EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« უცხო ტერმინთა მცირე ლექსიკონი »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-30 13:25:38

უცხო ტერმინთა მცირე ლექსიკონი

აბერაცია - ლათინურად ნიშნავს გადახრას.

აგნოსტიციზმი (ბერძ. ა-უარყოფთი ნაწილაკი და gnosis - ცოდნა, შემეცნება) - ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სინამდვილის ობიექტური კანონების ადექვატურად შემეცნების შესაძლებლობას უარყოფს. აგნოსტიციზმის თანახმად, შეგრძნებების აღქმის შინაარსს საგანი, სინამდვილე კი არ განსაზღვრავს, არამედ შემმეცნებელი სუბიექტი. აგნოსტიკოსები პრინციპულად თიშავენ „მოვლენებს“ იმისგან, რაც გვევლინება, შეგრძენას იმისგან, რაც შეიგრძნობა. აგნოსტიკური ეჭვი ეხება არა მხოლოდ ობიექტური სამყაროს არსებობასა და მის შემეცნებას, არამედ ღმერთის არსებობასა და მის შემეცნებასაც.

ავტონომიურობა - ნორმატიული ეთიკა, რომელსაც მორალური პრინციპები გამოჰყავს ზნეობის შინაგანი კანონებიდან. ავტონომიური ეთიკის იდეა ეკუთვნის კანტს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქცევა ზნეობრივად შეიძლება ჩაითვალოს, როცა მას „მორალური კანონის პატივისცემა“ ახლავს და თავისუფალია პირადი დაინტერესებისგან, პატივმოყვარეობისაგან და სხვა. კანტის ფორმულას - „მოვალეობა მოვალეობისათვის“ - ის აზრიც აქვს, რომ არ შეიძლება ზნეობრივი კანონის დამტკიცება ცდით, იგი თავისთავად ცხადი პრინციპია.

ანგლიკანური ეკლესია - ერთ-ერთი პროტესტანტული, ეპისკოპალური ეკლესია. ჩამოყალიბდა XVI ს-ის რეფორმაციის პერიოდში, როგორც ინგლისის სახელმწიფო ეკლესია. ჰენრი VIII-მ მხარი დაუჭირა რეფორმაციას, ინგლისის ეკლესია ჩამოაშორა რომის ეკლესიას და სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა „სუპრემატიის აქტით“ (1534). მონასტრები დახურეს. შეიტანეს ნაწილობრივი ცვლილებები კათოლიკურ ღვთისმსახურებაში (1536-43). ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია მეფე. საეკლესიო იერარქიას სათავეში უდგას პრიმასი - კენტერბერგის მთავარეპისკოპოსი. მას მოსდევს იორკის მთავარეპისკოპოსი, ორმოცამდე ეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები. ეპისკოპოსთა უმრავლესობა ლორდთა პალატის წევრია. საეკლესიო გადაწყვეტილებას ამტკიცებს პარლამენტი.

ანთროპოლოგია - მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და განვითარების, ადამიანთა აგებულების, რასების ჩამოყალიბების შესახებ. იკვლევს ადამიანის ფიზიკური ტიპის ვარიაციებს დროსა და სივრცეში.

ანთროპოსოფია - თეოსოფიის სახეობა, რელიგიურ-მისტიური მოძღვრება, რომელიც ღმერთის ადგილას გაღმერთებულ ადამიანს აყენებს. როგორც თეოსოფიური სექტა, დააფუძნა რ.შტაინერმა (1913). განსაკუთრებით გავრცელდა I მსოფლიო ომის შემდეგ. შტაინერისა და მისი მიმდევრების გაგებით ანთროპოსოფია არის ადამიანის, ღვთიური ქმნილების შესახებ უმაღლესი ცოდნა, რომლის წვდომა შეიძლება სპეციფიური, უშუალო სულიერი ხილვის გზით. პანთეიზმის მსგავსად, ანთროპოსოფიას მიაჩნდა, რომ ღმერთი ბუნებაში, სამყაროშია გათქვეფილი და ადამიანში ისხამს ხორცს, აღდგება.

ანიმიზმი (ლათ. anima - სული) - რწმენა იმისა, რომ ყველა საგანს აქვს სული, საერთოდ სულების არსებობს რწმენა.

ანიჰილაცია - მოსპობა, განადგურება.

ანტინომია - ვითარება, როცა შესაძლებელია (მიღებული პრინციპებიდან) დავამტკიცოთ და ამავე დროს უარვყოთ რაიმე დებულება (ან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დებულების ტოლფასობა). ანტინომიას ზოგჯერ პარადოქსსაც უწოდებენ. ანტინომები პირველად ძველმა ბერძენმა მოაზროვნეებმა აღმოაჩინეს.

