EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« არგონავტები (გვერდი 2) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-13 19:10:22

არგონავტები

არგონავტები

არგონავტები (გვერდი 2)

 

* * *

   დიდხანს იცურეს ბერძნებმა და როცა თითქმის გადაეწურათ იმედი, კუნძული დაინახეს. ხანმოკლე აღმოჩნდა მათი სიხარული, რადგან კუნძულს მიახლოებულთ სპილენძისფრთიან ფრინველებთან - სტიმფალიდებთან მოუხდათ ბრძოლა. თავგამოდებით იბრძოდნენ გმირები, სძლიეს კიდეც უცნაურ ფრინველებს და ამ დროს არგოსკენ სირბილით მომავალი ოთხი ჭაბუკი დაინახეს.

   - გვიშველეთ, ჩვენც თან წაგვიყვანეთ. - ითხოვდნენ ისინი. ბიჭები ფრიქსოსის შვილები აღმოჩნდნენ. კოლხეთიდან, თურმე, ბეოტიაში მიემგზავრებოდნენ, მაგრამ გზაში ხომალდი დალეწოდათ და ბედს ამ საშინელ კუნძულზე მიეგდო ისინი.

   იასონის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, იმავე საღამოს ოთხთაგან უფროსს - არგოსს - გაანდო თავისი ვინაობა და მოგზაურობის მიზეზი. არგოსმა დახმარება აღუთქვა თავის მხსნელს, თუმცა იქვე გააფრთხილა, რომ გაუჭირდებოდა კოლხეთის მეფე აიეტის ძლევა.

   ხომალდმა ოცი დღე-ღამე შეუსვენებლივ იცურა და ოცდამეერთე დღეს ნაპირიც გამოჩნდა. იასონმა შესაწირავი მიართვა საბერძნეთისა და კოლხეთის ღმერთებს, რათა ხელი მოემართათ მისთვის.

   თქმულების თანახმად, შესაწირავის კვამლმა ოლიმპოსის მთაზე ღმერთების სამყოფელს მიაღწია. ზევსის მეუღლემ -  ჰერამ და მისმა ასულმა - ათენამ  უმალ ბჭობა გამართეს. მათ იცოდნენ, იასონი ვერ გაუმკლავდებოდა ძლევამოსილ აიეტს და დედა-შვილი აფროდიტეს სასახლისკენ გაეშურა, რომ დახმარება ეთხოვა მისი ვაჟის - ეროსისთვის. ქალღმერთებს სურდათ, ეროსს სიყვარულის ისრით დაეკოდა გული აიეტის უმცროსი ქალიშვილის - მედეასთვის, რომელიც ჯადოქრობაში მამას სჯობდა. მედეას თუ იასონი შეუყვარდებოდა, აუცილებლად მას მიემხრობოდა და გამარჯვებაც ქალღმერთთა რჩეულს ხვდებოდა წილად.

* * *

   ელადელები ადრიანად  გაეშურნენ აიეტის სასახლისკენ. გზად მიმავალნი არავის შეუნიშნავს, რადგან ნეფელემ ბურუსით შებურა ისინი; ნისლი მხოლოდ მაშინ გაიფანტა, როცა სასახლის ეზოში შევიდნენ. პირველად მედეა შემოხვდათ. ქალმა მოულოდნელობისგან შეჰკივლა. მისულთა შორის მისი დის, ქალკიოპეს, გაპარული შვილებიც იყვნენ.

   მედეას კივილზე მთელი სასახლე შეიყარა. ქალკიოპე და აიეტიც მოცვივდნენ. შვილიშვილების ხილვით გახარებულმა მეფემ სტუმრები სასახლეში მიიპატიჟა და მართლაც რომ მეფურად გაუმასპინძლდა. ყველა მხიარულობდა და არავინ იცოდა, რომ მედეას სილამაზით თავადვე მოხიბლულმა ეროსმა სწორედ ამ ლხინის დროს სტყორცნა მას სიყვარულის ისარი და იასონის ტრფობით დაუკოდა გული.

   არგოსი პაპას მისჯდომოდა გვერდით და უამბობდა, რა გადახდათ ძმებს სასახლიდან გაპარვის შემდეგ - მოუთხრო, როგორ დაემსხვრათ ხომალდი, როგორ მოხვდნენ საშინელ კუნძულზე და როგორ იხსნეს ისინი არგონავტებმა... შემდეგ იასონის ვინაობა და კოლხეთში ჩამოსვლის მიზანიც ამცნო. ოქროს საწმისის ხსენებაზე მეფე განრისხდა, სტუმრების გაძევება ბრძანა, რადგან დანამდვილებით იცოდა, ეს უცხო ადამიანები მხოლოდ ოქროს საწმისს კი არ წაიღებდნენ კოლხეთიდან, კიდევ ათას უბედურებას დაატეხდნენ თავს მის ქვეყანას. ბობოქრობდა აიეტი და სიკვდილით ემუქრებოდა არგონავტებს, თუ სასწრაფოდ არ გაეცლებოდნენ იქაურობას.

