EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« უცხო ტერმინთა მცირე ლექსიკონი (გვერდი 2) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-30 13:30:58

უცხო ტერმინთა მცირე ლექსიკონი (გაგრძელება)

უცხო ტერმინთა მცირე ლექსიკონი

პალიატივი - საშუალება, რომელიც დროებით ამსუბუქებს ავადმყოფობას; ნახევარზომა; გადაუჭრელი; ნახევარღონისძიება.

პანთეიზმი (ბერძ. pan - ყოველი და Theos - ღმერთი) - ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აღიარებს ღმერთის არსებობას და აიგივებს მას სამყაროსთან. პანთეიზმის მიხედვით ღმერთი ბუნებაშია და ბუნება ღმერთში. ტერმინი „პანთეისტი“ პირველად შემოიღო ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯ.ტოლანდმა 1705 წ. ხოლო პანთეიზმი ნიდერლანდელმა თეოლოგმა ი.ფაიმ 1709 წ. განასხვავებენ პანთეიზმის ორ ფორმას - ათეისტურსა და რელიგიურ-მისტიკურს. პირვლი არის ნატურალისტური ტენდენცია, მეორის მიხედვით ბუნება არის გათქვეფილი ღმერთში. ამ მიმართულების წარმომადგენლები არიან ჯ.ბრუნო, ბ.სპინოზა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბუნება არავის არ შეუქმნია, იგი იყო და იქნება. იგი არსებობს შინაგანი კანონების საფუძველზე, რომ ღმერთი არის ბუნება.

პარადიგმა (ბერძ. მაგალითი, ნიმუში) - სიტყვის ფლექსიურ (სიტყვათცვლის) ფორმათა ერთობლიობა. მაგ, ბრუნების პარადიგმა არის ერთობლიობა ერთი და იმავე სახელის ბრუნვის ფორმებისა; ზმნის ცვლა პირის მიხედვით არის უღლების პარადიგმა.

პერსონალიზმი (ლათ. persona - პიროვნება) - სწავლება პიროვნების შესახებ.

პლურალიზმი (ლათ. მრავლობითი) - ფილოსოფიური პოზიცია, რომლის მიხედვით არსებობს ყოფიერების რამდენიმე ან მრავალი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და ერთმანეთზე დაუყვანადი საწყისი ან ყოფიერების სახე (ონტოლოგიური პლურალიზმი). ცოდნის საფუძვლები და ფორმები (გნოსეოლოგიური პლურალიზმი). ტერმინი „პლურალიზმი“ შემოიღო კ.ვოლფმა (1712). პლურალიზმი უპირისპირდება მონიზმს.

პოზიტივიზმი (ფრანგ. დადებითი) - მიმართულება ფილოსოფიაში, რომელიც სპეციალურ მეცნიერებათა მსგავსად ფილოსფიისგან მხოლოდ დადებით ცოდნას მოითხოვს. პოზიტივიზმის მიხედვით, ფილოსოფია უნდა გახდეს მეცნიერული. ამისთვის იგი უნდა შეიზღუდოს ისეთი პრობლემების კვლევით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გადაწყდება სპეციალურ მეცნიერებათა მეთოდით.

პოზიტივიზმს სამი ძირითადი ნიშანი აქვს, 1) ფილოსოფიის დაყვანა მეცნიერებებზე; 2) ემპირიზმი, ე.ი. ცდის მიჩნევა შემეცნების ერთადერთ წყაროდ; 3) ტრადიციული ფილოსოფიის, როგორც მეტაფიზიკის უარყოფა. პოზიტივიზმის პირველადი ფორმა იყო სკეპტიციზმი ძვ. საბერძნეთში. მისი თანამედროვე ნაირსახეობებია მახიზმი, ემპირიოკრიტიციზმი, ნეოპოზიტივიზმი.

პოსტმოდერნიზმი - მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც XX ს-ის II ნახევარში წარმოიშვა. ტერმინი „პოსტმოდერნიზმი“ დაამკვიდრა ამერიკელმა არქიტექტორმა ჩარლზ ჯენკსმა 1975 წ. რაც აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამ მიმდიანრეობის მიმდევრები უპირისპირდებიან მოდერნიზმს და მას წარსულად მიიჩნევენ. ამავე დროს ახასიათებს ძველის გახსენება აწმყოში, ოღონდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი მხატვრული ფორმების უფუნქციო და გარკვეულწილად ალოგიკური გამოყენება.