აპოლოგია - ვისიმე ან რისიმე დაცვა, გამართლება, გამოსარჩლება (ზეპირად ან წერილობით). სიტყვა „აპოლოგია“ ხშირად იხმარება წინასწარგანზრახული დაცვის, გადაჭარბებული შექების, განდიდების მნიშვნელობით.

აპოკატასტასი (ბერძ.) - ორიგენესაგან მომდინარე სწავლება, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ ცხონდება ყველა, ცოდვილთა და თვით დემონთა ჩათვლით.

აპორია (ბერძ. apora - გამოუვალი მდგომარეობა) - დაუძლეველი ლოგიკური წინააღმდეგობა რაიმე პრობლემის გადაჭრისას.

აპოსტასია (ბერძ.) - ურწმუნოება, სარწმუნოებისაგან განდგომა.

აპრიორი - რაც წინ უსწრებს ცდას, რაც ცდისგან დამოუკიდებელია. ცოდნა აპრიორულია, თუ ცდით მისი არც დადასტურება შეიძლება და არც უარყოფა. XVII-XVIII სს-ის ფილოსოფიაში ტერმინი „აპრიორი“ დაკავშირებული იყო „თანდაყოლილი იდეების“ მოძღვრებასთან. ი.კანტის ფილოსოფიაში, ამ ტერმინის ძველი შინაარსისგან განსხვავებით, აპრიორულობით ხასიათდება მხოლოდ ცოდნის ფორმა და არა შინაარსი. ცოდნის ფორმა, რომლის გამოც ცოდნას საყოველთაო და აუცილებელი ხასიათი ენიჭება, არ არის დამოკიდებული ცდაზე, ის აპრიორულია. კანტის მიხედვით, ცოდნის აპრიორული ფორმები ორგვარია: გრძნობადი ინტუიციის ფორმები (სივრცე და დრო) და განსჯის კატეგორიები (მიზეზობრიობა, აუცილებლობა და სხვა.)

ასტროლოგია - ცრუ მოძღვრება, ვარსკვლავთმისნობა, რომლის თანახმად ციური სხეულების ურთიერთგანლაგებისა და ზოდიაქოს 12 თანავარსკვლავედის ან ჰორიზონტის მხარეების მიმართ მათი მდებარეობის მიხედვით ადგენენ ე.წ. ჰოროსკოპებს, რომელთა მიხედვით ვითომდა შესაძლებელია ისტორიის მოვლენათა, ადამიანის ან მთელი სახელმწიფოს მომავლის წინასწარმეტყველება.

აქციდენცია (ლათ. accidens - შემთხვევითობა) - საგნის შემთხვევითი, არაარსებითი თვისება.

ბუდიზმი - რელიგია, რომლის შემქმნელად ითვლება სიდჰართა გაუტამა, რომელსაც შემდეგ ეწოდა ბუდა. წარმოიშვა ძვ.წ. IV-V სს-ში, ჩრდილოეთ ინდოეთში.

განმანათლებლობა - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენელთა აზრით დრომოჭმული საზოგადოებრივი წყობილება, ზნეობა, პოლიტიკა და ყოფა შესაძლებელია შეიცვალოს სიკეთისა და სამართლიანობის იდეების და მეცნიერული ცოდნის გავრცელებით. ამასთან ეს ცვლილებები უნდა მოხდეს მშვიდობიანი რეფორმების მეშვეობით. განმანათლებლობას საფუძვლად უდევს ისტორიის იდეალისტური გაგება, საზოგადოებრივი წყობილების მანკიერებებს იგი ხსნის ადამიანის უვიცობით, მათ მიერ საკუთარი ბუნების უცოდინრობით; ვერ ითვალისწინებს ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობას და ამიტომ ვერც კლასობრივი ბრძოლის გადამწყვეტ როლს საზოგადოების ცხოვრებაში. განმანათლებლობის იდეების ფართოდ გავრცელდა მრავალი ქვეყნის მეცნიერებაში, მხატვრულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში და საფუძვლად დაედო ე.წ. განმანათლებლურ ეტაპს მათი განვითარების ისტორიაში. ცნობილი განმანათლებლები იყვნენ ვოლტერი, რუსო, მონტესკიე, დ'ალამბერი, დიდრო, ჰოლბახი, ჰერდერი, ლესინგი, შილერი, გოეთე, ფრანკლინი, პეინი, დესნიცკი, კოზელსკი და სხვ. ისინი უდიდესი პათოსით ებრძოდნენ ეკლესიას, რელიგიურ დოგმატიკას, სქოლასტიკურ აზროვნებას. XVIII ს-ში განმანათლებლობამ დიდი გავლენა მოახდინა სოციოლოგიურ შეხედულებათა ჩამოყალობებაზე.

