EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

საბა რობაქიძე

lexikona

Avlahs

დავით...

konstantine




« ვაჟის, კაცის სახელები - ს »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 19:23:32

ვაჟის, კაცის სახელები - ს

ვაჟის, კაცის სახელები - ს

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სახელები-კაცის-ბავშვის

საბა (არამეული) " მოხუცი ", " პაპა ", ან: (ძველი ებრაული) " თავისუფლებას მოკლებული ", " ტყვე ". ეს სახელი ერქვა არაერთ ქართველს მოღვაწეს, როგორიცაა, მაგალითად, ქართლის კათალიკოსი საბა I (523-552 წწ.), საბა II (1146-1150 წწ.), გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და თანამოღვაწე საბა იშხნელი (VIII-IX სს.) და სხვანი. ბერად შედგომის შემდეგ საბა ერქვა დიდ მწერალსა და ლექსიკოგრაფს სულხან ორბელიანს (1658-1725 წწ.) ძველად წესად იყო, რომ ბერად აღკვეცილ პირს სახელი უნდა შეეცვალა, ოღონდ ახალი სახელი ძველს ემთხვეოდა საწყისი ბგერით. სწორედ ასეთია სულხან-საბა. საბა-საგან ნაწარმოებია გვარი საბაშვილი.

სავლე (ძველი ებრაული) " ნათხოვნი (ღვთისათვის) ", " ნავედრები " ( " თხოვნა-ვედრებით მიღებული "), " სასურველი ". ამავე სახელის ვარიანტია საულია.

სამოელ (ძველი ებრაული) " ღვთის მიერ შესმენილი ". სიტყვა-სიტყვით: " ღმერთმა შეისმინა (თხოვნა, ვედრება) ". ფონეტიკური ვარიანტია სამუელ.

სამსონ (ძველი ებრაული) " მზიანი ". აქედანაა გვარები: სამსონია, სამსონიძე, სამსონაძე.

სანდალა - ქართული სახელია, შესაძლოა ალექსანდრე-ს შემოკლებული გზით იყოს მიღებული.

სანდრო - ალექსანდრე-ს შემოკლებული ფორმაა, ქცეული დამოუკიდებელ სახელად (სანდრო შანშიაშვილი, სანდრო იაშვილი, სანდრო ახმეტელი, სანდრო ჟორჟოლიანი და სხვანი).

სარგის (ასურული) მნიშვნელობა დაუდგენელია. იგივე სახელი სომხურში შესულია სარქის-ის ფორმით. სარგისის სახელით ცნობილია ბევრი ისტორიული პირი, განსაკუთრებით თმოგველთა და ჯაყელთა საგვარეულოდან.

სარდიონ (ბერძნული) " მწითური " (სარდიონი ეწოდება წითელი ფერის მინერალს).

სარიდან (სპარსული).

საულია - იხ. შავლე.

საურმაგ (ირანული) " შავი ხელის მქონე ", " შავხელა ". ეს სახელი ერქვა ქართველთა მეფეს I საუკუნეში.

საჩინო (ქართული).

საყვარელა – შემოკლებით – საყვალა, ქართული სახელია (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ დავით.). აქედანაა გვარი საყვარელიძე.

სევასტი (ბერძნული) " ღირსეული ", " პატივსადები ", " წმინდა ". ამავე სახელის ფორმებია ევროპულ ენებში სებასტოს, სებასტიან (გაიხსენეთ დიდი გერმანელი კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახი). იმავე სატყვებისაგანაა ნაწარმოები ქალაქის სახელი სევასტოპოლი.

სევერიან (ლათინური) " მკაცრი ".