   შეშფოთდა მთელი დარბაზი, დაიბნა ხალხი. გამოსავალს ისევ იასონმა მიაგნო, ენა დაიშაქრა და მეფეს დაწყნარება სთხოვა:

   - მე არც შენი სამეფო მინდა, არც შენი ძალაუფლება. მე მხოლოდ ოქროს საწმისს გთხოვ, როგორც მოწყალებას; სანაცვლოდ ვერაფერს შემოგთავაზებ, რადგან სიმდიდრე არ გამაჩნია, მაგრამ შემიძლია, ავასრულო ნებისმიერი დავალება. როგორც გენებოს, ისე მიმსახურე - ოქროს საწმისის მოსაპოვებლად არაფერს ვითაკილებ, რადგან იმ საწმისმა უნდა დამიბრუნოს სხვის მიერ მიტაცებული მამის სამეფო.

   ამ სიტყვებმა ჩააფიქრა აიეტი. მოეწონა მეფეს მამაცი ჭაბუკი, მაგრამ იცოდა, საწმისის ძალით გატაცება იასონს ბედნიერებას ვერ მოუტანდა, კოლხეთს კი სიმშვიდეს დააკარგვინებდა. ბოლოს აიეტმა ასეთი დავალება მისცა ჭაბუკს:

   - ფასისის ზემოთ ერთი  მინდორია, რომელიც უხსოვარ დროში არესისთვის შეუწირავთ. ბრინჯაოს გუთნით უნდა გადახნა ეს მიწა. გუთანში სპილენძისფეხებიან ცეცხლისმფრქვეველ ხარებს შეაბამ და ხორბლის ნაცვლად ურჩხულის კბილებს დათესავ. იმავე წამს ყოველი კბილიდან სპილენძისჯავშნოსანი მეომარი წამოიმართება და მხოლოდ შენ ერთი უნდა შეერკინო მათ, თუ გაიმარჯვებ, ოქროს საწმისი შენი იქნება და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგიტანს ბედნიერებას... თუ დამარცხდები, დაგიტირონ შენმა ღმერთებმა, რადგან მაგ მიწას მე ყოველ დილით ვხნავ და არ ვაპირებ, ჩემზე ნაკლებ ვაჟკაცს უბრძოლველად რამე დავუთმო!

   საგონებელში ჩავარდნილი სტუმრები გემზე დაბრუნდნენ. არავინ იცოდა, რა ეღონათ. ბოლოს არგოსმა იპოვა გამოსავალი - მედეას გადმობირება გადაწყვიტა, რადგან მხოლოდ მას შეეძლო არგონავტების შველა.

* * *

   გვიან ღამით, როცა ყველა სულიერს ღრმა ძილით ეძინა, ფხიზლობდა მხოლოდ მედეა. მის თვალებს ძილი არ ეკარებოდა. იტანჯებოდა კოლხეთის მეფის ასული, ორ ცეცხლს შუა იწვოდა, ვერ გადაეწყვიტა, ვის მიმხრობოდა - მამას თუ იასონს.

   მოგვიანებით ქალკიოპემ შეაღო ფრთხილად მედეას ოთახის კარი. არავინ იცის, რაზე საუბრობდნენ დები. ასეა თუ  ისე, იმავე ღამით არგოსმა სასიხარულო ამბავი ამცნო არგონავტებს...

   განთიადისას მედეა ჰეკატეს ტაძარში შეხვდა იასონს და საგანგებოდ დამზადებული სასწაულმოქმედი მალამო მიუტანა. ვინც ამ მალამოს შეიზელდა ტანზე, უძლეველი გახდებოდა - ვერც ცეცხლი დააკლებდა რამეს, ვერც რკინა და სპილენძი მოერეოდა.

   დამშვიდობებისას ქალ-ვაჟმა სიყვარული შეჰფიცა ერთმანეთს.

   - მოგიტაცებ, შორეულ საბერძნეთში წაგიყვან და იქ შეგირთავ ცოლადო. - დაჰპირდა ესონის ძე სიყვარულით გონებადაბნელებულ მედეას.

   დილით იასონი არესის ჭალისკენ გაეშურა. იქ უკვე მთელი კოლხეთი შეგროვილიყო. აიეტის ეტლი მთის ძირას იდგა. ხალხი გარინდებული ელოდა ბერძნის გამოჩენას.

 

   მშვიდად მოაბიჯებდა წმინდა მიწაზე ბედის საძიებლად შორეული ქვეყნიდან ჩამოსული ჭაბუკი. იპოვა რკინის გუთანი, ბრინჯაოს უღელი და იმ გამოქვაბულისკენ გაემართა, სადაც ცეცხლისმფრქვეველი ხარები ეგულებოდა.

