EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ქართული დიპლომატიის ისტორია »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-02 19:52:43

ქართული დიპლომატიის ისტორია
დიპლომატია

ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება 2 800 - 3 000 წლის წინ გულისხმობს გარკვეულ საგარეო-პოლიტიკურ ნაბიჯებს, კონკრეტულ დიპლომატიურ საქმიანობას. ქართული დიპლომატიური სამსახურის, მისი ფორმების, მეთოდების, ხერხებისა და საშუალებების განხილვა სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად ხდება. საინტერესოა, საელჩო (სამოციქულო, სადესპანო) სამსახურების საქმიანობა, ელჩობათა ეფექტურობა, დიპლომატიური მოლაპარაკებების ფორმები, თუ შეთანხმებების შინაარსი. ქართული დიპლომატიის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული მეზობელ თუ არამეზობელ ქვეყნებთან კავშირსა და ურთიერთობებთან.

საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელობა მეტ წილად განსაზღვრა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ - ზღვაზე გასასვლელმა, საზღვრების დაცულმა კონფიგურაციამ (ჩრდილოეთით - კავკასიონის ქედი, დასავლეთით შავი ზღვა) და გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ (სატრანზიტო გზები, მოსაზღვრე ქვეყნები, მათი კავშირები და ტრადიციები).

წარმოშობით ქართველები ეკუთვნიან პალეოკავკასიურ (ანუ კავკასიურ) ეთნოლინგვისტურ ოჯახს, რომლის წარმომადგენელი ხალხები კავკასიის უძველესი მოსახლეობის პირდაპირი შთამომავლები არიან. ეს ოჯახი იყოფა სამ შტოდ: 1. დასავლური, ანუ აფხაზურ-ადიღური; 2. აღმოსავლური, ანუ ჩეჩნურ-დაღესტნური და 3. სამხრეთული, ანუ ქართველური. შესაბამისად, დასავლური შტო აერთიანებს თანამედროვე აფხაზებს, აბაზებს, ადიღელებს, ჩერქეზებსა და ყაბარდოელებს; აღმოსავლური - ჩეჩნებს, ინგუშებსა და დაღესტნელებს (ავარები, ლეზგები, დარგუელები, ლაკები და სხვ.); ქართველური კი წარმოდგენილია ქართველი ხალხით, რომელიც შედგება სამი ძირითადი სუბეთნიკური ჯგუფისაგან - ქართები, ზანები ანუ მეგრელ-ჭანები და სვანები. წინარე ქართველური ენის დაყოფა ქართულ, ზანურ და სვანურ შტოებად იწყება ძვ.წ. III-II ათასწლეულებში.

იმ ეპოქაში ქართული (ქართველური) ტომები სახლობდნენ როგორც თანამედროვე საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის რაიონებში. ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისში ზოგიერთმა მათგანმა სახელმწიფოს ჩამოყალიბების ზღურბლს მიაღწია. ასე, ძვ. წ. XII ს-ში მდინარეების ჭოროხისა და დასავლეთ ევფრატის სათავეებში ყალიბდება ადრეკლასობრივი გაერთიანება დიაუხი. დიაუხის მოსახლეობას მძიმე ბრძოლების წარმოება უხდებოდა წინა აზიის მძლავრი სახელმწიფოების - ასურეთისა და ურარტუს წინააღმდეგ. სწორედ ძველი ასურული წერილობითი წყაროები მოიხსენიებენ პირველად ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებს, რაც დაკავშირებულია ჩრდილოეთის მეზობელი ხალხების წინააღმდეგ მიმართულ ასურეთის ექსპანსიურ- საგარეო პოლიტიკასთან. მეფე ტიგლათფილასარ I „წარწერა პირიზმაზე" გვამცნობს, რომ მან გაილაშქრა ნაირის ქვეყნების (იგულისხმება ვანისა და ურმიის ტბების ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები) წინააღმდეგ, ნაირის 23 ქვეყნის კოალიციურ ლაშქარს დიაუხის მეფე სიენი ხელმძძღვანელობდა. ძვ. წ. IX-VIII სს-ის მიჯნაზე ურარტუმ გაანადგურა და დაიპყრო დიაუხი. ამის შემდეგ ურარტუს მეფეები იწყებენ ომებს შავი ზღვის პირას მდებარე მეორე ქართული გაერთიანების - კოლხას წინააღმდეგ. კოლხა -ის ძლიერი კოლხეთის სამეფო უნდა იყოს, რომლიც აისახა ძველ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ. ძვ.წ. VIII ს-ის 30-20 -იან წლებში ეს ადრინდელი კოლხური სახელმწიფო გაანადგურეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა კიმირიელებმა.

ძვ. წ. VII-VI სს-ში კოლხური სახელმწიფოებრიობა ისევ აღორძინდა. ამ ახალი სამეფოს ცენტრი მდინარე რიონზე (ძვ. ფასისი) უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდის კოლხეთის ეკონომიკის საფუძველი იყო განვითარებული მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და რკინის მეტალურგია. შინაგანი განვითარების საფუძველზე რიონის ველზე წარმოიშვა ქალაქური ტიპის დასახლებები. ძვ. წ. VI -III სს-ში აქ იჭრება საშინაო ბაზრისათვის განკუთვნილი ვერცხლის ფული.

ძვ. წ. VI ს-დან ფართოვდება კოლხეთის სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობები ბერძნულ სამყაროსთან. მალე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩნდება ბერძენთა ქალაქი-კოლონიები - ფასისი (ფოთის მიდამოებში), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი ) და სხვა.

ძვ. წ. IV-III სს-ში კოლხეთის სამეფო თანდათანობით სუსტდება და ბოლოს იშლება. მისი აღმოსავლეთი ოლქები შედიან ახლადწარმოშობილ აღმოსავლურ-ქართულ სახელმწიფოს - იბერიის შემადგენლობაში.


თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. IV ს-ში ქართული ტომების რამდენიმე ადრესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არსებობდა, რომელთა შორის მიმდინარეობდა ბრძოლა პირველობისათვის. ამ ბრძოლაში გამარჯვებას აღწევს გაერთიანება, რომლის ცენტრსაც წარმოადგენდა მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან არსებული ქალაქი მცხეთა. მცხეთა მდებარეობდა უაღრესად ხელსაყრელ ადგილზე - კასპიიდან შავი ზღვისაკენ და ჩრდილო კავკასიიდან წინა აზიაში მიმავალი გზების გადაკვეთაზე, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის სწრაფ განვითარებას.


ძვ.წ. IV ს-ის დასასრულს მცხეთური არისტოკრატიის წარმომადგენელმა ფარნავაზმა გააერთიანა ტერიტორია კავკასიონის ქედიდან ევფრატის სათავეებამდე და მეფის ტიტული მიიღო. ასე შეიქმნა ერთიანი აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფო იბერია (ქართ. ქართლი). მცხეთა ამ სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. იბერიის მეფეთა რეზიდენციას კი წარმოადგენდა მცხეთის პირდაპირ მაღალ მთაზე აღმართული ციტადელი - არმაზციხე.

იბერია, ანუ ქართლი, მდიდარი, მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა იყო. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი შედგებოდა ორი ზონისაგან - მთისა და ბარისაგან. ბარის მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა.

მთიელები გამოირჩეოდნენ მეომრობით და დიდ როლს ასრულებდნენ იბერიის სამხედრო ორგანიზაციაში.

იბერიის ქალაქებში ვაჭრები და ხელოსნები ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოშობით უცხოელი იყო. ძირითადად სირიელები და ებრაელები.

ფარნავაზმა საფუძველი დაუდო ქართველურ ტომთა გაერთიანებას. ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა ერთდროულად მოხდა.

საგარეო პოლიტიკაში ფარნავაზს და მის უახლოეს მემკვიდრეებს ორიენტაცია აღებული ჰქონდათ სელევკიდებთან კავშირზე. ფარნავაზის მოკავშირეობა ანტიოქოსს გავლენის სფეროს გაფართოების ახალ პერსპექტივას უსახავდა. ანტიოქოსის დაინტერესებას ბიძგს მისცემდა მისი პრეტენზიები კაბადოკიაზე. სამოკავშირეო სფეროს გაფართოება გაუადვილებდა ჩრდილოეთით აგრესიული პოლიტიკის გააქტიურებას.ქართულმა მისიამ შეასრულა ძველი სამყაროს დიპლომატაიში დაკანონებული ნორმები. ლეონტი მროველის ცნობით, სავალდებულო ეტიკეტის დაცვით "ფარნავაზმა წარავლინნა მოციქულნი ... და წარსცა ძღუენი დიდძალი", ძღვენი აუცილებელი ატრიბუტი იყო დიპლომატიური მოლაპარაკებების არა მარტო გარეგნული ეფექტის თვალსაზრისით, არამედ მისი ნორმალური წარმართვისთვისაც.