სეით (ძველი ებრაული) " სამაგიერო ". ბიბლიური ადამის ვაჟის სახელია, რომელიც ძველ ქართულ წყაროებში წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმით: სეთ//სმთ: " რომელ საგონებელ იყო ძედ... სეთისა " (ლუკა 3, 38, ჯრუჭ-პარხლის ოთხთავი; შდრ. სმთისა – ადიშის ოთხთავი); სეით: " ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 372). საბას ისინი სხვადასხვა სახელებად მიაჩნია: " სეთ დაბადებული ", " სეით სმა ". ამის გარდა, არსებობს აგრეთვე არაბული წარმოშობის ანთროპონიმი საიდ//საით, რომელიც შესულია სხვა აღმოსავლურ ენებშიც და შეძენილი აქვს ნაირგვარი მნიშვნელობანი, რაც ართულებს მათ ეტიმოლოგიზებას. ქართულში ამჟამად ვაჟის სახელად დასტურდება მხოლოდ სეით (ისიც იშვიათად), დანარჩენი ფორმები კი დაცულია გვარებში: სეთური, სეთურიძე, საითაძე, საითიძე, სეიდიშვილი.

სერაპიონ (ბერძნული) " სერაპისისა " (სერაპი ერქვა ძველ ეგვიპტელთა სიკვდილ-სიცოცხლისა და განკურნების ღვთაებას).

სერგი (ლათინური) რომაული გვაროვნული სახელია, საეკლესიო კალენდარში ითარგმნება როგორც " მაღალი ", " ღირსეული ", ან " მგზნებარე ". მისივე ვარიანტული ფორმაა ქართულში სერგო, კნინობითი – სერგია. ეს უკანასკნელი გვხვდება აგრეთვე გვარად.

სესე (ქართული) მნიშვნელობა უცნობია. კნინობით-საალერსო ფორმებია: სესია, სესიკა, სესიკელა, სესიტა. ამათგან წარმოქნილია გვარები: სესიაშვილი, სესიკაშვილი, სესიკელაშვილი, სესიტაშვილი.

სეფედავლე (არაბული) " სახელმწიფოს მახვილი " ამირანდარეჯნიანის " ერთ-ერთი გმირის სახელია. ამჟამად გვხვდება მხოლოდ შემოკლებული ფორმით: სეფე, აქედანაა გვარი სეფიაშვილი.

სეხნია (ქართული) " სახელის მოზიარე ", " თანამოსახელე ". აქედანაა გვარი სეხნიაშვილი.

სიკო – სიმონ-ის მოფერებითი ფორმაა, ქართულში იძენს დამოუკიდებელი სახელის მნიშვნელობას (სიკო ფაშალიშვილი, სიკო ვაჩნაძე, სიკო დოლიძე).

სილიბისტრო (ლათინური) " ტყისა ". ლათინურად სილვა ნიშნავს " ტყეს ", სილვანუსი კი ჰქვია ტყის ღმერთს. აქედანვეა კაცის სახელები სილოვან, სილიონ და ქალის სახელები: სილვანა, სილვია, სილვა.

სილოვან – იხ. სილიბისტრო

სიმონ (ძველი ებრაული) " შესმენილი ", " გამგონე " (სიტყვასიტყვით: " ღმერთმა გაიგონა " ; იგულისხმება, რომ ღმერთმა შეისმინა ლოცვა-ვედრება). ქართულში ფართოდ გავრცელებული სახელია, ერქვა ორ მეფეს (XVI-XVII სს.) და მრავალ გამოჩენილ პიროვნებას. ძველი ფორმაა სვიმონ, მოფერებითი ფორმებია სიკო, სისო, სიმონიკა. ამ სახელისაგან წარმოქმნილია რამდენიმე გვარი: სიმონიშვილი, სიმონიძე, სიმონია, სვიმონიშვილი. სვიმონია.

სისონა – ეტიმოლოგია დაუდგენელია. შეიძლება ნიშნავდეს " სისვისფერს ".

სოზარ – ძმების სოზარისა და ციოყის სახელები. ცნობილია სვანური ფოლკლორიდან, თუმცა ამჟამად მეტად იშვიათად გვხვდება. მათი ეტიმოლოგია დაუდგენელია.

სოკრატ (ბერძნული) " ძალა-უფლების დამცველი (შემნარჩუნებელი) ". მთელ მსოფლიოში განთქმული ათენელი ფილოსოფოსის სახელია.

სოლომონ (ძველი ებრაული) " წყნარი ", " მშვიდი ", " მშვიდობიანი ". ლეგენდარული ბრძენისა და ებრაელთა მეფის სახელია. ქართულში ძველთაგანვე გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმებია: სოლო, სოლიკო. მისგან ნაწარმოები გვარებია: სოლომონია, სოლომონიშვილი, სოლომნიშვილი, სოლოშვილი. ამავე სახელის აღმოსავლური ვარიანტია სულეიმან.

