EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში (გვ.5) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-02-10 19:24:15

კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში
5. საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება
 
სამშაბათი, 1961 წლის 11 აპრილი.
 
დონ ხუანის სახლთან დილით ადრე, კვირა დღეს, 9 აპრილს მივედი.
 
— დილა მშვიდობის, დონ ხუან, — ვუთხარი მე. — მიხარია შენი ნახვა!
 
მან შემომხედა და სასიამოვნოდ გაიცინა. ჩემს მანქანასთან მოვიდა, სანამ ვაყენებდი და კარი ღია დაიკავა, სანამ მისთვის მოტანილი საჭმელები გადმომქონდა. სახლთან მივედით და კარის წინ დავსხედით. პირველად ვაცნობიერებდი რეალურად, თუ რას ვაკეთებდი აქ. სამი თვის განმავლობაში წინ მხოლოდ იმ თვალსაზრისით ვიყურებოდი, რომ«საველე სამუშაოებს» უკან დავბრუნებოდი. მეჩვენებოდა, რომ ჩემ შიგნით ჩაყენებული შენელებული მოქმედების ბომბი აფეთქდა და უეცრად გამახსენდა ჩემთვის რაღაც ტრანსცენდენტული. გამახსენდა, რომ ოდესღაც ცხოვრებაში ძალიან მომთმენი და ეფექტური ვიყავი.
 
სანამ დონ ხუანი რაიმეს თქმას მოასწრებდა, კითხვა დავუსვი, რომელიც მყარად გამჯდარიყო ჩემს გონებაში. სამი თვის განმავლობაში მე თან დამდევდა მოგონება ალბინოს შევარდენზე. როგორ გაიგო ამის შესახებ, თუკი თავად დამავიწყდა იგი. მას გაეცინა, მაგრამ არ მიპასუხა. ვთხოვდი, რომ ეთქვა.
 
— ეს არაფერი იყო, — თქვა მან თავისი ჩვეული დარწმუნებულობით. — ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ უცნაური ხარ. შენ დამუნჯებული ხარ, და ესაა სულ.
 
ვიგრძენი, რომ კვლავ გადავყავდი ლიანდაგებიდან და იმ კუთხეში მამწყვდევდა, საითკენაც სულაც არ მინდოდა წასვლა.
 
— ნუთუ შესაძლებელია ჩვენი სიკვდილის დანახვა? — ვკითხე მე, და ვცდილობდი თემიდან არ გადამეხვია.
 
— რა თქმა უნდა, — თქვა მან სიცილით. — იგი აქაა, ჩვენთან.
 
— საიდან იცი?
 
— მე მოხუცი ვარ, ასაკთან ერთად ბევრ რამეს გებულობ.
 
— მე ბევრ მოხუცს ვიცნობ, მაგრამ მათ არასოდეს ცოდნიათ ასეთი რამ. შენ საიდან იცი?
 
— ასე ვთქვათ, მე ბევრი რამე ვიცი იმიტომ, რომ არ გამაჩნია პირადი ისტორია და არ ვგრძნობ თავს უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე რომელიმე სხვა, და კიდევ იმიტომ, რომ ჩემი სიკვდილიც აქვე ზის.
 
მარცხენა ხელი გაიწვდინა და თითები ისე გაამოძრავა, თითქოს მართლაც ეხებოდა რაღაცას. გამეცინა. ვიცოდი, საითაც მივყავდი. ბებერი ეშმაკი კვლავ აპირებდა ჩემს დაყრუებას, შესაძლოა ჩემივე საკუთარი მნიშვნელოვანების გრძნობით, მაგრამ ამჯერად ეს არ მაღელვებდა. იმის მოგონებამ, რომ ოდესღაც ბრწყინვალე მოთმინებას ვფლობდი, უცნაური, მშვიდი ეიფორიით აღმავსო, რომელიც დონ ხუანის მიმართ ჩემი ნერვიულობისა და მოუთმენლობის უმეტეს ნაწილს ფანტავდა. ამის ნაცვლად მისი ქმედებების მიმართ გაკვირვებას ვგრძნობდი.
 
— ვინ ხარ სინამდვილეში? — ვკითხე მე. იგი გაკვირვებული ჩანდა. თვალები უზარმაზარ ზომამდე გააღო და ფრინველივით ჩამოწია და ასწია ქუთუთოები, თითქოს ფირფიტები ყოფილიყვნენ. თვალები კი ამ დროს ფოკუსში დარჩა. ამ მანევრმა შემაშინა და უკან გავიწიე, მას კი ბავშვური უდარდელობით გაეცინა.
 
— შენთვის დონ ხუან მატუსი ვარ, და მზად ვარ გემსახურო, — თქვა მან გადაჭარბებული თავაზიანობით.
 
