EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ქართული დიპლომატიის ისტორია (გვერდი 3) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-02 20:03:51

ქართული დიპლომატიის ისტორია (გვერდი 3)
დიპლომატია

აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიამ რუსეთის მიერ და მმართველობის ახალი ფორმების შემოღებამ ქართული მოსახლეობის ფართო ფენების უკმაყოფილება გამოიწვია. თავად-აზნაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილო იყო სამეფოს გაუქმებითა და ძველი ფეოდალური უფლებების შეზღუდვით, ქართველ გლეხობას კი რუსების მიერ დაწესებულ მძიმე გადასახადებთან ერთად, ეროვნული ჩაგვრის უღელიც დააწვა. კოლონიური რეჟიმი სამხედრო-პოლიციურ ხასიათს ატარებდა. ქვეყანაში დამყარდა სრული უკანონობა. რუსი სამხედროები და მოხელეები ყველანაირად ძარცვავდნენ და ავიწროვებდნენ ხალხს, ხოლო მათ კი, ვინც თუნდაც მცირეოდენ პროტესტს გამოხატავდა - სასტიკად სჯიდნენ. ამან აღმოსავლეთ საქართველოში რამოდენიმე ანტირუსული გამოსვლა გამოიწვია, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1804 და 1812 - 1813 წლების შეიარაღებული აჯანყებები. ამ გამოსვლების სათავეში იდგნენ ქართული სამეფო ოჯახის ცალკეული წარმომადგენლები, რომლებსაც მონარქიის აღდგენის იმედი ჰქონდათ. რუსეთის ჯარებმა ძალთა დიდი დაძაბვის ფასად მოახერხეს ამ აჯანყებების ჩახშობა, მაგრამ მიღებულმა გამოცდილებამ აიძულა რუსეთის მთავრობა რამდენადმე შეერბილებინა თავისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ და აღეკვეთა მოხელეთა შეუზღუდავი თვითნებობა. ამასთან, ქართლ-კახეთის სამეფო სახლის წევრები რუსეთში იყვნენ გასახლებულნი.

აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ მეფის რუსეთი შეუდგა ამიერკავკასიაში თავისი სამფლობელოების გაფართოვებას. ირანთან ორი ომის შედეგად რუსეთის ხელში გადავიდა ჩრდილო აზერბაიჯანი და აღმოსავლეთ სომხეთი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მისი შეერთება რუსეთმა განახორციელა ორ ეტაპად: ჯერ მან თავისი პროტექტორატის ქვეშ მოაქცია ადგილობრივი პოლიტიკური წარმონაქმნები (1803 წ. -სამეგრელოს სამთავრო, 1804 წ. - იმერეთის სამეფო, 1810 წ. - გურიისა და აფხაზეთის სამთავროები, 1833 წ. - სვანეთის სამთავრო), ხოლო შემდეგ თანდათანობით გააუქმა ისინი მათი ტერიტორიების სრული ანექსიით (იმერეთი - 1810 წ., გურია - 1828 წ., სამეგრელო - 1857 წ., სვანეთი - 1858 წ., აფხაზეთი - 1864 წ.).

იმერეთის სამეფოს გაუქმება რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო აგრესიის შედეგად. იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II (1789 - 1810) იძულებული გახდა ოსმალეთში გაქცეულიყო, სადაც გარდაიცვალა 1815 წ.

ცარიზმის დიდმპყრობელურმა პოლიტიკამ, კერძოდ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ, იმერეთსა და გურიაში 1819 - 1820 წლებში დიდი აჯანყება გამოიწვია, მაგრამ აჯანყებულები დამარცხდნენ რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში. მათი სოფლები განადგურებული და გადამწვარი იქნა. მიუხედავად ამისა გურიაში 1841 წ. ახალი ანტირუსული აჯანყება მოხდა, რომელიც ასევე სასტიკად იყო ჩახშობილი.

