EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ღმერთები და ქალღმერთები (გაგრძელება) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2018-02-05 15:06:14

ღმერთები და ქალღმერთები
 ღმერთები და ქალღმერთები - Artemis
ათი სასჯელი. ეგვიპტეზე მოვლენილი სასჯელებით იეჰოვამ განაჩენი აღასრულა მათ ღმერთებზე (გმ. 12:12; რც. 33:4; სურათები, ტ. 2, გვ. 530). პირველი სასჯელი, ნილოსისა და ეგვიპტის მთელი წყლის სისხლად გადაქცევა, ნილოსის ღმერთ ჰაპის დამცირება იყო. ნილოსში თევზის გაწყვეტამ დიდი დარტყმა მიაყენა ეგვიპტელთა რელიგიას, ვინაიდან ეგვიპტელები ზოგიერთი სახეობის თევზს ეთაყვანებოდნენ და მათ მუმიებსაც კი ამზადებდნენ (გმ. 7:19—21). ბაყაყი, ნაყოფიერებისა და მიცვალებულთა გაცოცხლების სიმბოლო, ბაყაყისსახიან ქალღმერთ ჰეკეტის წმინდა ცხოველად ითვლებოდა. ასე რომ, ბაყაყების შემოსევა ამ ქალღმერთის დამცირებას ნიშნავდა (გმ. 8:5—14). მესამე სასჯელის შემდეგ გრძნეულ ქურუმებს თავიანთი მარცხის აღიარება მოუწიათ, რადგან მათ ჯადოქრობით ვერ შეძლეს მიწის მტვრისგან ქინქლის გაჩენა (გმ. 8:16—19). ღმერთ თოთს მიეწერებოდა ყოველგვარი მაგიის გამოგონება, მაგრამ ისიც ვერ დაეხმარა გრძნეულ ქურუმებს მესამე სასჯელის მსგავსი სასწაულის მოხდენაში.
 
ეგვიპტელები და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები ერთმანეთს განსაკუთრებით მეოთხე სასჯელით გაემიჯნენ. როცა ეგვიპტელთა სახლებს ბუზანკალი შეესია, გოშენის მხარეში მცხოვრებ ისრაელებს ეს არ შეხებიათ (გმ. 8:23, 24). მომდევნო სასჯელი, რომელმაც საქონელი გაწყვიტა, დამამცირებელი აღმოჩნდა ძროხისსახიან ქალღმერთ ჰათორისთვის, აპისისა და ცის ქალღმერთ ნუტისთვის, რომელიც მუცელზე ვარსკვლავებგამოსახულ ძროხად ჰყავდათ წარმოდგენილი (გმ. 9:1—6). სასჯელად მოვლენილი გამონაყარით დამცირდნენ ის ღვთაებები, რომლებიც მკურნალებად მიაჩნდათ, კერძოდ, თოთი, ისიდა და პტაჰი (გმ. 9:8—11). ძლიერი სეტყვა სამარცხვინო იყო იმ ღმერთებისთვის, რომლებიც ბუნების ძალების გამგებლები ეგონათ, მაგალითად, რეშეფი, ელვის ბატონი და თოთი, წვიმისა და ჭექა-ქუხილის მბრძანებელი (გმ. 9:22—26). კალიების შემოსევამ მარცხი აწვნევინა უხვი მოსავლის ღმერთებს, მათ შორის ნაყოფიერების ღმერთ მინს, რომელიც მოსავლის მფარველად ითვლებოდა (გმ. 10:12—15). სასჯელად მოვლენილი სიბნელე სამარცხვინო იყო მზის ღმერთ რასთვის და ჰოროსისთვის, აგრეთვე მთვარის ღვთაება თოთისთვის, რომელიც ეგვიპტელთა წარმოდგენით მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს უჩენდა ადგილს (გმ. 10:21—23).
 