შემდეგ სხვა კითხვები დავუსვი, რომლებიც ენაზე მიტრიალებდა.
 
— რა გამიკეთე პირველ დღეს, როცა შევხვდით? — იმ მზერას ვგულისხმობდი, რომლითაც დამასაჩუქრა.
 
— მე? არაფერი, — მიპასუხა უმანკო ტონით.
 
აღვუწერე, რაც ვიგრძენი მაშინ, როცა შემომხედა, და რა არაბუნებრივი იყო ჩემთვის მისი მზერისგან დამუნჯება. ამაზე იქამდე იცინა, სანამ თვალებიდან ცრემლები არ წამოცვივდა. მე კვლავ ვიგრძენი მის მიმართ მტრული ტალღა. ვფიქრობდი, რომ ასეთი სერიოზული და ჩაფიქრებული ვიყავი, ის კი, თავისი უხეში ჩვევებით ასეთი «ინდიელი» იყო.
 
მან აშკარად შეამჩნია ჩემი განწყობა და სრულიად მოულოდნელად შეწყვიტა სიცილი. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ ვუთხარი, რომ მისი სიცილი მაღიზიანებდა, რადგანაც მე სერიოზულად ვცდილობდი გამეგო, რა დამემართა მაშინ.
 
— აქ არაფერია გასაგები, — მიპასუხა მშვიდად.
 
მე გავუმეორე უცნაური მოვლენების ის ჩამონათვალი, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ მას შემდეგ, რაც პირველად შევხვდი, დაწყებული იმ ჯადოქრული მზერით, რომლითაც შემომხედა, ალბინოსი შევარდნის გახსენებამდე და ლოდზე აჩრდილის დანახვამდე, რომელზეც თქვა, რომ ეს ჩემი სიკვდილი იყო.
 
— რატომ მიკეთებ ამ ყველაფერს? — ვკითხე მე. ჩემს კითხვაში არ იყო არანაირი საყვედური. უბრალოდ მაინტერესებდა, რა შუაში ვიყავი, თუნდაც მე.
 
— შენ მთხოვე მომეყოლა, რაც მცენარეებზე ვიცოდი.
 
მის ხმაში სარკაზმის ნოტები შევამჩნიე. ისე ლაპარაკობდა, თითქოს დამცინისო.
 
— კი, მაგრამ რაც აქამდე გითქვამს ჩემთვის, არანაირ კავშირში არაა მცენარეებთან, — გავაპროტესტე მე.
 
მიპასუხა, რომ ამის გასაგებად დროა საჭირო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მასთან კამათი უსარგებლოა. გავაცნობიერე იმ იოლი და აბსურდული დასკვნების სრული იდიოტიზმი, რომლებიც მე გავაკეთე. სანამ აქ მოვიდოდი, საკუთარ თავს შევპირდი, რომ არასოდეს დავკარგავდი თავს და არასოდეს ვიგრძნობდი გაღიზიანებას დონ ხუანის მიმართ. თუმცაღა რეალურ სიტუციაში იმავე წამს, როგორც კი დამაბნია, მის მიმართ გაღიზიანების ახალი ტალღა ვიგრძენი. ვგრძნობდი, რომ მასთან ურთიერთობის არანაირი საშუალება არ გამაჩნდა, და ეს მაბრაზებდა.
 
— შენს სიკვდილზე იფიქრე ახლა, — თქვა მოულოდნელად დონ ხუანმა. იგი შენგან გაწვდილი ხელის მანძილზეა და შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეგეხოს. ამიტომ, ნამდვილად არ გაქვს დრო შტერული აზრებისთვის და წვრილმანებზე გაღიზიანებისთვის. არცერთ ჩვენგანს არ აქვს ამის დრო.
 
— გინდა გაიგო, რა გაგიკეთე პირველ დღეს, როცა შევხვდით? მე შენ «დაგინახე», და «დავინახე», რას ფიქრობდი, რომ მატყუებდი. შენ არ იტყუბოდი, მაგრამ სინამდვილეში იტყუებოდი.
 
ვუთხარი, რომ მისმა ახსნამ კიდევ უფრო მეტად დამაბნია. მან თქვა, რომ სწორედ ამაშია იმის მიზეზი, რომ არ სურს საკუთარი ქმედებების ახსნა, და ამ ყველაფრის ახსნა არაა საჭირო. თქვა, რომ ერთადერთი რამ, რაც სათვალავში გადის, ესაა მოქმედება, მოქმედება ფიქრის ნაცვლად. მან თივის ჭილობი მოიღო და წამოწვა. მოხერხებულად მოეწყო, შემდეგ კი მითხრა, რომ კიდევ ერთი რამეა, რაც უნდა შევასრულო, თუ მართლა მინდა მცენარეების შესწავლა.
 
