EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ვაჟის, კაცის სახელები - დ »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 14:19:43

ვაჟის, კაცის სახელები - დ

ვაჟის, კაცის სახელები - დ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

baby-names

დადა (დადია) წმ. მოწამის სახელია, რომლის ეტიმოლოგია დაუდგენელია. აქედან ჩანს წარმოქმნილი გვარი დადიანი. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ივანე დადიანი " ქართლის ცხოვრებაში " იხსენიება 1046 წლის ამბებთან დაკავშირებით. XII ს-დან ცნობილი არიან ბედან და ვარდან დადიანები. ამ გვარის სახელოვან მოღვაწეთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა 1245 წ. კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე ცოტნე დადიანი, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

დადაშ - (ქართული) გავრცელებულია სვანეთში, ნიშნავს: " დედისა ". ფონეტიკური შედგენილობით ემთხვევა აზერბაიჯანულ სახელს, რომელიც სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს ( " ძმა "). ქართულში დადაშის ვარიანტული ფორმებია: თათაშ, ტატაშ. ამათგან წარმოქმნილი ჩანს გვარები: დათეშიძე, ტატაშიძე, თათაშვილი, ტატაშვილი.

დავით (ძველი ებრაული) მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული ბიბლიური სახელია, რომელიც სხვადასხვაგვარად განიმარტება: " საყვარელი ", " სასურველი ", " წინამძღოლი ", " მეგობარი "... დავით ერქვა ისრაელთა ლეგენდარულ მეფეს, - წინასწარმეტყველს, ფსალმუნთა ავტორს. ეს სახელი საქართველოშიც ძალზე პოპულარულია, ერქვა რამდენიმე ქართველ მოწამეს (დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე, - არგვეთის მთავრები, დავით გარეჯელი და სხვ. ) ერქვა საქართველოს ათამდე მეფეს, მათ შორის ყველაზე სახელოვანს – დავით აღმაშენებელს. ამ სახელის საალერსო-კნინობით ფორმებად ითვლება ქართულში: დათა, დათო, დათია, დათუნა, დათიკო, დათუკა, დათუა და მრავალი სხვა. სინამდვილეში ზოგი მათგანი უთუოდ დათვისაგან ნაწარმოები წარმართული სახელია (დათუა, დათუნა, დათუკა... შდრ. მგელა, გელა, ფოცხვერა, ლომა და ა.შ.). როგორც ძირითადი, ისე საალერსო ფორმებისაგან სხვადასხვა ბოლოსართების დართვით წარმოქმნილია რამდენიმე ათეული გვარი: დავითაია, დავითაშვილი, დავითიშვილი, დავითაძე, დავითიძე, დავითიანი, დავითულიანი, დავითური, დავითოშვილი, დავითელაშვილი, დავითიაშვილი, დათაშვილი, დათებაშვილი, დათიკაშვილი, დათიშვილი, დათოშვილი, დათუაშვილი, დათუაძე, დათუკაშვილი, დათუკიშვილი, დათუნაშვილი, დათუნაიშვილი, დათუსანი და სხვ.

დამიანე (ბერძნული) " მშვიდი ", " წყნარი ", " მორჩილი ". ამ სახელით ცნობილია რამდენიმე მოწამე, მათ შორის საკვირველმოქმედი მკურნალი. ამავე სახელს ატარებდა ბერად აღკვეცილი მეფე დემეტრე (1125-1156), დავით აღმაშენებლის ძე, " შენ ხარ ვენახის " ავტორი. XIV ს-დან ცნობილია ძველი ქართველი მხატვარი დამიანე, უბისის ტაძრის მომხატველი.

დანიელ (ძველი ებრაული) " მსაჯული ჩემი – ღმერთი ". ერთ-ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, ერქვა აგრეთვე რამდენიმე წამებულსა და წმინდანს. მისგან წარმოქმნილი გვარებია: დანიელაშვილი, დანიელიძე, დანელაშვილი, დანელიშვილი, დანელია.

დარისპან (სპარსული) " კარი ისპაანისა ". აქედანაა გვარი დარისპანაშვილი, სოფლის სახელი დარისპარაული (დარისპან-ა-ულ-ი).

