EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

საბა რობაქიძე

lexikona

Avlahs

დავით...

konstantine




« ვაჟის, კაცის სახელები - ზ »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 15:05:01

ვაჟის, კაცის სახელები - ზ

ვაჟის, კაცის სახელები - ზ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

baby-man-names

ზაალ (სპარსული) " მოხუცი ". ეს სახელი ჰქვია ფირდოუსის " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ გმირს, როსტომის მამას, რომელიც მთლად თეთრი თმითა და წარბ-წამწამით დაიბადა და მამამისმა საამმა სწორედ ამიტომ დაარქვა " მოხუცი ". სხვებმა მას უწოდეს აგრეთვე ზარ - " ოქროსი " ამ ორი სახელის შეერთებით მიღებულია ზაალზარ, რომლის გამარტივებული ფორმაა ზაზა. ზაალის კნინობითი ფორმებია: ზალიკა, ზალიკო. აქედანაა გვარები: ზაალიშვილი, ზალიკაშვილი, ზალიკიანი. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია ზაალ არაგვის ერისთავი (1633-1660 წწ.). ის იყო კახეთის 1659 წლის ანტიირანული სახალხო აჯანყების მეთაური.

ზაზა - მიღებულია " შაჰ-ნამეს " გმირის ზაალ-ზარ-ის სახელისაგან (იხ. აქვე ზაალ). ზაზა ერქვა რამდენიმე ისტორიულ პიროვნებას, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ცნობილია ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, სამკურნალო წიგნის ავტორი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი (XV ს.) ზაზა-სა და მისი მოფერებითი ფორმებისაგან ნაწარმოებია გვარები: ზაზაძე, ზაზაშვილი, ზაზიაშვილი, ზაზიკაშვილი, ზაზანაშვილი, ზაზარაშვილი, ზაზუნაშვილი.

ზაურ (ირანული) " ძალა ". აქედანაა გვარები: ზაურაშვილი, ზავრაშვილი, ზავარაშვილი (სამივე ვარიანტი დასტურდება XVII ს-დან).

ზაქარია (ძველი ებრაული) " ღვთის მიერ დაუვიწყარი " (სიტყვასიტყვით: " ღმერთს ახსოვს "). ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, რომელიც გვხვდება სახარების უძველეს ქართულ თარგმანში: " რაითა ხიძიოს სისხლი ყოველთა წინასწარმეტყუელთაი, დათხეული დასაბამითგან სოფლისაით ნათესავისა ამისგან სისხლითგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა, ძისა ბარაქისა, რომელი წარწყმდა შოვრის საკურთხეველისა მის და ტაძრისა " (ლუკა 11, 50-51). ეს სახელი ერქვა არაერთ ისტორიულ პირს, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია თამარ მეფის ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი. ახლო წარსულიდან პირველ რიგში მოგვაგონდება დიდი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი. ზაქარია-ს მოფერებითი ფორმებია: ზაქრო, ზაქრუა, შაქრო, შაქარა... მათგან ნაწარმოები გვარებია: ზაქარიაძე, ზაქარიაშვილი, ზაქარაძე, ზაქარაშვილი, ზაქარიძე, ზაქარეიშვილი, ზაქარაია, ზაქარია, ზაქროშვილი, ზაქუტაშვილი, ზარქუა (_ზაქრუა), ზაქრაძე...

ზებედე (ძველი ებრაული) " მგელი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული მგელა, გელა, გერა, ირანული ვახტანგ, გურგენ, ბერძნული ლვიკოს, გერმანულ ადოლფ და სხვ.) ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის სახელია; სახარების უძველეს ქართულ თარგმანში იკითხება: მოციქულთა სახელები ესე არს:...იაკობ, ალფესი და ზებედე, რომელსა ხერქუა თადეოზ " (მათე 10, 3).

ზევახ - ეს სახელი დღეს იშვიათად გვხვდება, გავრცელებული იყო ძველ ქართულში, სადაც ის, როგორც ჩანს, შემოსულა ოსურიდან, ოსურში კი – სკვითურიდან. ნიშნავს " ზარმაცს ". სხვაგვარი განმარტებით, ჯავახ-ის უძველეს ვარიანტს წარმოადგენს. მცხეთაში აღმოჩენილი წარწერებიდან ცნობილია ზევახ პიტიახში (II ს.).

ზეზვა - ქართული სახელია, გაურკვეველი მნიშვნელობისა; განსაკუთრებით გავრცელებულია მთაში, ცნობილი ისტორიული პირია თუშთა ბელადი ზეზვა გაფრინდაული (XVII ს.).

ზენონ (ბერძნული) " ღვთისა ". ნაწარმოებია ბერძენთა უზენაესი ღვთაების – ზევსის სახელისაგან, რომელსაც უკავშირდება აგრეთვე არაერთი სხვა ბერძნული სახელი: ზენონა, ზინა, ზინაიდა, ზინობი, ზინობია.

ზვიად (ქართული) აქედანაა გვარები: ზვიადაძე, ზვიადაური. ერქვა მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს.

ზოსიმე (ბერძნული) " სიცოცხლისუნარიანი ". ბერძნულად ზოოს ნიშნავს " ცოცხალს ", " ცხოველს ". აქედანაა ნაწარმოები ზოილი ( " ცხოველთა მოყვარული "), რომელიც ჩვენში ადამიანის სახელად არ გვხვდება, მაგრამ მას ფსევდონიმად ხმარობდა ქართველი კრიტიკოსი დავით კეზელი. გადმოცემით, საბერძნეთის უდიდეს მწერალს ჰომეროსს ჰყოლია ერთი მკაცრი კრიტიკოსი, სახელად ზოილი, რის გამოც ეს სახელი უსამართლო კრიტიკოსის, ბოროტი მლანძღველის სინონიმად იქცა.

ზურაბ - ქართულში დამკვიდრებული ფორმაა სპარსული სახელისა (სურხაბ||სუხრაბ), რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც " წითელი წყალი ", მაგრამ ძველად ის ნიშნავდა აგრეთვე წითლად მოელვარე ძვირფას ქვას – ლალს. სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა უნდა ედოს საფუძვლად ადამიანის სახელს. ზურაბი ერქვა ლეგენდარული ირანელი გმირის როსტომის ვაჟს. იგი ჩვენში ფართოდ გავრცელდა " შაჰ-ნამეს " სხვა გმირთა სახელების მსგავსად. მისი კნინობითი ფორმებია: ზურაბა, ზურა, ზურია, ზურიკო. აქედანაა გვარები: ზურაბიშვილი, ზურაბაშვილი, ზურაშვილი, ზურიკაშვილი, ზურაბიანი, ზურაბაული.