EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ჯემალ ქარჩხაძე - რაჰათ-ლუხუმი (გაგრძელება გვ.2) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-11-20 14:14:26

ჯემალ ქარჩხაძე - რაჰათ-ლუხუმი (გაგრძელება)

– ო, წყეულო მიწავ, ცბიერებისა და მზაკვრობის ბუდევ! ალაჰი უპატრონოდ არ დაყრის თავის შვილებს. ალაჰი ურიცხვ ლაშქარს გამოგზავნის და ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე შანთით ამოწვავს იმ ადგილს, სადაც შენი ტურფა მიწა-წყალია ამოქარგული. ო, ბოროტებისა და უკეთურობის აკვანო! ცეცხლის ენები გადაბუგავს შენს სამყოფელს! სისხლის მდინარეში დაიხრჩობი! ფერფლი და ნაცარი დარჩება შენი ქალაქებიდან და დაბებიდან! – ეს რომ თქვა, მოხუცი გაჩუმდა. ერთხანს ჩუმად იყო და მერე წყნარად განაგრძო, – ომან ფაშა ახალციხეში ჯარს წვრთნიდა და ბედს ელოდა. ხოლო ბრძენი სწორედ ის არის, ვისაც ლოდინი შეუძლია. მართლაც, ერთ დღეს ამბავი მოგვივიდა, ლუარსაბ-ხანს მცირე ამალით თავის საზაფხულო სამყოფელში დაედო ბინა, რომელიღაც სოფელში, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი, მაგრამ მერე დამავიწყდა. ჩვენ ეს ამბავი კარგად შევამოწმეთ და, რა დავრწმუნდით, ყველაფერი მართლა ასე იყო, საიდუმლოდ შევუდექით ლაშქრობის სამზადისს. თუ საზღვარს სწრაფად და უჩუმრად გადავლახავდით, ადვილად შეგვეძლო მოულოდნელად დავცემოდით ლუარსაბ-ხანს და ტყვედ ჩაგვეგდო თავის ამალიანად, რომელთა შორის სააკაძეც იყო. მაშინ სააკაძეს არ ვიცნობდით და ერთი უბრალო დიდებულთაგანი გვეგონა, სხვათა მსგავსი და ფარდი. თურმე რა გველეშაპი და ტარტაროზი გაგვიშვია ხელიდან! მაგრამ ალაჰმა ინება, რომ ის სისხლის ზღვა, რაც მისი მუხანათობითა და ავკაცობით დაიღვარა, დაუღვრელი არ დარჩენილიყო... მე და ომან ფაშა გურჯისტანში ნამყოფი არ ვიყავით და იქაურობას ნაკლებად ვიცნობდით. მართალია, ახალციხეში მრავალი გურჯი ცხოვრობდა, მაგრამ ესენი უმეტესად ქლესა მონები იყვნენ, ხოლო მონების მიხედვით რომ მთელ ხალხზე იმსჯელო, უეჭველად მოტყუვდები. ჩვენი ვარაუდით, როდესაც ლუარსაბ-ხანს შევიპყრობდით, ქართლის გამგებლობას სულთანი ომან ფაშას მისცემდა. უცხო ქვეყანა რომ მართო, დიდი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებს. მონების ცნობა აქ არას გარგია, მონა ყველგან ერთნაირია. ხალხის ზნე და ადათი უნდა შეისწავლო, უნდა მიუხვდე, რა გულისთქმა აქვს, რა სწადია და რას გიმალავს; უნდა გამოიცნო, რა მანქანებით მოუქონო თავი და როგორ ჩაუნერგო შიში და სიყვარული. იმ დროს ახალციხეში მრავალი დიდებული იყო, გურჯისტანს რომ კარგად იცნობდა, მაგრამ მე და ომან ფაშამ ალი-მირზასთან დათათბირება ვამჯობინეთ. ალი-მირზას მრავალი წელი დაეყო გურჯისტანში და კიდევაც დიდხანს აპირებდა დარჩენას, მაგრამ ქართლის მაშინდელმა მპყრობელმა, სვიმონ-ხანმა, რაღაცაზე აითვალწუნა, აუხირდა, ბოლოს, საბაბი რომ ჰქონოდა, მსტოვრობა დასწამა, დაასაჭურისებინა და თავისი სამფლობელოდან გამოაძევა. მას შემდეგ ახალციხეში ცხოვრობდა და მთელ სამაჰმადიანოში გამოჩენილი ბრძენისა და მისნის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ჩვენი სტუმრობა დიდად ეამა და შესაფერი პატივითაც მიგვიღო. როდესაც შეიტყო, გურჯისტანში ლაშქრობას ვაპირებდით, თვალები ნეტარებით მილულა და სასოებით, თითქოს ლოცვას ამბობსო, ჩაიმღერა: `გურჯისტანი ტკბილია, როგორც იქაური ყურძნის მარცვალი. ნელ-ნელა უნდა დააჭირო კბილი და ისე გასრისო, რომ სისხლის ყოველ წვეთს გემო ჩაატანო...~ ომან ფაშამ ჩვენი გეგმა წვრილად უამბო და უთხრა, თუ რა რჩევა და თათბირი გვჭირდებოდა მისგან, ხოლო მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, – მერე დაუმატა, – მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო. ბრძენი იყო ალი-მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობდა. შურიანები არიანო, გვითხრა, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებსო. გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევაო. გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო. ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო, გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო. მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელთაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი. ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთო, ისე კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართო. ბოლოს მე და ომან ფაშამ სიტყვა იმაზე ჩამოვუგდეთ, რაც ყველაზე მეტად გვაფიქრებდა: ლუარსაბ-ხანს, ეჭვი არაა, საზღვარზე მეთვალყურე ლაშქარი ეყოლებოდა დაყენებული, რომელიც, შეგვნიშნავდა თუ არა, მეფესთან მყისვე მაცნეს აფრენდა. ჩვენ ამ ლაშქრისა არც ადგილსამყოფელი ვიცოდით და არც რიცხვმრავლობა, ამიტომ იმედს სისწრაფეზე ვამყარებდით. საზღვრამდე შეძლებისდაგვარად უჩუმრად უნდა გვევლო, ისე რომ, როცა შეგვნიშნავდნენ და მაცნეს გაგზავნიდნენ, ეს მაცნე იმდენად ვერ დაწინაურებულიყო, რომ ლუარსაბ-ხანს ლაშქრის შეყრა მოესწრო. ალი-მირზამ ჩვენი გეგმა მოიწონა. მაცნეს სულაც არ გაგზავნიანო, გვითხრა, მთა-მთა კოცონებს დაანთებენ და თვალის დახამხამებაში აცნობებენ თქვენს გამოჩენას, ამიტომ ისა სჯობს, როგორმე მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი დაადგინოთო. გვასწავლა კიდეც, თუ როგორ უნდა დაგვედგინა: ლაშქრობის ამბავი, ასე საიდუმლოდ რომ ინახავთ, სანდო მსტოვრებს გაუმხილეთ, რათა იმათ საეჭვო გურჯებს ჩააწვეთონ ყურში, ოღონდ თვალიც ადევნონ, რომ მეტი არ მოუვიდეთ, და თუ სამ დღეში ლუარსაბ-ხანის მენაპირე გუნდის ადგილსამყოფელი ვერ შეიტყეთ, მაშ მე ალი-მირზა არ ვყოფილვარ და გურჯისტანი არ მცნობიაო. ხოლო ადგილსამოყფელს რა გაიგებთ, ნაშუაღამევს წაადექით თავს; გურჯი არხეინია და უზრუნველი, მუდამ ღვთის იმედზეა და თავისი გასაკეთებელიც ღმერთს უნდა გააკეთებინოს. ღამე ღვინოს დალევენ და, თუ ხერხიანად ივლით და ალაჰის ნებაც იქნება, მთვრალებსა და მძინარეებს ამოხოცავთო. ალი-მირზას რჩევა ჭკუაში დაგვიჯდა, საიდუმლო სამზადისს მცირე რამ ჭუჭრუტანა დავუტანეთ და საიმედო მსტოვრების მეშვეობით უაღრესად ფრთხილად გავავრცელეთ ხმა, რომ სალაშქროდ ქართლს მივდიოდით. მართლაც მესამე საღამოს ერთი გურჯი გვეწვია და ომან ფაშას ნახვა ითხოვა. შესახედავად მშვენიერი ვაჟკაცი იყო, მაღალი, წარმოსადეგი, ლამაზი, მხარბეჭიანი. კეხიანი ცხვირი ჰქონდა, აზიდული წარბები და გრძელი ულვაშები. ამაყად შემოვიდა, დარდიმანდულად, ბეჭების რხევით. თავი ღირსებით დაუკრა ომან ფაშას, ფრიად საიდუმლო სალაპარაკო მაქვსო, უთხრა და თვალით ჩემზე ანიშნა. ომან ფაშა ისე შეხვდა, როგორც საპატიო სტუმარს, მაგრამ ისიც უთხრა, სულეიმანი ჩემი მარჯვენა ხელია და მისგან დამალული არაფერი მაქვსო. გურჯს ეს მაინცდამაინც არ მოეწონა და მთელი საუბრის განმავლობაში დროდადრო ამრეზით გადმომხედავდა ხოლმე. სათქმელი კი პირდაპირ დაიწყო, მიუკიბავ-მოუკიბავად. მე ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს, ვიცი, ქართლს მიდიხართ სალაშქროდო. მე და ომან ფაშამ თავი მოვიკატუნეთ, ვითომ გურჯის ნათქვამი დიდად გაგვიკვირდა. გურჯმა რომ ეს შენიშნა, ეამა, გაიღიმა კიდეც და კმაყოფილმა დაგვიწყო დამშვიდება, ნუ გეშინიათ, არავისთვის მითქვამს და არც ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, პირიქით, აქ იმისთვის მოვედი, რომ სამსახური გაგიწიოთ. ლუარსაბ მეფე მე თქვენზე ნაკლებ არ მეჯავრება, ადგილ-მამული წამართვა და, რომ არ გამომესწრო, თავსაც გამაგდებინებდა, ასე რომ, მეგობრად მიგულეთ, მაგრამ ერთი კი იცოდეთ, ეს საქმე არც ისე იოლია, თქვენ რომ გგონიათ, ლუარსაბი ახლა ღონიერია, და თუ მოულოდნელად არ დაეცით, ვერაფერს დააკლებთ. პირველ რიგში მენაპირე ლაშქარი უნდა მოუსპოთ, ისე უნდა მოუსპოთ, რომ მეფეს ამბავი არ მიუვიდეს, მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი კი ამჟამად