EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ჯემალ ქარჩხაძე - რაჰათ-ლუხუმი (გაგრძელება გვ.3) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-11-20 15:33:29

ჯემალ ქარჩხაძე - რაჰათ-ლუხუმი (გაგრძელება გვ.3)

`უფალმა ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ, კურთხეულ იყოს მისი სახელი, შენი მორჩილება და სამსახური მიბრძანა~. `საუცხოო ღმერთი გყოლია, გურჯო. მაშ, დროს ნუღარ დავკარგავთ, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ, – შორია მაგ სოფლამდე?~. `მოკლე გზით თუ წავალთ, დაღამებამდე მივაღწევთ, – მიუგო მღვდელმა, – ოღონდ სავალი ძნელია~. `ალაჰის ლაშქარს გზის სიძნელე ვერ შეაშინებს, – უთხრა ომან ფაშამ, – მოკლე გზით გაგვიძეხ!~ სავალი მართლა ძნელი გამოდგა, სულ კლდე-ღრეებით, დაბურული ტყეებითა და დახრამული, ვიწრო ხეობებით ვიარეთ. მღვდელი წინ მიგვიძღოდა, ჩვენ უკან მივყვებოდით. საშუალო ტანის კაცი იყო, ოდნავ წახრილი იჯდა ჯორზე, თავი ჩაეკიდა და ეტყობოდა ღრმა საფიქრალს მისცემოდა. უკან არც ერთხელ არ მოუხედავს. მიდიოდა უხმოდ და, რაზე ფიქრობდა, არავინ იცის. ეეჰ, წუთისოფლის სიმუხთლევ!.. აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ბედისწერა მიგვიძღოდა სიკვდილის გზაზე და ეს ამოდენა ლაშქარი უდრტვინველი მორჩილებით მივდევდით უკან... მხოლოდ ერთხელ აიღო თავი. მაღალი ბუჩქების ტევრში მივდიოდით. არც მანამ და არც მერე სხვაგან ისეთი ბუჩქები არსად შემხვედრია და რა ჰქვია, არ ვიცი. დიდრონი ყვავილები ჰქონდა, თეთრი და სქელფურცლიანი. მღვდელმა თავი აიღო, გადაიხარა, ერთი ყვავილი მოწყვიტა, ცოტა ხანს უცქირა და უბეში ჩაიდო. რად უნდოდა, არ ვიცი. მერე ისევ ჩაჰკიდა თავი და გზა განაგრძო. დიდხანს ვიარეთ. ხალხიც დაიღალა და ცხენებიც, მაგრამ დასვენება არც გვიფიქრია. იმის იმედით, რომ მალე მიზანს მივაღწევდით, სადაც გამარჯვებაც გველოდა, სასმელ-საჭმელიც და განცხრომაც, დაღლილობას იოლად ვიტანდით. მზე უკვე ჩადიოდა, როცა იმ დაწყევლილ ადგილს მივაღწიეთ. ვიწრო ხეობას გავცდით, ფერდობს შევუყევით და ერთ ვეება, შიშველსა და ციცაბო, მომწვანო-მონაცრისფრო კლდეს მივადექით, რომელიც დიდ მანძილზე იყო გადაჭიმული და ქონგურებივით ჩაკბეჩილი წვერით ბოლოვდებოდა. კლდეს ორსავ მხარეს დაბურული, გაუვალი ტყე ერტყა. ჩამავალი მზის სხივებში გახვეული კლდე უცხოდ ბრწყინავდა. წინ გასასვლელი არსად ჩანდა, მაგრამ ბედისწერის ხელი მაშინ ჯერ კიდევ არ დამინახავს, ვიფიქრე, ტყე-ტყე იქნება სადმე ბილიკი და ვერ ვამჩნევ-მეთქი. მღვდელმა ფერდობი აათავა, ჯორი ზედ კლდის ძირას შეაყენა, ჩამოხდა და ჩვენკენ მოტრიალდა. ჩვენც შევდექით. ლაშქარიც შედგა. კლდე რაღაც უცხო