EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ვაჟის, კაცის სახელები - ე »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 15:04:52

ვაჟის, კაცის სახელები - ე

ვაჟის, კაცის სახელები - ე

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

baby-man-names

ეგნატე (ლათინური) " არმცოდნე "  (ვისაც ამბავი არ აუწყეს, არ შეატყობინეს). ეს სახელი ერქვა რამდენიმე გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეს და მღვდელმოწამეს. ქართველ მწერალთაგან ყველასათვის ცნობილია ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა). ეგნატე-საგან ნაწარმოებია გვარი ეგნატაშვილი.

ედიშერ (სპარსული) " ლომის დღესასწაული ". აქედანაა გვარი ედიშერაშვილი. ეს სახელიცა და გვარიც დასტურდება ქართულ ისტორიულ საბუთებში XVII ს-დან. შედარებით იშვიათად გვხვდება აგრეთვე გვარი ედიშერიძე.

ედუარდ (გერმანული) " საკუთრებაზე მზრუნველი ".

ევგენი (ბერძნული) " კეთილშობილი ". მისი შემოკლებული ფორმაა გენო (რუსულსა და ზოგ სხვა ენაში – ჟენია გვხვდება ქალის სახელადაც (ევგენია, შემოკლებით – ჟენია). ამ სახელით ცნობილია რამდენიმე მოწამე – კაცებიც და ქალებიც. ამ სახელიდან ნაწარმოებია გვარი ევგენიძე.

ევგრაფი (ბერძნული) " კარგად ნახატი ".

ევდემონ (ბერძნული) " ღმერთთაგან დაცული ", " ბედნიერი ".

ევდოკიმე (ბერძნული) " გამოჩენილი ", " სახელოვანი ".

ევსევი (ბერძნული) " კეთილმსახური ", " ღვთისმოსავი "  (გვხვდება აქედან წარმოქმნილი ქალის სახელიც – ევსევია).

ევსიხი (ბერძნული) " კეთილი სული ", " მშვიდი ", " წყნარი ".

ევტიხი (ბერძნული) " ბედნიერი ".

ელეფთერ (ბერძნული) " თავისუფალი ".

ელგუჯა (თურქული) " ხალხის ძალა ". ელგუჯა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების რომანის მთავარ გმირს, რამაც ხელი შეუწყო ამ სახელის ფართოდ გავრცელებას ჩვენში.

ელდარ (ძველი ებრაული) " ღვთის ნაჩუქარი " ; ან: (ირანული) " თავადი ", ბატონი ", " მმართველი ". ერთ-ერთი ძველი ალანური სამხედრო და წოდებრივი ტერმინია.

ელია (ძველი ებრაული) " ღმერთი ჩემი – იეღოვა "  (ან: " ღმერთი ჩემი სიმაგრე "). ერთ-ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, რომელიც არაერთგზის იხსენიება უძველეს ქართულ ტექსტებში: " და ხეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა "  (მათე 17, 3). ბერძნულიდან მომდინარე გვიანდელი ფორმა ამ სახელისა არის ილია (იხ.). ამ სახელისაგან წარმოქმნილი ქართული გვარებია: ელიაშვილი, ელოშვილი, ელიაძე, ელიავა, ელიაური.

ელიაზარ (ძველი ებრაული) " ღვთის წყალობა ", " ღვთის შემწეობა "  (სიტყვა-სიტყვით: " ღმერთია შემწე "). ამ ფორმით ქართულში ნაკლებად გვხვდება, მაგრამ გავრცელებულია მისგან მიღებული სახელი ლაზარე, რომლის მეშვეობით ნაწარმოებია გვარებიც: ლაზარიშვილი, ლაზარია. გვხვდება აგრეთვე ელიაზარაშვილის გვარიც. აქედანვეა ებრაული გვარები: ელიკეზერაშვილი, კეზერაშვილი.

ელიზბარ - ეტიმოლოგია არაა დადგენილი, ცნობილია 1659 წ. ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც თავის მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ამ სახელისაგანაა წარმოქმნილი გვარი ელიზბარაშვილი. კნინობითი ფორმაა ელიბო.

ელიოზ - ბერძნული ფორმაა ძველი ებრაული სახელისა ელია. ეს სახელი ერქვა მცხეთელ ებრაელს, რომელმაც ლონგინოზ კარსნელთან ერთად უფლის კვართი (ქრისტეს პერანგი) ჩამოიტანა საქართველოში: " და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა "  (ქართლის ცხოვრება ", I, 36) ამ სახელისაგან ნაწარმოები გვარი ელიოზისძე||ელიოზიშვილი დოკუმენტურად დადასტურებულია XV ს-დან.

ელისე (ძველი ებრაული) " ღმერთი - ხსნა ", " ვისი მხსნელიც ღმერთია ". ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია. აქედანაა გვარები: ელისაშვილი, ელიშაყაშვილი, ელიშაყოვი, ელიშაკოვი.

