და ქუთაისის მიდამოები. ეს არე იყო სწორედ ამ უძველესი კოლხური კულტურის ცენტრი და როგორც ჩანს ფაზისი იწყებოდა სწორედ იქიდან და არა იმ ზოლიდან, სადაც დღეს არის ზღვის ნაპირი. ეს გვიანდელი ფაზისი სხვა არის, მეგობრებო, და უძველესი, პრეისტორიული ფაზისი კიდევ სხვა. ზღვა იცვლიდა თავის ადგილმდებარეობას. I და II საუკუნეების ავტორები გვესაუბრებიან იმ ფაზისზე, რომელიც, რასაკვირველია, ფოთის მიდამოებში იყო. პალიასტომის ფსკერზეც აღმოჩენილია ძველი ნაქალაქარი, მაგრამ უძველესი ფაზისი იყო დაახლოებით რკინიგზის მარჯვენა მხარეს. რკინიგზის მარცხენა მხარეს, როგორც ჩანს, იყო უფრო ზღვა, ხოლო მარჯვენა მხარეს იწყებოდა ხმელეთი. სწორედ ამ მიდამოებში იწყებოდა ფაზისი, კოლხური დასახლებები და უძველესი კულტურის ცენტრები. ასეთი  ვითარება იყო პრეისტორიულ ხანაში.

შემდეგ, როგორც მოგახსენთ, ეს ტრადიცია შუა საუკუნეებშიც გაგრძელდა. ანტიურ სამყაროში ცნობილი იყო, რომ კოლხეთი არის ოქროს საწმისის ქვეყანა, უძველესი მისტერიების ქვეყანა, აიეტ მეფის ქვეყანა, მედეას ქვეყანა, რომელიც არის შემქმნელი პირველადი მისტერიალური მეცნიერებისა, რომელიც საფუძვლად დაედო მედიცინას და ამის გამო თვით მედიცინის სახელი მედეასთან არის დაკავშირებული, გამომდინარე მედეას სახელიდან, იმიტომ რომ ის იყო პირველი ფუძემდებელი ამ მეცნიერებისა. რასაკვირველია, იმჟამად მედიცინა ბალახებით მკურნალობის დონეზე იყო და უმაღლესი დონე სწორედ აქ, კოლხეთში იყო. აქ დახვდათ არგონავტებს ის ბალახი – პრომეთეს სისხლი, რომლითაც მედეა კურნავდა; ის ჰეკატეს ბაღი, რომელიც იყო უძველესი სამკურნალო მცენარეების სამკურნალო ბაღი, სადაც მედეამ შეიყვანა არგონავტები და სადაც ისინი აზიარა იმ ცოდნას, იმ სიბრძნეს, იმ სამკურნალო სიბრძნეს, რომელიც კოლხეთში არსებობდა. და ეს უძველესი სამკურნალო სიბრძნე სწორედ აქედან გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც მეტალურგიის კულტურა გავრცელდა კოლხეთიდან და ქართველური ტომებიდან, მცირე აზიის ქართველური ტომებიდან, ტუბალებიდან და შუა საუკუნეებში გადმოვიდა ეს ტრადიცია.

ასე რომ, თუ ადრეულ სამყაროში იცოდნენ, რომ პირველადი მისტერიალური სიბრძნის სამშობლო იყო კოლხეთი, შუა საუკუნეებშიაც კავკასიას, როგორც მოგახსენეთ, უწოდებდნენ ფილოსოფოსთა მთას, სადაც იყო ზეციური რწმენის მადანი და ფილოსოფიური ქვის სამშობლო, ანუ მონს ფილოსოფორუმ. და ამ ფილოსოფიურ ქვას მეორენაირად ევროპაში, ევროპის ქრისტიანულ მიმდინარეობაში ეწოდებოდა გრაალი. გრაალი სემანტიურად არის იგივე, რაც ფილოსოფიური ქვა. ეს არის წმინდა თასი, რომელიც ედგა მაცხოვარს უკანასკნლი საიდუმლო სერობის დროს და რომელშიც ესხა ღვინო, რომელშიც იყო პური და როდესაც მან მიმართა მოწაფეებს: მიიღეთ, სჭამეთ – ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული მისატევებლად ცოდვათა და როდესაც უთხრა პურზე – ესე არს ხორცი ჩემი, სვით ამისგან ყოველთა, მაშინ მან აღმართა ეს თასი და უჩვენა თავის მოწაფეებს და ეს თასი ჩვეულებრივი თასი კი არ იყო, ეს იყო ძვირფასი ქვისაგან შექმნილი თასი, იასპის ძვირფასი ქვის სუბსტანციისაგან შექმნილი თასი, რომელიც მისი ჯვარცმის შემდეგ მისმა ფარულმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა მართლაც აღავსო მაცხოვრის სისხლით. ჯვარცმის დროს ჯვარცმას ესწრებოდნენ არა მზოლოდ მოციქულები და მენელსაცხებლე დედანი, არამედ მისი ფარული მოწაფე იოსებიც, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია როგორც ფარული მოწაფე მაცხოვრისა და ჩვენს ფრესკებზე, ჩვენს ხატებზე იოსებ არიმათიელი თასით ხელში (ხშირია ეს მოტივი ჩვენს ჭედურ ხელოვნებაშიც) დგას და აგროვებს მაცხოვრის სისხლს ამ თასში.