ბრჭყვიალებით ირეკლავდა დაცემულ სხივებს, სხვადასხვა ფერის ათინათი თვალისმომჭრელად ირეოდა ერთმანეთში და ო, ალაჰ! წამით მომეჩვენა, თითქოს მზის მეწამულ შუქში გახვეული მღვდელი თავადაც მზესავით აფრქვევდა სხივებს. მე თვალი დავხუჭე და თავი გავიქნიე, რათა ეს უცნაური და შიშისმომგვრელი ხილვა მომეშორებინა. ამ დროს მღვდელმა პირჯვარი გადაიწერა და წყნარი, ნაღვლიანი ხმით თქვა: `მოვედით~. ომან ფაშამ, რომელიც აქამდე ცოტა გაკვირვებული შესცქეროდა მღვდელს, ახლა კითხვის თვალი გურჯთა ენის მცოდნეს მიაპყრო. როცა გაიგო, რა თქვა მღვდელმა, ისევ მიუბრუნდა. `მოვედით? – ჰკითხა და ჯერ ერთ მხარეს შეათვალიერა ტყე, მერე მეორე მხარეს. ბოლოს კლდეს ააყოლა თვალი, თითქოს გადაღმა გადახედვას ლამობსო, და თითით ჰაერში რკალი მოავლო, – აქ არის სოფელი?~ `არა~, – ისევ ისე წყნარად და ნაღვლიანად თქვა მღვდელმა. სახე მშვიდი და უძრავი ჰქონდა. `არა? – განცვიფრებით გაიმეორა ომან ფაშამ, – მაშ, სად მოვედით? სოფელი სადაა?~ `სოფელი შორსაა, – მიუგო მღვდელმა, – უფალმა ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ, კურთხეულ იყოს მისი სახელი, – ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი, – აქ მიბრძანა შენი მოყვანა~. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ომან ფაშამ ელვის უსწრაფესად ისკუპა ცხენიდან, ორი ნახტომით გაჩნდა მღვდელთან და საკინძეში ჩაავლო ხელი. `რას ამბობ, გურჯო?!~ – ძლივს გამოცრა მოკუმული ტუჩებიდან. მღვდელი ჩუმად გასცქეროდა სივრცეს. მაშინ ომან ფაშამ მძლავრად შეანჯღრია. ხოლო იმ დროს, როცა მე კვლავ მკაფიოდ დავინახე, თუ როგორ აფრქვევდა სხივებს მღვდლის მზესავით მოელვარე სახე, და თვალი დავხუჭე, რათა ეს საშინელი ხილვა წეღანდელივით მომეშორებინა, გვერდით ისმაილ ფაშას შემკრთალი ხმა მომესმა: `დიდება ალაჰს! თვალი მატყუებს თუ ეს გურჯი...!~ ისმაილ ფაშას სიტყვა არ დაუსრულებია, ისე გაჩუმდა, თითქოს ხმა ჩაუწყდაო. თვალი რომ გავახილე და მისკენ მივიხედე, დავინახე, რომ განცვიფრებითა და შეძრწუნებით მისჩერებოდა მღვდელს. ომან ფაშა კი მღვდელს მთელი ძალით ანჯღრევდა და უკვე ყვირილით ეკითხებოდა: `სოფელი სად არის, გურჯო?!~ მღვდელი ხმას არ იღებდა. მაშინ ომან ფაშა ყელში ეცა, ორივე ხელი წაუჭირა, მერე ისევ გაუშვა და უეცრად მუხლებზე დაეცა. `მითხარი, გურჯო, სად არის სოფელი. ხომ ხედავ, მუხლმოყრილი გემუდარები! ომან ფაშა, გურჯო, მუხლმოყრილი გემუდარება! ოღონდ აქედან გაგვიყვანე და ლუარსაბ-ხანის სამყოფელი გვაჩვენე, თუ გინდა, ნუ წამოგვყვები, ისე გვასწავლე სად არის, ოღონდ გვასწავლე და რაც გინდა მთხოვე...