   ღმუილით გამოქანდნენ თავჩაღუნული ხარები იასონისკენ. იქ მყოფთ შიშის ჟრუანტელმა დაუარა. ერთი წამით ყველაფერი მტვერში აირია, მაგრამ როცა ჰაერი გადაიწმინდა, არგონავტებმა შვებით ამოისუნთქეს - იასონს ხარები გუთანში შეება.

   ჭაბუკს კარგად ახსოვდა მედეას სიტყვები და როცა ჯეჯილიდან საშინელი მეომრები წამოიმართნენ, შუაგულ მინდორში ქვა ისროლა. მეომრები იმ ადგილს ეცნენ, სადაც ქვა დაეცა. ისინი სიგიჟის ქალღმერთ ატას მოენუსხა და ახლა მხოლოდ ქვის მოპოვების სურვილით იყვნენ შეპყრობილნი. იასონი კი მეხივით დააცხრა მათ თავს და მუსრი გაავლო.

   როცა ბრძოლა დამთავრდა, თავზარდაცემული აიეტი სასახლისკენ გაეშურა. მეფე მიხვდა, რომ კოლხეთს მძიმე განსაცდელის ჟამი დაუდგა. შორეული ქვეყნიდან მოსულმა უცხო ადამიანებმა ბარბაროსულად, გაუაზრებელი სისასტიკით დაანგრიეს ყველაზე ძვირფასი, რაც ებადა - ოჯახის და სამშობლოს ბედნიერება.

* * *

   ღამით მედეა სასახლესთან ელოდა იასონს. ისინი ერთად გაემართნენ არესის ჭალისკენ. ახლა იასონი ურჩხულს უნდა შებრძოლებოდა საწმისის მოსაპოვებლად. ვიდრე ჭალას მიაღწევდნენ, მედეას ჯადოქრობამ იმოქმედა - ღმერთი ჰიპნოსი დაეშვა დედამიწაზე, მიეპარა ურჩხულს, თვალებში ყაყაჩოს წვენი ჩაასხა და ღრმად მიაძინა. შემზარავი სანახავი იყო მთელ ჭალას შემოხვეული ახროტინებული ურჩხული, მაგრამ იასონს არაფრის ეშინოდა, სამი დარტყმით სამივე უზარმაზარი თავი წააგდებინა და ვიდრე თავები დაღმართში მიგორავდნენ, მუხას მივარდა, ოქროს საწმისი ჩამოხსნა და მედეასთან ერთად ხომალდისკენ გაიქცა.

   მეგობრები მათ ნაპირზე ელოდნენ. იასონი ჩქარობდა, ეშინოდა, აიეტს არაფერი შეეტყო, ამიტომ ყველას გემზე ასვლა უბრძანა, რომ დაუყოვნებლივ გასცლოდნენ იქაურობას; შემდეგ მედეას სთხოვა, თან გაჰყოლოდა, რათა შორეულ საბერძნეთში დაქორწინებულიყვნენ. გახარებული მედეა მაშინვე ავიდა გემბანზე და სულ მალე იალქნებდაბერილი არგო ზღვის ტალღებს მიაპობდა.

 

* * *

   მეფის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა. ოქროს საწმისის გატაცებას მედეას გაქრობაც დაერთო და გამძვინვარებულმა აიეტმა თხუთმეტი ხომალდის მომზადება ბრძანა. თითოეულ ხომალდს სამოცდაათი მეომარი უნდა გაჰყოლოდა და ფეხდაფეხ დადევნებოდა გაპარულთ.

   მეფემ მდევრები ორ ჯგუფად გაყო, რადგან საბერძნეთისკენ ორი გზა იყო. ან ჰელესპონტით უნდა წასულიყვნენ არგონავტები, ან დასავლეთით მდინარე ისტროსს  დაჰყოლოდნენ. ჰელესპონტის მიმართულებით თვითონ აიეტმა წაიყვანა ერთი ჯგუფი, ისტროსისკენ კი თავისი ძე - აფსირტოსი გაგზავნა.

   იასონი ისტროსისკენ მიემართებოდა. ჩქარობდნენ ბერძნები, მდევრის გამოჩენამდე რომ მოესწროთ მდინარის შესართავში შესვლა. და აი, გამოჩნდა კიდეც პატარა კუნძული. არგონავტებმა გემი ყურეში შეიყვანეს, თავად ხმელეთზე გადმოსხდნენ - დაღამებამდე დიდი დრო იყო და შეეძლოთ, მშვიდად დაესვენათ. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა მათი განცხრომა. მალე კოლხების ხომალდების იალქნებიც გამოჩნდა. შეშფოთდნენ ბერძნები, არ იცოდნენ, რა ჯობდა - სასწრაფოდ შესულიყვნენ ზღვაში, გაერღვიათ მოწინააღმდეგეთა ფლოტი და გაქცევით ეშველათ თავისთვის, თუ ხმელეთზე შებრძოლებოდნენ კოლხებს?