დაჩი - ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს პირველი ცოლისაგან. ასე რომ, ეს სახელი საქართველოში უძველესი დროიდან გვხვდება: " ხოლო ვახტანგ უწოდა ძესა თვისსა სახელი სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი " ( " ქართლის ცხ "., I, 178). არსებობს ამ სახელის ეტიმოლოგიის რამდენიმე ცდა. მზია ანდრონიკაშვილის აზრით, სპარსული სახელი დარჩილ წარმოადგენს საშუალო სპარსულ ფორმას ძველი ირანული სახელისას Dარაყაცივრა ( " ტომის, გვარის მფლობელი, უფროსი ".) საშ. სპარსული ფორმა იქნებოდა Dარციჰრ, რომელიც ქართულში კანონზომიერად მოგვცემდა დარჩილს და დაჩის. მისივე აზრით, არის მეორე შესაძლებლობაც: Dარციჰრ გავიგოთ, როგორც მიღებული საშუალო სპარსულიდან - Dარბციჰრ ( " დარიოსის მოდგმისა "). აკაკი შანიძის ეტიმოლოგიის მიხედვით, დაჩი მიღებულია ქართული " დარჩი " ზმნის გამარტივებით. აღსანიშნავია, რომ XVII-XVIII სს. ისტორიულ დოკუმენტებში დასტურდება პიროვნული სახელი დარჩა, დარჩია და მისგან ნაწარმოები გვარები: დარჩაშვილი, დარჩიაშვილი, დაჩიბერიძე, დარჩიბეგიშვილი, დარჩია.

დევი - წარმოშობით სპარსული სიტყვაა, ქართულში ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ უჭკუო ზღაპრული არსების სახელია. ამავე დროს დევი დავით-ის ინგლისური ფორმაა (ადამიანის სახელად უმთავრესად სწორედ აქედან გავრცელდა). მისგან ნაწარმოები გვარებია: დევაძე, დევიძე, დევაური.

დემეტრე (ბერძნული) " მიწა – დედა ", სხვაგვარი განმარტების მიხედვით " დემეტრასი ". ანტიკური მითოლოგიის მიხედვით დემეტრა მიწათმოქმედების და ნაყოფიერების ქალღმერთია (იგივე ცერერა). ეს სახელი ერქვა საქართველოს რამდენიმე მეფეს, მათ შორის – დემეტრე (იგივე დიმიტრი) თავდადებულს. დიმიტრი ამ სახელის გვიანდელი ფორმაა, სადაც ე ხმოვანს ენაცვლება ი (ეს ცვლილება ბერძნულშივე მოხდა). ასეთივე ცვლილება სხვა სახელებშიც მომხდარა: ელია – ილია, ჰერეკლე_ერეკლე_ირაკლი, ესაია_ისაია და სხვა. უფრო ძველი ფორმები დაცულია გვარებში: დემეტრაძე, დემეტრაშვილი, ელიაშვილი, ელოშვილი, ელიაძე, ელიავა, ესაიაშვილი და ა.შ. დემეტრე-სა და დიმიტრი-ს შემოკლებული ფორმებია: დიტო, მიტო, დუტუ.

დემნა - ძველი ქართული სახელია, წარმოშობით ესეც დემეტრე-ს კნინობითი ფორმა უნდა იყოს.

დენის (თურქული) " ზღვა ". გვხვდება მისგან ნაწარმოები ქალის სახელიც – დენიზა.

დიანოზ (ბერძნული) " დიანოსი " (დიანა ნადირობის ქალღმერთის სახელია ანტიკურ მითოლოგიაში).

დიდიმ (ბერძნული) " მარჩბივი " ანუ " ტყუპთაგანი ", " ტყუპის ცალი " (მნიშველობის მხრივ შეადარეთ სახელ თომას).

დიმიტრი იხ. ზემოთ დემეტრე.

დიომიდე (ბერძნული) " ზევსის ნაფიქრი ", ან " ზევსის ნებით უფლებამოსილი " (ძველი ბერძნების უზენაესი ღმერთის სახელი ძეუს ნათესაობით ბრუნვაშია Dიოს " ზევსისა ").

დიონისე (ბერძნული) " დიონისესი " (დიონისე, იგივე ბახუსი, ითვლებოდა ღვინისა და მხიარულების ღმერთად).

დომენტი (ლათინური) " დამწყნარებელი ", " მომთვინიერებელი ", " დამმორჩილებელი ".

დოროთე (ბერძნული) " ღვთის მონიჭებული ", " ღვთის ნაჩუქარი ". ამავე მნიშვნელობისაა თეოდორე (თევდორე, თედორე), სადაც სახელის შემადგენელი სიტყვები იგივეა, ოღონდ შებრუნებული რიგით წარმოდგენილი: თეოს - " ღმერთი ", დორონ - " საჩუქარი " (შეადარეთ რუსული дар, по-дар-ок).

დურმიშხან (თურქული) " მდგომი ", " დამდგარი " (იგულისხმება: " კაცად დამდგარი ", " დავაჟკაცებული ").

დუტუ - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სახელია, ითვლება დიმიტრი-ს შემოკლების გზით მიღებულად, მაგრამ შესაძლოა წარმოშობით დამოუკიდებელი სახელი იყოს (უკავშირებენ ხურიტულს). ამ სახელს ატარებდა ფსევდონიმად პოეტი დიმიტრი ხოშტარია – დუტუ მეგრელი.