— იცი, რა იყო არასწორი შენში, როცა «დაგინახე», და რა არის არასწორი ახლა? ესაა ის, რომ შენ არ გიყვარს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რასაც აკეთებ, — თქვა მან ნელა, თითქოს დროს მაძლევდა მისი სიტყვების გასაგებად. — როცა ამ ყველაფერს მიყვებოდი ავტოსადგურზე, აცნობიერებდი, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. რატომ ცრუობდი?
 
ავუხსენი, რომ ჩემი ამოცანა იყო «საკვანძო ინფორმატორის» მოძებნა ჩემი სამუშაოსთვის.
 
მას გაეღიმა და მექსიკური სიმღერის კნავილი დაიწყო.
 
— როცა ადამიანი რაღაცის გაკეთებას გადაწყვეტს, მან ბოლომდე უნდა იაროს, — თქვა დონ ხუანმა. — მაგრამ მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის ქმედებაზე. მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს, პირველ რიგში უნდა იცოდეს, თუ რატომ აკეთებს ამას, შემდეგ კი თავისი ქმედებები ყოველგვარი ეჭვისა და სინანულის გარეშე განახორციელოს.
 
ყურადღებით შემომხედა. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ბოლოს და ბოლოს გამოვთქვი ჩემი აზრი, თითქმის როგორც პროტესტი.
 
— კი, მაგრამ ეს შეუძლებელია, — ვუთხარი მე. მან მკითხა, რატომ, და ვუპასუხე, რომ შესაძლოა იდეალური ყოფილიყო, თუ ყველას ფიქრი მათ ქმედებებს დაემთხვეოდა, თუმცაღა პრაქტიკაში შეუძლებელია ეჭვებისა და სინანულის თავიდან აცილება.
 
— რა თქმა უნდა შესაძლებელია, — მიპასუხა დარწმუნებით.
 
— შემომხედე, —თქვა მან. — მე არ მაქვს ეჭვები ან სინანული. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ჩემი გადაწყვტილება და ჩემი პასუხისმგებლობაა. უმარტივესი რამ, რასაც ვაკეთებ, მაგალითად, შენი უდაბნოში სასეირნოდ წაყვანა შესაძლოა ძალიან ადვილად იყოს ჩემი სიკვდილი. სიკვდილი თან დამყვება. ამიტომ, დრო არ მაქვს ეჭვებისა და სინანულისთვის. თუ მოვკვდები, იმის შედეგად რომ სასეირნოდ წაგიყვან, ესე იგი,უნდა მოვკვდე. მეორე მხრივ, შენ უკვდავად თვლი თავს. და უკვდავი ადამიანის გადაწყვეტილებები შესაძლოა შეიცვალოს, ან შეიძლება ისინი ეჭვქვეშ დააყენო ან ინანო. დრო მხოლოდ იმისთვის გაქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღო.
 
მე გულწრფელად უარვყოფდი და ვამბობდი, რომ, ჩემი აზრით, ეს არაა რეალური სამყარო, რადგანაც იგი საეჭვო სახითაა შექმნილი ქმედების იდეალურ ფორმაზე და იმაზე დაყრდნობით, რომ არის კიდევ რაღაც გზა იმისთვის, რომ სადღაც იარო.
 
მე მოვუყევი ისტორია მამაჩემზე, რომელიც უსასრულოდ მიკითხავდა ლექციებს ჯანსაღი გონების საოცრებებზე ჯანსაღ სხეულში და იმაზე, თუ როგორ უნდა გამოწვრთნან ახალგაზრდებმა თავიანთი სხეული სირთულეებით და ათლეტური შეჯიბრებებით. იგი ახალგაზრდა იყო. როცა 8 წლის ვიყავი, იგი მხოლოდ 27-ის იყო. ზაფხულში, როგორც წესი ქალაქიდან, სადაც სკოლაში ასწავლიდა, ბაბუაჩემის ფერმაში ბრუნდებოდა ხოლმე, სადაც მე ვცხოვრობდი, რათა ჩემთან ერთი თვე მაინც გაეტარებინა. ჩემთვის ეს ჯოჯოხეთური ერთი თვე იყო. მე ვუყვებოდი დონ ხუანს, მაგალითად, მამაჩემის ქცევაზე, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან შეესაბამებოდა ამ სიტუციას.
 
თითქმის მაშინვე, ფერმაში ჩამოსვლისთანავე, მამაჩემი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მასთან ერთად სასეირნოდ წავსულიყავი, რათა ყველაფერზე გველაპარაკა. და ჩვენი საუბრის დროს გეგმებს ადგენდა იმის შესახებ, თუ როგორ ვივლით საბანაოდ ყოველდღე დილის 6 საათზე. ღამით მაღვიძარას ექვსის ნახევარზე აყენებდა, რათა საკმარისი დრო ჰქონოდა, რადგან ზუსტად ექვსზე წყალში უნდა ვყოფილიყავით. და როდესაც დილით ზარი რეკავდა, წამოხტებოდა ხოლმე საწოლიდან, სათვალეს იკეთებდა და ფანჯარასთან მიდიოდა, რომ გარეთ გაეხედა.
 