პერმანენტულ შეიარაღებულ გამოსვლებს ჰქონდა ადგილი აფხაზეთშიც (1821, 1824, 1840 -1842, 1866, 1877 წწ.). გარდა ამისა, ჩრდილო-დასავლეთის აფხაზური ტომები საერთოდ არ დამორჩილებიან რუსებს, მუდმივად ებრძოდნენ მათ და ამ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ (1864 წ.) ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდნენ. აფხაზთა მასობრივ გადასახლებებს თურქეთში ადგილი ჰქონდა აგრეთვე 1866 და 1877 წლების აჯანყებათა ჩახშობის შემდეგ.

რუსეთ-თურქეთის ომების შედეგად რუსეთის იმპერიაში შევიდა (და, ამრიგად, საქართველოს დაუბრუნდა) თურქების მიერ წინა საუკუნეებში დაპყრობილი სამცხე-ჯავახეთი, მთავარი ქალაქი ახალციხით (1829 წ.) და აჭარა და ზოგიერთი სხვა ოლქი ქ. ბათუმით (1878 წ.). საქართველოსათვის ამ თავისთავად დადებით ფაქტებს თან სდევდა უარყოფითი მოვლენებიც. კერძოდ, ახლადშემოერთებულ მიწებზე მცხოვრები ათობით ათასი მუსლიმანი ქართველი აიყარა მშობლიური ადგილებიდან და გადასახლდა ოსმალეთის იმპერიის შიდა რაიონებში. მათი წასვლის ძირითადი მიზეზი იყო რუსეთის ადმინისტრაციის ქვეშ ცხოვრების უნდომობა.

ამრიგად, 1801 - 1878 წლებში საქართველო თითქმის მთლიანად გაერთიანდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამის შემდეგ, ისტორიული ქართული მიწების მხოლოდ უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიღა რჩებოდა რუსეთის ფარგლებს გარეთ.

XIX ს-ის 30 - 50 -იანი წლებიდან საქართველოში ძირითადად სტაბილური სიტუაცია მყარდება. ვითარდება სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა. მნიშვნელოვნად იზრდება მოსახლეობის რიცხვი, როგორც ბუნებრივი მატების ხარჯზე, ასევე მეფის მთავრობის კოლონიზაციური პოლიტიკის გამო, რომელიც თავისი სოციალური დასაყრდენის განმტკიცების მიზნით ფართოდ აწარმოებდა საქართველოში რუსი და უცხოელი კოლონისტების გადმოსახლებას.

გარკვეუწილად შეიცვალა მმართველობის ფორმაც ამიერკავკასიაში. 1840 წლიდან აქ შემოღებული იყო ისეთივე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, როგორიც არსებობდა რუსეთის შიდა პროვინციებში. დაუშვეს შეზღუდული კულტურული ავტონომია (გაჩნდა ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღორძინდა ქართული თეატრი და სხვ.). ასეთი პოლიტიკით ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ 40-იანი წლებიდან ქართული თავად-აზნაურობა მთლიანობაში გაუერთგულდა რუსეთის მეფეს. ქართველი არისტოკრატები კარიერას იკეთებდნენ უპირველეს ყოვლისა სამხედრო სამსახურში. ისინი მსახურობდნენ როგორც რუსეთის რეგულარულ არმიაში, ასევე, ბუნებრივია, ქართულ მილიციაში, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის კავკასიურ ომებში მთელი XIX ს-ის განმავლობაში.

XIX ს-ის 60 - 70 - იანი წლები გარდატეხის ხანაა საქართველოს ისტორიაში. რეფორმების შედეგად აქ იწყება კაპიტალიზმის სწრაფი განვითარება. შენდება ფაბრიკები და ქარხნები, ფართოდ იშლება სასარგებლო წიაღისეულის (ქვანახშირი და მარგანეცი) მოპოვება, ვითარდებიან ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და სხვ. იწყება რკინიგზების მშენებლობა. მიუხედავად ამისა, საქართველო ძირითადად ისევ აგრარულ ქვეყანად რჩებოდა, თუმცა კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარება სოფლადაც ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა.

