EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - ძველი ერას მიწურულს (გვერდი 6) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-08 17:58:21

ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - ძველი ერას მიწურულს (გვერდი 6)
ლევან სანიკიძე 
უქარქაშო ხმლები
 
ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები“ - ყველა დროის ქართული ბესტსელერი. ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი ოთხ წიგნად. წიგნი პირველი.
 

ძველი ერას მიწურულს

44

ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - ძველი ერას მიწურულს (გვერდი 6)

ძველი ერას მიწურულს
პონტოურ-რომაულ ჭიდილთა პარალელურად იბერიის ტახტზე სამი
ფარნავაზიანი გამოიცვალა: ფარნაჯომი, არშაკ პირველი და არტაგი.
კეისრის აზიური ლაშქრობის წინარე წლებში იბერიაში გამეფდა მეშვიდე
ფარნავაზიანი, ფარნავაზ მეორე, ანუ ბარტომი, რომელმაც „უმატა ზღუდეთა
მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა“.
სწორედ ფარნავაზ მეორის მეფობის ჟამს გაძარცვა ფარნაკემ მდიდარი მესხური
ქალაქი ლევკოთეა. მის დროსვე გაანადგურა კეისარმა ფარნაკე.
სანამ კეისარი რომში ჩავიდოდა. მისგან წათამამებული პერგამოსის მმართველი
მითრიდატე მესხეთში შეიჭრა და მანამდე ფარნაკესგან აკლებული ლევკოთეა ხელახლა
გაძარცვა. მტერმა კვლავ მრავალი განძეულობა გაიტანა ქართული მიწიდან. იბერიელმა
ხელმწიფემ ისევ ვერ შეძლო მესხური მიწა-წყლის დაცვა. მითრიდატე პერგამოსელი
დაუსჯელი დარჩა.
მაგრამ რაკი ფარნავაზ მეორე რომაელთა მტერსაც (ფარნაკე) და რომაელთა
მოკეთესაც (მითრიდატე პერგამოსელი) ერთნაირი მტრობით ეკიდებოდა, საცნაური
გახდა, რომ ქართლის მეფეს სავსებით დამოუკიდებლად ეჭირა თავი.
ეს ასე იყო, მაგრამ მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე დიდმა პოლიტიკოსმა,
იულიუს კეისარმა მაინც „არ მოისურვა“ მსოფლიოს მძლეველი მახვილის დაძვრა
იბერიის დასამორჩილებლად.
44 წლის ადრიან გაზაფხულზე კეისარი აღმოსავლეთის სრულ დალაშქვრას
აპირებდა.

უეჭველად იბერიაც მიზანში ჰყავდა ამოღებული. 96 000 ლეგიონერი და 10
000 ცხენოსანი ელოდა დიდი მხედართმთავრის ბრძანებას. მაგრამ მას სიკვდილმა
უსწრო. 44 წლის 15 მარტს დიდების ზენიტში მდგარი იულიუს კეისარი შეთქმულებმა
დაჩეხეს რომის სენატში.
კეისრის შემდგომ რომის უმაღლესი იმპერიული ძალაუფლება ხელში ჩაიგდო
ორმა კაცმა _ მარკუს ანტონიუსმა და გაიუს ოქტავიანემ. მათ მთელი რომის იმპერია
საბრძანებლად შუაზე გაიყვეს: ანტონიუსს _ აღმოსავლეთი, ოქტავიანეს _ დასავლეთი.
ანტონიუსი, აღმოსავლეთში გამოჩენისთანავე, კლეოპატრა ეგვიპტელის
ტრფიალების ტყვე შეიქნა. დიდი კეისრის სატრფომ თავის ფეხებთან ადვილად დააჩოქა
ნიჭიერი და მამაცი, მაგრამ გრძნობის ამყოლი რომაელი პოლიტიკოსი. დედოფალთან
უთავჟამო ორგიებსა და ბაკხანალიებს ეწირებოდა ანტონიუსის

პოლიტიკური
ნამოღვაწარი.
ქრისტეს წინარე 36 წელს, როგორც იქნა, ანტონიუსმა თავი გამოიშვა კლეოპატრას
კალთისაგან და არმიები დაძრა პართიის დასალაშქრავად.
მას ძალიან აწუხებდა იბერიისა და ალბანიის დამოუკიდებელი და, ამასთან,
რომისადმი მტრული პოზიცია.