გნოსეოლოგია (ბერძ. gnosis - ცოდნა logos - სიტყვა) - მოძღვრება მეცნიერული შემეცნების შესაძლებლობათა და საშუალებათა შესახებ, შემეცნების თეორია.

გნოსტიციზმი (ბერძ. შემმეცნებელი) - აღმოსავლურ მითოლოგიაზე დაფუძნებული გვიანდელ ანტიკურ რელიგიურ მიმდინარეობათა ზოგიერთი ადრინდელი ქრისტიანული ერეტიკული მოძღვრებისა და სექტის სახელი. ყველაზე დიდ განვითარებას გნოსტიციზმმა II ს-ში მიაღწია. გნოსტიციზმის თანახმად სული დაცემულია უმდაბლესი ღვთაების - დემიურგის მიერ შექმნილ მატერიალურ სამყაროში. მატერიას კი გნოსტიციზმი განიხილავს ბოროტ საწყისად, ცოდვების წყაროდ, რომელიც უნდა გადაილახოს. მისი წარმოდგენით სამყაროში საფეხურები ანუ სფეროები არსებობს. მათ დემონები განაგებენ, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანთა ხსნას. II ს-ში ქრისტიანობამ საბოლოოდ დაამარცხა გნოსტიციზმი.

გრიგორიანელები - გრიგორის კალენდრის მიმდევრების ახალი სტილი, წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შემოიღეს 1582 წელს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის დროს.

გურუ (სანსკ.) - მოძღვარი, მასწავლებელი.

დეიზმი (ლათ. Deus - ღმერთი) - XVII-XVIII სს-ში გავრცელებული რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც უარყოფს პიროვნული სახით ღმერთის არსებობას და მის ყოველდღიურ ჩარევას სამყაროში, მაგრამ ცნობს მას, როგორც სამყაროს უპიროვნო პირველსაწყისს. ღმერთმა თითქოს დააწესა კანონები და მას შემდეგ ეს კანონები მართავენ სამყაროს ღმერთისგან დამოკიდებლად. დეიზმი სამშობლოა ინგლისი. მისი ფუძემდებელია ლორდი ე.ჩერბერი.

დეტერმინიზმი (ლათ. deternimare - განსაზღვრა) - ფილოსოფიური მოძღვრება სამყაროს მიზეზობრივი განსაზღვრულობის, კერძოდ ბუნების, საზოგადოების ან მათი ცალკეული საგნების (საგანთა კლასის), მოვლენების თუ პროცესების მიზეზობრივად განმსაზღვრელი (მადეტერმინირებელი) პროცესების შესახებ. დეტერმინიზმის მიხედვით ყველა მოვლენას თავისი გარკვეული მიზეზი აქვს, უმიზეზო მოვლენები არ არსებობს. დეტერმინიზმი მთელი ფილოსოფიური და მეცნიერული ცოდნის ერთ მთლიან სისტემად გააზრების პრინციპიც არის. არსებობს დეტერმინიზმის მატერიალისტური და იდეალისტური თეორიები. ორივე ფორმა ჯერ კიდევ ძვ. ბერძნულ ფილოსოფიაში არსებობდა. მატერიალისტური დეტერმინიზმის პრინციპებს იცავდნენ ჰერაკლიტე, დემოკრიტე, ეპიკურე; ხოლო იდეალისტურისას პლატონი და არისტოტელე. დეტერმინიზმის იდეა შემდგომ განვითარდა ახალი დროის ფილოსოფიაში, კერძოდ მას იცავდნენ ბეკონი, ჰობზი, დეკარტი, სპინოზა, ჰოლბახი, დიდრო. ყველაზე მოხდენილად ეს იდეა სპინოზამ დაახასიათა: „საგანთა ბუნებაში არაფერია შემთხვევითი“. დეტერმინიზმის საპირისპიროა ინდეტერმინიზმი, რომელიც აღიარებს ადამიანის ნების აბსოლუტურ თავისუფლებას.

დიალექტიკა (ბერძ. საუბრის ან კამათის წარმართვის ხელოვნება) - მოძღვრება განვითარების უზოგადეს კანონზომიერებებზე, რომლის შინაგანი წყაროა დაპირისპირებულთა ერთიანობა და ბრძოლა. ამ უკანასკნელს დიალექტიკის თეორიასაც უწოდებენ. თვით ტერმინი „დიალექტიკა“ განვითარების (მოძრაობის, ცვალებადობის) სინონიმად არის მიჩნეული და ფილოსოფიის ისტორიაში სხვადასხვა აზრით იხარებოდა. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე დიალექტიკის თეორიამ გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიაში, კერძოდ, ჰეგელის იდეალისტურ სისტემაში მიიღო.

დილემა - მსჯელობა ან დასკვნა, რომელიც შეცავს ორ, ერთმანეთის გამომრიცხავ დებულებას, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია. ბ) გადატანითი მნიშვნელობით დილემას უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი იძულებულია მისთვის არასასურველი შესაძლებლობიდან აირჩიოს ერთერთი.

დისკურსი (ლათ. მსჯელობა) - დისკურსიული აზროვნება, განსჯა, მსჯელობა, რომლის დროსაც ყოველი ახალი აზრი ლოგიკურად გამომდინარეობს წინა აზრებისაგან. დიკურსიული - ლოგიკური გზით მიღწეული შემეცნებაა (განსხვავებით ინტუიციურისაგან, რომელიც უშუალო ჭვრეტით მიიღწევა).

დოკეტიზმი (ბერძ. dokein - მოჩვენებითი) ერეტიკული სწავლება, რომლის მიხედვითაც, ქრისტეს არ გააჩნია ნამდვილი სხეული, მისი შობა და სიკვდილი კი მოჩვენებითი იყო.

დუალიზმი (ლათ. dualis - ორნაირი, ორგვარი) - რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სამყაროს საფუძვლად ორ ურთიერთსაპირისპირო საწყისს - მატერიასა და ცნობიერებას აღიარებს. სინამდვილის ეს ორი განზომილება თანაბარმნიშვნელოვანია, არც ერთი არ უსწრებს დროში მეორეს. ამ მიმდინარეობის კლასიკური წარმომადგენელია დეკარტი. მონიზმი (ბერძ. monos - ერთი) - რომელსაც ყოველივეს საფუძვლად ერთი საწყისი მიაჩნია და პლურალიზმი (ლათ. pluralis - მრავლობითი), რომელიც მრავალის საწყისის მაღიარებელია.

ებიონიტები (ებრ. გლახაკები) ერეტიკული სექტა, რომლის მიმდევრებიც უარყოფდნენ ქრისტეს ღმრთაებრიობას.

ეგზისტენციალიზმი (ლათ. არსებობა) - ერთერთი გავრცელებული იდეალისტური მიმდინარეობა თანამედროვე ფილოსოფიაში. წარმოიშეა XX ს-ის 20-იან წლებში გერმანიაში, საიდანაც გავრცელდა ვვროპის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთში. იგი გამოხატავს დასავლეთის ინტელიგენციის რადიკალურ სულიერ კრიზისს, რომელმაც განსაკუთრებით იჩინა თავი ორი მსოფლიო ომის შედეგად. აღმოჩნდა, რომ ინდუსტრიული ცივილიზაციის პირობებში ადამიანი არაადამიანურ მდგომარეობაშია მოქცეული, გაუცხოვებულია, დაკარგული აქვს თავისუფლება და პიროვნულობა, მისგან შეუცნობ სოციალურ ძალებს სულიერი და ბოლოს ფიზიკური კატასტროფისკენ მიჰყაეს სწორედ ეს აღმოჩენა და შესატყვისი განწყობილება განსაზღვრავს ეგზისტენციალისტური აზროვნების ზოგად ხასათს. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებად მიაჩნიათ: რუსი მოაზროვნეები ნ.ბერდიაევი და ლ.შესტოვი; ფრანგი მწერლები და ესეისტები ა.კამიუ, ს.ბოვუარი, სარტრი და მარსელი. ეგზისტენციალიზმის მიმდევრები თავისი თვალსაზრისის საილუსტრაციოდ ხშირად იყენებენ ფ.კაფკას და თ.დოსტოევსკის შემოქმედებას.

ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრალური ცნებაა „ეგზისტენციის“ ცნება. იგი ცდილობს დაამტკიცოს სიცოცხლის უაზრობა, საზოგადოებრივი მოღვაწეობის უნაყოფობა, ზნეობის ზედმეტობა და მისთ.

ეზოტერიზმი (ბერძ. esoterikos - შინაგანი) - რაიმე მოძღვრების ის საიდუმლო შინაარსი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ განდობილთათვის, ამ მოძღვრების მიმდევართა ელიტარული ნაწილისათვის.