ძვ. წ. II ს-ში საერთაშორისო ვითარება იბერიისათვის მნიშვნელოვნად გაუარესდა. სამხრეთით ქვეყანამ დაკარგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოლქი, რომელიც მას ახლადწარმოქმნილმა სომხურმა სამეფოებმა ჩამოაჭრეს, დასავლეთით კი იბერიას დაუმეზობლდა პონტოს სახელმწიფო, რომლის მეფემ, მითრიდატე VI-მ, თავის სამფლობელოებს შეუერთა კოლხეთი. მითრიდატეს ომების დროს რომის წინააღმდეგ იბერია პონტოს მოკავშირეა, რაც ძვ. წ. 65 წ. მის ტერიტორიაზე ცნობილი რომაელი სარდლის, პომპეუსის შემოჭრის საბაბი გახდა. პომპეუსმა დიდ ბრძოლაში დაამარცხა იბერიის მეფის, არტაგის ლაშქარი, მაგრამ გადაეყარა ფართოდ გაშლილ სახალხო წინააღმდეგობას, რამაც იგი აიძულა დაეჩქარებინა არტაგთან ზავის დადება. ზავის პირობებით, იბერია რომის არათანაბარუფლებიანი მოკავშირე გახდა. ამის შემდეგ რომაელები შევიდნენ კოლხეთში და დაიპყრეს იგი.

იბერიასა და რომს შორის ამ ზავით დადებული ხელშეკრულება განეკუთვნებოდა „კავშირის შესახებ ხელშეკრულებათა" (Feodus sociale) რიგს, რაც გულისხმობს არა მარტო „მშვიდობასა და მეგობრობას", (Feodera non aequa) არამედ აქტიურ ურთიერთდახმარებასაც საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ცალმხრივ ხელშეკრულებას, რომი სამხედრო დახმარებას აკისრებს თავის მოკავშირეს თვითონ კი მის მიმართ არავითარ კონკრეტულ ვალდებულებებს არ იღებს. რომი ამ ტიპის ხელშეკრულებებს დებდა დამარცხებულ და არა დაპყრობილ სახელმწიფოებთან.

ახ.წ. I-II სს-ში იბერიის სამეფო კვლავ ძლიერდება, რის საფუძველსაც იძლეოდა ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა. ვითარდება სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა, ვაჭრობა. იბერიის ტერიტორიაზე გადიოდა ინდოეთიდან საბერძნეთში მიმავალი დიდი სავაჭრო გზა.

იბერიის გაძლიერება თავდაპირველად აწყობდათ რომაელებს, ვინაიდან თავის აღმოსავლეთის პოლიტიკაში ისინი ხშირად იყენებდნენ იბერიელ მოკავშირეებს. გარდა ამისა, იბერია აკონტროლებდა ცენტრალური კავკასიონის უმნიშვნელოვანეს უღელტეხილებს, რითაც რომის აზიურ სამფლობელოებს იცავდა ჩრდილო კავკასიიდან მეომარი ტომების შემოჭრისაგან. მაგრამ გაძლიერებული იბერია თანდათან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას იწყებს. მეფე ფარსმან I (ახ.წ. I ს.) სარგებლობს რომსა და პართიას შორის არსებული წინააღმდეგობებით და ეუფლება სომხეთს, რომლის ტახტზე აჰყავს ჯერ თავისი ძმა, შემდეგ კი ვაჟი. I-II სს-ში იბერიის ტერიტორია ფართოვდება, იგი იბრუნებს ადრე დაკარგულ სამხრეთის პროვინციებს.

II ს-სთვის ახალი პოლიტიკური რეალიებით ხასიათდება ვითარება კოლხეთშიც. მის ზღვისპირა ზოლში ყალიბდება დასავლურ-ქართული და აფხაზური ტომობრივი სამთავროები - ლაზიკა, აფსილია, აბაზგია, სანიგია, რომელთა მმართველები რომის უზენაესობას აღიარებდნენ.

III - V საუკუნეებში ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში გამოკვეთილი იყო რამდენიმე მიმართულება:

  1. თავდაცვითი და მანევრული დიპლომატიის შეხება ორ აგრესიულ იმპერიასთან - სასანურ ირანთან და რომის (ბიზანტიის) სახელმწიფოსთან ურთიერთობებში;
  2. ურთიერთობა ამიერკავკასიის ქვეყნებთან - სომხეთთან და ალბანეთთან;
  3. ურთიერთობა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ტომებთან;
  4. ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ წარმონაქმნებთან (შიდა დიპლომატია).

ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკას წარმართავდნენ მეფე, მისი კარის მოხელეები და ერისთავები. საგარეო პოლიტიკას წარმართავდნენ კულტის მსახურნი (წარმართულ ხანაში - ქურუმები, ხოლო ქრისტიანულ ხანაში მღვდელმთავრები). სტრაბონი გვაწვდის ცნობას, იმის შესახებ, რომ იბერიაში ქურუმები განაგებდნენ მეზობლებთან სამართალს.

საგარეო პოლიტიკას, დიპლომატიურ ურთიერთობას ქართული სახელმწიფოები ახორციელებდნენ სხვადასხვა ფორმით: ელჩების გაგზავნით, მოლაპარაკებებით, ხელშეკრულებების დადებით. სამეფო კარზე იყო კანცელარია (დივანი), სადაც ინახებოდა საგარეო ურთიერთობათა ამსახველი დოკუმენტები.

საქართველოს სამეფო საჭურჭლე და სალარო ამავე დროს წარმოადგენდა სახელმწიფო დოკუმენტების საცავს. ასეთი საჭურჭლეები იყო თბილისში, ქუთაისში, უჯარმაში, თელავსა და ატენში.

ანტიკური ხანის საქართველოს დიპლომატიური დოკუმენტები დგებოდა იმ დროის საერთაშორისო ენებზე: ბერძნულზე, არამეულსა და ფალაურზე.

დიპლომატიური საქმიანობისთვის აუცილებელი იყო ჰყოლოდათ ორატორულ ხელოვნებას დაუფლებული პირები. ასეთ ხელოვნებას ეუფლებოდნენ საგანგებო სკოლებში. ასეთი სკოლა არსებობდა ფაზისშიც, სადაც განათლება მიუღიათ ბერძენ ფილოსოფოსებს და რიტორებს ევგენოსსა და თემისტოსს. ქართული რიტორიკული ხელოვნების მაღალი დონის მოწმობაა ლაზი წარჩინებულების - აიეტისა და ფარტაძის სიტყვები საგარეო ორიენტაციის საკითხებზე.

III ს-ში იბერიის საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა ისევ უარესდება. ირანში გამეფებული ახალი სპარსული დინასტიის - სასანიდების ექსპანსიის ერთ-ერთ ძირითად ობიექტად ამიერკავკასია იქცა, რამაც იბერია აიძულა კვლავ მტკიცედ დადგომოდა რომის ორიენტაციასა და ირანს დაპირისპირებოდა. სასანურმა ირანმა დაიმორჩილა სომხეთი, ქართლის სამეფომ სცნო ირანის სუვერენიტეტი და დიპლომატიური საშუალებებით თავიდან აიცილა ირანის აგრესია.

მირიანის მეფობის დასაწყისში დამთავრდა ომი ირანსა და რომს შორის, რომელშიც ქართლი იძულებით გამოდიოდა ირანის მოკავშირედ. 298 წლის ნისიბინის საზავო პირობებით, აღდგა რომის პროტექტორატი ქართლსა და სომხეთზე.

IV საუკუნიდან საქართველოს ისტორიაში იწყება ქრისტიანული ეპოქა. ქრისტიანობის მიღება იყო არა მარტო რელიგიური ფაქტორი საქართველოს ისტორიაში - ეს მოასწავებდა გარდატეხას ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, IV ს-ში ქრისტიანობა იმარჯვებს კოლხეთშიც, სადაც ამ დროს გაერთიანების ტენდენცია ისახება. კერძოდ ერთ-ერთი დასავლურ ქართული (ზანური) ტომის, ლაზების სამთავრო - ლაზიკა (ქართ. ეგრისი) - თავის გავლენას ავრცელებს სხვა ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულებზე და ტომებზე. გაძლიერებული ლაზთა მეფეები, ფაქტობრივად, რომის მორჩილებიდანაც გამოდიან.

იბერიაში ქრისტიანობის გავრცელებამ მძლავრი ბიძგი მისცა ქართული დამწერლობის განვითარების საქმეს. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული წარწერები, შესრულებული ორიგინალური ანბანით, V ს-ით თარიღდება.