   ბოლოს მედეამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელებგაწვდილი კლდეზე გადმოდგა და აფსირტოსს შესტირა:

   - აქეთ ნუ მოგყავს გემი, აქ კლდეებია და შეიძლება დაიმსხვრეს. ხომ ხედავ, არგო მეჩეჩზე დგას, დაუშვი აფრები.

   აფსირტოსმა თავის ხალხს იალქნები დააშვებინა. ცბიერი მედეა კი განაგრძობდა მოთქმას :

   - ნუ დამღუპავ, ძმაო, შენ რომ თავს დაგვესხა, მე ნაკუწ-ნაკუწ ამქნიან და საწმისს წყალში გადააგდებენ. ჯობს, მოეთათბირო იასონს, დაჰპირდე, რომ ხელს არ ახლებ და მშვიდობიანად გაუშვებ სამშობლოში. სანაცვლოდ ის საწმისსაც დაგიბრუნებს და მეც გამათავისუფლებს. მას ხომ სხვა გზა არა აქვს, გემი მეჩეჩზე უდგას, რაზმი კი კოლხეთის ლაშქარზე ბევრად სუსტი ჰყავს.

* * *

   დაუჯერა აფსირტოსმა დას, გადახტა წყალში და ნაპირისკენ გაცურა. მედეამ იგი ჭალაში მდგარ პატარა ტაძარში გაგზავნა - ეს ქალღმერთ არტემისის ტაძარია, აქ ხელს ვერავინ გახლებს, მე კი წავალ და იასონს მოვიყვანო - დაჰპირდა.

 

   აფსირტოსი ტაძარში შევიდა, მედეა კი არგონავტებისკენ გაიქცა.

   - აფსირტოსი ჩვენს ხელთაა, - უთხრა მათ - ვიდრე ის ტაძარშია, არც ერთი კოლხი არ აღმართავს მახვილს ჩვენს წინააღმდეგ, წადით და მოელაპარაკეთ. როცა იასონს ეჭვი შეატყო, დასძინა:

   - აფსირტოსი ტაძარში შემოვიტყუე, ახლა ის ჩვენი ტყვეა, წამოიყვანე და ანძაზე მიაკარი; ამასობაში ზღვაში გავალთ, შენ  მახვილი მოუღერე აფსირტოსს. კოლხები შეშინდებიან, ეგონებათ - კლავსო, და გზას დაგვითმობენ.

   დაფიქრებული იასონი გვერდზე გაიყვანეს მოძმეებმა და ურჩიეს, არ დაეჯერებინა ცბიერი ქალისთვის. მათი აზრით, აიეტს მაინც ვერსად გაექცეოდნენ - ისტროსზე დაეწეოდა კოლხთა მეფე. ამიტომ აფსირტოსის მოკვლა განიზრახეს არგონავტებმა. კოლხური წესით, მას არავინ დატოვებდა დაუმარხავს - სამ დღეს იგლოვებდნენ მეფისწულს, ამასობაში კი ბერძნები თავს უშველიდნენ.

   გულდამძიმებული გაემართა იასონი არტემისის ტაძრისკენ. მედეამ გაყოლა ვერ გაბედა და მის მოლოდინში იქვე, მუხის ქვეშ მიწვა; მიწვა და მაშინვე ღრმად დაეძინა, რადგან მთელი მოგზაურობის მანძილზე ერთხელაც არ მოეხუჭა თვალი და ძალიან დაღლილიყო.

 

* * *

 

   მოუთმენლად ელოდა იასონს აფსირტოსი, დარწმუნებული იყო, კოლხების სიმრავლით შეშინებული ბერძნები დასაც დაუბრუნებდნენ და საწმისსაც; ვერც კი წარმოედგინა, რა ვერაგული განაჩენი გამოუტანეს არგონავტებმა.

   იასონმა აფსირტოსი რომ დაინახა, შეებრალა მშვენიერი ჭაბუკი და საქმის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტა - სთხოვა, კოლხეთის ფლოტისთვის ებრძანებინა, მათთვის გზა დაეთმო, თავად კი არგოს გაჰყოლოდა.

   განრისხებულმა აფსირტოსმა სასწრაფოდ მედეას მოყვანა მოითხოვა, თანაც იმუქრებოდა: ჩემი მოტყუებისთვის სამუდამოდ ამ კუნძულზე დავტოვებ, რომ წყურვილით მოკვდესო. იასონი ერთხანს კიდევ ეცადა მის დაშოშმინებას, მაგრამ რომ ვერას გახდა, მოთმინებადაკარგულმა შუბი მოიქნია და გულგაპობილი აფსირტოსი არტემიდეს ფერხთით დასცა.

   შეძრწუნებული იასონი ერთხანს სიბრალულით დასცქეროდა ცხედარს, შემდეგ კი გამოვიდა ტაძრიდან, კლდეზე ავიდა და კოლხეთის ფლოტს გასძახა:

   - თქვენი მეფის ძე ჩვენთან დარჩა. ვინც ნაპირს მოუახლოვდება, მოკვდება. წადით და მეფეს აუწყეთ, როგორ მოგატყუათ ქალმა!