ამიტომ ანტონიუსმა იბერია-ალბანიაში არმია წინასწარ
გამოგზავნა გამოცდილი სარდლის კანიდიუსის მეთაურობით. ამ არმიას უნდა
აეძულებინა ორივე კავკასიური ქვეყანა, დაბრუნებოდნენ რომის „მოკავშირეობა-
მეგობრობას“.
მცირე შეტაკების შემდეგ ფარნავაზ მეორე დათანხმდა, კვლავ მიეღო ნაძალადევი
ტიტული „რომაელი ხალხის მოკავშირისა და მეგობრისა“.
45
ეს იყო რომაელთა მეორე და უკანასკნელი ლაშქრობა საქართველოში.
იბერიის შემდგომ რომაელები ალბანეთში გადავიდნენ, დაამარცხეს ალბანთა
მეფე და ისიც აიძულეს „მეგობრობაზე“.
ანტონიუსს განსაკუთრებით იმით მოჰქონდა თავი, რომ მან ბოლოს და ბოლოს
მიაღწია იბერიასთან „მეგობრული“ ურთიერთობის აღდგენას.
მალე ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის ბრძოლა ატყდა რომის
ერთპიროვნულად დაუფლებისათვის. ანტონიუსი დამარცხდა და თავი მოიკლა. რომის
მსოფლიო იმპერიის მბრძანებელი შეიქნა ოქტავიანე, ახალი ტიტულატურით _ გაიუს
იულიუს კეისარი ავგუსტუსი.
ქრისტეს წინარე, I საუკუნე იწურება. ეს დრო მოიცავს კიდევ ორი