პოსტულატი (ლათ. მოთხოვნა) - მეცნიერული თეორიის დებულება, პრინციპი, ან წესი, რომელიც დასაბუთების გარეშეა მიღებული ამ თეორიაში და გამოიყენება სხვა დებულებათა დასასაბუთებლად. პოსტულატის მიღებისას ეყრდნობიან ცდას, პრაქტიკაზე ან თეორიულ წყაროებზე დაფუძნებულ ინტუიტიურ მოსაზრებებს, რათა ნათელი გახდეს მისი მართებულობა.

პრაგმატიზმი (ბერძ. მოქმედება) - სუბიექტურ- იდეალისტური ფილოსოფიური მოძღვრება, პოზიტივიზმის თავისებური სახე. წარმოიშვა აშშ-ში XIX ს-ის 70-იან წლებში, რომელიც ჭეშმარიტებად აღიარებს იმას, რაც პრაქტიკულად სასარგებლოა (და არა ობიექტურ ჭეშმარიტებას).

პროვიდენციური (ლათ. providentia - განგება) - ის, რაც ბედისწერას განაგებს, მიეწერება ის, რაც წინასწარ არის განსაზღვრული.

პროზელიტიზმი - მისწრაფება თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისკენ.

პროტესტანტიზმი (ლათ. ის, ვინც საჯაროდ ამტკიცვბს) - XVI ს-ის რეფორმაციიდან გამომდინარე რელიგიურ მოძღვრებათა და მიმდინარეობათა საერთო სახელწოდება. პროტესტანტიზმი დაუპირისპირდა რომის კათოლიკურ ეკლესიას და ამ უკანასკნელისა და აღმოსავლური ორთოდოქსულ-მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, შექმნა ქრისტიანობის მესამე სახესხვაობა. სახელწოდება დაკავშირებულია იმ პროტესტთან, რომელიც 1529 წ. წარუდგინა შპაიერის რაიხსტაგს მის წევრთა უმცირესობამ - ლუთერანობის მომხრე მთავრებმა. მოგვიანებით „პროტესტანტი“ იქცა რელიგიური რეფორმაციის ყველა მიმდევარის სახელწოდებად. პროტესტანტიზმი მოიცავს რამდენიმე დამოუკიდებელ ეკლესიას და სექტას. პროტესტანტიზმის ძირითადი დოგმები ჩამოაყალიბეს მისმა ფუძემდებლებმა, თეოლოგებმა მ.ლუთერმა, პ.ცვინგლიმ და ჟ.კალვინმა. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პროტესტანტიზმის ორი ძირითადი დოგმა. პირველი დოგმის თანახმად, უმთავრეს ავტორიტეტად ითვლება ბიბლია, მეორე დოგმა ემყარება პავლე მოციქულის ეპისტოლეს ეფესელთა მიმართ და ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრებას. პროტესტანტიზმის თანახმად, ქრისტეს ეკლესიის ერთადერთი და უჩინარი მეთაურია ქრისტე, ამიტომ სხვა მეთაური მას არ სჭირდება. უარყოფენ ცოდვილი პაპის ზემდგომობას და მოსპეს საეკლესიო იერარქია. სამღვდელოებას ირჩევენ ერისკაცთაგან. პროტესტანტულ ეკლესიაში უარყოფილია ღმრთისმშობლის კულტი, ანგელოზთა და წმინდანთა თაყვანისცემა, აგრეთვე „სალხინებელი“, აღკვეთილია მარხვა, ხატები, სკულპტურული გამოსახულებები და წმ. ნაწილები, როგორც კერპმსახურება. აკრძალულია ორღანი (გარდა ლუთერანული ეკლესიისა). აკრძალულია მონაზვნობა. დახურულია მონასტრები, ჩატარებულია საეკლესიო მიწებისა და მთელი ქონების სეკულარიზაცია. ეკლესიაში აღკვეთილია ცოდვათა შენდობა და სულის გამოხსნა კეთილი საქმეებით. შვიდ საიდუმლოთაგან დატოვებულია ორი - ნათლობა და ზიარება, ღვთისმსახურება უაღრესად გამარტივებულია. მას შეადგენს ძირითადად მოძღვრის ქადაგება, ერთობლივი ლოცვა და ფსალმუნების ერთობლივი გალობა. XX ს-ში პროტესტანტულ წიაღში შეიქმნა ეკუმენური მოძრაობა, რომლის მიზანია ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანება. 1948 წლიდან მას ხელმძღვანელობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო.