IV-V სს-ში საქართველოში ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება მიმდინარეობს. ეს პერიოდი იბერიისათვის კვლავ გართულებული საგარეო-პოლიტიკური ვითარებით ხასიათდება. რომაელებთან კავშირმა ვერ იხსნა ქვეყანა სასანიდების აგრესიისაგან, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება V ს-ის პირველი ნახევრიდან, როდესაც სპარსელებმა დაიპყრეს იბერიის მეზობელი ქვეყნები - სომხეთი და ალბანეთი და უშუალოდ მოადგნენ აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებს. იწყება ომები ქართველებსა და სპარსელებს შორის. განსაკუთრებით აღსანიშნავია V ს-ის მეორე ნახევარი, როდესაც იბერიაში მეფობს ვახტანგ გორგასალი. მეფე ვახტანგი იყო კარგი მეომარი, ჭკვიანი და ენერგიული მმართველი. იგი სასანიდების წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხების გაერთიანებას ცდილობდა. ამ მხრივ მან გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. მის დროს იბერია კვლავ გაძლიერდა და შეიერთა რიგი მეზობელი ტერიტორიები. ვახტანგ გორგასალი დიდ სააღმშენებლო საქმიანობასაც ეწეოდა. მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის ქალაქად გადაქცევა, რომელიც მანამდე მხოლოდ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა.

VI ს-ში იბერიის მსხვილი ფეოდალები სამეფო ხელისუფლებას უპირისპირდებიან და თავისი პოლიტიკური და სამამულო უფლებების განმტკიცების მიზნით კავშირს ამყარებენ ირანის შაჰთან. ამ უკანასკნელმა კარგად გამოიყენა შექმნილი ვითარება და 523 წ., ქართველთა მორიგი აჯანყების ჩახშობის შემდეგ, იბერიაში მეფობა გააუქმა. ქვეყანაში უზენაესი ხელისუფლება გადავიდა შაჰის მოხელის -მარზპანის ხელში, რომლის რეზიდენციად თბილისი იქცა.

აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ ირანელებმა მზერა ქვეყნის დასავლეთ ნაწილს -ლაზიკას მიაპყრეს, ვინაიდან იბერიელი მოჯანყეები ყოველთვის აქ ეძებდნენ დახმარებას. გარდა ამისა, ლაზიკის ხელში ჩაგდებით ირანი კარგ პლაცდარმს შეიძენდა თავისი ძველი მეტოქის - ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ სამოქმედოდ. თავის მხრივ, ბიზანტიელებმაც გააძლიერეს ზეწოლა ლაზიკაზე, რომელიც იმპერიის ვასალური სამეფო იყო. მათ ამ ქვეყანაში თავისი ჯარები შეიყვანეს. ბიზანტიელი მოხელეები და სამხედროები ავიწროებდნენ ლაზიკის მოსახლეობას, არაფრად აგდებდნენ ადგილობრივ სამეფო ხელისუფლებასაც. ამან აიძულა ლაზიკის მეფე გუბაზ II 541 წ. აჯანყებულიყო და დახმარებისათვის მიემართა ირანის შაჰისათვის, რომელსაც ომი ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან. ირანელები ლაზიკაში შევიდნენ და გუბაზის დახმარებით ქვეყანა ბიზანტიელთაგან გაწმინდეს. მაგრამ მალე გამომჟღავნდა შაჰის ნამდვილი ზრახვები ლაზიკის მიმართ: - გუბაზის მოკვლა, ლაზების ირანში გადასახლება და მათ მიწაზე ირანელი კოლონისტების ჩამოსახლება. ამან აიძულა გუბაზ II კვლავ ბიზანტიელთა მხარეზე გადასულიყო (548 წ.). ლაზებმა და ბიზანტიელებმა რამდენიმეჯერ დაამარცხეს ირანელები და 562 წ. საბოლოოდ განდევნეს ისინი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიიდან. ეს მხარე კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩა.

ამ დროისათვის აღმოსავლეთ საქართველოში ირანელთა უშუალო მმართველობა აუტანელი გახდა ქართლელი (იბერიელი) აზნაურებისათვის, რომლებმაც მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერით VI ს-ის 70-იან წლებში გააძევეს ირანელი მოხელეები და ქვეყნის მართვა-გამგებლობის სადავეები ხელში ჩაიგდეს. მიუხედავად ამისა, VI ს-ის ბოლოსა და VII ს-ის პირველ მესამედში აღმოსავლეთ საქართველო კვლავ განიცდიდა ირანელთა და ბიზანტიელთა ჯარების შემოსევებს, რომლებიც ცდილობდნენ თავისი კონტროლის ქვეშ მოექციათ ეს მდიდარი და სტრატეგიული თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე მდებარე ქვეყანა.