ახალციხეში ჩემს გარდა არავინ იცისო. და გაჩუმდა. ომან ფაშამ ოქროთი სავსე ქისა აიღო, ხელში შეათამაშა, და, ეს თუ იკმარებსო, ჰკითხა. გურჯი შეეცადა სიხარული დაემალა, მაგრამ ისე ვერ დამალა, როგორც ეწადა. თუმცა თავი მაინც ყოჩაღად დაიჭირა. ჩემი მიზანი შურისძიებაა და არა ოქროს შოვნაო, თქვა, ლუარსაბ მეფის წყალობით რომ შიშველ-ტიტველი და ცარიელ-ტარიელი არ გადმოვხვეწილიყავი ახალციხეში, მაგ ოქროს ხელსაც არ ვახლებდიო. მერე წვრილად, გასაგებად აგვიხსნა მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი. როცა დაამთავრა, წამოდგა და ხელი ქისისკენ გაიწოდა. ომან ფაშა ჩემი გაზრდილი იყო! ქისა ზურგსუკან დამალა, თავი გაიქნია და ღიმილით უთხრა, ჯილდოს საზღვარზე მიიღებ, როცა მენაპირე ჯართან მიგვიყვანო. გურჯს თვალებში რისხვა გუკრთა, მაგრამ თავი შეიკავა და ესღა თქვა, გეტყობა, ქართველი კარგად ვერ გცნობია, თორემ ისიც გეცოდინებოდა, რომ ქართველის სიტყვა კლდესავით მტკიცეაო. მაინც ასე სჯობსო, მიუგო ომან ფაშამ და იმ გურჯსაც სხვა რა დარჩენოდა, დათანხმდა, თავი ცივი ღირსებით დაუკრა და ბეჭების უკმაყოფილო რხევით გავიდა. სალაშქროდ რომ ავიყარეთ და ახალციხიდან გავედით, ომან ფაშას ის გურჯი გვერდიდან არ მოუშორებია. ამჯერადაც ალი-მირზას რჩევას მივდიეთ და გურჯების ბანაკს ნაშუაღამევს მივადექით. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ალი-მირზამ იწინასწარმეტყველა: ღვინით დამთვრალ გურჯებს ღრმა ძილით ეძინათ და, სანამ გამოფხიზლდებოდნენ და მიხვდებოდნენ, რა რისხვა დაატყდათ თავს, საქმე უკვე მოთავებული გვქონდა. არავინ წაგვსვლია, უკლებლივ გავჟლიტეთ ყველანი, ჩვენ კი სულ სამი კაცი მოგვიკლეს და ორიც მსუბუქად დაგვიჭრეს. დილამდე იქ დავრჩით. მეორე დღეს კიდევ ბევრი გვქონდა სავალი და ლაშქარს დასვენება სჭირდებოდა. ჩვენ – ომან ფაშა, მე და სხვა დიდებულები – გურჯების მეთაურთა კარავში დავბანაკდით. დილაუთენია ომან ფაშას ის ჩვენი გურჯი ეწვია. შემოვიდა მაღალი, ტანადი, ულვაშებაპრეხილი, დინჯად დაგვიკრა თავი და ომან ფაშას ნიშნისმოგებით უთხრა, ახლა ხომ დარწმუნდი, რომ ქართველის სიტყვა სანდოაო. არც აქამდე მეპარებოდა ეჭვიო, თავაზიანად მიუგო ომან ფაშამ. აბა, მაშ მე ამას იქით აღარ გჭირდები და ახალციხეში დავბრუნდებიო, თქვა გურჯმა. ომან ფაშამ ქისა გაუწოდა. გურჯმა ქისა ჩამოართვა, კიდევ ერთხელ დაგვიკრა თავი ყველას დინჯად და ღირსებით, შეტრიალდა და, წელში ამაყად გამართული, მხრების რხევით წავიდა. ახლა მხრებს უფრო ათამაშებდა, ვიდრე არხევდა. მანამდეც შემიმჩნევია, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ამის შემდეგ კი საგანგებოდ ვაკვირდებოდი და დავრწმუნდი, რომ, როცა გურჯი მხრებს ასე არხევს და ათამაშებს, ეს იმის ნიშანია, რომ სინდისი სუფთა არა აქვს. ომან ფაშა ყოველგვარ იარაღს კარგად ხმარობდა, მაგრამ განსაკუთრებით დანის ტყორცნა ემარჯვებოდა. უყვარდა კიდეც. გურჯი სწორედ კარვის გასასვლელამდე იყო მისული. ერთი შეკრთა და უცბად გაშეშდა. მხრების თამაშიც წამსვე შეწვიტა, ოდნავ აიზიდა, თითქოს ფეხის წვერებზე უნდა შედგესო. მცირე ხანს ასე იყო გახევებული, გეგონებოდათ, რაღაცაზე დაფიქრდაო. მერე ნელა შემოტრიალდა და განცვიფრებული მზერა ომან ფაშას მიაპყრო. ამ დროს მუხლებმაც უმტყუნეს. თითქოს პირქვე უნდა დამხობილიყო, მაგრამ უეცრად უკან გადაქანდა და მოწყვეტით დაეცა ზურგზე. ბეჭებში გარჭობილი დანა მკერდში გამოუვიდა. `ჭეშმარიტად ბრძენია ალი-მირზა~, თქვა ომან ფაშამ, მცველებს უხმო და გვამი გაატანინა, ქისა კი თავის თანაშემწეს გადასცა და უბრძანა ლაშქრისთვის დაერიგებინა. – სულეიმანი გაჩუმდა. მე ველოდი, თან ვცდილობდი, მოუთმენლობა არ დამტყობოდა. მოხუცი დიდხანს დუმდა და იმის გაფიქრებაზე, რომ ერთი ულუფა რაჰათ-ლუხუმის შეჭმა კიდევ მომიწევდა, ტანში გამაჟრჟოლა. ცოტა ხნის შემდეგ ხავილი დაიწყო. ეტყობოდა, ყელში თუ ფილტვებში ჰაერის მოძრაობას რაღაც აბრკოლებდა და ყოველ ჩასუნთქვაზე და ამოსუნთქვაზე გაბმული, საწყალობელი, გულისგამაწვრილებელი ხმა ამოსდიოდა. იმ დროს, როდესაც მომეჩვენა, ჩაეძინა-მეთქი, და იმედი საბოლოოდ გადამიწყდა, მოხუცი ისევ ალაპარაკდა. ოღონდ ახლა ხმა შეეცვალა, რაღაც უცხო გაუხდა, ცივი და შორეული, თითქოს მისი დაწყებული ამბავი ვიღაც სხვამ განაგრძო, – ორჯერ მოგვცა ნიშანი ყოვლადძლიერმა ალაჰმა. პირველი ნიშანი იმ ღამეს მოგვცა, მენაპირე ლაშქარი რომ გავწყვიტეთ, მაგრამ გამარჯვებამ ისე დაგვათრო და გაგვაბრუა, ვერ შევიტყეთ. თუ გულისყური მუდამ გამახვილებული არა გაქვს, ზეგარდმო ნიშანი ძნელი შესამჩნევია. ახალციხიდან ომან ფაშამ ორი მეგზური იახლა, რომლებიც ლუარსაბ-ხანის სამფლობელოს ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ. ერთი ქართლში ნაცხოვრები სპარსი იყო, მეორე კი ახალციხელი გურჯი. მენაპირე ლაშქართან ბრძოლაში, როდესაც სამი კაცი მოგვიკლეს, ამ სამიდან ერთი სწორედ ის სპარსი მეგზური იყო. რაკი მეორე მეგზურიც გვყავდა, მაშინ ამ ამბისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია და ალაჰის ნიშანი არ დაგვინახავს. ადრიანად ავიყარეთ და გზა განვაგრძეთ. შუადღის ხანს დასახლებულ ადგილებს მივაღწიეთ. ორი სოფელი ისე გავიარეთ, ძეხორციელი არ შეგვხვედრია, ჩანს, მაცხოვრებლებმა შორიდანვე შეგვამჩნიეს და, როგორც