 

   მდევრები აიეტთან დაბრუნდნენ. ბერძნებმა კი ცხედარს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს და ცალ-ცალკე დამალეს, რათა აიეტს დიდხანს ეძებნა შვილის ნაწილები და მათთვის შორს წასვლის საშუალება მიეცა; შემდეგ მძინარე მედეა ხელით აიყვანეს არგოზე და გზა განაგრძეს.

   სამი დღე ეძებდა აიეტის ხალხი აფსირტოსის სხეულის ნაწილებს; ბოლოს, როგორც იქნა, შეკრიბეს და ცხედარი არტემისის ტაძრის გვერდით დაკრძალეს.

   მხოლოდ მეორე დღეს გამოიღვიძა ჰეკატეს მიერ დაძინებულმა მედეამ და ძმა მოიკითხა. კარგა ხანს არავინ გასცა ხმა. ბოლოს იასონმა უპასუხა უხალისოდ: - შენი ძმა კუნძულზე დარჩაო. მედეა მიხვდა, რაც მომხდარიყო, ბარბაცით მივიდა გემის კიჩომდე, გაოგნებული დაეშვა თოკების ვეებერთელა შეკვრაზე და გაირინდა.

   არგო მდუმარედ მიუყვებოდა მდინარეს.

   გემის კიჩოზე დასვენებული მბზინავი ოქროს ტყავი საბერძნეთისკენ მიემგზავრებოდა, მაგრამ არგონავტებიდან აღარავის სჯეროდა, რომ სისხლით და ღალატით მოპოვებული ოქროს საწმისი რომელიმეს ბედნიერებას მოუტანდა.

 

 

* * *

 

   სამშობლოსკენ მიმავალ  არგონავტებს საბერძნეთში ფასდაუდებელი საუნჯე, საოცნებო ოქროს საწმისი მიჰქონდათ. თან ახლდათ მშვენიერი მედეაც, კოლხთა მეფის - აიეტის ასული. მისმა ჯადოქრობამ მოაპოვებინა იასონს გამარჯვება უძლეველ აიეტზე. ბერძნებმა საწადელი აისრულეს - მდევრები ჩამოიცილეს. ზურგის ქარი ღონივრად უბერავდა იალქნებს, მაგრამ გზა უსასრულოდ გრძელი და დამქანცველი ჩანდა.

   საღამო ხანს ახალ განსაცდელს გადაეყარნენ არგონავტები. ამჯერად ძაღლისთავა ადამიანებთან მოუხდათ ბრძოლა. მედეამ ეს ამბავი შურისძიების ქალღმერთების - ერინიების რისხვას მიაწერა. ქალღმერთები მისი ძმის მკვლელობას აზღვევინებდნენ ბერძნებს. იასონმა აღთქმა დადო, რომ ელადაში ჩასვლისთანავე მარმარილოს ტაძარს აუგებდა ერინიებს და ცოდვების შენდობას შესთხოვდა.

   აღთქმამ ვერაფერი უშველა არგონავტებს, ახალი უბედურება დაატყდათ თავს - ღმერთებმა საშინელი ქარიშხალი მოუვლინეს. მოგზაურები ისე გამწარდნენ, რომ მედეას წყალში გადაგდებაც კი დააპირეს, რადგან ყველა საშინელებას გემზე ჯადოქარი ქალის ყოფნას მიაწერდნენ. მაგრამ ამ დროს ქალღმერთ ათენას სახება მოევლინათ. იგი კირკეს კუნძულისკენ წასვლას ურჩევდა არგონავტებს, რადგან კირკეს გარდა ვერავინ განწმენდდა იასონს ცოდვებისგან.

 

* * *

 

 

   მრავალ წინააღმდეგობას გადააწყდა არგო, ვიდრე ქალღმერთის კუნძულს მიაღწევდა. ბოლოს და ბოლოს, კირკეს საცხოვრისსაც მიადგნენ. სასახლიდან საამური ხმა ისმოდა - კირკე მღეროდა. ქალღმერთმა სიმღერა შეწყვიტა, სტუმრებს გამოეგება, შინ შეიპატიჟა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა, მაგრამ არტემისის ტაძარში მომხდარი მკვლელობის ამბავი რომ შეიტყო, აღარაფრის გაგონება აღარ მოისურვა და იასონს კუნძულის დატოვება უბრძანა.

   მედეა თამამად მიუახლოვდა ყოვლისშემძლე ჯადოქრის ტახტს და მდუმარედ დაუდგა წინ. კირკე ქალიშვილის თვალების ბრწყინვაზე მიხვდა, რომ ის ჰელიოსის შთამომავალი უნდა ყოფილიყო; ხოლო როცა შეიტყო, რომ მისი ძმის - აიეტის ასული იყო, გულში ჩაიკრა და მწარედ ატირდა.