ფარნავაზიანის,
მირიან II-ისა და არშაკ II-ის მეფობას.
ავგუსტუსი სიამოვნებით აღნიშნავდა, რომ მას იბერიელ ხელმწიფეებთან კვლავ
„კავშირი და მეგობრობა“ ჰქონდა.
კარი მეორე
კარიბჭენი
აწ სასწაულნი მათნი ჟამთა სიმრავლისაგან
მიეცნეს სიღრმესა დავიწყებისასა.
გიორგი მერჩულე
აზმა პირველი
ახალი ერას დასაწყისი
მობრძანება უფლის კვართისა
კვე დამდგარიყო პირველი საუკუნე _ ჟამი, ოდეს „ქრისტე იშვა ბეთლემსა“.
46
სწორედ მაშინ ქართლში, მცხეთაში მეფედ იჯდა ფარნავაზიანთა დინასტიის
მეათე წარმომადგენელი მირდატ პირველი, ანუ ადერკი, რომელმაც გააერთიანა
„ყოველი ქართლი და ეგრისი“ და კიდევ _ „უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და
ციხეთა და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა იმიერ და
ამიერ“.
სამასი წელიწადი გასულიყო მას შემდეგ, რაც ქართველნი, სარწმუნოებით
წარმართნი, თაყვანს სცემდნენ კერპებს _ არმაზს, გაცსა და გაიმს, რომელთა ქანდაკებანი
აღმართულიყვნენ მცხეთის მთავარი ციხესიმაგრის, არმაზციხის თავზე.
და აი, ქართველთა მთავარი სალოცავის, არმაზის აღმართვიდან გასულიყო სამი
საუკუნე, როცა პალესტინიდან მცხეთაში მოვიდა ამბავი იესო ქრისტეს ღვთაებრივი
მოვლინებისა, ახალი საღვთისმეტყველო-სარწმუნოებრივი ქადაგებისა, იუდაისტ-
ფარისეველთაგან და რომაელთაგან შეპყრობისა და სამართალში მიცემისა.
ბრალმდებელ ებრაელთა წრემ მოციქულები გამოუგზავნა მცხეთის ებრაელობას
თხოვნით, _ ქართლიდანაც გაეგზავნათ „მეცნიერნი სჯულისანი“, რომლებიც
მონაწილეობას მიიღებდნენ ქრისტეს მხილებაში და მისთვის სასიკვდილო განჩინების
გამოტანაში (ებრაელები მაშინ უკვე ექვსასი წელიწადი ცხოვრობდნენ მცხეთასა და მის
ახლო-მახლო სოფლებში, _ ეს მას შემდეგ, რაც ბაბილონის მრისხანე მბრძანებელმა,
ნაბუქოდონოსორმა აიღო და ააწიოკა იერუსალიმი და ლტოლვილ ებრაელთა ერთმა
ნაკადმა საქართველოს მოაშურა თავშესაფარად).
და მცხეთელებმა პალესტინაში გასაგზავნად შეარჩიეს ელიოზ მცხეთელი და
ლონგინოზ კარსნელი.
გამგზავრების წინ ელიოზი დედამ დაარიგა საგანგებოდ: წასვლით წადი, მაგრამ
არამც და არამც ქრისტეს გასამტყუნებლად არც სიტყვა დასძრა და არც მის სასიკვდილო
განჩინებაში წილი არ დაიდოო, რადგან იგი არ გეგონოს უბრალო კაცი, ძე ხორციელი,
არამედ _ „იგი არს სიტყვა წინასწარმეტყველთა, პირველითგანვე მხსნელად, ღვთის ძედ
ნაწინასწარმეტყველევი!“
როცა ელიოზმა და ლონგინოზმა იერუსალიმში ჩააღწიეს, უკვე გვიან იყო.
ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოეტანათ და საქართველოდან
წარგზავნილებმა მხოლოდ გოლგოთას ქრისტეს ჯვარცმას მიუსწრეს. მიუსწრეს და
დიდი პატივიც ერგოთ: როცა წამებული უფლის სამოსელზე იქ დამსწრეებმა წილი
განიგდეს, კვართი (პერანგი) წილად ხვდათ სწორედ ელიოზსა და ლონგინოზს.
გოლგოთის ტრაგედიას, თითქოს სასწაულებრივი გამოძახილი მოჰყვა მცხეთაში:
ელიოზის დედას მოესმა ჯვარზე უფლის გალურსმვის ხმა და შესძახა მწარე
„კრჩხიალებით“ ატირებულმა: „მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ
თავისა თქუენისა მაცხოვარი და იქმნენით მკვლელნი შემოქმედისა. ვაი თავსა ჩემსა,
რომე არა წინავე მოვკვდი, რათა არა ჰსმენოდა ყურთა ჩემთა აღსასრული
ღვთაებრივისა!“ შესძახა და სულიც განუტევა უფალზე მგლოვიარე მცხეთელმა ქალმა.
ხოლო, ელიოზი და ლონგინოზი მცხეთას დაბრუნდნენ უფლის კვართით.
ელიოზს პირველი შეხვდა და მივარდა მისი დაი, სახელად სიდონია, _ მივარდა,
კვართი ჩამოართვა, მკერდში ჩაიკრა, მწარედ იტირა და ისიც ტირილითვე მიიცვალა.
ელიოზის სახლს (რომელიც მდებარეობდა „მიწურვით ხიდისა კარსა
მოგვეთისასა“) აუარება ხალხი მიაწყდა. ყველას უსაზღვროდ ეწადნიერებოდა ხილვა
სასწაულებრივი „კვართისა უკერველისა“ და სასწაულებრივად აღსრულებული
ახალგაზრდა ქალისა.
მეფე ადერკიც მოვიდა, ისიც ძალიან მოიხიბლა ღვთაებრივი სამოსლის ხილვით
და კიდევაც მოინდომა მისით საკუთარი ტანის შემკობა-დამშვენება. მოინდომა და
47
მიწვდა კიდევაც ხელით, ვერც მეფემ და ვერც მისმა მხლებლებმა ვერ იქნა და ვერ
აართვეს კვართი იგი მიცვალებულს მკერდზე დაკრეფილი ხელებიდან.
და ელიოზმა თავისი დაი, ქრისტეს კვართთან ერთად, დამარხა იქვე, მცხეთას,
„სანატრელითა დამარხვითა“.
ხოლო იქ, იერუსალიმში, ახალი სასწაულები დატრიალებულიყო: ჯვარცმული,
გარდამოხსნილი და დაკრძალული ქრისტე მისი ვნებითგან მესამე დღეს აღსდგა,
მეორმოცე დღეს კი ზეცად ამაღლდა. მალე ამის შემდეგ ქრისტეს მშობელმა მარიამმა და
მოციქულებმა ქვეყნად ქრისტიანობის გასავრცელებლად „წილ-იგდეს“, და
საქართველოს გაქრისტიანება წილად ხვდა თვითონ ღვთისმშობელს (აქედან:
„ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველო“!).
მარიამმა თავის მაგივრად საქართველოში წარმოგზავნა ქრისტეს ორი მოციქული
_ ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. წინასწარ მარიამმა მოატანინა
ფიცარი, დაიბანა (მოინათლა) პირი, ფიცარი სახეზე დაიდო და ზედ ზუსტად
ამოკვართა სახე თვისი. სწორედ ეს ხატი თავის სანაცვლოდ გამოატანა ღვთისმშობელმა
ქრისტეს მოწაფეებს საქართველოში. ამ „ხელთუქმნელი ხატით“ ხელში მოაქციეთ ჩემი
წილხვდომილი ქართველები და თავმდებიც ვიქნებიო, „არავინ მტერთაგან მძლე ექმნას
მათ“, _ ასეთი იყო ქრისტეს დედა-მშობლის დანაბარები და ასედაც მოუთხრობდნენ
ყველას საქართველოში მოსული ანდრია და სვიმონი.
ქართლის შუაგულში კი კერპები ძლიერნი იყვნენ და კერპთა უმტკიცესი
თაყვანისმცემელი ადერკ მეფეც იქვე იჯდა, მცხეთაში. ამიტომ მოციქულებმა თავისი
საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაიწყეს დასავლეთ საქართველოდან.