პროფანი (ლათ. profanus) - რაიმე დარგში უცოდინარი, უვიცი.

პროფანაცია - შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება რაიმე აღიარებული მოვლენის მიმართ, მისი დამახინჯება.

რაციონალიზმი (ფრანგ. გონივრული) - ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც გონებას აღიარებს ან სამყაროს საფუძვლად (ონტოლოგიური რაციონალიზმი), ან შემეცნების ერთადერთ წყაროდ (გნოსეოლოგიური რაციონალიზმი). წარმოიშვა XVII-XVIII სს-ის მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების განვითარების საფუძველზე (დეკარტი, სპინოზა, ლაიბნიცი, კანტი). მისი ამოსავალი პრინციპის თანახმად, ჭეშმარიტი ცოდნა წინ უსწრებს ცდას, ე.ი. აპრიორულია, ცდა, კი მხოლოდ მისი სტიმულია. გონება ცდისგან დამოუკიდებლად წვდება ნამდვილ ცოდნას მზა სახით არსებული თანდაყოლილი იდეების ან გონებაში მოცემული მიდრეკილებებისა და ჩანასახების საფუძველზე. მისთვის სამყაროს და ღმერთის შემეცნების ერთ-ერთი საშუალებაა გონება.

რევიზიონზმი - იდეურ-პოლიტიკური მიმდინარეობა მუშათა და კომუნისტურ მოძრაობაში, რომელიც მოითხოვს მარქსიზმ-ლენინიზმის იდეების შეცვლას. იშვა გერმანიაში, XIX სს-ის 70-იან წწ.

რელატიური (ლათ. relativus) - ფარდობითი, შეფარდებითი, აბსოლუტურის საპირისპირო.

რენესანსი (ფრანგ. აღორძინება) - კულტურული და იდეოლოგიური განვითარების პერიოდი (XIV-XVI) დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მრავალ ქვეყანაში. წარმოიშვა შუა საუკუნეების ქალაქის კულტურის საფუძველზე. მისი კულტურის სპეციფიური ნიშნებია ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, საერო ხასიათი, ინტერესი ანტიკური კულტურული მემკვიდრეობისადმი. ამ პერიოდში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აქტიური ადამიანის პიროვნებამ, რომლის იდეალი აღარ თავსდება საეკლესიო-ასკეტური მორალისა და შუა საუკუნეების ტრადიციების ჩარჩოებში. ამან გამოიწვია ღირებულებათა გადაფასება. ჰუმანისტებმა დაიწყეს ბრძოლა ადამიანის მოღვაწეობისა და მისი აზრებისადმი დაწესებული საეკლესიო კონტროლის წინააღმდეგ, რაც კონკრეტულად გამოიხატა შუა საუკუნეების მორალის ისეთი საფუძვლების კრიტიკით, როგორიცაა ავტორიტეტები, ტრადიციები და დოგმები. მან სამყაროს ცენტრად მიაჩნია ადამიანი და ასკეტური, „ზეციერი“ ადამიანის იდეალს დაუპირისპირეს მიწიერი, ბუნებრივ მოთხოვნილებებზე კანონიერი უფლების მქონე ადამიანის კულტი. ამ პერიოდში ფილოსოფია ცდილობს თავი დააღწიოს „ღვთისმეტყველების მსახურის“ როლს. ასეთი ოპოზიციური სულისკვეთება გამოვლინდა ეთიკაში, გვიანდელი სტოიციზმისა და ეპიკურეიზმის სახით.

რელატივიზმი (ლათ. შეფარდებითი) - თეორია, რომლის თანახმად სამყაროში ყველაფერი ცვალებადი, ფარდობითი და პირობითია. რელატივიზმი უპირისპირდება დოგმატიზმს, რომელიც მხოლოდ აბსოლუტურს, მარადიულსა და უცვლელს აღიარებს.