   კირკემ იცოდა, რომ მედეას, რომელმაც თავის სიყვარულს ანაცვალა სამშობლო, ძმა, მამა, აუტანელი სატანჯველი ელოდა. მის ქედმაღალ, მედიდურ გამოხედვაში განუზომელი უბედურების აჩრდილი დაინახა, ამიტომაც შეებრალა ასე ძალიან. მთავარი, ყველაზე დიდი განსაცდელი წინ ჰქონდათ იასონსაც და მედეასაც. თვით გრძნეული კირკეც კი ვერაფერს შეცვლიდა ამ საშინელ ბედისწერაში და... უარი ვერ უთხრა დახმარებაზე. მოსასხამი მოიძრო, ხელში კვერთხი აიღო და სტუმრები ერინიების საკურთხეველთან მიიყვანა, ბატკნის ცხელი სისხლით დაჰბანა იასონს ხელები და მძიმე ცოდვისგან განწმინდა. ახალგაზრდებმა შვებით ამოისუნთქეს.

   დამშვიდობებისას კირკეს სევდიანმა მზერამ გაანდო მედეას ის, რაც სიტყვით ვერ უთხრა ჯადოქარმა: ძნელი, მძიმე, გაჭირვებითა და მწუხარებით აღსავსე ცხოვრება ჰქონდათ გასავლელი მედეასა და იასონს.

   არგონავტები მხიარულად გაუდგნენ გზას, თუმცა წინ კიდევ ბევრი ხიფათიანი თავგადასავალი ელოდათ: ჯერ იყო და სირენების ჯადოსნური სიმღერით მოიხიბლნენ და კინაღამ რიფებზე დაემსხვრათ გემი, მერე საშინელი ურჩხულები - სკილა და ქარიბდისი დაესხნენ თავს... ბოლოს, ქალღმერთ ჰერას დახმარებით, მაინც გააღწიეს სამშვიდობოს; შუადღისას კი ფეაკელთა მხიარულ კუნძულს მიადგენ, რომელსაც კეთილი და სამართლიანი მეფე ალკინოოსი მართავდა მზეთუნახავ დედოფალ არეტესთან ერთად.

 

* * *

   მეფე ალკინოოსი სიხარულით შეეგება სტუმრებს, მედეა დედოფალთან გაგზავნა, ხოლო არგონავტებს მდიდრული ნადიმი გაუმართა. სუფრას ჯერ არც კი შემოსხდომოდნენ, რომ კარი გაიღო და დარბაზში მეფე აიეტი შემოვიდა. ფეხზე წამოჭრილმა იასონმა ხელი შუბს წაავლო. ის იყო ხელჩართული ომი უნდა გაჩაღებულიყო, რომ ალკინოოსი უცებ მოეგო გონს და მოწინააღმდეგეთა შორის ჩადგა.

   რადგან არც ერთ მხარეს არ სურდა დათმობა, ალკინოოსმა საშველად გონიერებით განთქმულ დედოფალს უხმო. დედოფალმა მოდავეებს სასამართლოს გამართვა ურჩია, ხოლო პირუთვნელ მსაჯულად მეფე ალკინოოსი შესთავაზა. მეფემ ორივე მხარეს ყურადღებით მოუსმინა და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად თავის ოთახში განმარტოვდა.

   გვიან ღამემდე ფიქრობდა ალკინოოსი. მან ლოცვის შედეგად შეიტყო, რომ ათენასა და ჰერას არგონავტთა გამართლება სურდათ, ხოლო არტემისი და ჰელიოსი მათ დასჯას მოითხოვდნენ; ბოლოს გადაწყვიტა -საწმისი იასონისთვის დაეტოვებინა, რადგან მან აიეტის ყველა მოთხოვნა შეასრულა; მედეა კი მამისთვის დაებრუნებინა, რაკიღა იგი იასონის ცოლი არ იყო.

   მეფის გადაწყვეტილებამ გაახარა დედოფალი და მსწრაფლ მედეას სენაკს მიაშურა, მონა კი იასონის მოსაყვანად გაგზავნა. მისი გეგმის თანახმად, იასონი და მედეა სასწრაფოდ უნდა დაქორწინებულიყვნენ, რათა აიეტს კოლხეთში არ წაეყვანა ქალიშვილი. სამი ლანდი უჩუმრად გამოვიდა სასახლიდან და ოჯახის მფარველი დიდი ქალღმერთის - ჰერას ტაძრისკენ გაემართა.

   ჰერას მარმარილოს ქანდაკების წინ არეტემ მედეასა და იასონს ალკინოოსის გადაწყვეტილება გაანდო და, მათი სურვილის თანახმად, ქორწინების საიდუმლო რიტუალი ჩაატარა.