ანდრია
პირველწოდებული სამეგრელოს აქრისტიანებდა, სვიმონ კანანელი _ აფხაზეთს. აქვე,
აფხაზეთში გარდაიცვალა სვიმონი და დაასაფლავეს აქვე, ნიკოფსიაში.
ანდრიამ კი, სამეგრელოს შემდეგ, ჯიქეთის გაქრისტიანება დააპირა, მაგრამ იქ
სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდა, უეჭველი სიკვდილიც დაემუქრა და იძულებული
გახდა უკან გამობრუნებულიყო. იგი სამეგრელოდან გადავიდა მესხეთში და, მესხთა
თხოვნით იქ, აწყურის (აწყვერი) ეკვდერში დაასვენა ხელთუქმნელი ხატი
ღვთისმშობლისა.
კლარჯეთის ერისთავმა ტკბილად გაისტუმრა ღვაწლმოსილი მოწაფე ქრისტესი
ტაოსა და აჭარისაკენ.
ხოლო, მეფე ადერკი დიდად განარისხა დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში
წარმართული კერპების მსხვრევამ და ახალი სჯულის გავრცელებამ. მაშინვე
სამეგრელოში ერისთავებიც გაგზავნა ლაშქრით, ჯვრები და ხატები მოასპობინა, ხალხს
ქრისტიანობაზე ხელი ააღებინა და ისევ წარმართობისკენ შემოაბრუნა. მერე ადერკ მეფე
შემოსწყრა კლარჯეთის ერისთავსაც, რადგან მან „მშვიდობით განუტევა ანდრია
მოციქული“.
ასე იწყებდა შემოსვლას ქრისტიანობა საქართველოში. იწყებდა, იზრდებოდა და
ვითარდებოდა შრომით, ბრძოლით, ჭირთა თმენით და უმტკიცესი

შეუპოვრობით.
ასეთი მძიმე გზებით ვიდოდა და ვრცელდებოდა იგი სამასი წლის სიგრძეზე მთელს
რომის იმპერიაში, რომლის საქვეშევრდომო ორბიტაში, მრავალ ევროპელ და აზიელ
ხალხებთან ერთად, შედიოდა ქრისტეს სამშობლო პალესტინაც და ღვთისმშობლის
წილხვდომილი საქართველოც.
ფარსმან პირველი
48
ახალი ერის 30-იანი წლებიდან დიდი ყურადღება მიიპყრო სომხეთის ტახტის
დაუფლების საკითხმა. ერთმანეთს ებრძოდა სამი დიდი სახელმწიფო: რომი, პართია,
იბერია.
რომში იმპერატორად იჯდა ტიბერიუსი.
პართიაში მეფობდა არტაბან III.
იბერიაში ხელმწიფობდა ფარსმან პირველი.
ფარსმანს ჰყავდა უმცროსი ძმა, სახელად მირდატი, რომელიც მეფე-ძმისაგან
ბოძებულ შიდა ქართლის ერისთავობასა და სპასპეტობას არ სჯერდებოდა და
სრულიად ქართლის მეფობისაკენ ეჭირა თვალი.

ბოლოს, ძმებს შორის აშკარა
განხეთქილება ჩამოვარდა. ფარსმანმა ურჩი ძმა სპასპეტობიდან გადააყენა და მის
ადგილზე თავისი ძუძუმტე ფარნავაზი დანიშნა.
მირდატმა მოისურვა, ქართლის ტახტი უცხო ძალის დახმარებით ჩაეგდო ხელში
და ჯარები სთხოვა პართიის მეფე არტაბანს, რომელსაც იგი სიძედაც ეკუთვნოდა.
არტაბანს იბერიის გაძლიერება ფრიად აშინებდა და სიამოვნებით მისცა ლაშქარი
თავის სიძეს, რომლის გამეფებაც ქართლში პართიის გაბატონებას