60 - 70-იან წლებში ლიტერატურულ-საზოგადოებრივ სარბიელზე გამოდის ახალი პროგრესულ-დემოკრატიული მიმდინარეობის თაობა, რომელსაც განათლება ჰქონდა მიღებული რუსეთის უნივერსიტეტებში და კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოში არსებული კოლონიური რეჟიმისა. ამ თაობის ლიდერი იყო მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ილია ჭავჭავაძე (1837 - 1907). მისი თაოსნობით გაშლილი მოძრაობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი, მშვიდობიანი ფორმა იყო, რომელმაც შეცვალა XIX ს-ის პირველი ნახევრის ლოკალური შეიარაღებული აჯანყებები.

1881 წ. რევოლუციონერების მიერ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II -ის მოკვლის შემდეგ ქვეყანაში გამეფდა პოლიტიკური რეაქცია. ხელისუფლება დაადგა იმპერიაში მცხოვრებ ხალხთა, და მათ შორის ქართველი ხალხის რუსიფიკაციის გზას. უკიდურესად შეიზღუდა ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. სკოლებში აიკრძალა არა მარტო ქართულ ენაზე სწავლება, არამედ ქართულად ლაპარაკიც კი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღეს სიტყვა "საქართველო". მის ნაცვლად იხმარებოდა "თბილისის გუბერნია" და "ქუთაისის გუბერნია". ამ პოლიტიკას ამართლებდნენ მცდარი თეორიით თითქოს მცირე ერების დრო უკვე წავიდა და ისინი ისტორიულად განწირულნი იყვნენ დიდ ხალხებთან ასიმილაციისათვის.

ასეთ პირობებში ი.ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გაბედულად გაილაშქრეს ქართველი ერის კონსოლიდაციისა და მისი ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებისათვის. ხელისუფლებამ ვერ შეძლო განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობა. პირიქით, ეს მოძრაობა უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა, თუმცა მას პოლიტიკური აჯანყების ფორმა არ მიუღია.

90 -იან წლებში საქართველოში იწყება მარქსიზმის პროპაგანდა, რუსეთის 1905 - 1907 წლების რევოლუციის დროს საქართველო რევოლუციური ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. აქ ადგილი აქვს როგორც გლეხთა გამოსვლებს, ასევე ქალაქის მუშათა მოძრაობას. თბილისში მოხდა ბარიკადული ბრძოლები, შეიარაღებულ გამოსვლებს ადგილი ჰქონდა დასავლეთ საქართველოს სოფლებშიც. მთავრობის მიერ გამოგზავნილმა დამსჯელმა რაზმებმა რევოლუციის ჩახშობის პროცესში არაერთი სოფელი გადაწვეს.

ეროვნული მოტივი უფრო ძლიერად გამოიკვეთა საქართველოში ახალი რევოლუციური აღმავლობის პერიოდში, რომელიც ისევე როგორც რუსეთში 1912 წლიდან დაიწყო. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ეს პროცესი დროებით შეანელა. ცენტრალური ბლოკის მხარეზე ომში თურქეთის ჩაბმით საქართველო ფრონტისპირა ქვეყნად იქცა. ომის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა რუსეთში კვლავ გამოიწვია რევოლუციური განწყობილებების ზრდა, რაც დაგვირგვინდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციით, რომელმაც წერტილი დაუსვა ქვეყანაში მონარქიის არსებობას.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში დემოკრატიული გარდაქმნები დაიწყო. საქართველოში ამისი ერთ-ერთი შედეგი იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წ. მარტი). მაგრამ ახალი რუსეთის სათავეში მოსულმა დროებითმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა ის კარდინალური საკითხები, რაც განსაკუთრებით აღელვებდა მოსახლეობის ფართო ფენებს: ზავის საკითხი (ქვეყანა ისევ აგრძელებდა მსოფლიო ომში მონაწილეობას), მიწის საკითხი და სხვ. ყოველივე ეს კარგად გამოიყენეს ბოლშვიკებმა (კომუნისტებმა) ლენინის მეთაურობით და 1917 წლის ოქტომბერში დროებითი მთავრობა დაამხეს. ამიერკავკასიის პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა არ ცნეს ამ გადატრიალების კანონიერება. 1917 წლის 15 ნოემბერს მათ შექმნეს საკუთარი მთავრობა - ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც ძირითადად ადგილობრივი პარტიების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. ფაქტობრივად, დაიწყო ამიერკავკასიის რუსეთისაგან გამოყოფის პროცესი.