   მეორე დღეს მეფე ალკინოოსმა განაჩენი ამცნო საკრებულოს. აიეტს არ მოეწონა ალკინოოსის გადაწყვეტილება. მან იცოდა, რომ იასონი ვერას გახდებოდა მედეას დაუხმარებლად. მისი აზრით, საწმისი მედეას ეკუთვნოდა და რახან იგი მამასთან ბრუნდებოდა, საწმისიც თან უნდა წამოეღო. მაგრამ მისდა გასაოცრად გაირკვა, რომ საწმისს კი არა, მედეასაც ვეღარ იბრუნებდა, რადგან იგი უკვე იასონის ცოლი გამხდარიყო.

   მოტყუებულმა, შეურაცხყოფილმა აიეტმა დასწყევლა იასონი, მედეა, არგონავტები, მეფე ალკინოოსი; გამოვიდა სასახლიდან, ავიდა თავის ხომალდზე და უზომოდ განრისხებული შინ დაბრუნდა.

* * *

   დილით გზა განაგრძეს ელადელებმა, მაგრამ ისევ დაბრკოლდნენ - მეფე აიეტის წყევლა ეწიათ. როგორც კი იოლკოსის ნაპირს მიადგნენ, საშინელი გრიგალი ამოვარდა, არგო მოიტაცა და ისევ ზღვაში დააბრუნა, შემდეგ კი სადღაც უცხო მიწაზე გამორიყა. დინებამ გემი ნაპირს მიახეთქა და ღრმად ჩაფლა შლამში.

   კუნძული უნაყოფო და უკაცრიელი აღმოჩნდა. საკვებად ლოკოკინები უნდა შეეგროვებინათ მოგზაურებს და ზღვის მოქცევას დალოდებოდნენ, გემი წყალში რომ შეეცურებინათ. მაგრამ წყლიდან ამოსულმა ნიმფებმა ურჩიეს, მხრებზე შეედგათ ხომალდი და ხელით ეტარებინათ ქვეყნის კიდემდე, რადგან ზღვაში უეჭველად დაიღუპებოდნენ.

   ასეც მოიქცნენ არგონავტები, მაგრამ ძალიან გაგრძელდა მგზავრობა. ძნელი იყო გემის ხელით ზიდვა, უწყლობა და შიმშილი. გზაში მედეას ღონე გამოეცალა და კინაღამ დაეცა. ამ დროს წყლის ხმაც შემოესმათ. კლდიდან უზარმაზარი ჩანჩქერი გადმოსჩქეფდა. როცა წყურვილი მოიკლეს, დაღლილ-დაქანცულებმა იქვე მშვენიერი ბაღიც შენიშნეს, სადაც თეთრსამოსიანი ულამაზესი ქალწულები სეირნობდნენ.

   მედეას ამ მხარემ კოლხეთი მოაგონა. მხოლოდ იქ, ტკბილ სამშობლოში ენახა ასეთი ლურჯი ცა - ღრმა, თბილი და კრიალა. ახლაღა მიხვდა აიეტის ასული, რომ გზაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაეკარგა - მიწის, ცის და წყლის ენა აღარ ესმოდა. ბუნება - ერთ დროს ასეთი ცოცხალი, მეტყველი და ახლობელი - ახლა იდუმალი, უცხო, პირქუშად მდუმარე ჩანდა. მედეამ კიდევ ერთხელ ახედა ცას და პირველად მთელი მოგზაურობის მანძილზე უიმედოდ ამოიოხრა...

   ბაღის სიღრმეში, მწვანე მოლზე წვერებიანი გიგანტი იდგა, რომელიც ცის მძიმე თაღს მხრებით იჭერდა. ეს ბაღი ჰესპერიდებს ეკუთვნოდა, გიგანტი კი მათი ბიძა ატლანტი იყო. ელადელები ქვეყნის კიდემდე მოსულიყვნენ. აქედან კი, როგორც ნიმფებმა უთხრეს, ელადაში იოლად დაბრუნდებოდნენ.

* * *

   საშინლად გაღატაკებული  მოხუცი ესონი მარტოდმარტო ცხოვრობდა ნახევრად დანგრეულ ჩაშავებულ სახლში. დაუძლურებული მეფე თავად იმზადებდა შავი ფქვილის შეჭამანდს, მერე მთელი დღე გაუნძრევლად იჯდა იასონის მოლოდინში და თვლემდა.

   ერთ დღეს უცნაურმა ხმამ გამოაღვიძა მოხუცი, აიხედა და საოცარი ბრწყინვალებისგან დაბრმავებულმა ძლივს გაარჩია მისკენ მომავალი იასონი, რომელსაც ხელზე ოქროს საწმისი გადაეკიდა. ათრთოლებულ მოხუცს ფეხები მოეკვეთა. იასონმა კი მოისროლა საწმისი და მამას გადაეხვია, მერე ხელში აიტაცა და შინ შეიყვანა. იოლკოსელებმა მალე გაიგეს იასონის დაბრუნება, მაგრამ პელიასს ვერავინ გაუბედა ახალი ამბის შეტყობინება.

