EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ნოდარ დუმბაძის გამონათქვამები »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-28 17:58:10

ნოდარ დუმბაძის გამონათქვამები
ნოდარ დუმბაძე
 
სატირა ცხელი წყალია,იუმორი-თბილი შხაპი,მე თბილი წყალი მირჩევნია.ადამიანი კი არ უნდა დაწვა,ჭუჭყი უნდა ჩამობანო.

უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს. 

ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.

ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.

პირადად მე ჩემს მასწავლებლად ის ადამიანები მიმაჩნია, რომელმაც საგანი კი არ შემასწავლეს, არამედ შემაყვარეს. ჩემთვის მასწავლებლობა საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მომადლებული უნარი, სხვასაც გადასცე ცოდნა და ისე შეაყვარო საგანი, რომ განცვიფრებულმა იფიქროს,ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა და ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო. 

ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.

ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო... მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია.

კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს.

ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ….ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით…

ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს ვერ შეეგუება. 

ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია, მაგრამ შენ არ შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მითუმეტეს არ უნდა შეგეშინდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად, ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, ის ქვა ბაბუაშენია... ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო.

ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება.

რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს... თუმცა, ცა რომ სარკე იყოს ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გგვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა... ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ... რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს... 

არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით. 

 ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს... უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით...
 
საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა. იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.

საოცარი ფრინველია მერცხალი. ერთიც, რომ იყოს, ცა სავსეა. ასევეა არწივიც, ოღონდ არწივი იპყრობს ცას იდუმალებით, მერცხალი კი- სიხალისით. ეს, რომ ასეა, ამას ისიც ამტკიცებს: თოვლის მოსვლის წინ ცა თითქოს სავსეა ჭილყვავებით და მაინც უსაშველოდ ცარიელია.

ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს... ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი... ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით- გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა- ამას აღარაფერი ეშველებაო- და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე.

ისე ეშინოდა სიბერის, რომ სიამოვნებით მოჰკურცხლავდა ბავშვობისაკენ, მაგრამ საუბედუროდ, ბავშვობა არ ჰქონდა, და რაც მთავარია, ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ იდგა, ელოდა და კანკალებდა.

მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.

მე მგონი, მზე ზეცის ვეება ტრამალზე ანთებული კოცონია, ხოლო მის გარშემო მბრუნავი პლანეტები- ცდომილები შვიდი ცდომილი, ალბათ, თავისი თანამგზავრებით ცის ის ბინადარნი- რომლებიც ხელს და სულს ითბობენ ამ მაცოცხლებელი ცეცხლის გარშემო. დროდადრო შორდებიან, მერე კვლავ უახლოვდებიან და ასე შემდეგ... ვაი იმ ცდომილს, რომელიც ამ კოცონს საერთოდ გაშორდება.

საოცარია ხელოვნება- მხოლოდ მას შეუძლია მოითმინოს და შეიფაროს სულით ავადმყოფთა მრავალმილიონიანი არმია, კაცობრიობის თითქმის მესამედი. განა სხვა რომელიმე პროფესიას აქვს ამის უნარი, არა, იგი ნორმიდან ერთი სანტიმეტრით, ერთი გრადუსით გადახრილ ადამიანსაც კი ვერ ითმენს. ხელოვნება და პოლიტიკა კი მთელი 180 გრადუსით გადახრილ ადამიანებს ხშირად გენიოსის შარავანდედით ამკობს და თაყვანს სცემს. აი, რა არის ხელოვნება- გარდა ჭეშმარიტი ტალანტებისა, სულით ავადმყოფთა თავშესაფარიც არის. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრების სამყაროს მიეკუთვნება და არა მატერიალურს.

დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.

ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

ხანდახან უცნაური გრძნობა შემიპყრობს- მინდა ისეთი ერის პატარა შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო სხვას- ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. ო, რა ბედნიერი იქნებოდა ასეთი ყოფნა!

დაბადება- თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის. ჩვენ ხშირად ვხვდებით ამ პროცესის მოწმენი, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია.

- ლასა მოკვდა, წადი ნახე ბიჭო! მივედი, ვნახე, ლასა ცოცხალი დამხვდა. ერთად წავედით კირილეს სამძიმარზე. ასე განმეორდა ბევრჯერ... ას წელს იცოცხლა ლასამ.

კახეთში ვიყავი, ჭავჭავაძეების მამულში. ფრანგი ტურისტები შემოვიდნენ. ქალები ახლდნენ ფრანგებს გრაციოზულნი, ნარნარნი და ჰაეროვანნი. საღამოს ბანკეტზე დათვრნენ საცოდავები და ქართველის გაგებით "უზნეოდ" იქცეოდნენ, კოცნიდნენ გლეხებს. აივანზე გამოვედი. ერთი შეზარხოშებული კახელი ელაზღანდარებოდა მეორეს. - თედო, ერთი მაგ მადმუაზელსა მანდ მიაზილე!!!- თან ქირქილებდა. ღმერთო, როგორ მიყვარან ეგ კახელები, რა გულუბრყვილო, პირდაპირი და განსაცვიფრებელი იუმორი აქვთ.

ჩემში ეჭვს იწვევს- ღირს თუ არა იმის გამო ტირილი, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ეს მახსოვრობის ყველაზე დიდი მანკიერი მხარეა. ნეტა ვინ მოიგონა? - რომ არ მომკვდარიყო, ახლა გენერალი იქნებოდაო.- ან- რომ არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. კაციშვილმა არ იცის, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის?

ჰო, ადამიანი მაღაროში, მიწის ქვეშ ისე ცხოვრობს, როგორც თავისი დედის საშოში. როცა შეეჩვევა, იქ ძალიან თბილა და მყუდროებაა.

- რატომ დაინგრა ბაბილონის გოდოლი? - იმიტომ რომ, მისი მშენებლები ყველა გამვლელ-გამომვლელის რჩევა-დარიგებას უგდებდნენ ყურს.

- აუ რამდენი დრო მაქვს გაფლანგული, ბუღალტერი, რომ ვიყო და რევიზია, რომ დამეცეს, ალბათ, დახვრეტას მომისჯიდნენ. - გამორთეთ სიბნელე!!!

ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება მხოლოდ იმას ძალუძს, ვისაც ომის დაწყება ძალუძს.
 
იმდენი იძახა იმ მამაძაღლმა ბოლშევიკმა "ნაპერწკლიდან ცეცხლი აინთებაო", სანამ არ აუხდა.
 
კაცობრიობას ჰგონია, რომ მან რაღაცა უკვე ააშენა- სინამდვილეში ჯერ არაფერიც არ აუშენებია- იგი მხოლოდ აშენებს საძირკველს რაღაც გრანდიოზულისათვის, თვითონაც, რომ წარმოდგენა არა აქვს.