ეს პროცესი იურიდიულად დასრულდა 1918 წლის 9 (22) აპრილს, როდესაც იქნა გამოცხადებული დამოუკიდებელი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, ცენტრით თბილისში. ახლადშექმნილი რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენდა მრავალპარტიული შემადგენლობის სეიმი, რომლის თავჯდომარედ აირჩიეს ქართველი სოციალ-დემოკრატი ნ. ჩხეიძე. მისი მოადგილეები იყვნენ სომხური და აზერბაიჯანული პარტიების წარმომადგენლები.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც ამიერკავკასიური ხელისუფლების წინაშე იდგა, იყო თურქეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხი, ვინაიდან მსოფლიო ომი გრძელდებოდა, რუსეთის არმია, რომელიც თურქეთის ფრონტზე მოქმედებდა, დაიშალა, ჯარისკაცებმა პოზიციები მიატოვეს და სახლში დაბრუნდნენ, ხოლო შეტევაზე გადმოსულ თურქეთის არმიას ახლადჩამოყალიბებული ქართულ-სომხური რაზმები ვერ აკავებდნენ. აზერბაიჯანელებმა უარი განაცხადეს ერთმორწმუნე და ეთნიკურად მონათესავე თურქებთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაზე.

სწორედ თურქეთთან საზავო მოლაპარაკებების დროს გამოჩნდა ყველაზე ნათლად თუ რა არამყარი იყო ამიერკავკასიის გაერთიანება. სეიმის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ დეპუტაციებს შორის მუდმივი უთანხმოება სუფევდა. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები ფაქტობრივად თურქეთს ემხრობოდნენ, რომელმაც ამიერკავკასიას დიდი ტერიტორიული მოთხოვნები წაუყენა. ქართველებმა და სომხებმა კი ორიენტაცია გერმანიაზე აიღეს, რათა მას გავლენა მოეხდინა თავის მოკავშირეზე. მართლაც, გერმანიის ჩარევის წყალობით საქართველო გადაურჩა თურქულ ოკუპაციას. თურქებმა დაიკავეს მხოლოდ მისი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ქ. ბათუმით.

ამიერკავკასიის რესპუბლიკა უპერსპექტივო წარმონაქმნი იყო. მან ორი თვეც ვერ იარსება და შინაგანი წინააღმდეგობების შედეგად დაიშალა. 1918 წლის 26 მაისს სეიმმა თავის უკანასკნელ სხდომაზე ოფიციალურად აღიარა ფედერაციის გაუქმება. იმავე დღის საღამოს კი შედგა საქართველოს "ეროვნული საბჭოს" სხდომა, რომელზეც საქართველო გამოცხადდა სუვერენულ დემოკრატიულ რესპუბლიკად. შემდეგი ორი დღის განმავლობაში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლის წინ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა. ქართველი ხალხი ამ ფაქტს საყოველთაო ზეიმით შეეგება. ეს ისტორიული მოვლენა XIX - XX ს-ის დამდეგის საქართველოს ეროვნულ- და სოციალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამაგვირგვინებელი შედეგი იყო.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა კოალიციური იყო, თუმცა მის შემადგენლობაში ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატები. სოციალ-დემოკრატიული პარტია იმ პერიოდის საქართველოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო. ამ პარტიის ლიდერი ნოე ჟორდანია (1868 - 1953) საქართველოს მთავრობის თავჯდომარე გახდა.

ახალგაზრდა რესპუბლიკა მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგა. მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად დააზარალა მისი მეურნეობა, ხოლო რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ჩამოყალიბებული ეკონომიკური კავშირების გაწყვეტამ მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მოშლილი იყო მრეწველობა და ტრანსპორტი, განსაკუთრებით ჭირდა სურსათი. ხელისუფლებას კი დამოუკიდებლობის გამოცხადების დროისათვის არ გააჩნდა არავითარი თანხები მყარ ვალუტაში.

საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე 28 მაისს სცნო გერმანიამ. მაგრამ პირველ მსოფლიო ომში ცენტრალური ბლოკის დამარცხების შემდეგ საერთაშორისო აღიარების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. საქართველოს მთავრობამ ამ თხოვნით მიმართა პარიზის სამშვიდობო კონფერენციას. 1920 წელს თურქეთის, გერმანიისა და არგენტინის შემდეგ საქართველო დე-ფაქტო იცნეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ. ხოლო მას შემდეგ კი, რაც 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა საბჭოთა რუსეთმა, მოხდა რესპუბლიკის დე-იურე ცნობაც ანტანტის ქვეყნებისა და რიგი სხვა სახელმწიფოების მიერ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარეობდა. ქვეყანას პირველ ხანებში არ ცნობდა რუსული "თეთრი მოძრაობა", რომელიც გამოდიოდა "ერთიანი და განუყოფელი" რუსეთის ლოზუნგით. მოუწესრიგებელი იყო აგრეთვე სასაზღვრო საკითხები ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული კამათი ჰქონდა აზერბაიჯანთან ზაქათალის ოლქის გამო. სომხეთის რესპუბლიკა კი პრეტენზიას აცხადებდა საქართველოს სამხრეთ რაიონებზე, სადაც მოსახლეობის ნაწილი სომხური იყო. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის ჯარები მოულოდნელად შემოიჭრნენ საქართველოში, მაგრამ მოგერიებულნი იქნენ. ამიერკავკასიაში ინგლისური სარდლობის ჩარევით საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი იქნა.

სადავო ოლქის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა ე.წ. "ნეიტრალური ზონა" შერეული ქართულ-სომხური ადმინისტრაციით. საქართველოს სრული იურისდიქცია ამ კუთხეში მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში აღდგა. 1918 - 1920 წლებში ლოკალური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთელი ოსებით დასახლებულ ტერიტორიებზე და სხვა რეგიონებში, სადაც ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ გამოსვლებს. ამ გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნისტების აგიტაციით იყო გამოწვეული.

მიუხედავად ყოველივე ამისა, სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველაზე ძნელი პირველი პერიოდის სირთულეები მთლიანობაში დაძლეული იქნა. 1920 წლის ბოლოსათვის რესპუბლიკაში უკვე აშკარად შეიმჩნევა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები. საქართველოს დაუბრუნდა ბათუმის ოლქი, რომელიც თურქეთის მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ერთ ხანს ინგლისელებს ჰქონდათ დაკავებული. აღმავლობას იწყებს მეცნიერება და კულტურა. თბილისში გაიხსნა უმაღლესი სასწავლებლები - უნივერსიტეტი და კონსერვატორია. შეიძლება ითქვას რომ თუ არა ახალი ინტერვენცია და ანექსია საქართველო თავს დააღწევდა კრიზისს და გააგრძელებდა დამოუკიდებელი განვითარების გზას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კომუნისტებმა 1920 წლისათვის რუსეთში გაანადგურეს კონტრრევოლუციის მთავარი ძალები და შეუდგნენ იმპერიის ყოველი სამფლობელოების ხელახლა შემოკრებას. იმავე წელს მათ ძალით გაასაბჭოვეს აზერბაიჯანი და სომხეთი. ასე რომ 1921 წლის დამდეგისათვის საქართველო, თავისი სახმელეთო საზღვრების პერიმეტრის 78 პროცენტით უკვე საბჭოთა რესპუბლიკების ალყაში იყო. მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთიდან ჰყავდა მეზობლად ახალგაზრდა თურქეთის რესპუბლიკა.

როგორც ზემოდ აღინიშნა, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებობდა 1920 წლის 7 მაისის ხელშკრულება, რომლითაც რუსეთმა აღიარა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობამ იკისრა თავის ტერიტორიაზე კომუნისტებისათვის ლეგალური მუშაობის შესაძლებლობის მიცემა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ 7 მაისის ხელშეკრულება რუსეთს ჭირდებოდა მხოლოდ ქართველთა სიფხიზლის მოსადუნებლად და საქართველოში თავისი აგენტურისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად. მოსკოვი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისა და ამიერკავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გასაბჭოებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში საქართველოსათვის მეტად ნეგატიური როლი შეასრულეს მაღალ თანამდებობებზე მყოფმა ქართველმა კომუნისტებმა - ი. სტალინმა, ს. ორჯონიკიძემ და სხვა.