შემდეგ, გადმოცემის თანახმად, იოსებ არიმათიელმა ეს თასი წაიღო დასავლეთში, ირლანდიაში. შემდეგ შუა საუკუნეების ევროპაში ეს თასი ჰქონდათ ევროპელ რაინდებს, მრგვალი მაგიდის რაინდებს და ევროპის გრაალის რაინდებს, ხოლო მას შემდეგ, როდესაც დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები, ევროპელი რაინდები ჩამოვიდნენ იერუსალიმში და ეზიარნენ იერუსალიმის სიბრძნეს, აღმსავლურ სიბრძნეს და ეს სიბრძნე შეერთდა. ისინი მოადგნენ კავკასიასაც და მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს დავით აღმაშენებლის საქართველოსთან. სწორედ ამ ურთიერთობის შედეგად შეერთდა ეს ორი სიბრძნე – ის სიბრძნე, რომელიც მათ აქ დახვდათ და ევროპული სიბრძნე. ისინი მოვიდნენ სწორედ იმ კავკასიაში, რომელიც იყო ფილოსოფოსთა მთა, სადაც იყო ზეციური რწმენის მადანი და სწორედ აქ შეერთდა ეს ორი მიმდინარეობა და როგორც ჯვაროსანთა ქრონიკებში ვხვდებით, როგორც ვოლფრამ ფონ ეშენბახის – XII საუკუნის გერმანელი პოეტის შემოქმედებაში ვხვდებით ამას, ეს გრაალის თასი, რომელიც ედგა მაცხოვარს უკანასკნელი საიდუმლო სერობის დროს, გადმოტანილ იქნა საქართველოში, დავით აღმაშენებლის საქართველოში.

 

თერალ ი:
ამას ჩვენ ვხვდებით ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემაში, სადაც დავით აღმაშენებელს ეწოდება მეფე-ხუცესი იოანე. ე. ი. ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალი“ არის ნაწარმოები, სადაც ყოველივე აღწერილია სიმბოლურად, მინიშნებით. იქ ქვეყნების სახელი არ არის მოხსენიებული, იქ არის ლეგენდარული, მითიუოი ქვეყნები. პირდაპირი დასახელებით არც ერთი ქვეყანა არ ფიგურირებს და მათ შორის არც საქართველო, მაგრამ საქართველოზე არის ნათქვამი, რომ ის არის ქვეყანა კავკასიის ქედის მიმდებარე, სადაც არის საწყისი სულიერი სიბრძნისა, სადაც არის საწყისი ყოველივესი, რაც შემდეგ განვითარდა ევროპაში, მსოფლიოში და რომ გრაალის თასი – ეს უმაღლესი სიმბოლო ქრისტიანობისა, ეს უზენაესი სიმბოლო არის სწორედ ამ ქვეყანაში, სადაც მეფობს მეფე-ხუცესი იოანე, რომელიც თავის თავზე აერთიანებს მეფეს და ხუცესს.