მოასწავებდა.
ფარსმანმა ლაშქარი გაამზადა, სომეხთა დამხმარე ძალაც მოირთო და ქართულ
სამანებთან მოახლოებულ მტერს გაეგება.
პართიელები სასტიკად დამარცხდნენ და უკუიქცნენ.
მომდევნო წელს მირდატი ორჯერ უმეტეს არმიით მოადგა საქართველოს.
ფარსმანი და ფარნავაზი ბრძოლად გავიდნენ და კვლავ შემუსრეს ურიცხვი მტერი.
პართიის მეფეს, არტაბანს, ისღა დარჩენოდა, იბერიის ხელყოფაზე უარი ეთქვა.
ძმისა და ქვეყნის მოღალატე მირდატიც შეეცადა მეფე-ძმის სულგრძელი ხასიათით
ესარგებლა და როგორმე ხელსაყრელ დრომდე მასთან შერიგებისთვის მიეღწია.
ეს ამბები მაშინ დატრიალდა, როცა სომხეთს განაგებდა რომის იმპერატორისგან
დანიშნული კაცი არტაშესი. 34 წელს არტაშესი გარდაიცვალა და არტაბან პართიელმა
დაუყოვნებლივ, სანამ რომის ხელისუფლება მისი ქვეშევრდომის სიკვდილს
შეიტყობდა, სომხეთის ტახტზე თავისი უფროსი ვაჟი არშაკი დასვა.
რომის ხელისუფლება არამც თუ სომხეთის დაკარგვას არ შეურიგდებოდა,
არამედ იგი თვით პართიის შინაურ საქმეებში ჩარევასა და იქ თავისი კაცის დასმასაც
აპირებდა. იმპერატორი ტიბერიუსი იმითაც სარგებლობდა, რომ თვით პართიული
არისტოკრატიის ერთი ნაწილი არტაბანის ქედმაღლურ და ტირანულ რეჟიმს ვერ
შეჰგუებოდა, აჯანყებისთვის ემზადებოდა და პართიაში შესაფერისი სამეფო
კანდიდატის შერჩევას სწორედ რომის ხელისუფლებას სთხოვდა.
რომში ამ დროს ცხოვრობდა აქვე გაზრდილი მძევალი პართიისა, არტაბანის
წინარე მეფის ვაჟი, სახელად ფრაატი. არტაბანის მოწინააღმდეგე პართიელთა ელჩებმა
და იმპერატორმა ტიბერიუსმა სწორედ ეს ფრაატი მიიჩნიეს პართიის კანონიერ მეფედ.
სამეფოდ გამზადებული ფრაატი, მორთულ-მოკაზმული და ამალით
დამშვენებული, რომიდან პართიისაკენ გაეშურა, მაგრამ პართიამდეც ვერ მიაღწია _
გზად, სირიაში, ავად გახდა და გარდაიცვალა.
მაგრამ რომის იმპერატორი არ ცხრებოდა. პართიის ტახტისათვის მან ახალი კაცი
აარჩია _ ფრაატის სისხლით ნათესავი ტირიდატი.
მთავარი მაინც ის იყო _ დაყოვნებას ვერ ითმენდა სომხეთის საკითხი.
ტიბერიუსმა სომხეთის ხელში ჩაგდება შემოვლითი გზით სცადა _ აუცილებელი შეიქნა
იბერიის ჩარევა.
49
ტიბერიუსმა, უპირველეს ყოვლისა, შეარიგა წაკიდებული ძმები _ ფარსმანი და
მირდატი. თან ფარსმანს მისწერა: სომხეთში ქართული ჯარები შეიყვანე, არშაკ
არტაბანისძე გადააგდე და მის ნაცვლად სომხეთის მეფედ შენი ძმა მირდატი დასვიო.
ტიბერიუსი ვარაუდობდა, რომ არტაბანი მთელის ძალებით შვილს მიეშველებოდა.
ხოლო სანამ იბერიელნი და პართიელნი ერთმანეთს შეებმოდნენ, მიტოვებულ
ქტესიფონში (პართიის სატახტოში) ტირიდატი ადვილად დაიპყრობდა ტახტსა და
გვირგვინს.

ამასობაში, იბერიელები პართიელებს გაანადგურებდნენ და ამგვარად,
ტიბერიუსს ორივეგან, პართიაშიც და სომხეთშიც, მმართველებად თავისი კაცნი _
ტირიდატი და მირდატი _ ეყოლებოდა.
ყველა ამ „აღმოსავლურ საქმეთა“ ხელმძღვანელობა ტიბერიუსმა ჩააბარა
ლუციუს ვიტელიუსს.
35 წელს მირდატი ბრწყინვალე ამალით სომხეთის სატახტო ქალაქ არტაქსატაში
მივიდა. მისვლისთანავე არშაკის ახლო კარისკაცები მოისყიდა. მათი ხელისუფალი
მათვე მოაკვლევინა და სომხეთის მეფედ თვითონ გამოცხადდა. სანამ პართიელები
გონს მოეგებოდნენ, ფარსმანი სომხეთში იბერიელთა ჯარით შეიჭრა და