ესენცია (ლათ. essentia - არსი, არსება) და ექსისტენცია (ლათ. existentia - არსებობა) - ცნება, ადამიანური პიროვნების არსებობის წესის აღმნიშვნელი.

ესქატოლოგია (ბერძ. eschatos - უკანასკნელი) - მოძღვრება სამყაროსა და ადამიანის საბოლოო ბედზე.

ვიტალური (ლათ. vita - სოცოცხლე) - სასიცოცხლო, სიცოცხლესთან დაკავშირებული.

ვოლუნტარიზმი (ლათ. volunta - ნებისყოფა) - მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ყოველივე არსებულის საფუძველს ნება, ნებისყოფა წარმოადგენს.

თანატოლოგია (ბერძ. Thanatos - სიკვდილი) - ვიწრო მნიშვნელობით მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ორგანიზმში მიმდინარე სიკვდილის წინა და სიკვდილის შემდგომ პროცესებს, უფრო ზოგადი მნიშვნელობით სწავლება სიკვდილის არსის შესახებ.

თეიზმი (ბერძ. Theos - ღმერთი) - მოძღვრება, რომელიც აღიარებს, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და განაგებს მას.

თეოზისი (ბერძ.) - იგივეა, რაც განღმრთობა.

თეოსოფია (ბერძ. ღმერთის შემეცნება) - მისტიკურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვით თითქოს მისტიკური ჭვრეტის გზით შესაძლებელია ღვთის შემეცნება და ურთიერთობა მიღმიერ სამყაროსთან. თეოსოფია არის რელიგიურ-მისტიკური მოძღვრება, რომელიც დაკავშირებულია მისტიკოსების ე.ბლავაცკაიას და ჰ.ოლკოტის სახელებთან. თუმცა თეოსოფიის მსგავსი სისტემები ყალიბდებოდა ჯერ კიდევ ძველ აღმოსავლეთში ბრაჰმანიზმისა და ბუდიზმის სახით. თეოსოფია აისახა ა.პარაცელსუსის, ვ.ვაიგელის, ი.ბემეს, სენ-მარტენის, ე.სვედენბორგის შეხედულებებში. ე.ბლავაცკაიას ინიციატივით 1875 წ. ნიუ-იორკში შეიქმნა „თეოსოფიური საზოგადოება“, 1882 წ. კი მისი ფილიალი ინდოეთში. თეოსოფიურმა საზოგადოებამ წამოაყენა შემდეგი სამი პროგრამა; 1) შეიქმნას საკაცობრიო ძმობა ეროვნების, რელიგიის, სქესისა და სხვ. განურჩევლად. 2) შესწავლილ იქნეს აღმოსავლეთის ყველა რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება; 3) შესწავლილ იქნეს აგრეთვე ბუნების საიდუმლო და აუხსენლი მოვლენები და განვითარდეს ადამიანის ზეგრძნობადი ძალები. თავისი შეხედულებები ბლავაცკაიამ გადმოსცა შრომებში: „საიდუმლო დოქტრინა“, „თეოსოფიის გასაღები“ და სხვ. მისი თეორია ბუდიზმის, ბრაჰმანიზმის, გნოსტიციზმის, ქრისტიანული ფილოსოფიის, ალქიმიისა და სხვა მოძღვრებათა ნარევია. უახლოვდება ოკულტიზმს, სპირიტიზმს, ანთროპოსოფიას.

ილუზიონიზმი (ფრანგ. მოტყუება, შეცდენა) - სახვით ხელოვნებაში, ხილული სამყაროს იმიტაცია საგნებისა და სივრცის რეალურად არსებობის შთაბეჭდილების შექმნა. წარმოიშვა ანტიკურ ფერწერაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რენესანსის ხელოვნებაში, ერთ-ერთი პრინციპი გახდა ბაროკოს მონუმენტურ-დეკორატიულ ხელოვნებაში.

ანტიმეცნიერული სუბიექტურ-იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც მატერიალური სამყარო არის მხოლოდ მოჩვენებით ილუზია.

იმანენტური (ლათ. immanensis, immanentis) - საგნის ან მოვლენის შინაგანად დამახასიათებელი, მისთვის ნიშანდობლივი, მისი ბუნებიდან გამომდინარე.

ინდიფერენტიზმი - გულგრილი, განურჩეველი დამოკიდებულება რაიმესადმი.