1921 წლის 12 თებერვალს სომხეთთან მოსაზღვრე რაიონში კომუნისტებმა მოაწყვეს გლეხთა აჯანყების იმიტაცია, 16 თებერვალს კი "აჯანყებულთა" დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფება - მეთერთმეტე არმია - უტევდა თბილისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან. გარდა ამისა, ცალკეულმა შენაერთებმა და ქვედანაყოფებმა იერიში მოიტანეს აფხაზეთსა და ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებზე. თბილისის მისადგომებთან ცხარე ბრძოლების შემდეგ 1921წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი დაეცა. ქართული ჯარები სხვა მიმართულებებზეც უკან იხევდნენ. სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ვერ მოახერხა ჭეშმარიტი საერთო-სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზება. მდგომარეობა გართულდა თურქეთის საზღვარზეც. 21 თებერვალს ანკარის მთავრობამ საქართველოს ულტიმატური ფორმით მოსთხოვა ქალაქების - ართვინისა და არტაანის დაცლა. ეს მოთხოვნა შესრულებული იქნა, მაგრამ თურქები არ შეჩერებულან და მალე ბათუმსა და ახალციხეს მოადგნენ. 18 მარტს საქართველოს მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა, ხოლო ქალაქში დარჩენილმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა თურქებს ბრძოლა გაუმართეს და ბათუმი შეინარჩუნეს. თურქების უკანდახევის შემდეგ ბათუმში რუსები შევიდნენ. 19 მარტისათვის საქართველოს ყველა ძირითად ცენტრებში უკვე საჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული. მანამდე კი 16 მარტს მოსკოვში რუსეთსა და თურქებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ართვინი, არტაანი და ზოგი სხვა ტერიტორია თურქეთის რესპუბლიკას გადაეცა.

ამრიგად, საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დამყარდა.

ლენინური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კომუნისტები აქტიურად შეუდგნენ თავის მოწინააღმდეგე ძალთა დათრგუნვას და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას. გაუქმებულად გამოცხადდა დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო და არჩევითი ორგანოები, არაპროლეტარული პარტიები. მოისპო მიწაზე კერძო საკუთრება, სახელმწიფოს ხელში გადავიდა მთელი მრეწველობა, რკინიგზები, ფლოტი, ბანკები და სხვ. დამსჯელი ორგანოები მასობრივად ხვრეტდნენ ან გადასახლებაში აგზავნიდნენ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს და უბრალოდ ეჭვმიტანილ პირებსაც. განსაკუთრებით, ყოფილ ოფიცრებს, თავად-აზნაურობისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს. ათეიზმის დანერგვის მიზნით კომუნისტები ანგრევდნენ ეკლესიებს, ხოცავდნენ სასულიერო პირებს; მარტო 1922 - 1923 წლებში საქართველოში 1500 ეკლესია იქნა დანგრეული.

ტერორის მიუხედავად 1921 - 1924 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა ანტიკომუნისტურ გამოსვლებს. მაგრამ ისინი დაქსაქსულ ხასიათს ატარებდნენ და ხელისუფლება ადვილად ახერხებდა მათ ლოკალიზებასა და ჩახშობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1924 წლის აჯანყება. აჯანყებულებს კავშირი ჰქონდათ ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან. დაგეგმილი იყო ერთდროული გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ კომუნისტებმა მოახერხეს შეთქმულთა რამდენიმე ლიდერის წინასწარ დაპატიმრება. ამიტომ, დაწყებულ აჯანყებას ორგანიზებული ხასიათი არ მიეცა და იგი სასტიკად იყო ჩახშობილი.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა თავდაპირველად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მაგრამ მის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი იდგა, ხოლო ქართველი კომუნისტები მხოლოდ მოსკოვის კარნახით მოქმედებდნენ. მოსკოვშივე იქნა შემუშავებული საბჭოთა საქართველოს შემდგომი სახელმწიფო მშენებლობის გეგმა, რასაც უნდა გაეადვილებინა მისი ჩართვა ერთიანი საბჭოეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში.