~ მზე ჩადიოდა და მიწა თანდათან ჩრდილში ეხვეოდა. ფერდობს ჩრდილი ეფინა, ლაშქარი ჩრდილში იდგა, ჩვენც ჩრდილში ვიდექით, ომან ფაშაც ჩრდილში იდგა მუხლებზე. სხივები მაღლა-მაღლა მიიწევდა და მღვდელსაც ნელ-ნელა ჩრდილი ეფინებოდა, მზე ახლა მხოლოდ მის პირისახესა და წაბლისფერ თმა-წვერს ანათებდა. `მუხლებს დაგიკოცნი, გურჯო, – ევედრებოდა ომან ფაშა, – ოღონდ აქედან გაგვიყვანე!~ მღვდელი დუმდა. `გურჯო... – კიდევ ერთხელ სასოებით თქვა ომან ფაშამ და უეცრად საშინლად დაიღრიალა, – გურჯო!~ ზეზე წამოვარდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შეანჯღრია, მერე ფრჩხილებით ჩააფრინდა ლოყებში და ხორცი ჩამოაფლითა. მღვდლის ლოყებზე სისხლის ნაკადულებმა იწყეს დენა. `გაგვიძღვები თუ არა?! გვასწავლი თუ არა გზას?!~ მღვდელი არც იძვროდა და არც ხმას იღებდა. ომან ფაშა კი უკვე გონდაკარგული იყო. ჯერ ცერა თითი აძგერა და ცალი თვალი ამოუგდო, მერე ყელში კბილებით ჩააფრინდა და ძიძგნა დაუწყო, თან უაზროდ იმეორებდა: `გაგვიძღვები თუ არა... გვასწავლი თუ არა გზას...~ წყეულ მღვდელს კრინტი არ დაუძრავს და ერთი კვნესა არ დასცდენია. მხოლოდ მაშინ, როცა ფეხზე დგომა ვეღარ შეიძლო და ძალაწართმეული მუხლებზე დავარდა, მისუსტებული, ძლივსგასაგონი ხმით თქვა: `გმადლობ, უფალო...~ მერე წამოდგომა დააპირა, წამოიწია კიდეც, მაგრამ ძალა არ ეყო, გვერდზე გადაიხარა და მარცხენა მხარით დაეცა ძირს. ომან ფაშა, როგორც გააფთრებული ნადირი, ზედ დაემხო. ამ დროს მზეც ჩავიდა და ბინდმა იწყო ჩამოწოლა. მღვდელი და ომან ფაშა ახლა უკვე ჩრდილებადღა ჩანდნენ. მღვდლის ჩრდილი უძრავად იწვა, ომან ფაშას ჩრდილი კი დაჩოქილი ტრიალებდა მის ირგვლივ და გამეტებით ძიძგნიდა. ხან დანით, ხან კბილებით, ხან ფრჩხილებით. ცოტაც და ბინდმა ყოველივე დაფარა. უკვე აღარაფერი ჩანდა და მხოლოდ ომან ფაშას ქშენა და მძიმე-მძიმე სუნთქვა ისმოდა. მერე, როცა ესეც მიწყდა, უეცრად იელვა და არემარე დღესავით განათდა. ო, ალაჰ! ახლაც არ ვიცი, რა იყო მაშინ ნამდვილი და რა მოლანდება. ელვამ დაკვესა და, თითქოს დაავიწყდა, რომ ისევ უნდა ჩამქრალიყო, დიდხანს ენთო ცაზე. მღვდელი, მკვდარი, დაფლეთილი, დასახიჩრებული, ერთიანად ალუფხული, მოკუნტული ეგდო ძირს. ომან ფაშა თავზე ადგა, გაბოროტებული თვალებით დასცქეროდა და მთელი სხეული უცახცახებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ელვა ჩაქრა და კვლავ სიბნელე ჩამოწვა. ცოტა ხნის შემდეგ ნაბიჯების ხმა გაისმა და გავარჩიე კიდეც ჩვენკენ მომავალი ომან ფაშას ჩრდილი. ომან ფაშა ჩემთან მოვიდა, ხელები მხრებზე დამაწყო, მთელი სიმძიმით ჩამომაწვა, სახე მკერდზე მომადო და ათრთოლებული, ცრემლიანი ხმით მითხრა: `ათა სულეიმან, – როცა სასოწარკვეთაში ჩავარდებოდა, სულ მთლად უმწეო ხდებოდა და ბალღივით სჭირდებოდა დაყვავება და ნუგეშის ცემა. ასეთ დროს ყოველთვის ათა სულეიმანს მეძახდა ხოლმე. – ათა სულეიმან, აკი ალი-მირზამ, იმ ბებერმა ქოფაკმა, ყველანიო?..