ინდუიზმი (ჰინდუ დჰარმა) - რელიგია, რომელიც სათავეს იღებს ინდური ტომების რელიგიების სინთეზის საფძველზე, მისი ძირითადი სტრუქტურული ელემენტები ვედური რელიგიიდან მოდის. ინდუიზმს უწოდებენ ბრაჰმანიზმის იმ ფორმას, რომელიც მან მიიღო ახ. წ. I ათასწლეულში.

ინსპირაცია (ლათ. inspiratio) - ვინმესთვის რაიმე მოქმედების, აზრის შთაგონება.

ინსტიქტი (ლათ. instinctus - განზრახვა) - ორგანიზმის თანდაყოლილი, მიზანშეწონილი, მაგრამ არაცნობიერი მოქმედება გარემო პირობების ცვლილებათა საპასუხოდ.

ინტუიცია (ლათ. intuieri - ჭვრეტა) - საგნის ან მოვლენის უშუალო ჭვრეტა ცდისა და გონებრივი დასკვნის გარეშე.

ინფერნალური (ლათ. infernalis - ჯოჯოხეთისა) - ჯოჯოხეთთან დაკავშირებული, მისგან გამომავალი.

ირაციონალიზმი (ლათ. არაგონივრული) - იდეალისტური ფილოსოფიის მიმდინარეობა, რომელიც უარყოფს ან ზღუდავს გონების შემეცნების უნარს, უპირისპირდება რაციონალიზმს. ირაციონალური საწყისი სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი (ნებელობა, ქვეცნობიერი იმპულსი, წარმოსადახვა და სხვ.) ირაციონალისტური მიმდინარეობების ფილოსოფიური პოზიცია არ არის ბოლომდე გარკვეული, რადგან ზოგიერთი მათგანი საწყისად, პირველადად მიიჩნევს ადამიანის ფსიქიკის ელემენტებს და სუბიექტურ-იდეალისტურ თვალსაზრისს იცავს, ზოგიერთი კი ააბსოლუტებს ამ ელემენტებს.

კათოლიკობა - ქრისტიანული რელიგიის მიმდინარეობა. წარმოიშვა მას შემდეგ, რაც 1054 წ. ქრისტიანობა ორ ძირითად მიმართულებად გაიყო - აღმოსავლურ მართლმადიდებლობად და დასავლურ კათოლიკობად. დასავლეთის ეკლესიამ შექმნა ლეგენდა, თითქოს რომის საეპისკოპოსო პეტრე მოციქულის დაარსებულია, ხოლო რომის პაპი წარმოადგენს ამ ქვეყნად პეტრე მოციქულის მემკვიდრესა და ქრისტეს ჭეშმარიტ ნაცვალს. 1870 წ. ვატიკანის საეკლესიო კრებაზე პაპი გამოაცხადეს უცთომელად რწმენის საკითხებში. მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას შორის ძირითადი განსხვავება მჟღავნდება ე.წ. „ფილიოკვეს“ საკითხში. კათოლიკური მოძღვრების მიხედვით, სული წმიდის მოფენა ხდება არა მარტო მამა ღმერთისაგან, არამედ ძე ღმერთისგანაც. ამ დოგმატით კათოლიკობა ცდილობს განამტკიცოს რომის პაპის ავტორიტეტი, როგორც ქრისტეს ნაცვალისა ამ ქვეყნად. 1950 წ. პაპმა პიიუს XII-მ გამოაცხადა ქალწულ მარიამის ხორციელად ზეცად ამაღლება და ახალი დღესასწაული დაადგინა.

კათოლიკობა, მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით, სამოთხესა და ჯოჯოხეთის გარდა აღიარებს შუალედურ რგოლს - განსაწმენდელს.

კათოლიკურ ეკლესიას აქვს ერთი ცენტრი - ვატიკანი, რომელსაც პაპი უდგას სათავეში.

