EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დილიან უაითი თვითაღიარებული სამხრეთ ლონდონის მეფე »

კატეგორია: სპორტი

ავტორი: Sportsmani

თარიღი: 2018-04-14 11:50:59

დილიან უაითი თვითაღიარებული სამხრეთ ლონდონის მეფე

Dillian Whyte

ბრიქსტონში, ქოლდჰარბორის შესახვევში, რკინიგზის თაღების ქვეშ, ავტოფარეხია, რომელსაც მანქანების შესაკეთებლად იყენებენ. გვერდით რამდენიმე დამტვრეული და საბურავების გარეშე დარჩენილი ავტომობილიცაა მიგდებული. მოპირდაპირედ კი, პატარა ხეივნის ბოლოში “Miguel’s”-ია - ლონდონის ყველაზე მეგობრული სავარჯიშო დარბაზი.
 
დილიან უაითი აქ პოზიტივის მისაღებად ნამდვილად არაა მოსული: “არ მიყვარს, როდესაც ორშაბათ დილას ვდგები და სახეში მაშინვე მუშტებს ვიღებ. თუმცა ვერაფერს იზამ, ასეა საჭირო. როგორც ძველები იტყოდნენ დასველების გარეშე ვერ გაცურავ, ტკივილის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ“.
 
უაითი, თვითაღიარებული „სამხრეთ ლონდონის მეფე“, უკვე რინგზეა და ლუკას ბრაუნთან შესახვედრად ემზადება. დილიანს იმედი აქვს, რომ აღნიშნული ბრძოლის შემდეგ დეონტეი უაილდერთან ქამრისთვის დაპირისპირებას მიუახლოვდება. რინგის მეორე კუთხეში 2 მეტრის სიმაღლის კარლ სპენსერი დგას, სპორტსმენი, რომელიც ერთ დროს საკმაოდ იმედისმომცემი მოკრივე იყო, მაგრამ ტრამვების გამო იძულებული გახდა, კრივისთვის თავი დაენებებინა.
 
მიუხედავად დამცავი თავსაბურავისა, ბრიტანელმა იცის, რომ რინგზე უაითთან ყოფნა რთულია და სპარინგის წინ ნერვიულობაც ეტყობა. კარლ სპენსერი ცუდი მოკრივე ნამდვილად არაა, მან კარიერაში 5 შეხვედრა ჩაატარა და არცერთხელ  არ დამარცხებულა. თუმცა დღეს იგი უაითის მსხვერპლია. დილიანის იამაიკური და სამხრეთ ლონდონური რთული და საშინელი ბავშვობა მის ორთაბრძოლებში იდეალურად გამოიხატება. ტყუილად როდი შეარქვეს „სხეულების მიმტაცებელი“.
 
უაითის მზადყოფნის შემდეგ მოკრივეებმა სამრაუნდიანი სპარინგი გამართეს. კარლს გამბედაობა ნამდვილად არ აკლდა და რამდენჯერმე ხელებიც კი გაშალა, რათა დილიანი გაეღიზიანებინა, რაც საბოლოოდ უდიდესი შეცდომა აღმოჩნდა. მესამე რაუნდის დასასრულს უაითმა „აპერკოტით“ სპენსერს ცხვირი გაუტეხა. ბრიტანელს კვნესა აღმოხდა, რომელიც უფრო იმედგაცრუებისგან იყო გამოწვეული, ვიდრე ტკივილისგან. გონგის ხმის გაგონებისთანავე კი მან რინგი დატოვა და სარკის წინ საკუთარი ცხვირის შემოწმება დაიწყო.
 
უაითმა კიდევ ერთი სამრაუნდიანი სპარინგი კაშ ალისთან გამართა. შემდეგ კი ისევ სპენსერს დაუბრუნდა. კარლთან დილიანი ისეთი მოტივაციით და ჟინით ჩხუბობდა, რომ მწვრთნელმა დაუყვირა: “ფრთხილად, ფრთხილად“! ამ რეპლიკაზე უაითის პასუხი, მის ცხოვრებასა და დამოკიდებულებას კარგად ასახავს: “არა! სიფრთხილის და სიმარტივის დედაც!“.
 
დილიანი ახლა 29 წლისაა და თავადაც უკვირს, რომ ამდენს მიაღწია... მისი ბავშვობა იამაიკაში დაიწყო, სადაც უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა. დედამისმა უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედით ლონდონში წასვლა გადაწყვიტა და პერიოდულად ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. თუმცა დილიანს ფული თვალით არცერთხელ  არ უნახავს...
 
მარტოობაში უაითს შიმშილი ხშირად აწუხებდა და რამდენჯერმე უჭმელობისგან სიკვდილის პირასაც მისულა. პატარა დილიანი იძულებული ხდებოდა მოეპარა და "კოკა-კოლას" ბოთლები შეეგროვებინა, მოპოვებული ფულით კი ტკბილეულს ყიდულობდა, რადგან იგი საჭმელზე იაფი ღირდა და ბავშვური ლოგიკით თვლიდა, რომ საკვებზე მეტ ენერგიას მისცემდა.
 