რეტროგრადი (ლათ. უკან მავალი) - პროგრესის მოწინააღმდეგე, რეაქციონერი.

რომანტიზმი - მხატვრული და ფილოსოფიური კრიტიკის ფორმა. წარმოიშვა XVIII-XIX სს-ში. რომანტიზმის მსოფლმხედველობით საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. იენის წრის ფილოსოფიური მოძღვრება (შლეგელები, ნოვალისი), რომელიც ემყარებოდა ფიხტეს შეხედულებას აქტიურ შემოქმედ სუბიექტ „მე“ - ზე, რომელიც ქმნის თავის ობიექტს. იგი ხელოვნებას მიაწერდა ფილოსოფიის ყველა ანტინომიის გადაჭრისა და პიროვნების მთლიანობის აღდგენის ფუნქციას. ამგვარად, ხელოვნება გაგებულ იქნა, როგორც სამყაროს მეტაფიზიკური პირველსაფუძველი, ხოლო თვით სამყარო - როგორც შემოქმედებითი სულიერი მოღვაწეობის მთლიანი პროცესი. ამ თვალსაზრისმა გამოხატულება ჰპოვა არა მარტო ხელოვნების თეორიასა და ესთეტიკაში, არამედ სოციოლოგიაში, კულტურის თეორიაში და სხვა.

საკრალური (ლათ. წმინდა) - ის, რაც რელიგიურ კულტთან და რიტუალთან არის დაკავშირებული.

სეკულარიზაცია (ლათ. saecularis - საერო, სამრევლო) - 1) სახელმწიფოს მიერ ეკლესიის ქონების (უმთავრესად მიწის) ჩამორთმევა. 2) ეკლესიის სასულიერო გავლენისაგან განთავისუფლება. 3) რისამე გადასვლა საეკლესიო, სასულიერო გამგებლობიდან საერო, სამოქალაქო გამგებლობაში.

სილოგიზმი (ბერძ.) - დასკვნა, რომელშიც ორი მოცემული მსჯელობიდან (წინამძღვრიდან) გამოდის მესამე - დანასკვი.

სკეპტიციზმი (ბერძნ. გამომკვლეველი, განმხილველი) - ფილოსოფიური მიმართულება, რომლის მიხედვით ადამიანი ვერასოდეს გადალახავს ეჭვს შემეცნებულის ჭეშმარიტების შესახებ და მუდამ ალბათობის სფეროში რჩება. მამამთავარია პირონი, რომელიც შეეცადა დოგმატიზმისგან გაეთავისუფლებინა სოფისტების აგნოსტიციზმი.

სოტეროლოგია (ბერძ. soter - მხსნელი, მაცხოვარი და logos - სიტყვა, ცოდნა) - ეკლესიური სწავლება ცხონების შესახებ.

სოფიზმი (ბერძ. ხრიკი, გამონაგონი, თავსატეხი) - გამოგონილი, მახვილგონივრული, კამათში მოწინააღმდეგის ცდუნების მიზნით საგანგებოდ ბუნდოვნად ჩამოყალიბებული წანამძღვრებიანი ან გაუმართავი არაკორექტული დასკვნა, ბჭობა, რომელიც თავისი ფორმულირებით მოწინააღმდეგეს უქმნის სწორის შთაბეჭდილებას. მაგ. რაც არ დაგიკარგავს, გაქვს. ამგვარ დასკვნა-დასაბუთებებს იყენებდნენ განსაკუთრებით გვიანდელი ხანის სოფისტები. თვითნებურად არჩეული ალტერნატივიდან აკეთებდნენ ასევე თვითნებურ წინასწარ სასურველ დასკვნებს, ე.ი. სოფიზმი დასკვნა-დასაბუთების ისეთი სახეობაა, რომელშიც ტერმინები განსხვავებული მნიშვნელობით არის გამოყენებული და ამის გამო დარღვეულია ლოგიკის კანონები, რაც გარეგნულად არ ჩანს, ე.ი. გამომდინარეობის წესის დარღვევა შენიღბულია.

სოფიზმის საფუძველზე განვითარდა სოფისტიკა, როგორც კამათის ხელოვნება, რომლის მიზნად იქცა არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ კამათი კამათისთვის, მოკამათის მოჩვენებითი დამარცხება ტერმინების შეცვლის ან თვითნებური ალტერნატივების აგების საფუძველზე. სოფიზმის ბუნება ამხილეს პლატონმა და არისტოტელემ.