სჩვეოდათ, დიდიან-პატარიანად ტყეში გაიხიზნენ. დავლაც ბევრი ვერაფერი ჩავიგდეთ ხელთ. მეორე სოფელს რომ გავცდით, ალაჰმა კიდვ ერთი ნიშანი მოგვცა: გურჯი მეგზურიც დაიღუპა. ვიწრო თავდაღმართში, კლდიან და ქვიან ადგილას, მეგზურის ცხენს მოულოდნელად ფეხი აუსხლტა, წაიფორხილა, თავი ვეღარ შეიმაგრა, მოწყვეტით დაეცა და მხედარი ქვეშ მოიყოლა. ყველაფერი ეს თვალის დახამხამებაში მოხდა. როცა რამდენიმე კაცი ჩამოქვეითდა და ცხენი რის ვაი-ვაგლახით გვერდზე გადაათრია, მეგზური უკვე მკვდარი ეგდო. ჩვენ ყველანი ლუარსაბ-ხანის მალე შეპყრობის იმედით ვიყავით დაბრმავებული და დაყრუებულები, თორემ ეს მეორე ნიშანი იმდენად ცხადი და მკაფიო იყო, ბავშვიც კი მიხვდებოდა. ეეჰ, ვინც ალაჰს ყურს არ უგდებს, არ შეიძლება თავი არ წააგოს... ომან ფაშამ ლაშქარი შეაყენა, დიდებულები მიგვიხმო და რჩევა გვკითხა. გადავწყვიტეთ, ჯერჯერობით გზა გაგვეგრძელებინა, როცა გაშლილ ადგილს მივადგებოდით, სადაც შეუმჩნევლად გავლა არ მოხერხდებოდა, იქ ლაშქარი გაგვეჩერებინა, რამდენიმე კაცი უჩუმრად დაგვეწინაურებინა, პირველსავე სოფელს დავცემოდით და ახალი მეგზური გაგვეჩინა. ის იყო, თათბირს მოვრჩით და ომან ფაშას ლაშქრისთვის დაძვრის ნიშანი უნდა მიეცა, ქვემოთ, ცოტა მოშორებით, სადაც მოსახვევი იწყებოდა, ფლოქვების ხმა მოგვესმა. ომან ფაშამ სიჩუმე ბრძანა. რაღაც უამური რომ ვიგრძენი, მაშინვე მივხვდი, მაგრამ რისგან იყო, ვერ გავიგე და, ჩემდა საუბედუროდ, არც შემიწუხებია თავი, რომ გამეგო. მხოლოდ მერე, – ვაგლახ, გვიანღა – მომაგონდა, რომ ხმა უცნაური მეჩვენა, მოგუდული, უცხო, შორეული, თითქოს სადღაც ვიღაცის ვეება გული გამალებით სცემდა. მცირე ხნის შემდეგ მოსახვევში ჯორზე ამხედრებული მღვდელი გამოჩნდა. თავი ჩაეკიდა და ისე ჩაფლულიყო ფიქრებში, სანამ ჩვენს დანახვაზე ჯორი მოწყვეტით არ შედგა, არაფერი გაუგია. ჯორი რომ შედგა, მაშინღა აიღო თავი. ოცდათხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა, მრგვალი პირისახე ჰქონდა, ქერა თმა-წვერი და თაფლისფერი თვალები. ამოდენა ლაშქარი რომ დაინახა, ფერი დაკარგა, წამით შეტრიალება და გაქცევა დააპირა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ვერსად წაგვივიდოდა, და გადაიფიქრა. იჯდა ჯორზე გახევებული, კანკალებდა და უაზროდ შემოგვცქეროდა. ჩვენ ჩვენი სიბრმავითა და სიბრიყვით ამ მღვდლის გამოჩენა მივიღეთ ალაჰის ნიშნად: მართლაცდა, წუთის წინ მეგზური დავკარგეთ და ვერც კი მოვასწარით საგონებელს მივცემოდით, რომ ახალი მეგზური თავისი ფეხით გვეახლა. სხვა რაღა გვინდოდა? `ალაჰი დიდია და მწყალობელი, – თქვა ომან ფაშამ, – აქ მომგვარეთ ეგ გურჯი!