პირმშოების სიკვდილი ეგვიპტელთა ღვთაებების უდიდესი დამცირება იყო (გმ. 12:12). ეგვიპტის ფარაონებს თავი ღმერთებად მოჰქონდათ და ღვთაება რას (ამონ-რა) ძეებად იწოდებოდნენ. ეგვიპტელთა რწმენით ამონ-რა დედოფალთან ამყარებდა სქესობრივ კავშირს, რის შედეგადაც იბადებოდა ვაჟი, ეგრეთ წოდებული ხორცშესხმული ღმერთი, რომელიც რასთვის, იგივე ამონ-რასთვის იყო მიძღვნილი მისსავე ტაძარში. ამიტომ ფარაონის პირმშოს სიკვდილი, ფაქტობრივად, მათი ღმერთის სიკვდილის ტოლფასი იყო (გმ. 12:29). ეს სასჯელი სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა ეგვიპტელთა რწმენას და ღვთაებების სრულ უძლურებას წარმოაჩენდა, რადგან მათ ვერ შეძლეს ეგვიპტელთა პირმშოების ხსნა (იხ. ამონი №4).
 
ქანაანელთა ღვთაებები. არაბიბლიური წყაროებიდან ცნობილია, რომ ელს შემოქმედად და უზენაესად აღიარებდნენ. ღვთაებები არაერთხელ მიმართავდნენ მას თხოვნით, თუმცა თვითონ ელი შორს იდგა ყოველივე მიწიერისგან. იგი იყო მოჯანყე შვილი, საკუთარი მამის ტახტიდან ჩამომგდები და დამსაჭურისებელი, სისხლისმღვრელი ტირანი, მკვლელი და მრუში. რას-შამრას ტექსტებში ელს ეწოდება „მამა ხარი“ და წარმოდგენილია ჭაღარაწვერიანი მოხუცის სახით. მისი ცოლი იყო აშერა, რომელიც ღმერთების დედად ითვლებოდა, თავად ელი კი — ღმერთების მამად.
 
ქანაანელ ღმერთებს შორის გამორჩეული მაინც ნაყოფიერების ღმერთი ბაალი იყო — ცის, წვიმისა და ქარიშხლის ღვთაება (მსჯ. 2:12, 13). რას-შამრას ტექსტებში ბაალს ხშირად ეწოდება დაგონის ძე, თუმცა ის ელის ძედაც არის მოხსენიებული. ბაალის და ანათი ელს მამას უწოდებს, ელი კი — ასულს. აქედან გამომდინარე შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ბაალი ელის ვაჟად ან შვილიშვილად იყო მიჩნეული. მითებში ბაალი თავს ესხმის და იმარჯვებს წყლის მბრძანებელ იამზე, რომელიც ელის საყვარელ ვაჟად ითვლებოდა. მაგრამ ბაალი იღუპება ელის ვაჟთან, სიკვდილისა და უნაყოფობის ღმერთ მოთთან ბრძოლაში. ამგვარად, ბაბილონელთა ღმერთების მსგავსად ქანაანელთა ღმერთებიც ძალადობრივი სიკვდილით იხოცებოდნენ და შემდეგ ცოცხლდებოდნენ (იხ. ბაალი №4).
 
ანათი, აშერა და აშთორეთი რას-შამრას ტექსტებში მოხსენიებული მთავარი ქალღმერთები არიან. როგორც ჩანს, ისინი თითქმის ერთსა და იმავე როლს ასრულებდნენ. სირიაში, სადაც რას-შამრას ტექსტები აღმოაჩინეს, ანათი ბაალის ცოლად იყო მიჩნეული. მას სქესობრივი კავშირი ჰქონდა ბაალთან, თუმცაღა არაერთხელ არის „ქალწულად“ მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში ბაალთან დაკავშირებით მხოლოდ აშთორეთი და წმინდა ბოძი ანუ აშერაა მოხსენიებული. ასე რომ, აშერაც და აშთორეთიც ბაალის ცოლებად ითვლებოდნენ (მსჯ. 2:13; 3:7; 10:6; 1სმ. 7:4; 12:10; 1მფ. 18:19; იხ. აშთორეთი; წმინდა სვეტი; წმინდა ბოძი).
 