არტაქსატასაც
დაეუფლა.
რისხვით აღვსილმა არტაბანმა თავისი მეორე ვაჟი ოროდი იხმო და მოკლული
ძმისთვის შურისძიება უბრძანა. მას ევალებოდა სომხეთიდან ქართველები გაეძევებინა
და თვითონ გამეფებულიყო.
პართიელთა დიდი ლაშქარი შეიყარა. თან არტაბანმა მალემსრბოლნი აფრინა
უცხოელ სპათა დასაქირავებლად. განსაკუთრებით მას სარმატთა დახმარების იმედი
ჰქონდა.
ქართველებიც აღიკაზმნენ ახალი ომისათვის.

ფარსმანმა მოკავშირეებად
მეზობელი ალბანელები მოიხმო. ალბანელებიც მოვიდნენ. მერე სარმატებთანაც აფრინა
ეჯიბნი. სარმატთა ნაწილი ქართველებს მიემხრო, ნაწილიც _ პართიელებს, მაგრამ
ქართველებმა, რაკი კავკასიონზე გადმოსასვლელი გზები მათ ხელში იყო,
სამხრეთისაკენ მხოლოდ თავისი მომხრენი გამოუშვეს, ხოლო პართიელთა მშველელთ
გზები შეუკრეს და უკუაქციეს.
ფარსმანი ქვეით და ცხენოსან ლაშქართა თანხლებით გაეშურა პართიელთა
ბანაკისაკენ. ოროდი თავდაცვით პოზიციაზე იდგა. ქართველებმა რამდენჯერმე
მიიტანეს იერიში მტერზე. ბოლოს პართიელი უფლისწული იძულებული გახდა
ბანაკიდან მთელის ძალებით გამოსულიყო და მტერს გულდაგულ შებმოდა.
მოწინააღმდეგენი ერთურთისპირ საომრად გაეწყვნენ.

ორივე სარდალმა სიტყვით
მიმართა თავის ლაშქარს. ოროდი თავისიანებს მოაგონებდა ირანის დიდ წარსულს და
არშაკიდული დინასტიის სახელოვნებას. ფარსმანი თავის თანამემამულეებს აქებდა
დიდი სიმამაცისათვის, რის მეოხებითაც მათ არასოდეს უცხოელთა უღელი არ
განუცდიათ და არც პართიელთა უღელს დაიდგამენ ვაჟკაცურ ქედზე. გამარჯვება დიდ
სახელსა და დიდებას მოგვიტანსო, ხოლო გაქცევა _ სირცხვილსა და განადგურებას.
მერე ფარსმანმა ხელი გაიშვირა მოწინააღმდეგის ოქრო-ვერცხლით მოსევადებული
აღჭურვილობისკენ და შესძახა:
„აქ, ჩვენთან, ნამდვილი გმირები და ვაჟკაცები არიან, ხოლო იქ, იმათთან _
სიმდიდრე, ანუ ჩვენი ნადავლი!“
სთქვა ესე ფარსმანმა, მახვილი იშიშვლა, შეუძახა და ცხენს ქუსლი ჰკრა.
იბერიელები ადგილიდან მოწყდნენ და მეფეს გამოენთნენ. პართიელებმა ისრების
სეტყვა შეაგებეს, მაგრამ იბერიელებმა საისრე მანძილი სწრაფი სრბოლით დასძლიეს და
50
მტრის მეწინავე რიგებს შუბების „ჯაგრით“ დაეძგერნენ. მას უკან მახვილებიც დაიძრეს
და ხელჩართულ ჩეხვაზე გადავიდნენ.
ოროდის ჯარი თითქმის მთლიანად ცხენოსნებისგან შესდგებოდა. იბერიელი
ცხენოსნები შუბებით, ოროლებით და მახვილებით ცხენებიდან ჰყრიდნენ მტრის
მხედრებს, ხოლო ძირსდაცემულებს კვალდაკვალ მორბენალი ქვეითი ქართველნი
წამოდგომას აღარ აცლიდნენ და მიწას ზედ აკლავდნენ.
დიდის სიმამაცით იბრძოდნენ თვითონ სარდალნი _ ფარსმანი და ოროდი.

