EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ნიკოლოზ ბარათაშვილი »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-10-29 19:41:00

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ბიოგრაფია

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ“ უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა“ და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

შემოქმედება

ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.

 

პოეზია

  • მერანი
  • ფიქრნი მტკვრის პირას
  • სული ობოლი
  • თავადის ჭ…ძის ასულს, ეკ…ნას
  • ბულბული ვარდზედ
  • ჩემს ვარსკვლავს
  • არ უკიჟინო, სატრფოო…
  • შენნი დალალნი ყრილობენ გველად…
  • შევიშრობ ცრემლსა…
  • მიყვარს თვალები მიბნედილები
  • რად ჰყვედრი კაცსა…
  • საფლავი მეფის ირაკლისა
  • ცისა ფერს, ლურჯსა ფერს…

 

ფიქრნი მტკვრის პირას

 
mtkvari
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!
 
 
მერანი
 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა;
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

სული ობოლი

 

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

 ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!

 საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,

 ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

 

 მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,

 ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;

 მაგრამ ერთხელ დაობლებული სული

 მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

 

 არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;

 ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,

 ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,

 ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

 

 ძნელი არის მარტოობა სულისა:

 მას ელტვიან სიამენი სოფლისა,

 მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

 ოხვრა არის შვება უბედურისა!

 

რად ჰყვედრი კაცსა…

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას? 
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, 
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა? 
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა. 

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების 
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების, 
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები, 
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები! 

მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული, 
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული, 
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა, 
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა? 

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, 
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. 
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა, 
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა! 

მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი, 
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი! 
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება 
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!