კალვინიზმი - პროტესტანტული რელიგიური მოძღვრება, რომელიც შექმნა ჟ.კალვინმა. კალვინიზმის თანახმად, რწმენის ერთადერთ წყაროს და უმაღლეს ავტორიტეტს წარმოადგენს ბიბლია. მას უნდა შეესაბამებოდეს რელიგია, მორალი, პოლიტიკა, საეკლესიო ორგანიზაცია. კალვინიზმის საფუძველია ღვთაებრივი აბსოლუტური წინასწარგანსაზღვრის, ანუ ბედისწერის დოქტრინა, რომლის თანახმად, ღმერთმა ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე განსაზღვრა ადამიანის ბედი. ერთ ნაწილს, ე.წ. „რჩეულთ“ ელით იმქვეყნიური ცხონება, სამოთხე, მეორე ნაწილს კი ე.წ. „მისჯილთ“, წარწყმედა, ჯოჯოხეთი. 1541 წ. ჟენევაში გაუქმდა საეკლესიო იერარქია, უარი თქვეს ხატებზე, წმ. ნაწილებზე და ყველა საეკლესიო მორთულობაზე. კალვინიზმის მიხედვით, ღვთისმსახურება მდგომარეობს ბიბლიის კითხვაში, ფსალმუნების საერთო გალობაში და ქადაგებაში. ეკლესიაში საკურთხეველი შეიცვალა უბრალო მაგიდით, დატოვეს მხოლოდ ორი საიდუმლო - ნათლობა და ზიარება, რაც კალვინისტებს ესმით, როგორც ღმერთთან სულიერი კავშირის დამყარება. მორწმუნეთა თემი ირჩევს მოძღვარს, რომელსაც არა აქვს მღვდლის წოდება და მხოლოდ სასულიერო სამსახურს ეწვა. მას მინისტრი ეწოდება და არც ჩაცმულობით განსხვავდება ერისკაცთაგან.

კვიეტიზმი (ლათ. quietus - მშვიდი) - პასიური, გულგრილი დამოკიდებულება სინამდვილისადმი.

კინიკოსი (ბერძ. ცინიკოსი) - სოკრატისეული ფილოსოფიური სკოლა ძვ. საბერძნეთში, დააარსა ძვ. წ. 380 წ. ანტისთენემ. სოკრატეს მოძღვრებას ავითარებდა ძირითადად ეთიკაში სოკრატეს დებულება - ბედნიერება სიკეთის მიღწევაშია - კინიკოსებმა თავისებურად განავითარეს თავისუფალ, ავტონომიური პიროვნების თეორიად. ანტისთენე და დიოგენე სინოპელი ადამიანს ურჩევდნენ ბუნებასთან დაახლოებას, საზოგადოებისაგან გაქცევას, პირველყოფილ მდგომარეობაში დაბრუნებას. დიოგენე სინოპელმა კინიკური იდეები ცხოვრების წესად აქცია. კინიკური სკოლიდან განვითარდა სტოიციზმი. სტოელებმა კინიკოსებისგან აიღეს მსოფლიო სახელმწიფოს, საყოველთაო თანასწორობის, კოსმოპოლიტიზმის იდეები.

შემეცნების ახსნაში კინიკოსებმა უარყვვს სოკრატეს ზოგადის, გვარეობითი ცნების თეორია და წინა პლანზე დააყენეს ინდივიდუალურის, ერთეულადის მნიშვნელობა, გააკრიტიკეს პლატონის იდეების თეორია.

კლეპტომანია (ბერძ. ვიპარავ, ვიტაცებ) - პერიოდული, დაუძლეველი, ავადმყოფური სწრაფვა პარვისადმი; ფსიქიკის დარღვევის სიმპტომი, იმპულსური მოქმედების ერთერთი სახე.

კოპტები - ქრისიტიანობის მიმდევარი ეგვიპტელები. კოპტების ძირითადი მასა განეკუთვნება მონოფიზიტური მიმართულების კოპტურ ეკლესიას, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ეგვიპტეში 7 ს-დან არაბთა დაპყრობამდე (639-42). ეკლესიას აქვს თავისი ტაძრები, მონასტრები, სკოლები, რომელთაც პატრიარქი მეთაურობს. ხატმებრძოლობის პერიოდში კოპტებმა ხატების თაყვანისცემა შეინარჩუნეს.

კრეაციონიზმი (ლათ. creatio - შესაქმე) - მოძღვრება, რომელიც აღიარებს ღმერთის მიერ სამყაროს არაფრისგან შექმნას.

ლიბერალიზმი - ბურჟუაზიული იდეოლოგიური და საზოგადოებრივ პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის თანახმად, კაცობრიობის საციალური ჰარმონიისა და პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრების ბაზაზე. ლიბერალიზმის სულიერი მამები იყვნენ განმანათლებლობის იდეოლოგთა ზომიერი ფრთის წარმომადგენლები (ჯ.ლოკი, შ.ლ.მონტესკიე, ვოლტერი), კლასიკური პოლიტ-ეკონომიის შემქმნელები (ა.სმითი, დ.რიკარდო). თვით ტერმინი „ლიბერალიზმი“ XIX ს-ის II ათეულში გავრცელდა.