მიუხედავად ხშირი ომებისა, V-VI სს. ქართული კულტურის მნიშვნელოვანი წინსვლის პერიოდია. ამ ხანას განეკუთვნება ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები: იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება" (V ს.) და უცნობი ავტორის "ევსტათი მცხეთელის წამება" (VI ს.). შენდება საეკლესიო არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები - ბოლნისი (V ს.), ჯვარი (VI ს.) და სხვა. საერო არქიტექტურის განვითარების დონეზე მიუთითებენ იმ პერიოდის ციხე-ქალაქთა შთამბეჭდავი ნანგრევები-უჯარმა, ჭერემი, ციხეგოჯი და სხვა.

VII ს-ის შუა ხანებში საქართველოს საზღვრებს არაბები მოადგნენ. რამოდენიმე გამანადგურებელი ლაშქრობის შედეგად მათ მოახერხეს ქვეყნის ძირითადი პროვინციების დამორჩილება და დახარკვა. არაბული ადმინისტრაციის მეთაურმა - ამირამ თბილისში დაიდო ბინა და აქედან მართავდა საქართველოს დაპყრობილ ნაწილს. მაგრამ ქართველი ხალხი არც ამჯერად შერიგებია უცხოელთა ბატონობას. VIII ს-ის მეორე ნახევრიდან იწყება ახალი აჯანყებები, რამაც თანდათანობით საფუძველი შეურყია არაბთა ხელისუფლებას საქართველოში. სახალიფო ცენტრიდან გამოგზავნილი დამსჯელი ექსპედიციები ცალკეული წარმატებების მიუხედავად, ვერ ახერხებდნენ ქართველთა წინააღმდეგობის გატეხვას. ამას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ IX-X სს-ში მიმდინარეობს თვით არაბთა სახალიფოს დასუსტების და დაშლის პროცესი.

VIII ს-ის ბოლოს და IX ს-ის დასაწყისში უცხოელ დამპყრობლებთან ბრძოლის პირობებში საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ფეოდალური სახელმწიფოები წარმოიშვა: კახეთის სამთავრო, აფხაზთა სამეფო, ჰერეთის სამეფო, ტაო-კლარჯეთის სამთავრო (შემდგომში სამეფო). ამ სახელმწიფოებმა თანდათანობით არაბთა ბატონობისაგან გაათავისუფლეს საქართველოს დიდი ნაწილი. ასე რომ X ს-თვის არაბთა გამგებლობაში დარჩა მხოლოდ ქალაქი თბილისი მის გარშემო მდებარე პატარა ოლქით.

 X ს-ის მეორე ნახევრისათვის მომწიფდა საქართველოს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ ეთნიკური წინაპირობები, რამაც საშუალება მისცა მეფე ბაგრატ III ბაგრატიონს (975-1014 წწ.), რომელიც მამის მხრიდან ტაო-კლარჯეთის სამეფო დინასტიის, ხოლო დედის მხრიდან-აფხაზთა სამეფოს მმართველი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, გაეერთიანებინა ქვეყნის დიდი ნაწილი. ერთიანი ქართული სამეფოს დედაქალაქი გახდა ქუთაისი.

ქართველი ხალხის ძირითადი ბირთვი შეადგინეს ქართებმა, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი და წამყვანი ნაწილი ეკავათ, მეგრელმა ზანებმა და სვანებმა. გარდა ამისა, ქართველთა შემადგენლობაში შევიდა კიდევ ზოგიერთი სხვა პალეოკავკასიური წარმოშობის ტომი. ტერმინი "ქართველი", რომელიც ადრე მხოლოდ ქართლის (იბერიის) მცხოვრებს აღნიშნავდა, X ს-იდან ქართველთა საერთო ავტოეთნონიმი გახდა. დაახლოებით ამავე პერიოდში ჩნდება აგრეთვე გაერთიანებული ქვეყნის აღმნიშვნელი ტერმინი "საქართველო". საქართველოს მოსახლეობისათვის სამწერლო და ღვთისმსახურების ენა იყო ქართული, თუმცა რიგ პროვინციებში გავრცელებული იყო ადგილობრივი სალაპარაკო ენებიც.