   იასონი თავად ეახლა მეფეს და საწმისი მიართვა. შეცბუნებული პელიასი უცებ მოეგო გონს და გულგრილად უთხრა, საწმისი ტაძარში დაეფინა - ღმერთებისთვის შეეწირა, თანაც კმაყოფილება გამოთქვა, ფრიქსოსის ოცნება რომ ახდა. იასონი ადგილიდან არ დაძრულა. იგი სულ სხვაგვარ შეხვედრას ელოდა მეფისგან და ახლა მისი მოქმედების ახსნას ლამობდა.

   პელიასმა კვლავ გაიმეორა ნათქვამი, თან დასძინა: - ცოტა ხნის წინ ღმერთები გამომეცხადნენ და მიბრძანეს, საწმისი არტემისის ტაძარში დავკიდო, რადგან შენ კოლხეთში ქალღმერთის საყვარელი ხარები და ათასთვალა გველეშაპი მოგიკლავსო.

   სიბრაზისგან თვალთ დაუბნელდა ესონის ძეს, უნდოდა, იქვე მოეკლა ცბიერი პელიასი, მაგრამ ახალი ცოდვის შეეშინდა და თავი შეიკავა. გამწარებულმა იასონმა მიატოვა ბიძის სასახლე და გულმოკლული შინ დაბრუნდა.

   მედეამ არად ჩააგდო ეს ამბავი. მან უკვე იცოდა, როგორ გადაეხადა სამაგიერო პელიასისთვის.

* * *

   გამოხდა ხანი. მედეასა და იასონს სამი ვაჟი შეეძინათ. გამართლდა აიეტის სიტყვები, დაუმსახურებლად მოპოვებულმა ოქროს საწმისმა იასონს სამეფო ტახტი ვერ დაუბრუნა. სიღატაკეში ცხოვრობდა არგონავტთა ლეგენდარული წინამძღოლის ოჯახი.

   მედეა არ ივიწყებდა პელიასის მიერ ჩადენილ უსამართლობას. ერთხელ ის სასახლეში წავიდა და მის ქალიშვილებს დიდი სპილენძის ქვაბი გამოართვა, რათა ესონისთვის გასაახალგაზრდავებელი ბანგი მოეხარშა. პელიასის ქალიშვილები ძლიერ დაინტერესდნენ და სთხოვეს, მათ გარეშე არ ეჯადოქრა.

   ღამით ფეხშიშველი მედეა სამი გზის გასაყარზე გავიდა, მიწისქვეშეთის ქალღმერთ ჰეკატეს უხმო და ჯადოქრობისთვის ძალა სთხოვა. ჰეკატემ სამჯერ შეახო მედეას ჯადოსნური კვერთხი და გაქრა.

   მეორე დღეს პელიასის ქალიშვილებს უხმო აიეტის ასულმა და ბანგის ხარშვას შეუდგა, ქვაბს გამხმარი ლეღვის ტოტით ურევდა. უეცრად ტოტს მწვანე კვირტები გამოესხა და ნაყოფით დაიხუნძლა. ბანგი მზად იყო.

 

   მედეა შინ შევიდა, სიბერისგან დასუსტებული, ბავშვივით მჩატე ესონი გარეთ გამოიყვანა და ბალახზე დააწვინა. მერე ბასრი დანით ყელთან ძარღვი ჩაუჭრა და დაელოდა, ვიდრე სისხლისგან დაიცლებოდა... ცოტა ხანში, როცა ძარღვებში ჯადოსნური ბანგი ჩაასხა, ჭრილობა შეხორცდა და გაახალგაზრდავებული ესონი იასონის უმცროს ძმას დაემსგავსა.

   შეშინებულმა, მაგრამ აღფრთოვანებულმა მეფის ასულებმა მედეას ცოტაოდენი ბანგი სთხოვეს პელიასისთვის.

   მედეამ ურჩია, საღამომდე მოეთმინათ, ძილში ხომ უფრო უმტკივნეულოდ მოხერხდებოდა პელიასისთვის სისხლის გამოცვლა. ქალიშვილებმა დაუჯერეს და შინ წავიდნენ. როგორც კი თვალს მიეფარნენ, მედეამ გადაასხა დარჩენილი ბანგი, შხამიანი ბალახები მოხარშა და საღამოს სწორედ ის შხამიანი ქვაბი გაატანა მეფის ასულებს.

   ღამით ქალიშვილებმა მძინარე მამას ყელი გამოღადრეს და ძარღვებში შხამი ჩაასხეს. პელიასი გაახალგაზრდავების ნაცვლად ნახშირივით რომ გაშავდა, მაშინღა მიხვდენენ, რომ სასტიკად მოტყუვდნენ, მაგრამ რაღას იზამდნენ?!

* * *

  გვერდი 1  |  გვერდი 2  |  გვერდი 3