~ ორი მებრძოლი წამსვე ჩამოქვეითდა, მღვდელი ჯორიდან ჩამოსვა და ომან ფაშას წინ დაუყენა. მღვდელი შიშისაგან წამხდარი იყო და თვალებს დაფეთებული აცეცებდა. ომან ფაშამ გაუღიმა და უთხრა: `შენი თავი ალაჰმა გამომიგზავნა, გურჯო~. როდესაც გურჯთა ენის მცოდნემ ომან ფაშას სიტყვები მის ენაზე უთხრა მღვდელს, იმან ჯერ ომან ფაშას შეხედა, წამსვე ისევ აარიდა თვალი, აკანკალებული ხელი ასწია და პირჯვარი გამოისახა. `ნუ გეშინია, არას გერჩი, – დაყვავებით უთხრა ომან ფაშამ, – ოღონდ, რასაც გიბრძანებ, ის უნდა შეასრულო~. მღვდელი ისე იყო გონებაარეული, ომან ფაშას დაპირება, ეტყობა, ვერც კი გაიგო. `ხომ იცი, ლუარსაბ-ხანი სად იმყოფება?~ – ჰკითხა ომან ფაშამ. მღვდელი, როგორც იქნა, გონს მოეგო, თვალებში აზრის ნატამალი გაუკრთა, მიხვდა, რას ეკითხებოდნენ, და უარის ნიშნად თავი გაიქნია, არ ვიციო. მაშინ ომან ფაშამ ის სოფელი უხსენა, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი და მერე დამავიწყდა, და ჰკითხა, ეს სოფელი ხომ იცი სადააო. მღვდელმა ჯერ ომან ფაშას შეხედა, მერე მე შემომხედა, მერე სხვა დიდებულებს მოავლო თვალი, თითქოს რაღაცის გაგებას ლამობსო. ბოლოს თავი დაიქნია, ვიციო. `ძალიან კარგი, – თქვა ომან ფაშამ და ბრძანა, – მოჰგვარეთ ჯორი! – ბრძანება რომ შეასრულეს, ისევ მღვდელს მიუბრუნდა, – აბა, შეჯექი ჯორზე, გაგვიძეხ და პირდაპირ მაგ სოფელში მიგვიყვანე!~ მღვდელი ახლა ისე აღარ კანკალებდა, მაგრამ ჩუმად იყო და მაშინ ვერ მივხვდით, ყოყმანობდა თუ სხვა რამეს ფიქრობდა. მღვდლის სიჩუმეზე ომან ფაშა, ცოტა არ იყოს, გაწყრა და ხმაში სუსხი გამოურია: `ვერ გაიგე, გურჯო, რა გითხარი?! – მერე ისევ დაუწია ხმას და ტკბილად განაგრძო, – თუ გაგვიძღვები და ლუარსაბ-ხანთან მიგვიყვან, სიცოცხლეს გაჩუქებ და სართად ერთ ქისა ოქროსაც დაგიმატებ, თუ არა და დაუყოვნებლივ მოკვდები, ლუარსაბ-ხანის ადგილსამყოფელს კი უშენოდაც იოლად მივაგნებთ~. როდესაც ეს სიტყვები გურჯთა ენაზე უთარგმნეს, მღვდელმა ომან ფაშას შეხედა და თვალებში წამით რაღაც ნაპერწკალი გაუკრთა. მე ეს ნაპერწკალი ოქროს ხსენებას მივაწერე და გულში გამეცინა. მღვდელმა კი, უკვე თითქმის სრულიად დამშვიდებულმა, ომან ფაშას შემდეგი უთხრა: `მე მაშინ მოვკვდები, როცა უფალი ჩემი ღმერთი იესო ქრისტე ინებებს~, – და კვლავ პირჯვარი გამოისახა. ჩემი ვარაუდით მღვდელი ვაჭრობას აპირებდა, რათა, რაც შეიძლება, მეტი ოქრო დაეცინცლა ჩვენთვის, მაგრამ მისმა ყბედობამ ომან ფაშა რისხვით აავსო. სწრაფად გადაიხარა ცხენიდან, მღვდელს წვერში წაავლო ხელი, თავი აუწია, თვალებში ჩახედა და კბილთა ღრჭენით უთხრა: `ახლა მე ვარ შენი ღმერთი და შენი სული ჩემს ხელთაა!