ისინი
დაჰქროდნენ ხან აქ და ხან იქ, ყველგან, სადაც განსაკუთრებით შეიჭირვოდა

მათი
ლაშქარი.
ბრძოლის სასწორი ჯერ ისევ წონასწორად ქანაობდა, როცა ფარსმანი და ოროდი
ერთიმეორეს მოულოდნელად შეეჩეხნენ.
წამიერი გარინდება დასძლიეს, საომრად აღიმართნენ, ერთმანეთს შეუზახნეს და
ცხენები დასხლიტეს.
ფარსმანმა დაასწრო, მოპირდაპირეს მახვილი უხეთქნა, მუზარადიც გაუპო და
თავიც გაჰკვეთა. ხელმეორე შემოქნევა ვეღარ მოასწრო, რადგან დაოთხებულმა ცხენმა
გაიტაცა მეფე ქართველთა. საჭიროც აღარ იყო, პართიელთა უფლისწული მძიმედ
დაჭრილი გადმოეშვა ცხენიდან. მის წინ კედელი აღმართეს ერთგულმა პართიელებმა.
ბრძოლის ველს ელვასავით დაურბინა ზვიადქმნილმა ამბავმა _ ოროდი მოჰკლესო.
უკვე ძლეული პართიელები სრულმა შიშმა მოიცვა. მეფის გმირობით და მტრის
დაძაბუნებით ფრთაშესხმული ქართველები უკანასკნელ იერიშზე გადავიდნენ.
პართიელთა მხოლოდ მცირე ნაწილმა გაასწრო სიკვდილსა და ტყვეობას.
შურისძიების ცეცხლით აღვსილმა არტაბანმა ახალი ჯარები შეკრიბა და იბერიის
გასანადგურებლად დაიძრა. მაგრამ სწორედ ამ დროს, რომის აღმოსავლეთ საქმეთა
გამგებელმა ლუციუს ვიტელიუსმა ლეგიონები შეჰყარა და ხმა გაავრცელა,
მესოპოტამიისა და ქტესიფონის დასალაშქრავად მოვდივარო. არტაბანი იძულებული
გახდა იბერიის დასალაშქრავი საომარი ძალებით ისევ პართიის დასაცავად
დარჩენილიყო.
მაშ, ესოდენ მომხიბლავი სამეფო ტახტი სომხეთისა იბერიელმა მირდატმა
დაიმკვიდრა.

არტაბანს სომხეთისათვის ფიქრის საშუალებაც წაერთვა. რომაული
ლეგიონების მოახლოებამ პართიის მეფეს საბოლოოდ ჩამოაშორა ისედაც უკმაყოფილო
არისტოკრატია. იგი მხოლოდ უცხოელ დაქირავებულთა და უსამშობლო მცველთა
ამარად დარჩა. ბოლოს და ბოლოს, არტაბანი იძულებული შეიქნა მეზობელ სკვითთა
ქვეყანაში გაქცეულიყო.
პართიის ტახტი ტირიდატმა დაიჭირა. ვიტელიუსმაც თავისი ამოცანა
შესრულებულად მიიჩნია და ლეგიონები მესოპოტამიიდან გამოაბრუნა. მაგრამ
ტირიდატმა ტახტი ვერ დაიმაგრა: არტაბანი სკვითისაკების დახმარებით მობრუნდა და
პართიის ხელმწიფობაც ისევ ჩაიგდო ხელში. მალე არტაბანი მისმა ახლო ნათესავებმა
ცოლშვილიანად ამოწყვიტეს და პართიის ტახტ-გვირგვინისათვის ბრძოლაში ახალი
მაძიებლები ჩაებნენ.
სწორედ მაშინ, 37 წელს, კუნძულ კაპრიზე, ჭირვეული ტიბერიუსი მცველმა
პრეტორიანელებმა საბნებით მოგუდეს რომის იმპერიის ტახტზე ავიდა გაიუს
კალიგულა, შეშლილი, ბნედიანი მანიაკი. სწორედ ამ კალიგულამ მირდატი რომში
მიიწვია, მოულოდნელად შეიპყრო და ბორკილები დაადო. ალბათ, ახალ იმპერატორს
ეჭვები, თუ ნამდვილი ცნობები ჰქონდა მირდატის განზრახვისა: სომხეთი სავსებით
წაერთმია რომისათვის (კალიგულასთვის ეჭვებიც საკმარისი იყო). მაგრამ ვერც
კალიგულამ მოათია დიდხანს. 41 წელს ეს საშინელი მიზანთროპიც პრეტორიანელებმა
51
მოჰკლეს და მის ნაცვლად კლავდიუსი გაახელმწიფეს. კლავდიუსმა მირდატი
გაათავისუფლა და ისევ სომხეთის მეფედ გამოგზავნა.
რაკი პართიის სასახლის კარზე აშლილობა არ ცხრებოდა, იბერიელებსაც
საშუალება ეძლეოდათ უფრო ფართოდ ემოქმედათ. ფარსმან მეფემ ახალი ძალით
გააჩაღა ბრძოლა სომხეთის შემოსამტკიცებლად.
სომხეთის ციხესიმაგრეებში რომაული ციხიონები იდგნენ, ხოლო ველ-
მინდვრები მთლიანად ქართლის მხედრობამ დაიჭირა.

