EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ემოციები, აზროვნება და ჩვენი ორგანიზმი 1 »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-25 21:44:29

ვაჟა-ფშაველას ეს სტრიქონები ალბათ გახსოვთ. მართლაც, გრძნობების გარეშე ჩვენს სიცოცხლეს ფასი არ ექნებოდა. ეს კაცობრიობამ კარგად უწყის და ამის თაობაზე აზრიც არაერთხელ გამოუთქვამთ მეცნიერებს, მწერლებსა თუ მოაზროვნეებს. "უგრძნობლობა" მართლაც საზარელია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არც მეტისმეტი "მგრძნობიარობაა" სასურველი. მეტიც - ხშირად ის უფრო მავნებელია, ვიდრე "ყინულოვანი უგრძნობლობა". პათოლოგიათა უმრავლესობას მედიცინა ფსიქოსომატურ დაავადებებად ანუ ფსიქიკისა და სხეულის ერთობლივ კონტექსტში განიხილავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფსიქიკის სიჯანსაღეს უშუალო კავშირი აქვს სხეულის ჯანმრთელობასთან, ორგანიზმის ცალკეულ ორგანოთა ფიზიოლოგიურ ფუნქციობასა და ცხოველმყოფელობასთან. სწორედ დადებითი ემოციებისა და აზროვნების მნიშვნელობაზე გვესაუბრება ნეირომეცნიერი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, მწერალ გიზო ნიშნიანიძის ოთხტომეულის, აგრეთვე საეკლესიო გამოცემების ("სანუგეშო", "პატიმართა იმედი და ნუგეში", "მამა გაბრიელის სასწაულები და კურნებები") რედაქტორი, ქალბატონი გულქან (ანი) ხიხაძე:

 

- რას წარმოადგენს ემოცია და რა კავშირშია ის ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებთან?
- ემოცია, შესაძლოა, მხოლოდ გრძნობად ჩავთვალოთ, მაგრამ ის თავისი არსითა და შედეგებით უფრო მრავლისმომცველ განსაზღვრებას საჭიროებს. ემოციები განაპირობებს როგორც სხეულებრივ, ასევე მენტალურ ცვლილებებს, რომლებიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტიურ (შემეცნებით) პროცესებს და, შესაბამისად, ქცევით რეაქციებს, რომელთაც განახორციელებს ადამიანი მის მიერ აღქმულ ამა თუ იმ მოვლენის საპასუხოდ. ემოციებს აქვს მოტივაციური ფუნქცია, რომელიც იწვევს ადამიანში მოქმედების განხორციელებისკენ სწრაფვას რეალურად განცდილი ან წარმოსახული მოვლენების საპასუხოდ. როცა თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ფიზიოლოგიური აგზნება გამოიხატება მშვიდი გულისცემით, დადებითი გრძნობით. დადებით ემოციასთან დაკავშირებული კოგნიტიური პროცესები მოიცავს ინტერპრეტაციებს და მოგონებებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მოცემული სიტუაცია შევაფასოთ როგორც ბედნიერი. მოგეხსენებათ, ნერვული სისტემა ორ ნაწილად იყოფა: ცენტრალურ ნერვულ სისტემად, რომელშიც შედის თავისა და ზურგის ტვინი და პერიფერიულ ნერვულ სისტემად, რომელშიც შედის სომატური და ვეგეტატიური ანუ ავტონომიური სისტემა. ვეგეტატიური ნერვული სისტემა, თავის მხრივ, სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნაწილებისგან შედგება. სწორედ ვეგეტატიური ნერვული სისტემა ამზადებს სხეულს ემოციური რეაქციებისთვის. სიმპათიკური და პარასიმპათიკური სისტემა ნერვული ბოჭკოებით უკავშირდება შინაგან ორგანოებს, სისხლძარღვებსა და ჯირკვლებს. პროცესები, რომლებსაც ეს სისტემა არეგულირებს, არ ექვემდებარება ნებით კონტროლს. ამიტომაც უწოდებენ მას ავტონომიურს. ემოციურ აგზნებას აქვს ნერვული და ჰორმონული ასპექტები. ისინი კონტროლდება ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილით, რომელსაც ქმნის კორტექსის (თავის ტვინის ქერქის) განსაზღვრული უბნები, ლიმბური სისტემა და ჰიპოთალამუსი. კორტექსი უზრუნველყოფს მოვლენების აღქმას, რაც განაპირობებს ბიოლოგიურ პასუხებს - ავტონომიურ ფიზიოლოგიურ აგზნებას და სხვა სხეულებრივ რეაქციებს, რასაც სპეციფიკური ემოციის განცდამდე მივყავართ; აგრეთვე - სხვადასხვა ასოციაციისა და მოგონებების გამოწვევას, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურ გამოცდილებას სძენს. ლიმბური სისტემა თავის ტვინის ქერქული და ქერქქვეშა სტრუქტურებისგან შედგება. ჰიპოთალამუსი კი თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა. მასში მოთავსებული ბირთვები უკავშირდება ემოციურ-მოტივაციურ რეაქციებში ჩართულ თავის ტვინის სხვადასხვა წარმონაქმნს, რომლებიც სეროტონინისა და ადრენალინის გამომუშავებას არეგულირებს. მნიშვნელოვანი ემოციის (დიდი სიხარული, რისკი და სხვა) და საფრთხის შემთხვევაში ასპარეზზე ადრენალინი გამოდის. მისი გავლენით შინაგანი ორგანოების მკვებავი სისხლძარღვები იკუმშება, ხოლო ის სისხლძარღვები, რომლებიც კუნთებს სისხლით ამარაგებს, პირიქით, ფართოვდება. ამ დროს ძლიერდება და აქტიურდება ტვინის მუშაობა. მოკლედ, ორგანიზმი "იბრძვის". სეროტონინი "ბედნიერების ჰორმონის" სახელით არის ცნობილი. ყოველივე იმაზე, რაც ამქვეყნად ყველაზე მეტად გვიყვარს, პასუხს ეს ჰორმონი აგებს. სწორედ ის განსაზღვრავს ჩვენს გემოვნებასა და მისწრაფებებს.