სოფიზმისგან უნდა გავარჩიოთ ანტინომია და პარადოქსი. სოფიზმი წარმოიშობა ლოგიკური სემანტიკური წესების დარღვევის შედეგად. მაგ. დასაბუთებაში იგი ჩნდება ისეთი შეცდომებისგან, როგორიცაა „თეზისის შეცვლა“, „ყალბი გამომდინარეობა“, „ტერმინების გაოთხმაგება“ და სხვა. სემანტიკური თვალსაზრისით სოფიზმში ყველაზე მეტად გავრცელებულია სიტყვის მრვალმნიშვნელოვნება (პოლისემია).

სპირიტუალიზმი (ლათ. spiritus - სული, spiritualis - სულიერი) - რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, რომელიც აღიარებს სულის, სულიერი სამყაროს პირველადობასა და უპირატესობას მატერიასა და მატერიალურ სამყაროსთან შედარებით.

სტოიციზმი (ათენის იმ პორტიკის სახელის მიხედვით (სტოა), სადაც სკოლა იყო მოთავსებული) - ელინისტური და რომაული ფილოსოფიის ერთერთი მიმდინარეობა; სტოიკოსების ფილოსოფიური სკოლა ძ.წ. III ს-ში დააარსა ზენონ კიტიონელმა (336-264). შტოიციზმმა განვლო განვითარების სამი პერიოდი. I პერიოდის სტოიციზმი (ძვ. წ. III-II სს) საკუთრივ ბერძნულ ნიადაგზე განვითარდა. მისი მთავარი წარმომადგენლები არიან ზენონ კიტიონელი, კლეანთე, ქრისპე. მათ ფილოფია სამ ძირითად დარგად დაყვეს: ლოგიკად, ფიზიკად და ეთიკად. ამ უკანასკნელს დაუმორჩილეს ფიზიკა და ლოგიკა. ეთიკაში რიგორიზმის პრინციპის საფუძველზე განავითარეს პიროვნების სულიერი სიმტკიცის, გარეშე მოვლენებისადმი გულგრილობისა და მოვალეობის ფილოსოფიური საკითხები.

შუა პერიოდის (ბერძნულ-რომაული) სტოიციზმმა (ძვ. წ. II-I სს) შეამზადა სტოიციზმის გვიანდელი, ანუ ახალი სტოის პერიოდი, ე.წ. რომაული სტოიციზმი (ახ.წ. I-II სს), რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან სენეკა, ეპიქტეტე, მარკუს ავრელიუს ანტონინუსი. მათ პლატონური ფილოსოფიის ძლიერი გავლენა განიცადეს და ფილოსოფია არსებითად იდეალისტურ ეთიკაზე დაიყვანეს.

სუბლიმაცია (ლათ. მაღლა ამყავს) - ფსიქოლოგიაში აფექტური ლტოლვის ენერგიის გადართვისა და გარდაქმნის ფსიქიკური პროცესი სოციალურად მისაღებ მიზნებსა და კულტურულ შემოქმედებაზე. ცნება შემოიღო ზ.ფროიდმა ფსიქოანალიზის კონცეფციაში, სადაც სუბლიმაცია განხილულია როგორც ლტოლვის ტრანსფორმაციის ერთერთი სახე, რომელიც გამოიყენება შემოქმედების ფსიქოლოგიური მექანიზმის ასახსნელად.

სუბსტანცია (ლათ. substantia - არსი) - საგნის ან მოვლენის საფუძველი, არსი.

სუპრამენტალური (ლათ. super-ზე და mens - აზრი, გონება) - ზეგონებრივი.

სუპრანატურალური (ლათ. super-ზე და natura - აზრი, გონება) - ზებუნებრივი.

ტოტემი - ცხოველი, რომელსაც თაყვანს სცემენ.

ტოტემიზმი - ტოტემური ცხოველის თაყვანისცემა.

ტრანსცენდენტური (ლათ. transcendens, transcendentis - რაც საზღვარს სცილდება) - რაიმესადმი (მაგ. სამყაროსადმი) მიღმიერი, ცდის ფარგლებს გარეთ არსებული. იმანენტურის საპირისპირო.