სოსან, სოსანა (ქართული) ძველად გავრცელებული, დღეს იშვიათი სახელი. მოეპოვება ნაირფეროვანი ვარიანტები: სოსა, სოსია, სოსე, სოსება, სოსელა... ჟამთააღმწერელის ცნობით, სოსანი ერქვა ლაშა-გიორგის ძის, დავით უფლისწულის მსახურს, რომელიც თან ახლდა მას ტყვეობაში: " დავითს პირველვე თანა წარტანებულ იყო ვინმე, სახელით სოსან, რომელი მიეცა მამასა მისსა ლაშას " ( " ქართლის ცხოვრება ", II, 203). სოსანი მინდვრის ლამაზი ყვავილის სახელია, მაგრამ ვაჟისა და ყვავილის სახელების ეტიმოლოგიური კავშირი ამ შემთხვევაში ნაკლებად სარწმუნო ჩანს. უფრო სავარაუდოა, რომ ანთროპონიმი სოსანი დაკავშირებულია ნართული ეპოსის ცნობილი გმირის სახელთან (იხ. სოსლან).

სოსლან (ოსური) ნართების ეპოსის ერთ-ერთი გმირის სახელია, მომდინარეობს ინგუშურიდან. ცნობილია ოსეთის უფლისწული, თამარის მეფის მეუღლე დავით სოსლანი.

სოსო – იოსებ-ის მოფერებითი ფორმაა, ქართულში დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენცია ახასიათებს.

სოფრომ (ბერძნული) " საღად მოაზროვნე ", " კეთილგონიერი ".

სპარტაკ - ხშირად განმარტავენ ლათინურის მიხედვით როგორც " სპარტელს " ( " ქალაქ სპარტის მცხოვრებს "), მაგრამ ასეთი ახსნა სწორად არ მიიჩნევა. უფრო დამაჯერებლად ითვლება ვარაუდი, რომ ეს სახელი წარმოშობით თრაკიულია და ნიშნავს " ფეხით გამქელველს ", " დამთრგუნველს ". სწორედ თრაკიელი იყო საბერძნეთის აჯანყებულ მონათა ბელადი სპარტაკი (ძვ. წ. I ს.), რომლის შესახებაც მოგვითხრობს ჯიოვანოლის რომანი " სპარტაკი ". ეს სახელი ქართულში ახალი შემოსულია.

სპირიდონ – ეტიმოლოგია გაურკვეველია. საეკლესიო კალენდრის მიხედვით ნიშნავს " დაწნულ მრგვალ კალათას ". მზია ანდრონიკაშვილის აზრით, მიღებულია ფრიდონ-ისაგან: ფრიდონ→ფირიდონ→სფირიდონ//სპირიდონ (‘ი’ და ‘ს’ განვითარებულია).

სტეფანე (ბერძნული) " გვირგვინი ". ეს სახელი აგრეთვე ფართოდ გავრცელებულთა რიგს ეკუთვნის და სხვადასხვა ენაში შესულია ნაირ-ნაირი ფორმით: გერმანულშია შტეფან, ფრანგულში - ეტიენ, უნგრულში – იშტვან და ა. შ. ძველ ქართულში გავრცელებული ფორმა იყო სტეფანოს, რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ მცხეთის ჯვრის წარწერებში (VI ს.): " ჯუარო მაცხოვრისაო, სტეფანოს ქართლისა პატრიკოსი შეიწყალე ". ამ სახელისაგან არის წარმოქმნილი გვარები სტეფანიშვილი, სტეფანია და ტეფნაძე.

სულა (ქართული) ამჟამად გავრცელებულია მოფერებითი ფორმით: სულიკო. მისგან ნაწარმოები გვარებია: სულაძე, სულიაშვილი, სულიკაშვილი.

სულხან (არაბული) " სამართლიანი ". აქედანაა გვარი სულხანიშვილი. სულხანი ერქვა ერისკაცობაში დიდ ქართველ მწერალს საბა ორბელიანს.