რას-შამრას ტექსტებში ანათის აღწერილობა წარმოდგენას გვიქმნის ქანაანელთა ღვთაებების ბიწიერებაზე, რომლებსაც სირიელებიც ეთაყვანებოდნენ. ბაალის დებს შორის ანათი ყველაზე მშვენიერი და ყველაზე დაუნდობელი იყო. ერთგან ის მამამისს, ელს, თავის გატეხვით ემუქრება და უქადის, რომ თუ მის ნებას არ დაჰყვება, ჭაღარა თავს დაუსისხლიანებს და წვერს სისხლით შეუღებავს. კიდევ ერთ სცენაში ანათი ხოცვა-ჟლეტას აწყობს. მას დახოცილთა თავები ზურგზე აქვს მოკიდებული, ხელები კი — სარტყელზე ჩამოკიდებული, მუხლამდე სისხლში დგას და გულად მეომართა გვამები წელამდე სწვდება. ის შესანიშნავ განწყობაზეა, რაც შემდეგ სიტყვებში ჩანს: „სიცილმა მოიცვა მისი ღვიძლი და გული სიხარულით აევსო“ (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 136, 137, 142, 152).
 
ქანაანელთა თაყვანისმცემლობა იმდენად გახრწნილი და ამაზრზენი იყო, რომ გასაკვირი არ არის, რატომ ბრძანა ღმერთმა ამ მიწის მცხოვრებთა განადგურება (ლვ. 18; კნ. 9:3, 4). მაგრამ ისრაელებმა ღვთის დავალება ბოლომდე არ შეასრულეს და საბოლოოდ ქანაანელთა ზნედაცემულ თაყვანისმცემლობაში ჩაებნენ (ფს. 106:34—43; იხ. აგრეთვე ქანაანი, ქანაანელი №2).
 
მიდია-სპარსეთის ღვთაებები. ცნობილია, რომ მიდია-სპარსეთის იმპერიის მეფეები ზოროასტრიზმის მიმდევრები იყვნენ. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, იზიარებდა თუ არა კიროს დიდი ზარათუშტრას სწავლებებს, თუმცა დარიოს I-ის დროიდან მოყოლებულ მეფეთა წარწერებში არაერთხელ იხსენიება აჰურამაზდა, ზოროასტრიზმის მთავარი ღვთაება. დარიოს I აჰურამაზდას ცის, მიწისა და კაცთა მოდგმის შემქმნელს უწოდებს და მას მიიჩნევს ღმერთად, რომელმაც სიბრძნე, ძალა და სამეფო უბოძა.
 
ზოროასტრიზმის იდეოლოგიისთვის დამახასიათებელია დუალიზმი — ორი დამოუკიდებელი ღვთაების, კეთილი და ბოროტი საწყისის, არსებობა. აჰურამაზდა ყოველივე კეთილის შემოქმედად ითვლებოდა, ანჰრა-მაინიუ კი — ყოველგვარი ბოროტების. ხალხის რწმენით ის იყო მიწისძვრების, ქარიშხლების, სნეულებების, სიკვდილის, არეულობებისა და ომების გამომწვევი. ამ ორ ღმერთს კეთილი და ბოროტი სულები ეხმარებოდნენ.
 
აჰურამაზდას სიმბოლო ძალიან ჰგავდა ასურული ღვთაება აშურის სიმბოლოს, კერძოდ, ეს იყო ფრთიანი დისკო. ზოგიერთ დისკოში კი ფრინველისკუდიანი წვეროსანი კაცი იყო გამოსახული.
 
აჰურამაზდას ტრიადაშიც გამოსახავდნენ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ არტაქსერქსე მნემონი მფარველობას შესთხოვს აჰურამაზდას, ანაჰიტას (წყლისა და ნაყოფიერების ქალღმერთი) და მითრას (სინათლის ღვთაება) და სუსაში სვეტებიანი დარბაზის აღდგენას ამ სამი ღვთაების წყალობას მიაწერს.
 