~ ამ სიტყვებით მისი წვერი ერთი მძლავრად შეანჯღრია, მერე თავი კიდევ უფრო მაღლა აუწია და, როცა მღვდელს ყელის ძარღვები დაეჭიმა, თვალები გადმოეკარკლა და სუნთქვა შეეკრა, მაშინღა გაუშვა. `აბა, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ~. მღვდელს ხველება აუვარდა და ტკივილისაგან ერთხანს ხმა ვეღარ ამოიღო, ბოლოს, როგორც იქნა, ყელი ჩაიწმინდა და თქვა: `მეფის ღალატს მე ჩემი ნებით ვერ გავბედავ. უნდა ვილოცო და ჩემს მაცხოვარ იესო ქრისტეს დავეკითხო. თუ დასტურს მომცემს, გაგიძღვებით, თუ უარს მეტყვის, ვერ გაგიძღვებით~. მე ვიცოდი, რომ მრისხანების ჟამს ომან ფაშას შეიძლებოდა გონება ამღვრეოდა და ისეთი რამ ჩაედინა, რაც მერე სანანებელი გაგვიხდებოდა, ამიტომ სწრაფად ამოვუდექი გვერდით და სწორედ იმ წამს, რა წამსაც დანა იძრო, ვუთხარი: `ნუ აჩქარდები, დიდო სარდალო. დაე, ილოცოს და დაეკითხოს თავის იესო ქრისტეს. მაგას ლოცვა იმისთვის სჭირდება, რომ ღალატი ღმერთს გადააბრალოს და ოქრო ისე იშოვოს, სინდისმა არ შეაწუხოს~. ომან ფაშას, როგორც სჩვეოდა, სიბრაზემ უცბადვე გაუარა და მღვდელს მიუბრუნდა: `ნება მომიცია, გურჯო. ილოცე და დაეკითხე შენს ღმერთს. ისიც უთხარი, ომან ფაშას ასე სწადია-თქო, უფრო იოლად გამოსტყუებ დასტურს!~ ამ სიტყვებმა ლაშქარში მხიარული სიცილი გამოიწვია. ეეჰ, მაშინ ჯერ კიდევ ვიყავით ოხუნჯობის გუნებაზე... მღვდელი რამდენიმე ნაბიჯზე გაგვშორდა, პირი აღმოსავლეთით ქნა, დაიჩოქა, თვალები მაღლა აღაპყრო და გაუგებარ ბუტბუტს მოჰყვა. ვიწრო ხეობაში ვიდექით, ქვიან, ოღრო-ჩოღრო გზაზე. შუადღე იყო და უმოწყალოდ ცხელოდა. გზას ორსავ მხარეს კლდოვანი ბექობი მისდევდა, რომლის თავზე მაღალი, ხშირი ტყე იწყებოდა. სიჩუმე იდგა და ირგვლივ არაფერი მოძრაობდა, მხოლოდ ხვლიკი თუ გაისრიალებდა დროდადრო მზისგან გახურებულ ბექობზე. მღვდელმა ბუტბუტი მალე შეწყვიტა, მაგრამ კიდევ დიდხანს იდგა მუხლებზე, გაშეშებული და ზეცისკენ თვალებაპყრობილი, ბოლოს წამოდგა და მოტრიალდა. სახე უელავდა და თვალებიდან თითქოს სხივებს აფრქვევდა. მე ეს მაინცდამაინც არ გამკვირვებია. მართალია, ამ დამფრთხალი ქრისტიანი მღვდლისაგან ცოტა მოულოდნელი კი მეჩვენა, მაგრამ, საერთოდ, ვიცი, ჩემს თავზეც გამომიცდია და სხვებისთვისაც შემიმჩნევია, რომ ღრმა და გულწრფელი ლოცვის დროს, როცა თვალის მაგიერ სულით იხედები, კაცს ასეთი რამ ზოგჯერ გემართება. მღვდელი ომან ფაშასკენ წამოვიდა. ახლა სავსებით დამშვიდებული იყო და შიშისა აღარაფერი ეტყობოდა. მივიდა ომან ფაშასთან და უთხრა: 

 

გადაფურცლეთ წინა გვერდი  /  გადაფურცლეთ გვ. 3