უაითს წყნარი ცხოვრება ვერც 12 წლის ასაკში ბრექსტონში გადასვლამ მოუტანა. პირიქით, ინგლისში დილიანმა გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო. მას ესროლეს, დაჭრეს და რამდენჯერმე ბანდიტურ გარჩევებშიც მიიღო მონაწილეობა. სიფხიზლე და ინსტიქტები, სწორედ ასეთმა ცხოვრებამ ჩამოუყალიბა. დაწყებული „ტულს ჰილში“ განგსტერების როლის თამაშიდან, დამთავრებული „კლეპჰემის“ ზაფხულით, სადაც მან სიკვდილს თვალებში ჩახედა.
 
საბედნიეროდ მოკრივეს ფეხში ესროლეს და არა - თავში... დაჭრილი ბიჭი ტროტუარზე სისხლისგან იცლებოდა და საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრობდა, რა ვარიანტები ჰქონდა მას?! შესაძლოა, ციხეში ან მორგში წასულიყო, დედამიწაზე გატარებული წლები არაფერში გამოეყენებინა და რიგით "ლუზერად" ან მორიგ შავკანიან კრიმინალად ქცეულიყო?! არცერთი განვითარება უაითს სასიამოვნოდ არ ეჩვენებოდა.
 
საბედნიეროდ, დილიანმა კრივი მონახა და კრივმა იგი იხსნა! რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენმა ბიჭმა ლუკას ბრაუნი დაამარცხა და უაილდერის ქამრის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია! მან მიაღწია იმას, რასაც არავინ ელოდა. ბიჭი, რომელმაც სიკვდილს თვალებში ჩახედა, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეა.
 
2015 წლის დეკემბერში უაითი ჯოშუას დაუპირისპირდა და ბრიტანელისთვის მტკივნეული დარტყმების მიყენება რამდენჯერმე მოახერხა კიდეც, თუმცა საბოლოოდ ენტონიმ მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით დამაჯერებლად იმარჯვა.
 
მისი ანტურაჟი ჯოშუასთან შეხვედრაში წარსულის ექოს ატარებდა. უკანონობა, განგსტერობა, კრიმინალი, ყველაფერი კვლავ დილიანთან იყო. მატჩიც, რაღაც მომენტში, ქუჩურ გარჩევად გადაიქცა. თუმცა ჯოშუასთან მარცხის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა - იგი აღარაა ფორმიდან ამოვარდნილი მებრძოლი, რომელსაც გამძლეობა არ აქვს და მხოლოდ 6 რაუნდს უძლებს. იგი აღარაა ის ადამიანი, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტით აზროვნებს. იგი აღარაა პიროვნება, რომელიც საკუთარი თავის განვითარებაზე არ მუშაობს. იმ მომენტის შემდეგ დილიანმა ყველაფერი გამოასწორა. ვარჯიშის სირთულეები, დიეტა, ცხოვრების სტილი! დღეს უაითი მზადაა უაილდერთან ბრძლისთვის  ყველა სავალდებულო კრიტერიუმი დააკმაყოფილოს.
 
ჯოშუასთან მატჩიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, დილიანი უკვე „დულვიჩის“ იტალიურ რესტორანში იჯდა და საკუთარ ბავშვობას იხსენებდა.
 
„მამაჩემმა ბაბუას მენტალიტეტით გამზარდა. იგი თვლიდა, რომ თუ მკვდარი არ იყავი, მაშინ ყველაფერი კარგად იყო და მუშაობა შეგეძლო. მან ბავშვობაში ისეთი საკითხები მასწავლა, რომლებიც მომავალში ჩემთვის ცხოვრებას უნდა ესწავლებინა“.
 
„ერთხელ თევზაობისგან გადაღლილები სახლში ვბრუნდებოდით, როდესაც უეცრად ნავი გააჩერა და მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ ვიცოდი წყალში გადამაგდო. ბუნებრივია, ვყვიროდი - მამა! მამა! მიშველე ვიხრჩობი! მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია, რამდენიმე წამში ინსტიქტურად ცურვა დავიწყე და ნავზე ასვლა მოვახერხე. მართალია, მას უნიკალური სტილი ჰქონდა და საკმაოდ მკაცრი მასწავლებელიც იყო, მაგრამ რომ არა მამაჩემი, დღეს მე ის კაცი არ ვიქნებოდი, რაც ვარ“.
 
უაითი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინგლისში ბავშვობაში ჩავიდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ შავკანიანისთვის ბანდებთან კუთნილებისა და სიფრთხილის გარეშე, ლონდონში სიარული უსაფრთხო ნამდვილად არ იქნებოდა.
 