ემანუელ, ემანუილ (ძველი ებრაელი) " ჩვენთან არს ღმერთი ". ფონეტიკური ვარიანტია მანაველ||მანაველა, საიდანაც წარმოქმნილია ქართული გვარები: მანველაშვილი, მანველიშვილი, მანელიშვილი, მანველიძე, მანელიძე.

ემელიანე, ემელიან (ბერძნული) " ალერსიანი ". შეიძლება ეს სახელი დაუკავშირდეს ლათინურსაც და მაშინ ის იქნება ემილ-ის კნინობითი ფორმა, ან აღნიშნავს " ემილის კუთვნილს ". თვით სახელი ემილი გავრცელებულია ევროპაში და ნიშნავს " მეტოქეს "  (შეჯიბრების დროს). მისგან ნაწარმოებია ქალის სახელიც: ემილია.

ემზარ (ირანული) " თანამაცხოვრებელი "  (ეტიმოლოგია საეჭვოა).

ენრიკო (ძველი გერმანული) მოფერებითი ფორმაა სახელისა ჰენრიხ||ჰენრი, რომლის მნიშვნელობაც გაურკვეველია.

ენუქი (ძველი ებრაული) " ზრდილი "  (ნაწარმოებია ზმნური ფუძიდან ჰანაკ " აღზრდა ", " სწავლება "). აქედანაა წარმოქმნილი გვარები: ენუქიძე, ენუქიშვილი, ენუქაშვილი.

ეპიფანე (ბერძნული) " გამოჩენილი ", სახელგანთქმული ". იშვიათად ქართულში გვხვდება აგრეთვე მისის ფონეტიკური ვარიანტი ეტვფანე||ეტიფანე. შესაძლოა აქედან იყოს გვარი ეპიტაშვილი (ეტიპაშვილი||ეტიფაშვილი).

ერასტი (ბერძნული) " საყვარელი ", " მოსაწონი ", " მშვენიერი ". ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის სახელია. ქართულში გვხვდება XVII ს-დან.

ერეკლე - წარმოქმნილია ბერძენთა საყვარელი მითოლოგიური გმირის ჰერკულესის ანუ ჰერაკლეს სახელისაგან. თვით ჰერაკლე ნიშნავს " ჰერას (ზევსის მეუღლის) დიდებას ". ამავე სახელის შედარებით ახალი ფორმაა ირაკლი. ერეკლე ერქვა ქართველთა ორ მეფეს, მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ერეკლე II – პატარა კახი.

ერემია (ძველი ებრაული) " მაღალი "  (სიტყვა-სიტყვით: " ღმერთი აღამაღლებს "). ძველი ფორმაა იერემია, შემოკლებული – ერემო. აქედანაა გვარები ერემაძე, ერემაშვილი, ერემეიშვილი.

ერმალოზ (ბერძნული) " ჰერმესის ხალხი ". დღეს ეს სახელი უფრო გავრცელებულია ბოლო თანხმოვნის გარეშე: ერმალო.

ერმი (ბერძნული) ჰერმესი, იგივე მერკური; ანტიკურ მითოლოგიაში – მეცხოველეობისა და ვაჭრობის ღმერთი, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველი, ღმერთების მახარობელი.

ერმილე (ბერძნული) " ჰერმესის ტყისა ".

ეროსი (ბერძნული) " გულისთქმა ", " ხორციელი ლტოლვა ", " სიყვარული ".

ესაია (ძველი ებრაული) " ხსნა უფლისაგან ", " ღვთისაგან მოვლენილი დახმარება ". აქედანაა გვარი ესაიაშვილი. მერმინდელი ფორმაა ისაია.

ესრომ - ეტიმოლოგია უცნობია.

ესტატე (ბერძნული) " კარგად (მტკიცედ) მდგომი ", " მედგარი ". ამ სახელის უფრო ძველი ფორმაა ევსტათი (ეს სახელი ერქვა VI ს. ერთ-ერთ ქართველ მოწამეს – ევსტათი მცხეთელს). აქედანვეა უკრაინული ოსტაპი, რუსული ევსტაფი (ეს უკანასკნელი გვხვდება ქართულშიაც: ევსტაფი, ესტაფი). მოფერებითი ფორმაა ქართულში ტატე, საიდანაც მიღებულია გვარი ტატიშვილი.

ეფრემ - დამაჯერებელი ახსნა არ მოეპოვება; საეკლესიო კალენდრის მიხედვით ახსნილია როგორც " ნაყოფიერი "  (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ კარპე, პოლიკარპე); სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ნიშნავს " აღორძინებას ", ან " ნუგეშისმცემელს " ; სხვაგვარი ეტიმოლოგიით, მომდინარეობს ძველ ებრაელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან.

ექვთიმე (ბერძნული) " კეთილის მზრახველი ", " გულკეთილი ", " უზაკველი (უბოროტო) ".