ზოგი მეცნიერი ანაჰიტას ბაბილონელთა იშთარს უკავშირებს. თავის წიგნში ე. ო. ჯეიმზი წერს: „მას ეთაყვანებოდნენ, როგორც დიდებულ ქალღმერთს, ქალბატონად წოდებულს, ყოვლისშემძლესა და უმანკოს, ყოველი მამრის თესლის და ყოველი მდედრის საშვილოსნოსა და რძის გამწმენდელს ... ფაქტობრივად, ის სირიული ანათის, ბაბილონური ინანა-იშთარის, ხეთურ ქალღმერთ კომანასა და ბერძნული აფროდიტეს ირანული ორეული იყო“ (The Cult of the Mother-Goddess, 1959, გვ. 94).
 
ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტეს (I, 131) გადმოცემით სპარსელები სტიქიებსა და ციურ სხეულებსაც ეთაყვანებოდნენ. ის წერს: „მე ვიცი, რომ სპარსელებს შემდეგი ჩვეულებები აქვთ: ქანდაკებების, ტაძრებისა და საკურთხევლების აგება მათ წესად არ აქვთ. ის კი არა, ვინც ამას აკეთებს, იმას სულელად თვლიან, რადგან, ასე მგონია, ადამიანის ბუნებისად არ მიაჩნიათ ღმერთები, როგორც ეს ელინებს სწამთ. მათ წესად აქვთ ზევსისათვის მსხვერპლის შეწირვა და ამ დროს უმაღლეს მთაზე ადიან, ზევსს კი უწოდებენ ცის მთელ კაბადონს. მსხვერპლს სწირავენ აგრეთვე მზეს, მთვარეს, დედამიწას, ცეცხლს, წყალს და ქარებს. მხოლოდ ამას სწირავენ მსხვერპლს თავიდანვე, ხოლო შემდეგ ისწავლეს ურანიის [აფროდიტეს] მიმართ მსხვერპლშეწირვა, ეს ისწავლეს ასირიელთაგან და არაბთაგან. ასირიელები აფროდიტეს უწოდებენ მილიტას, არაბები — ალილატს, ხოლო სპარსელები — მიტრას“.
 
ზენდ-ავესტა, ზოროასტრიზმის წმინდა წიგნების კრებული შეიცავს ცეცხლის, წყლისა და პლანეტებისთვის, აგრეთვე მზის, მთვარისა და ვარსკვლავების შუქისთვის აღვლენილ ლოცვებს. მასში ცეცხლს აჰურამაზდას ძეც კი ეწოდება.
 
კიროსს, შესაძლოა ზოროასტრიზმის მიმდევარს, ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში იეჰოვას ცხებული ეწოდება, ვინაიდან იეჰოვამ ის ბაბილონის დასამხობად და იუდეველთა ტყვეობიდან დასახსნელად აირჩია (ეს. 44:26—45:7; შდრ. იგ. 21:1). ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემის შემდეგ ისრაელები ზოროასტრული მიდია-სპარსეთის ბატონობას დაექვემდებარნენ.
 
ბერძნული ღვთაებები. ძველბერძნულ მითებში აშკარად შეიმჩნევა ბაბილონური გავლენა. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ როულინსონი წერდა: „ქალდეური თაყვანისმცემლობის სისტემასა და კლასიკურ მითოლოგიას შორის არსებული საოცარი მსგავსება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მსგავსება იმდენად მრავლისმომცველი და ზოგჯერ იმდენად ზუსტია, რომ უბრალო დამთხვევა ყველანაირად უნდა გამოირიცხოს. ბერძნულ-რომაულ პანთეონში, ისევე როგორც ქალდეურში, ღვთაებები ერთნაირად არიან დაჯგუფებული; ხშირად შეიმჩნევა გენეალოგიური თანმიმდევრობა და ზოგჯერ კლასიკური ღვთაებების ნაცნობი სახელებისა და ტიტულების საინტერესო განმარტებები ქალდეურ წყაროებში მოიპოვება. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ მითური წარმოდგენები და შეხედულებები ჯერ კიდევ უხსოვარ დროში სპარსეთის ყურის სანაპიროდან როგორღაც ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებამდე გავრცელდა“ (The Seven Great Monarchies of the Ancient Eastern World, 1885, ტ. I, გვ. 71, 72).
 
