EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს ყველა, ვინც საბჭოთა კავშირშია დაბადებული »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-09-23 13:46:12

რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს ყველა, ვინც საბჭოთა კავშირშია დაბადებული

russian passport

კრემლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული პასპორტების დარიგებას გეგმავს. დუმაში იწყებენ კანონპროექტის განხილვას და ყველა, ვინც საბჭოთა კავშირში დაიბადა, თუკი სურვილი ექნება, შეძლებს რუსეთის მოქალაქეობა მოიღოს. ამავდროულად, აუცილებელი არ იქნება დოკუმენტაციის შეგროვება იმის დასადასტურებლად, რომ პირმა უარი თქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე.
 
 
 
ამ იდეაზე მუშაობა კრემლში გასული წლის გაზაფხულზე დაიწყეს და ახლა უკვე დუმაში კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში დაიწყეს. როგორც რუსული სახელისუფლებო გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა" წერს, კანონპროექტს ავტორი მმართველი პარტიის „ედინაია რუსეთის" წარმომადგენელი და ევრაზიული ინტეგრაციისა და დე-სე-თეს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინია, დავალება კი თავად ვლადიმირ პუტინმა გასცა, ამდენად კანონს აუცილებლად მიიღებენ.
 
 
 
ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ თუკი რუსეთმა ეს კანონი მიიღო, მომავალში „საკუთარი მოქალაქეების დაცვის" სპეკულირებით დიდ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, მათ შორის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში.
 
 
 
მით უმეტეს, რომ საქართველოს უკვე აქვს ამ რუსული სპეკულაციის მაგალითი 2008 წლის ომში. რადგან რუსეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე წელიწადნახევრით ადრე დაიწყო სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული პასპორტების გამარტივებულად დარიგება და შემდეგ „საკუთარი მოქალაქეების" დაცვა გამოიყენა საბაბად საქართველოსთან ომი დაეწყო.
 
 
 
როგორც რუსული გამოცემა, „კომსომოლსკაია პრავდა" წერს, რომ კონსტანტინე ზატულნის კანონპროექტი სახელმწიფო დუმის ეროვნულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოიწონა.
 
 
 
გაზეთის ცნობით, განმარტებით ბარათში წერია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დავალებით დაიწყოს კანონის შექმნა და დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭოს ყველას, ვინც რუსულ ენაზე ლაპარაკობს. ხოლო „რუსულად მოლაპარაკებად" ჩაითვალონ ის ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან რუსეთის და ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და ასევე მათი სისხლით ნათესავები, ასევე დაბადებულები რუსეთში.
 
 
 
 
ასევე ამ ადამიანებს შეეძლებათ მიიღონ ბინადრობის ნებართვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის შესახებ დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე. როგორც გამოცემა წერს, სწორედ ამ პუნქტის არსებობის გახდა ოფიციალური პირების მხრიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებისათვის უარის თქმის ძალიან ხშირი მიზეზი.
 
 
 
გამოცემის თქმით, უახლოეს მომავალში კანონპროექტი დუმის სხვა კომიტეტებშიც უნდა განიხილონ, ხოლო შემდეგ სახელმწიფო სათათბიროში კენჭისყრაზე დააყენონ.
 
 
 
თუკი ეს კანონპროექტი დამტკიცდება, რუსეთის პასპორტს, დაბადების მოწმობის წარდგენით, აიღებს ის ადამიანები, ვინც 1991 წლამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკიდან რომელიმეში დაიბადა.
 
 
 
აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა 2014 წელს და მაშინ იყო საუბარი, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობა იღებდა რუსულ პასპორტებს, რადგანაც საქართველოს მოქალაქე სომხები ძირითადად რუსეთში მიდიან სამუშაოდ და ეს პასპორტები მათ გამარტივებულ მიმოსვლას უწყობდა ხელს, თუმცა 2014 წლის პუტინის განკარგულებით აუცილებელი იყო რუსული პასპორტის სანაცვლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად გაცხადებულიყო და ამის გამო „რუსული პასპორტიზაციის" გეგმამ მაინცდამაინც არ გაამართლა. ხვალ კი თუ ეს ბარიერიც მოიხსნება, მსურველები ბევრად მეტი გამოჩნდება.
 
 
 
პოლიტილოგი ნიკა ჩიტაძის თქმით, საფრთხე დიდია. შეიძლება ადამიანები დახარბდნენ რუსულ პასპორტს სხვადასხვა პრივილეგიების მიღების სურვილით.
 
 
 
„მაგალითად, რუსულ პასპორტის მიღებისას მომავალში რუსულ პენსიას მიიღებს, რაც ქართულ პენსიაზე მაღალია. თუ არ ვცდები 400 დოლარის ფარგლებშია. ასევე, შეეცდება სხვა პრივილეგებითაც ისარგებლოს, მაგალითად წავიდეს რუსეთში. ვიცით, რომ დღეს რუსეთში შესასვლელად ვიზააა საჭირო და ბევრი ვერ იღებს ვიზას. ამიტომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ვინც შეიძლება დახარბდეს რუსულ პასპორტს და ბევრად უფრო მეტი ადამიანი წავიდეს რუსეთში სამუშაოდ, ვიდრე დღესაა. უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში 100 000-მდე ოჯახი შემოსავალს რუსეთიდან იღებს. რუსეთში მყოფი ნათესავები და ოჯახის წევრები ურიცხავენ თანხებს. პასპორტების მიღებით კი მარტივად წავლენ რუსეთში.
 
 
 
ეს იქნება „რუსული რბილი ძალის" გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. პასპორტების საფრთხეა ასევე საზღვრისპირა რეგიონებისთვისაც, სადაც კომპაქტურად დასახლებული არაქართული მოსახლეობა ცხოვრობს, ეს ძირითადად ეხება ჯავახეთს, საიდანაც ძალიან ბევრი სამუშაოდ რუსეთშია წასული და რუსული პასპორტებიც გააჩნიათ. რუსეთი შეეცდება პროვოკაციებს და ახალი კონფლიქტური კერის გაჩენას,"- ამბობს ჩიტაძე.
 
 
 
საგულისხმოა ის, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება ჰქონდეს ან მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამიტომაც, რუსული პასპორტების გამარტივებული წესით დარიგება ორმაგი მოქალაქეების რაოდენობას გაზრდის.
 
 
 
ნიკა ჩიტაძის თქმით, ამ მხრივადაც ძალიან დიდი საფრთხეა, რადგანაც რუსეთის პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე არჩევნებში დიდი ალბათობით უფრო პრორუსულ ძალებს მისცემს ხმას.
 
 
 
წყარო: რეზონანსი