ისტორიული ქართული მიწებიდან ბაგრატ III -ის გარდაცვალების დროისათვის გაერთიანებული საქართველოს სამეფოს ფარგლებს გარეთ კიდევ რჩებოდა თბილისი, რომელიც წარმოადგენდა პატარა მაჰმადიანური საამიროს ცენტრს, და სამხრეთ საქართველოს ნაწილი, რომელსაც 1001 წ. ბიზანტიის იმპერია დაეუფლა. ამიტომ ბაგრატ III-ის მემკვიდრეების მთავარი საზრუნავი ამ ტერიტორიების შემოერთება იყო.

გიორგი I (1014-1027 წწ.) უშედეგოდ ეომა ბიზანტიელებს ქართული მიწების დასაბრუნებლად. მისი ვაჟის, ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) მეფობის დასაწყისში კი ბიზანტიელები თვითონ შემოიჭრნენ საქართველოში, მაგრამ მოგერიებულნი იქნენ. ბაგრატ IV იბრძოდა თბილისისა და ბიზანტიელთა ხელში დარჩენილი ციხესიმაგრეების გასანთავისუფლებლად, მაგრამ მან ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე თურქ-სელჩუკთა შემოსევების გამო, რომლებიც საქართველოში პირველად შემოიჭრნენ 1064 წ.

სელჩუკთა შემოსევებმა განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიიღო 1080 წლისათვის. საქართველო მათ მიერ სასტიკად იყო აოხრებული, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი გაჟლეტილი ან ტყვედ წაყვანილი. ამან აიძულა მეფე გიორგი II (1072-1089 წწ.) ხლებოდა სელჩუკთა დიდ სულთანს, მალიქ-შაჰს, და მისთვის ყოველწლიური ხარკის გადახდა აღეთქვა. მაგრამ ამანაც არ აღკვეთა ცალკეული თურქული რაზმების თარეში ქართულ მიწებზე. გარდა ამისა, აღმოსავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ციხე-ქალაქებში (მათ შორის თბილისშიც) სელჩუკთა გარნიზონები იდგნენ.

მდგომარეობა შეიცვალა XI ს-ის 90-იან წლებში, როდესაც მალიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ სელჩუკთა სახელმწიფო ანარქიამ შეიპყრო, ხოლო დასავლეთიდან მას ევროპელმა ჯვაროსნებმა შეუტიეს. შექმნილი ვითარება კარგად გამოიყენა საქართველოს ახალმა მეფემ, დავით IV (1089-1125 წწ.) მან 1097 წ. სელჩუკებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა და დაიწყო ბრძოლა მათი საქართველოდან სრული განდევნისათვის. დავითი ენერგიული პიროვნება იყო, ნიჭიერი სარდალი და დიდი სახელმწიფო მოღვაწე. მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ აქციეს. ქართველებმა დავით მეფის ხელმძღვანელობით არაერთგზის დაამარცხეს სელჩუკთა ჯარები და 1122 წ. იერიშით აიღეს თბილისი, რომელიც საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდა.

ქართული მიწების განთავისუფლების შემდეგ 1123-1124 წწ. დავით IV-მ სელჩუკები მეზობელი სომხური და აზერბაიჯანული პროვინციებიდანაც გარეკა, ხოლო ეს მიწები თავის სამეფოს შემოუერთა. ამრიგად, დავითის მეფობის ბოლო წლებში მისი სამფლობელოები შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე იყო გადაჭიმული.

დავით IV დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე ქალაქების, გზების, ხიდების მშენებლობას, რამაც საქართველოს ეკონომიკურ აღორძინებას შეუწყო ხელი. თავისი დროისათვის მეტად განათლებული, წიგნების მოყვარული მეფე ზრუნავდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების განვითარებაზეც. მაგალითად, მისი მითითებით დასავლეთ საქართველოში, გელათის მონასტერთან შეიქმნა აკადემია, სადაც ისწავლებოდა ფილოსოფია, ასტრონომია, მათემატიკა, რეტორიკა, მუსიკა და სხვ. მეორე აკადემია დაარსებული იქნა იყალთოში (აღმოსავლეთ საქართველო). ასეთი მრავალმხრივი აღმშენებლობითი მოღვაწეობისათვის დავით IV-ს ქართველმა ხალხმა "აღმაშენებელი" უწოდა.

