EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ვაჟა-ფშაველა »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-11-26 12:21:47

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 14 ივლისი), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო (ძველი სტილით – 27 ივლისი), 1915, თბილისი) — ქართველი პოეტი.

8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფ. ჩარგალში მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალურიპოემები, მოთხრობები და ლექსები.

შემოქმედება

ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“ (1914) და სხვები.
ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.
ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.
ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთანი მაღალნი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.
ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.
ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).
ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების 100 წლისთავი.

ვაჟა ფშაველა / ლურჯას

ლურჯავ, შენც გრძნობა გქონია, 
როგორც კაცს, ადამიანსა: 
ბარით რო მთაში წამოვალ, 
შენ დროს ახანებ გვიანსა, 
მუხლში ქარს ჩამაიყენებ, 
დაემსგავსები ნიავსა. 
არ აბედენებ კლდე-ღრეებს, 
მკერდს იქნევ ყალამქრიანსა, 
შენც გული გიგებს, ტიალო, 
მივალთ სამშობლოს მთიანსა, 
კლდეზედაც კარგა მიჰფრინავ, 
უგზოს გზასა ჰქმნი გზიანსა. 
გულით მაშორვებ ვარამსა, 
ვარამსა ათასფრიანსა, 
არწივის ფრთეებს შეასხამ 
ჩემს ფიქრსა მრავალ-ფრთიანსა. 
მაყვარვებ უდაბურს ადგილს, 
ჭიდროსა, ნადირ-მგლიანსა, 
გვიან ზაფხულის მნახველსა, 
მწირსა და მოკლე-სთვლიანსა, - 
ადგილს უმთვაროს, უმზეოს, 
ჩვენ რომ ვეძახით მზიანსა! 

1890 წ.

ვაჟა ფშაველა / რამ შემქმნა ადამიანად?

რამ შემქმნა ადამიანად? 
რატომ არ მოვედ წვიმადა, 
რომ ვყოფილიყავი მუდამა 
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, 
მიწაზე გადმოსაგდებად 
ცვარად ან თოვლად ცივადა? 

არ გამწირავდა პატრონი 
ასე ოხრად და ტივლადა! 

ცაშივე ამიტაცებდა, 
თან მატარებდა შვილადა. 
ასე არ დამჭირდებოდა 
სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა. 

მზის მოტრფიალე ვივლიდი 
სიკვდილის გამაწბილადა; 
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი 
მე მექნებოდა წილადა. 

გავიხარებდი, მთა-ბარსა 
ოდეს ვნახავდი მწვანედა, 
მორწყულსა ჩემის ოფლითა, 
ყვავილებს შიგნით, გარეთა. 

გადავუშლიდი გულ-მკერდსა 
დღისით მზეს, ღამით მთვარესა. 
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი 
მომაკვდავ არე-მარესა. 

თოვლად ქცეულსა გულშია 
ცეცხლად იმედი მრჩებოდა, 
რომ ისევ ჩემი სიკვდილი 
სიცოცხლედ გადიქცეოდა 
და განახლებულ ბუნებას 
ყელ-ყურზე მოეხვეოდა.

 

ვაჟა ფშაველა / დამსეტყვე ცაო

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, 
აქა ვარ ჩემის თავითა, 
გულითა გაუტეხელი, 
მოუღალავი მკლავითა. 
რაც უნდა ჭირი მომკერძო, 
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა; 
მცნებას ვერ შემაცვლევინებ 
მოზღვავებულის ავითა!.. 
განა მარტო ვარ ამქვეყნად, 
სხვაც მრავალია ჩემფერა, 
ვისაც არავინ არ სწყალობს, 
წყევლას უბარებს ტერტერა. 
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, 
გულიც მან გამიერთფერა. 
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ, 
ხან შავაბიჯებ სერ-სერა; 
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს 
ათასჯერ, განა ერთხელა; 
და ზედ დავმღერებ იმასვე, 
რასაც დღესნამდე ვმღეროდი… 
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი 
გულ-მკერდზე დაიწეროდი! 
ბარო, წარბნი და წამწამნი 
იმ სიტყვით დაიკეროდი!.. 
ისევ მტერი ვარ იმისა, 
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, _ 
იგივე მიყვარს, იგივე, 
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი. 
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, _ 
კეთილსა ვყვანდე ზიარად; 
ვერ მივცემ მტერსა მამულსა 
საჯიჯგნად, დასაზიანად… 
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, _ 
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.