საქართველოს სსრ, ფაქტობრივად, ფედერაციულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მის შემადგენლობაში 1921 წლის ბოლოს სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე შევიდა აფხაზეთის სსრ (1931 წლიდან - ავტონომიური რესპუბლიკა). გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (1921 წ.) და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (1922 წ.). თვით საქართველოს სსრ, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, ლენინის წინადადებით 1922 წელს გაერთიანებული იყო ამიერკავკასიის ფედერაციაში, რომელიც იმავე წლის ბოლოს შექმნილ სსრ კავშირში შევიდა. 1936 წელს ამიერკავკასიის ფედერაცია გააუქმეს, ხოლო საქართველო უკვე უშუალოდ იქნა შეყვანილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

გერმანიასთან ომში, რომელიც 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები პრაქტიკულად არ ყოფილა (მხოლოდ 1942 წ. ზაფხულში შემოიჭრნენ გერმანელები აფხაზეთში და მცირე ხნით დაიკავეს იქ ერთი სოფელი), მაგრამ ქვეყანამ ოთხწლიან ომში საერთო საქმისათვის თავისი დემოგრაფიული და მატერიალური რესურსების მაქსიმუმი გაიღო.

საქართველოში, რომლის მოსახლეობა 1940 წ. შეადგენდა 3 612 ათას ადამიანს, მობილიზებული იქნა და მოქმედ არმიაში გაიგზავნა 700 ათასზე მეტი კაცი, რომელთაგან 300 ათასზე მეტი უკან არ დაბრუნებულა. საქართველოს წარგზავნილთა ნაწილი იბრძოდა ეროვნულ ქართულ დივიზიებში, უმრავლესობა კი მრავალეროვანი საბჭოთა არმიის დანარჩენ ნაწილებსა და შენაერთებში.

ქართველები იბრძოდნენ აგრეთვე პარტიზანულ რაზმებში, როგორც სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ასევე ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპის ქვეყნებში. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ქართველთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც გერმანიის მხარეზე აღმოჩნდა და მისი დროშის ქვეშ იბრძოდა. მათგან ბევრი მოქმედებდა იმ მოტივითა და შეგნებით, რომ გერმანიის გამარჯვება საქართველოს განთავისუფლებას მოუტანდა.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ რამოდენიმე წელიწადში ომამდელ დონეს გადააჭარბა. მაგრამ ამასთან ერთად, ხელისუფლება კვლავ მძიმე იდეოლოგიური პრესის ქვეშ ამყოფებდა საზოგადოებას. ისევ იწყება რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც მხოლოდ სტალინის სიკვდილმა შეაჩერა (1953 წ.).

ახალმა საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რომელსაც სათავეში ედგა ნ. ხრუშჩოვი, შეარბილა შიდაპოლიტიკური რეჟიმი. ამასთან, 30 - 40 - იან წლებში ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება მხოლოდ სტალინს გადააბრალა. არაფერი ითქვა თვით საბჭოური სისტემის მანკიერებაზე. კომპარტიის XX ყრილობაზე 1956 წლის თებერვალში სტალინის პიროვნების კულტის მხილება არსებითად სტალინის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ანტისტალინური კამპანია იღებდა ისეთ შეფერადებას, თითქოს მის რეპრესიულ აქციებს, გარკვეულწილად, დიქტატორის ქართული წარმომავლობა განაპირობებდა.