რას ნიშნავს მეფის და ხუცესის შეერთება? გავიხსენოთ, რომ გელათის ფრესკაზე დავით აღმაშენებელს ხელზე უდგას ეკლესია. რატომ უდგას დავით აღმაშენებელს ხელზე ეკლესია? იმიტომ, რომ იგი იყო ისეთივე დიდი სახელმწიფო მოღვაწე, როგორც სასულიერო მოღვაწე. ის იყო ისეთივე დიდი მეფე, როგორც ღვთისმეტყველი, როგორც სასულიერო პიროვნება, ოღონდ ჩვენ ოფიციალური ცნობა მისი სასულიერო წოდების შესახებ არ გაგვაჩნია. როგორც ჩანს, ეს იყო უფრო საიდუმლოდ. ღიად და აშკარად ამას არ ჰქონია ადგილი, თუმცა შემორჩა ჯვაროსნების ქრონიკებში, სადაც მას უწოდებენ მეფე-ხუცეს იოანეს და იმ ხანად იყო ტრადიცია საიდუმლო მონაზვნობისა, საიდუმლო ბერობისა. ხშირად მეფეები ფარულად ხდებოდნენ ბერები და ირქმევდნენ საიდუმლო სახელს. როგორც ჩანს, ასეთი საიდუმლო სახელი ჰქონდა დავით აღმაშენებელსაც, ვინაიდან ჯვაროსნები მას ერთხმად უწოდებენ იოანეს და თან მეფე-ხუცეს იოანეს. ეს მოასწავებს იმას, რომ იგი იყო ისეთივე ბურჯი რელიგიისა, როგორც სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა, როგორც პოლიტიკური ცხოვრებისა საქართველოში და მან ეს ორი საწყისი შეაერთა.

ვინ იყო დავით აღმაშენებელის მოძღვარი? ვინ იყო დავითის სახელმწიფოში, ასე ვთქვათ წამყვანი პიროვნება, მამა მეფისა, მამა სახელმწიფოსი? ეს იყო ჭყონდიდელი ეპისკოპოსი. რატომ მაინც და მაინც ეს სახელი დაერქვა ჭყონდიდელის ინსტიტუტს, ე. ი. სასულიერო და პოლიტიკური ძალაუფლების გამაერთიანებელ ინსტიტუტს, რომელიც იყო ფაქტიურად უმაღლესი ხელისუფლება იმდროინდელ საქართველოში? მართალია, მეფე იყო აბსოლუტური მონარქი, მაგრამ უმაღლესი ხელისუფლების სიმბოლო იყო ჭყონდიდელი და ამიტომ იყო ნათქვამი კარზე, რომ ჭყონდიდელი მამაა მეფისა და როგორც მამა მეფისა არის იგი მოხსენიებული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან.

ასე ვიცით ჩვენ ისტორიიდან და ამიტომ არის, რომ სახელი ჭყონდიდი, დიდი მუხის (ჭყონი ნიშნავს მუხას) კულტის სახელი ეწოდებოდა უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ამ ინსტიტუტს. ეს იმის გამო ხდებოდა, რომ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთში ამ უძველესი კულტურის ქვეყანაში შემონახული იყო ამ დიდი მუხის კულტი და ქრისტიანულ ეპოქაში ეს უკვე იყო ეპარქიის წოდება. და იმ ტრადიციული ერთიანობის გამოსახატავად, რომელიც არსებობდა წარმართული ეპოქის სიბრძნესა და ქრისტიანული ეპოქის სიბრძნეს შორის, შემორჩო სახელი ჭყონდიდელი. მათ ამ თანამდებობისათვის შეეძლოთ ეწოდებინათ, ვთქვათ, მარტვილი ან რაიმე ქრისტიანული სახელი, მაგრამ მათ შემოინახეს ეს იმ ტრადიციული, ორგანული ერთიანობის გამოსახატავად, რომელიც იყო იმ ანტიურ მიბრძნესა და ქრისტიანულ სიბრძნეს შორის და ამიტომ დავით აღმაშენებელმა სწორედ შეგნებულად ჭყონდიდელს მიანიჭა ასეთი პრიორიტეტი, რომელიც მას თითქოს მეფის ხელისუფლებაზე მაღლა აყენებდა, მაგრამ აქ მთავარი იყო არა მაღლა დაყენება, არამედ ორგანული შერწყმა სასულიერო და საერო ხელისუფლებისა.