დავით აღმაშენებლის დროიდან იწყება ფეოდალური საქართველოს "ოქროს ხანა", - პოლიტიკური ძლიერების, ეკონომიკისა და კულტურის აყვავების ყველაზე გამორჩეული პერიოდი. გიორგი III-ისა (1156-1184 წწ.) და თამარ მეფის (1184-1213 წწ.) ეპოქაში საქართველო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. საგარეო ომები მეტწილად ქართული ჯარის გამარჯვებით მთავრდებოდა. თავისი მასშტაბურობით და პოლიტიკური შედეგებით ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შამქორის (1195 წ.) და ბასიანის (1203 წ.) ბრძოლები, სადაც ქართველებმა დაამარცხეს ჩრდილო-დასავლეთ ირანისა და მცირე აზიის გამგებელთა ძალები. თამარ მეფის ხანაში საქართველოს სახელმწიფო ამიერკავკასიის დიდ ნაწილს მოიცავდა, მისი პოლიტიკური გავლენა კი ვრცელდებოდა მეზობელ ტერიტორიებზე ჩრდილო კავკასიის მთიანეთიდან შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებამდე, სადაც 1204 წელს თამარის ძალისხმევით ჩამოყალიბდა ბერძნულ-ქართული ტრაპიზონის იმპერია.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც განაპირობებდა ქართული იარაღის წარმატებებს, იყო მრავალრიცხოვან ომებში დახვეწილი სამხედრო საქმე. საქართველოს შეიარაღებული ძალების ბირთვს შეადგენდნენ მეფის მუდმივი ლაშქარი და ფეოდალურ სისტემაზე აგებული რაინდი-აზნაურების რაზმები, დამხმარე ძალას - მოკავშირეთა და მოქირავნეთა კონტინგენტები, ძირითადად ჩრდილო კავკასიიდან. XII-XIII ს-ის პირველ მეოთხედში ქართველებს შეეძლოთ ერთდროულად ველზე გამოეყვანათ 60-90 ათასი მეომარი. ეს იყო უმთავრესად ცხენოსანი ჯარი, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული.

საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება დამყარებული იყო თავისი დროისათვის განვითარებულ მრავალდარგოვან ეკონომიკაზე. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მიუთითებს სარწყავი არხების რთული სისტემის შექმნა. მაგალითად, თამარ მეფის დროს გაყვანილი მარტო ერთი ასეთი არხი სიგრძით 119 კმ იყო და 53 ათას ჰა ფართობს რწყავდა. არხების მშენებლობას თან სდევდა მემინდვრეობისა და მებაღეობა-მევენახეობის შემდგომი განვითარება. საქართველოში მოჰყავდათ აგრეთვე ბრინჯი, სელი, ბამბა, გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა. სოფლის მეურნეობის მეორე მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენდა მეცხოველეობა.

ვაჭრობა-ხელოსნობის ძირითად ცენტრებს ქალაქები წარმოადგენდნენ. თბილისში XIII ს-ის დამდეგს 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო აგრეთვე ქუთაისი, რუსთავი, გორი, დმანისი და სხვ. საქართველო ვაჭრობდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ბიზანტიასთან, რუსეთთან.

XI-XIII ს-ის დასაწყისში ფეოდალურმა ქართულმა კულტურამ თავისი აყვავების უმაღლეს წერტილს მიაღწია. განვითარდა ფილოსოფიური აზროვნება, ისტორიოგრაფია, ფილოლოგია, საეკლესიო და საერო ლიტერატურა, ხელოვნება. XII ს-ის დასასრულს განეკუთვნება დიდი ქართველი მგოსნის, შოთა რუსთაველის შემოქმედება, რომლის პოემა "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია.

XII ს-შია შექმნილი აგრეთვე ქართული საისტორიო თხზულებათა ოფიციალური კრებული "ქართლის ცხოვრება". მასში ისე იქნა გაერთიანებული VIII-XII სს-ის ავტორთა ქრონიკები, რომ გამოსულიყო საქართველოს ისტორიის უწყვეტი აღწერა უძველესი ხანიდან კრებულის შედგენის დრომდე. შემდეგ, XVIII ს-მდე პერიოდულად ხდებოდა "ქართლის ცხოვრების" შევსება ახალ-ახალი თხზულებებით. ასე ჩამოყალიბდა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წერილობითი წყარო, რომელიც მეტად მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს აგრეთვე კავკასიის სხვა ქვეყნების შესახებ.

გვერდი 1

გვერდი 2

გვერდი 3

გვერდი 4