„ინგლისში ჩამოსვლისას მეგონა, განსხვავებული ცხოვრება დამხვდებოდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. გამოვიდა ისე, რომ უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალე. მე „ტულს ჰილში, „ბრიქსტონში“ და „ქოლდჰარბორის ხეივანში“ ვცხოვრობდი და ამ უბნებში განგსტერული კუთნილების გარეშე შავკანიანისთვის გაძლება ძალიან რთულია. ძლიერი უნდა ყოფილიყავი და აუცილებლად ვინმეს უნდა შეკედლებოდი, რათა ცოცხალი დარჩენილიყავი. ვინმე თუ ბრძოლაში გამოგიწვევდა, საკუთარი რეპუტაცია სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა დაგეცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენს არსებობას აზრი ეკარგებოდა“.
 
„თუ თავს „ბრიქსტონელი ბიჭს“ უწოდებდი,  ბრიქსტონელ ბიჭად უნდა დარჩენილიყავი, სხვა უბნებში წასვლა სიცოცხლის დაკარგვად ჯდებოდა.“
 
„პირველად, როცა დამჭრეს, „კლეპჰემში“ ვიყავი. ზაფხული იყო, წვეულებებზე ხშირად დავდიოდი და როგორც ყველა ახალგაზრდა ბიჭი, გოგოებით ვიყავი დაინტერესებული. უეცრად მეგობარმა მითხრა: "მოდი, „კლეპჰემში“ წავიდეთ. იქ უკეთ გავერთობით“, მეც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავთანხმდი, რადგან ამ დროს უკვე ისეთი „ცუდი ბიჭის“ სტატუსი მქონდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, ჩემთვის ზიანის მოყენებას ვერავინ გაბედავდა. თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შევცდი. ცალმხრივი სროლისას რამდენიმე ჩვენიანი დაჭრეს, ხოლო მე ტყვია ფეხში ორჯერ მომხვდა.
 
„მეორედ უკვე პირადული მიზეზების გამო მომაყენეს ჭრილობა. ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბარი ნამდვილად არ მსურს“.
 
„ლონდონში გადმოსვლის შემდეგ, შუბლზე იარაღი რამდენჯერმე მომაბჯინეს, მომიტაცეს და მოკვლით დამემუქრნენ, თუმცა ისეთ დონემდე ვიყავი მისული, ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. ჯუნგლების კანონებით ვცხოვრობდი და სხვა არაფერი ვიცოდი“.
 
„ბევრი რაღაცის გახსენება შემიძლია. „ტულს ჰილში“ ყოფნის პერიოდში, ავტობუსით მგზავრობისას თავს ვხრიდი და ვიმალებოდი, რათა ჩემს მოსისხლე მტრებს არ ვეცნე. თუმცა დამალვას ყოველთვის ვერ ვახერხებდი, რამდენჯერმე ვიღაც ბიჭები ავტობუსს გამოდევნებიან და ჩემი დაჭრა უცდიათ, სამჯერ თუ ოთხჯერ გამოუვიდათ კიდეც. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ერთადერთი გამოსავალი გქონდა - გაქცევა. შებრძოლება კარგს არაფერს მოგიტანდა, რადგან მათი რაოდენობა, შესაძლოა, წამში გაათმაგებულიყო“.
 
უაითის ცხოვრებაში ცვლილებები თინეიჯერულ ასაკში დაიწყო, როცა ციხეში ყოფნისას მასთან დედამისი მივიდა და გულახდილად ესაუბრა. მოკრივე იხსენებს: “ვიჯექი და დედაჩემს ვუყურებდი, ჩემს წინ იჯდა ქალი, რომელიც მე ყველაფერს მერჩივნა და იგი სწორედ ჩემს გამო ტიროდა! მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი და გადავწყვიტე დედაჩემისთვის იმედი აღარასდროს გამეცრუებინა“.
 
ცოტა ხნის შემდეგ, დილიანს მეგობარმა კიკბოქსინგზე სიარული შესთავაზა, დღესდღეობით კი იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა.
 
 „არ ვაპირებ დავნებდე, საოცარ რაღაცებს მივაღწიე და მსოფლიო ჩემპიონობის ამბიცია მთელი კარიერის მანძილზე მექნება. შეიძლებოდა 20 წელი გისოსებს მიღმა გამეტარებინა, ნარკოტიკებით მევაჭრა, ან სულაც რომელიმე სასაფლაოზე ვყოფილიყავი დასაფლავებული, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს აქ ვარ და გაჩერებას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, ადამიანების შთაგონებას ისევ შევძლებ და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით მათ სიცოცხლეს გადავარჩენ“.
 
უაითის ისტორია ბერნანდ ჰოპკინსის და სხვა მებრძოლების ცხოვრებას ჰგავს. მათთვის არჩევანი ძალიან მარტივი იყო - ციხე, სიკვდილი ან კრივი!..
 
„მნიშვნელობა არ აქვს, სხვა შენზე რას იფიქრებს, არასდროს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა იმის გამო, რომ ვიღაცას შენი არ სჯერა. შეუძლებელი არაფერია, ყოველთვის ირწმუნე საკუთარი თავის და მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთე“.
 
„მე მინდა, ბავშვებმა შემომხედონ და თქვან: "ამ კაცს ცხოვრებაში არცერთი შანსი არ ჰქონია,  მაგრამ თავდადებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, სასწაული მოახდინა და წარმატებას მიაღწია“.