მხოლოდ სარდალმა
დიმონაკტმა გაბედა ბრძოლის გამართვა. მაგრამ ქართველებმა ის სასტიკად დაამარცხეს
და სომხებმაც ყოველგვარ წინააღმდეგობაზე ხელი აიღეს. მათ უეჭველად
ქართველებთან ერთობა ერჩიათ, ვიდრე პართიელებთან მონობაში ყოფნა. ერთი
გაბრძოლება მცირე სომხეთის მმართველმა კოტისმა სცადა, მაგრამ იმპერატორის
წერილმა მოუსწრო და ისიც მირდატს დაემორჩილა.
მირდატი სასტიკი ბუნების ადამიანი იყო. სწორედ სასტიკი ქცევებისათვის
სომხებმა იგი შეიძულეს და მისი დამხობისათვის ზრუნვასაც შეუდგნენ. ფარსმანმაც
საჭიროდ დაინახა, რომ მირდატი სომეხთათვის უფრო ლმობიერი და

სასურველი
მმართველით შეეცვალა.
ასეთად მან მიიჩნია თავისი ვაჟი.
რადამისტი და ზენობია
ფარსმანის ვაჟს ერქვა რადამისტი. ეს იყო გასაოცარი სილამაზის, ახოვანებისა და
ფიზიკური ძალ-ღონის მქონე ჭაბუკი.

ამას გარდა, მას იცნობდნენ არა მარტო იბერიაში,
არამედ ყველგან მეზობელ ქვეყნებში, ვითარცა დიდ მცოდნეს იმ მეცნიერებათა და
ხელოვნებათა დარგებში, რასაც სწორედ მის სამშობლო საქართველოში ასწავლიდნენ
(სწორედ ასე ხაზგასმით გადმოგვცემს დიდი რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი). მაგრამ
რადამისტი დიდად პატივმოყვარე და გულზვიადი ადამიანიც იყო. იგი მამასთან
ქიშპსაც არ ერიდებოდა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად ამბობდა: მამაჩემი დაბერდა
და ამის გამოისობით იბერიის სამეფო საზღვრები ძველ სამანებს ვეღარ შორდება,
ქართველთა მახვილები ქარქაშში ჟანგდება!
ფარსმანი შეუშფოთებია შვილის მეტოქეობასა და მეტისმეტ სახელოვნებას.
ამიტომ მოისაზრა მან რადამისტის გაგზავნა სომხეთში. ამით იგი ორ საქმეს
გააკეთებდა: მეტოქე შვილს მცხეთის სასახლის კარს მოაშორებდა და სომხეთსაც უფრო
მტკიცე და საიმედო ხელს ჩააბარებდა.
ასეც მოხდა. მამისგან საიდუმლოდ წაქეზებული რადამისტი არტაქსატაში ჩავიდა
და მირდატთან გამოცხადდა. მამაჩემსა და დედინაცვალს ვერ შევეწყვეო, არწმუნებდა
ბიძას.
მირდატმაც ძმისწული ჩვეულებრივი ნათესაური პატივისცემითა და
სიყვარულით დაიშინაურა და სრულებით ვერარა შეიტყო, როგორ განაწყო

მის
წინააღმდეგ რადამისტმა ისედაც სამტროდ აღმდგარი სომხური დიდკაცობა.
ერთ დღეს რადამისტი მცხეთაში დაბრუნდა და მამამისს უთხრა: რაც წინასწარ
საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთე, ხოლო დანარჩენი იარაღმა უნდა გადაწყვიტოსო.
ფარსმანმა იცოდა, ეს რომის წინააღმდეგ ამხედრებას ნიშნავდა, მაგრამ მაინც დაიწყო.
ადრე წაკიდებულ ძმასთან საომარი საბაბის გამოძებნაც არ გაუჭირდებოდა. რადამისტს
ქართული ლაშქარი გაატანა და სომხეთში საომრად გაუშვა.
52
 

გვერდი 1  გვერდი 2  გვერდი 3  გვერდი 4   გვერდი 5   გვერდი 6   გვერდი 7  გვერდი  8