და, აი, ეს ორგანული შერწყმა საცნაურია თვით დავით აღმაშენებლის პიროვნებაში და ამიტომაც არის იგი ფრესკაზე გამოხატული ეკლესიით ხელზე. ასეთი პატივი არც ერთ მეფეს არ რგებია, მეგობრებო. გადახედეთ მეფეების გამოსახულებებს ფრესკებზე. თქვენ ვერსად ვერ ნახავთ, რომ საქართველოს რომელიმე მეფეს ხელზე ედგას ეკლესია, ვინაიდან ჩვენ სხვა მსგავსი მეფე არ გვყოლია, რომელმაც ამრიგად გააერთიანა სასულიერო და საერო სიბრძნე. დიახ, სასულიერო და საერო სიბრძნის კერა იყო გელათი, გელათი იყო ის კერა, სადაც აღორძინდა ეს ყოველივე. გელათი იყო კერა, სადაც ქრისტიანული, ბიბლიური სიბრძნე შეუერთდა, დაუკავშირდა ანტიურ, წარმართულ სიბრძნეს, ვინაიდან ეს საქართველოში არასოდეს იყო განთვისებული, განცალკევებული.

ჩემი ლექცია დღეს მე გელათს იმის გამო დავუკავშირე, რომ ქუთათურებმა იცოდნენ, თუ სად ცხოვრობენ, რა ქალაქში ცხოვრობენ და რა ადგილია გელათი. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი ცენტრი შუასაუკუნეობრივი სიბრძნისა, შუასაუკუნეობრივი განათლებისა მსოფლიოში არ არსებულა და ამას ვაღიარებთ არა მარტო ჩვენ, არა მარტო ქართველი მეცნიერები, არამედ უცხოელებიც და თქვენ წარმოიდგინეთ, რუსებიც. მე წაგიკითხავთ ყველაზე დიდი თანამედროვე რუსი მეცნიერის აკადემიკოს ლოსევის აზრს გელათისა და ქართული ნეოპლატონიზმის შესახებ, რომელიც საერთოდ უპრეცედენტოა მსოფლიოში. ეს პიროვნება, ღრმა მოხუცებულ ასაკს მიღწეული, იყო ჩამოსული გელათში, მას შემდეგ იგი შემხვდა მე, მესაუბრა და გამოაქვეყნა წერილი საქართველოს ერთ-ერთ ჟურნალში.

მე მინდა თქვენ გაეცნოთ ამას. და ვიდრე გაგაცნობდეთ, მოგახსენებთ, რომ იმჟამინდელ ევროპაში არსად არ იყო მსგავსი კულტურის კერა, მსგავსი სიბრძნის კერა, არც ბიზანტიაში. ევროპაში დაახლოებით იმავე პერიოდში იყო შარტრის აკადემია, შარტრის პლატონური აკადემია, იგი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც შეიძლება შეედაროს გელათს, მაგრამ იოანე პეტრიწის დარი ფილოსოფოსი არ ჰყოლია იმ აკადემიას და არც ერთ კულტურულ კერას იმჟამინდელ მსოფლიოში. რას გვამცნობს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი? დავუკვირდეთ ჩვენ ამ გამოთქმებს: „მუნვე შეკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთა ოდენ სამეფოთა პოვნილნი, არამედ ქვეყნის კიდეთა, სადაც ესმის ვიეთმე სიწმინდე, სიკეთე, სისრულე სულიერთა და ხორციელთა სათნოებათა აღსავსეობა.

იძინა და ყველათ გამოიძინა, მოიყვანა და დაამკვიდრა მას შინა და მამული ლიპარიტეთი უმკვიდროთ დარჩენილი იყო, არამედ სხვა მრავალთა სოფლებთა თანა მისცა დედასა ღვთისასა და უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა, რომელიცა წინამდებარე არს ყოველი აღმოსავლისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ფრიად უაღრეს მისსა საღვთოთა შინა წესთა“. ე. ი. გელათი იყო ისეთი რელიგიური ცენტრი, ისეთი დონის სასულიერო ცენტრი, როგორც იერუსალიმია ქრისტიანული კულტურის თვალსაზრისით და მეორე მხრივ ანტიური ელინური სიბრძნის ისეთი უდიდესი კერა, როგორიც იყო ათინა, ათენი – საბერძნეთის დედაქალაქი და თან „ფრიად უაღრეს მისსა“, ე. ი. მასზე უფრო დიდი, ვინაიდან ათენი იყო წარმართული, ხოლო გელათი საღვთო წესებით, ქრისტიანული წესებით გამდიდრებული და აღზევებული. ე. ი. ათენი, ათინა მოცემული ქრისტიანულ დონეზე. აი, ეს იყო გელათი.