შთამომავლის შესახებ ღვთის აღთქმის დამახინჯებულ ვერსიას ბერძნულ მითებშიც ვხვდებით. ერთ-ერთის თანახმად აპოლონი კლავს გველ პითონს, ჩვილი ჰერკულესი (ზევსისა და მიწიერი ქალის, ალკმენეს ვაჟი) კი ახრჩობს ორ გველს. მოკლული და გაცოცხლებული ღვთაების თემატიკა ბერძნული მითოსისთვისაც არ არის უცხო. ბერძნები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ ადონისის ტრაგიკულ სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას. მას ძირითადად ქალები დასტიროდნენ; ეგრეთ წოდებული სამგლოვიარო მსვლელობის დროს ქალები დაატარებდნენ მისი სხეულის გამოსახულებებს, რომლებსაც მოგვიანებით ზღვაში ან წყაროში ყრიდნენ. კიდევ ერთი ღვთაება, რომლის სიკვდილსა და აღდგომას ბერძნები ზეიმობდნენ, დიონისე, იგივე ბახუსი იყო. ადონისის მსგავსად ისიც ბაბილონურ თამუზს შეესაბამება.
 
ბერძნულ მითებში ღმერთები და ღმერთქალები ძალიან ჰგვანან ადამიანებს. მათ ადამიანის სხეულით გამოსახავდნენ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებზე დიდებად, ლამაზებად და ძლიერებად ითვლებოდნენ. ვინაიდან ღმერთების ძარღვებში სისხლის ნაცვლად იქორი (უხრწნელი სისხლი) ჩქეფდა, მათი სხეული არ იხრწნებოდა. მართალია, ადამიანებს შეეძლოთ იარაღით მათთვის ჭრილობის მიყენება, მაგრამ ჭრილობა ყოველთვის უხორცდებოდათ და მარად ახალგაზრდები რჩებოდნენ.
 
ბერძენთა ღვთაებებს უმეტესწილად უზნეობა და ადამიანური სისუსტეები ახასიათებდათ: ისინი დავობდნენ, ერთმანეთს ებრძოდნენ და შეთქმულებებს უწყობდნენ. ბერძენთა უზენაესმა ღვთაება ზევსმა საკუთარი მამა კრონოსი ტახტიდან ჩამოაგდო. თავის დროზე კრონოსმა მამამისს, ურანოსს, ტახტი წაართვა და დაასაჭურისა. ურანოსიც და კრონოსიც სასტიკი მამები იყვნენ. ურანოსი შვილებს, რომლებსაც თავისი ცოლი, გეა უჩენდა, დაბადებისთანავე დედამიწის წიაღში მალავდა და მზის შუქს არ ანახვებდა. კრონოსი კი რეასგან გაჩენილ შვილებს ყლაპავდა. იმ სისაძაგლეთა შორის, რასაც ზოგიერთი ღვთაება ჩადიოდა, იყო მრუშობა, მეძაობა, ინცესტი, გაუპატიურება, მოტყუება, ქურდობა, ლოთობა და მკვლელობა. ვინც ღვთაებების გულისწყრომას დაიმსახურებდა, სასტიკად ისჯებოდა. მაგალითად, სატირი მარსიასი, რომელმაც ღმერთი აპოლონი მუსიკალურ შეჯიბრებაში გამოიწვია, ამ უკანასკნელმა ხეს მიაბა და ცოცხლად გაატყავა. ქალღმერთმა არტემიდამ მონადირე აქტეონი ირმად აქცია, ძაღლები მიუსია და დააგლეჯინა, რადგან მან ქალღმერთი შიშველი იხილა.
 