ტრიადოლოგია (ბერძ. trias - სამება) - ქრისტიანული სწავლება ღმერთის სამპიროვნების შესახებ.

უნივერსუმი (ლათ. universum) - ფილოსოფიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ყოველივე არსებულს, სამყაროს, როგორც მთლიანობას.

ფანტომი (ბერძ. მოჩვენება) - უცნაური, ფანტასტიკური მოვლენა; მოჩვენება.

ფატალური (ლათ. fatalis) - საბედისწერო, გარდუვალი.

ფატალიზმი - ბედისწერის რწმენა.

ფემინიზმი (ლათ. ქალი) - ქალთა მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების გათანასწორება მამაკაცთა უფლებებთან. ფემინიზმი წარმოიშვა XVIII ს-ში, ჩრდილოეთ ამერიკაში და საფრანგეთში. XIX ს-ის II ნახევარში და XX ს-ის დასაწყისში ფემინისტური ორგანიზაციები გაჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში.

ფეტიში (პორტ. fetiche - ჯადოსნობა) - უსულო საგანი, რომელსაც მაგიურ ძალას მიაწერენ.

ფეტიშიზმი (ფრ. fetichisme - კერპი) - ფეტიშის თაყვანისცემა.

ფილიოკვე (ლათ. filioque - filio - ძე) - კათოლიკური ეკლესიის სწავლება სული წმიდის გამომავლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც სული წმიდა გამოვალს როგორც მამისაგან, ისე ძისაგან.

ქირომანტია (ბერძ. ხელზე მკითხაობა) - მკითხაობა ხელისგულის ხაზებისა და ბორცვების მიხედვით, რაც თითქოს იმის საშუალებას იძლევა, რომ დავადგინოთ ადამიანის ხასიათი და ვიწინასწარმეტყველოთ მისი მომავალი.

შამანიზმი - რელიგიის ფორმა მსოფლიოს ზოგიერთ ხალხში, აღმოცენდა პირველყოფილი თემური წყობილების ხანაში. მორწმუნეებს სწამდათ ექსტაზში შესული შამანისა და მასში ჩასახლებული სულის ურთიერთობა. შამანებს ეცვათ სპეციალური სამოსელი, რომელიც აღჭურვილი იყო სიმბოლური აქსესუარებით - ზომორფული ნიშნებით, ცხოველთა და ფრინველთა ნაწილებით. თითოეულ მათგანს კონკრეტური საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. „სულის ძალით“ ალაპარაკებული, ექსტაზში მყოფი შამანი სხვადასხვა სახის ჟღარუნებს იყენებდა, გაშმაგებული როკავდა და ტრიალებდა, მიმართავდა ჰიპნოზს და ა.შ.

ცინიზმი (ბერძ. კინიკოსების მოძღვრება) - ნიჰილისტური დამოკიდებულება საერთო-საკაცობრიო კულტურის მონაპოვარისადმი. განსაკუთრებით იჩენს თავს ადამიანის მორალური ღირსებების, ხანდახან - გაბატონებული იდეოლოგიის ოფიციალური დოგმების შეფასებისას. ცინიზმი ეგოისტური მიზანსწრაფვის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფორმაა.

ჰედონიზმი (ბერძ. hedone - სიამოვნება) - ეთიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს სიამოვნება, სიტკბოება წარმოადგენს.

ჰილეფობია (ბერძ. hile - მატერია და fobos- შიში) - მატერიის, ყოველივე მიწიერის სიძულვილი.

ჰუმანიზმი (ლათ. განათლებული) - რენესანსის ეპოქის კულტურული მიმართულება, რომელმაც შუა საუკუნეებში მისტიკურად გაგებულ ადამიანის კულტს მიწიერი, ამქვეყნიური ადამანის იდეალი დაუპირისპირა და მისთვის ზრუნვა საყოველთაო მიზნად გამოაცხადა.

წიგნებიდან: „აპოლოგეტიკური წერილები“, თბილისი, 2001 წ.
ავტორ-შემდგენელი: ზურაბ ეკალაძე

„მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხები სულიერი ცხოვრების კითხვებზე“
ნაწილი მესამე. 2006 წ.

 

გადაფურცლეთ გვ. 1