სტალინის კრიტიკა განსაკუთრებით მწვავედ განიცადა ქართულმა ახალგაზრდობამ, რომელსაც მანამდე ოფიციალური იდეოლოგია სტალინისადმი ფანატიკურ თაყვანისცემას აჩვევდა. ამასთან შეურაცხყოფილი იყო ქართველთა ეროვნული გრძნონებიც. 1956 წლის 3 მარტს თბილისის უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო ცალკეული მანიფესტაციები, 5 მარტისათვის კი სიტუაცია ქალაქში უმართავი გახდა. ეწყობოდა დემონსტრაციები და მიტინგები, სადაც შეკრებილნი მოითხოვდნენ სტალინის რეაბილიტაციას, აკრიტიკებდნენ XX ყრილობის გადაწყვეტილებებს. ამ გამოსვლებში არაფერი იყო ანტისაბჭოური, მაგრამ ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო ახალგაზრდების პროტესტი. 9 მარტს საბჭოთა ჯარებმა თბილისის ცენტრში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 100 - ზე მეტი და დაიჭრა 300 - მდე ადამიანი (ზუსტი ციფრები უცნობია).

60 - იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყო ეპოქა, რომელსაც შემდეგ "უძრაობის" პერიოდი ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მიმდინარეობდა გრანდიოზული "კომუნიზმის" მშენებლობები, სხვადასხვა რანგის პარტიული და სახელმწიფო ფუნქციონერები უპატაკებდნენ ზემდგომ ორგანოებს ახალ-ახალი მიღწევების შესახებ, სინამდვილეში მათი სიტყვები საქმის რეალურ მდგომარეობას სულ უფრო ცილდებოდა. ტოტალური ხასიათი მიიღო კორუფციამ. ოფიციალური პროპაგანდისა უკვე აღარავის ჯეროდა.

არსებული სისტემის წინააღმდეგ საზოგადოების მოწინავე ნაწილის პროტესტის ყველაზე რადიკალური გამოხატულება იყო დისიდენტური მოძრაობა, რომელიც საბჭოთა კავშირში 60-იანი წლებიდან იწყება. ქართველი დისიდენტებიდან აღებული კურსის ერთგულებითა და სულიერი სიმტკიცით განსაკუთრებით გამოირჩეოდა მერაბ კოსტავა (1938-1989). იგი არაერთხელ იყო დაპატიმრებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ, სასჯელს იხდიდა რუსეთის შორეულ ბანაკებში.

80-იანი წლების დამდეგისათვის უკვე ყველასათვის ნათელი გახდა, რომ საბჭოთა წყობილებას მომავლის პერსპექტივა არ ჰქონდა. 1985 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მ. გორბაჩოვმა სცადა კარდინალური რეფორმებით დაეძლია კრიზისი. დაიწყო "გარდაქმნა". გარდაქმნის არქიტექტორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ რკინითა და სისხლით ნაგებ საბჭოთა სისტემას დემოკრატიული თავისუფლებებისადმი "იმუნიტეტი" არ გააჩნდა და, როგორც შედეგი, დაიწყო ამ სისტემის სწრაფი რღვევა.

საქართველოში გარდაქმნა, პირველ რიგში, ეროვნული მისწრაფებების გაძლიერებით გამოვლინდა. 1987 წელს შეიქმნა პირველი ლეგალურად მომუშავე ნაციონალისტური პოლიტიკური ორგანიზაცია - ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. მოკლე ხანში სხვა მსგავსი ორგანიზაციებიც ჩამოყალიბდნენ. ეროვნულ მოძრაობას, რომელმაც 1988 წლისათვის ფართო მასშტაბები მიიღო, სათავეში ჩაუდგნენ ციხეებიდან განთავისუფლებული ქართველი დისიდენტები. მალე დაუფარავად იქნა წამოყენებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგი. საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რომელიც გარდაქმნის მიუხედავად პერიოდულად ისევ ცდილობდა ძალისმიერი მეთოდებით მართვას, თბილისის ცენტრში შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჯავშანტექნიკა და ჯარები გამოიყვანა. 1989 წლის 9 აპრილს, ღამით, მიტინგი დაარბიეს. მოკლული იქნა 20 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ქალები. აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის ანგარიშსწორება მოხდა იმ ადგილას, სადაც 1956 წლის 9 მარტის სისხლისღვრა.

გვერდი 1

გვერდი 2

გვერდი 3

გვერდი 4