ზოგი ამ მითებს მხოლოდ პოეტების ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევდა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენად პოპულარული იყო ბერძენ პოეტთა შემოქმედების თეატრალური წარმოდგენები, აშკარაა, რომ ხალხი ამ ისტორიებს ღმერთების ცილისწამებად კი არა, სიმართლედ თვლიდა. ღვთაებების უზნეობით ხალხი საკუთარ მანკიერებას ამართლებდა, რაც მათ აწყობდათ კიდეც (იხ. საბერძნეთი, ბერძნები [ბერძნული რელიგია]).
 
მსახურების დროს მოციქული პავლე ბერძნული ღვთაებების, ზევსისა და ჰერმესის, თაყვანისმცემლებსაც შეხვდა (სქ. 14:12, 13). ათენელები ღმერთებს მათი განაწყენების შიშით მრავალ ტაძარსა და სამსხვერპლოს უგებდნენ (სქ. 17:22—29). ბერძნული ღვთაებებისთვის დამახასიათებელმა უაღრესმა გახრწნილებამ კორინთის ქრისტიანულ კრებაშიც შეაღწია, რის გამოც მოციქულ პავლეს კრებისთვის მკაცრი საყვედურის თქმა მოუწია (1კრ. თ. 5).
 
რომაელთა ღვთაებები. რომაელთა რელიგიაზე დიდი გავლენა მოახდინეს ეტრუსკებმა, გავრცელებული შეხედულებით მცირე აზიიდან წამოსულმა ხალხმა. ეტრუსკული რელიგიისთვის დამახასიათებელი იყო მკითხაობა, რაც ბაბილონურ რელიგიასთან აშკარა კავშირზე მეტყველებს. მაგალითად, შუამდინარეთში აღმოჩენილი თიხის ღვიძლის ნიმუშები, რომლებსაც სამკითხაოდ იყენებდნენ, ძალიან ჰგავს პიაჩენცაში, ემილია-რომანიას ოლქში (იტალია) ნაპოვნ ბრინჯაოს ღვიძლის ნიმუშებს. ასე რომ, როდესაც რომაელებმა ეტრუსკების ღვთაებების თაყვანისცემა გადმოიღეს, ფაქტობრივად, ბაბილონელთა მემკვიდრეობას ეზიარნენ (იხ. ასტროლოგები). იუპიტერის (ცისა და სინათლის უმაღლესი ღმერთი), იუნონასა (იუპიტერის ცოლი და ქალთა მფარველი) და მინერვას (ხელოსნობის მფარველი) რომაული ტრიადა შეესაბამება ტინიას, უნისა და მენრვას ეტრუსკულ ტრიადას.
 
დროთა განმავლობაში ბერძნულმა ღვთაებებმა რომაულ პანთეონში დაიმკვიდრეს ადგილი, ოღონდ სხვა სახელებით. რომაელებმა სხვა ქვეყნების ღვთაებებიც შეითვისეს, მათ შორის სპარსული მითრა (მისი დაბადების დღეს 25 დეკემბერს ზეიმობდნენ), ფრიგიული ნაყოფიერების ქალღმერთი კიბელა და ეგვიპტური ისიდა, რომლებიც ბაბილონურ იშთარს შეესაბამებოდნენ. რომაელები თავიანთ იმპერატორებსაც აღმერთებდნენ.
 