~ `დაწყნარდი, შვილო ჩემო, – ვუთხარი მე, – შენი უძლეველი ლაშქარი შენთანაა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინა გვაქვს~. ამ დროს ჭექა-ქუხილი ატყდა, ზედიზედ იელვა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. პირველ გაელვებაზე კლდის მხარეს, ო, ალაჰ, ცის კაბადონზე ის გურჯი მღვდელი დავინახე. მუხლმოყრილი იდგა, თვალები მაღლა აღეპყრო და სახეზე ტანჯვისა და ნეტარების უცხო ღიმილი ეფინა. კვლავ რომ იელვა, კლდეს თვალი ავარიდე, სხვა მხარეს გავიხედე და ახლა სხვა მხარეს დავინახე იგივე სურათი. განუწყვეტლივ ელავდა და ცის ოთხივ მხრიდან გურჯი მღვდლის ტანჯული და ნეტარი ღიმილი დაგვცქეროდა. არ ვიცი, სხვებიც ამჩნევდნენ თუ არა ამ უცნაურ და გულისშემძვრელ სანახაობას, ჩემთვის კი ნათელი შეიქნა, რომ ჩვენს თავზე ბედისწერის მახვილი იყო აღმართული. ალაჰი გვირისხდებოდა, ვინაიდან მის მიერ ორგზის მოცემული ნიშანი ვერ გამოვიცანით. ახლა, თუკი ხსნა ჯერ კიდევ იყო, იმაში იყო, რომ ლაშქრობაზე ხელი აგვეღო და დაუყოვნებლივ ახალციხეში დავბრუნებულიყავით. მაგრამ ომან ფაშამ ჩემი რჩევა შორს დაიჭირა. ეგებ ვერც მე ვურჩიე ბეჯითად. მართლაცდა, ვინ იცის, რა სჯობდა: ვიღაც ბანჯგვლიანი გურჯის ხელით მომკვდარიყო და მისი მშვენიერი თავი ლუარსაბ-ხანს სპარსეთის შაჰისთვის მიერთმია, თუ დამარცხებული და სირცხვილნაჭამი დაბრუნებულიყო ახალციხეში, როგორც ფრთებდაჭრილი არწივი, რომელსაც ცის ლაჟვარდებში აფრენა აღარ უწერია?.. ეჰეი, ომან ფაშავ, ჩემო იმედო და ნუგეშო, როგორ წავაგეთ თავი!.. ვინ იცის, თავისი ქვეყნის ერთგული ერთადერთი გურჯი ბოგინობდა მთელ იმ არემარეზე და მაინცდამაინც ჩვენ გადავაწყდით!.. მომყევითო, ომახიანად დასჭექა ომან ფაშამ და გაბოროტებული და დიდებული ფიცხლად მოახტა ცხენს... მივდიოდით უკუნ ღამეში. ღვთის რისხვასავით ქუხდა და ელავდა. ცა ლამის მიწაზე ჩამოსულიყო. მივდიოდით და უკან, როგორც საკუთარი ჩრდილი, ფეხდაფეხ მოგვდევდა ბედისწერა – იმ წყეული მღვდლის სული, რომელიც ვერ მოვკალით... ვაი შენს მოხუც სულეიმანს, ომან ფაშავ, ჩემო არწივო!.. შენი მოკვეთილი თავი რომ ვიხილე, რომელიც მკვდარ მზეს ჰგავდა, ჩემი მზეც მაშინ ჩაესვენა და მოკვდა... ე-ჰე-ჰე, რა ამაო ყოფილხარ, საწუთროვ, რა ცრუ და მუხთალი!.. კიდევ ხომ არ იყიდი რაჰათ-ლუხუმს, უცხოელო?

დღესაც არ ვიცი, ნამდვილად მოხდა ეს ამბავი, თუ ცბიერმა მოხუცმა ყველაფერი მართლა რაჰათ-ლუხუმის გასასაღებლად მოიგონა.

 

გადაფურცლეთ წინა გვერდი    /   გადაფურცლეთ გვ. 1