ლუთერანობა - პროტესტანტიზმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც აღმოცენდა გერმანიაში XIX ს-ში. ეფუძნებოდა მ.ლუთერისა და მისი მიმდევრების მოძღვრებას. ლუთერანობა უარყოფდა კათოლიციზმის ძირითად დოგმას, რომ ეკლესია და სამღვდლოება შუამავლები არიან ადამიანსა და ღმერთს შორის, რწმენის ერთადერთ ავტორიტეტად და წყაროდ ახცადებდა საღმრთო წერილს (ბიბლია). ლუთერანობამ შეინარჩუნა საკურთხეველი, ჯვარი, ორღანი, რელიგიური ფერწერა (ხატების გარდა). შვიდ საიდუმლოთაგან დატოვა მხოლოდ ორი მთავარი - ნათლობა და ზიარება. კათოლიკური დოგმა პურისა და ღვინის ქრისტეს სხეულად და სისხლად გარდაქმნის შესახებ შეცვალა ამ დოგმასთან ახლოს მდგომი დებულებით, რომლის თანახმად ქრისტეს სხეული და სისხლი ზიარებას საიდუმლოდ „ესწრება“.

მაჰათმა (სანსკ. დიადი სული) - ინდუიზმსა და ბუდიზმში სულიერი მოძღვარი.

მაჰმადი, მუჰამედი (დაახლ. 570, მექა - 632, მედინა) - ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსულმანური ტრადიციის და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, უდიდესი წინასწარმეტყველი.

მაგია (ბერძ. megeia) - ჯადოქრობა, მისნობა.

მისტიკა (ბერძ. საიდუმლო) - რელიგიური პრაქტიკა, რომლის მიზანია აბსოლუტთან ექსტაზის გზით უშუალო „შეერთების“ განცდა. თეოლოგიურ და ფილოსოფიურ დოქტრინათა ერთობლიობა, რომელიც არკვევს და არეგულირებს ამ პრაქტიკას.

მისტიციზმი - თეოლოგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს, რომ ნამდვილი რეალობა მიუღწეველია გონებისთვის და მისტიკაში განიხილება ცალკე ფილოსოფიური დოქტრინის სახით. მისტიციზმი არის ინტუიტივიზმისა და ირაციონალიზმის სახესხვაობა.

მონადა (ბერძ. ერთეული, განუყოფელი) - ლაიბნიცის იდეალისტურ ფილოსოფიაში განუყოფელი სულიერი პირველელემენტები, სულიერი ატომები, რომლებისგანაც თითქოს შედგება სამყარო.

მონიზმი (ბერძ. ერთი, ერთადერთი) - სინამდვილის ერთიანი საწყისის, საფუძვლის („სუბსტანციის“) მიხედვით მოვლენათა მრავალფეროენების განხილვისა და ამოსავალი დებულების ლოგიკურად თანამიმდევრული განვითარების გზით თეორიის აგების წესი.

მონოთეიზმი (ბერძ. monos - ერთი და Theos - ღმერთი) - ერთღმერთიანობა, ერთი ღმერთის აღიარება და თაყვანისცემა. საპირისპიროა პოლითეიზმი - მრავალღმერთიანობა.

ნეგატივიზმი (ლათ. უარყოფითი) - ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის უაზრო წინააღმდეგობა ყოველგვარი გარე ზემოქმედებისადმი.

ნიჰილიზმი (ლათ. nihil - არაფერი) - ყველაფრის ხელაღებით უარყოფა, საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მიუღებლობა.

ნორმატივიზმი - XX ს-ის ბურჟუაზიული სამართლის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა. ემყარება ნეოკანტიანელების დებულებას იმის შესახებ, რომ ჯერარსი და არსი ერთმანეთთან განუყოფელია და რომ ჯერარსი არ გამომდინარეობს არსისგან.

ოკულტიზმი (ლათ. occultus - ფარული, საიდუმლო) - მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება; ოკულტიზმის მიხედვით ბუნებაში არსებობენ იდუმალი ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით, მისნობით.

ონტოლოგია (ბერძ. on, ontos - არსებული და logos - სიტყვა) - ფილოსოფიის ნაწილი, რომელიც განიხილავს ყოფიერების საყოველთაო საფუძვლებს, სტრუქტურასა და კანონზომიერებებს. ონტოლოგიის მიერ სამყაროს სურათის გამოხატვა შეესატყვისება რეალობის შემეცნების გარკვეულ დონეს და ფიქსირებულია მოცემული ეპოქის ფილოსოფიურ ტრადიციებსა და კატეგორიებში.

 

გადაფურცლეთ გვ. 2