რომაელები თაყვანს სცემდნენ სატურნსაც, როგორც ოქროს ხანის შემქმნელს. მის პატივსაცემად გამართულ ერთდღიან დღესასწაულს, სატურნალიას, მოგვიანებით შვიდ დღეს ზეიმობდნენ დეკემბრის მეორე ნახევარში. ზეიმს ხმაურიანი ღრეობით აღნიშნავდნენ. ამ დროს ერთმანეთს საჩუქრად ცვილის ხილსა და სანთლებს უძღვნიდნენ; ბავშვებს თიხის თოჯინებით ასაჩუქრებდნენ. დღესასწაულის დროს იკრძალებოდა სასჯელის აღსრულება. სკოლები და სასამართლოები ისვენებდნენ და საომარი მოქმედებებიც წყდებოდა. მონები და ბატონები როლებს ცვლიდნენ; მონას უფლება ჰქონდა ბატონისთვის ის ეთქვა, რაც სურდა, რადგან ამისთვის არავინ დასჯიდა.
 
პირველი ქრისტიანები არ მონაწილეობდნენ რომაულ თაყვანისმცემლობაში და არც იმპერატორს აღმერთებდნენ, რის გამოც სასტიკი დევნის სამიზნეები ხდებოდნენ. ისინი მყარად იდგნენ თავიანთ პოზიციაზე, ადამიანებზე მეტად ღმერთს ემორჩილებოდნენ და რომაელ მმართველებს იმას არ უძღვნიდნენ, რაც სამართლიანად მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა (სქ. 5:29; მრ. 12:17; იხ. რომი [რელიგია]).
 
იეჰოვა და წარმართული ღმერთები. ბიბლიაში მოხსენიებულ ღმერთებისგან დღეს მხოლოდ სახელებიღა შემორჩა. წარმართული ღვთაებები ვერ შველოდნენ გაჭირვებაში ჩაცვენილ თავიანთ თაყვანისმცემლებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი ზოგჯერ საკუთარ შვილებსაც კი სწირავდნენ (2მფ. 17:31). სამხედრო წარმატებით გამედიდურებული ასურეთის მეფე თავისი წარმომადგენლის, რაბშაკეს პირით იკვეხნიდა: „განა იხსნეს სხვა ხალხების ღმერთებმა თავიანთი ქვეყნები ასურეთის მეფის ხელიდან?! სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები?! სად არიან სეფარვაიმის, ჰენასა და ივას ღმერთები?! განა იხსნეს მათ სამარია ჩემი ხელიდან?! ამ ქვეყნების ღმერთებიდან რომელმა იხსნა მათი ქვეყანა ჩემი ხელიდან, იეჰოვამ რომ იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?!“ (2მფ. 18:28, 31—35). მაგრამ იეჰოვას არ გაუცრუებია თავისი ხალხისთვის იმედი ცრუღმერთებივით. ერთ ღამეში მისმა ანგელოზმა ასურელთა ბანაკში 185 000 კაცი გაწყვიტა. ასურეთის ამპარტავანი მეფე სინახერიბი დამცირებული დაბრუნდა ნინევეში. მოგვიანებით მისმა ორმა ვაჟმა მისი ღმერთის, ნისროქის, ტაძარში ის სიცოცხლეს გამოასალმა (2მფ. 19:17—19, 35—37). ჭეშმარიტად „ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია, იეჰოვამ კი ზეცა შექმნა“ (ფს. 96:5).
 
მხოლოდ ცრუღმერთები კი არ ემსგავსებიან თავიანთ გამკეთებლებს, არამედ მათი თაყვანისმცემლებიც მათ ემსგავსებიან. მაგალითად, იუდას მეფე მენაშე ისე ერთგულობდა წარმართულ ღვთაებებს, რომ საკუთარი ძეც კი ცეცხლში გაატარა. მაგრამ ასეთმა თავდადებამ მენაშე უკეთეს მეფედ არ აქცია. პირიქით, ის თავის სათაყვანო სისხლისმღვრელ ღვთაებებს დაემსგავსა და ბევრი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარა (2მფ. 21:1—6, 16). ამისგან განსხვავებით, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები თავიანთ სრულყოფილ შემოქმედს ჰბაძავენ და ავლენენ სულის ნაყოფს: სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელობას, სიკეთეს, ყოველივე კარგს, რწმენას, რბილ ხასიათსა და თავშეკავებას (ეფ. 5:1; გლ. 5:22, 23).