დავიმახსოვრე კიდეც შემდეგი მონოლოგი:
 
— მ-მ-მ... დღეს ცოტა მოღრუბლულია. მისმინე, ახლა წამოვწვები ხუთი წუთით, ოქეი? მეტი არა, მხოლოდ ხუთი წუთი! უბრალოდ მინდა კუნთები გავმართო და ბოლომდე გავიღვიძო.
 
და ამის შემდეგ, ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, ათამდე ან ზოგჯერ შუადღემდეც ეძინა ხოლმე.
 
ვუყვებოდი დონ ხუანს, რომ მაღიზიანებდა მისი ეს აშკარად ძალად მოფიქრებული გადაწყვეტილებები და მათზე უარის თქმის უუნარობა. ამ რიტუალს ყოველ დილით იმეორებდა, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ შეურაცხვყავი მისი გრძნობები, ვთქვი რა უარი მაღვიძარას დაყენებაზე.
 
— ეს არ იყო ძალად მოფიქრებული გადაწყვეტილებები, — თქვა დონ ხუანმა და აშკარად მამაჩემის მხარე დაიკავა. — უბრალოდ მან არ იცოდა, როგორ ამდგარიყო საწოლიდან, სულ ესაა.
 
— ყოველ შემთხვევაში, — ვუთხარი მე. — მე ყოველთვის სინანულით ვუყურებ არარეალურ გადაწყვეტილბებს.
 
— მაშინ, რომელი გადაწყვეტილება იქნება რეალური? — მკითხა დონ ხუანმა ღიმილით.
 
— თუ მამაჩემი ეტყოდა საკუთარ თავს, რომ არ შეუძლია დილის ექვს საათზე საბანაოდ წასვლა, მაგრამ შეუძლია დღის სამ საათზე.
 
— შენი გადაწყვეტილება მის სულს ჭრილობას აყენებს, — თქვა დონ ხუანმა დიდი სერიოზულობის ელფერით.
 
მომეჩვენა, რომ მის ხმაში სევდის ნოტიც დავიჭირე. რაღაც პერიოდი ჩუმად ვიყავით. ჩემი მომაბეზრებლობა გაქრა. საკუთარ მამაზე ვფიქრობდი.
 
— ნუთუ ვერ ხედავ, — თქვა დონ ხუანმა, — მას არ უნდოდა დღის სამ საათზე ბანაობა.
 
მისმა სიტყვებმა წამოხტომა მაიძულა. ვუთხარი, რომ მამაჩემი სუსტი იყო, და ასეთივე იყო იდეალური ქმედებების მისი სამყარო, რომლებიც არასოდეს შეუსრულებია. თითქმის ვყვიროდი.
 
დონ ხუანს სიტყვაც არ უთქვამს. იგი ნელა, რაღაც რიტმში აქნევდა თავს. საშინელ სევდას ვგრძნობდი. როცა მამაზე ვფიქრობდი, ყოველთვის ასეთი ყოვლისმომცველი გრძნობა მიპყრობდა.
 
— შენ ფიქრობ, რომ უფრო ძლიერი იყავი, ასე არაა? — მკითხა სასხვათაშორისოდ. ვუთხარი, რომ ასე იყო და მოვუყევი მთელი ემოციური დომხალის შესახებ, რომელიც მამაჩემს ჩემში შემოჰქონდა, მაგრამ მან შემაწყვეტინა.
 
— გიბრაზდებოდა ხოლმე? — მკითხა მან.
 
— არა.
 
— მეწვრილმანე იყო შენთან?
 
— არა.
 
— ყველაფერს გიკეთებდა, რაც შეეძლო?
 
— კი.
 
— მაშინ რა არის მასში არასწორი?
 
ისევ დავიწყე ყვირილი, რომ ის სუსტი იყო, მაგრამ მაშინვე მოვთოკე თავი და ხმას დავუწიე. უცნაურად ვგრძნობდი თავს იმის გამო, რომ დონ ხუანი დაკითხვას მიწყობდა.
 
— რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს? — ვკითხე მე. — ხომ იგულისხმებოდა, რომ მცენარეებზე უნდა გვესაუბა? — უფრო გაღიზიანებულდ და დათრგუნულად ვგრძნობდი თავს, ვიდრე ოდესმე აქამდე. ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი მისი საქმე არ იყო, და ჩემი განსჯის ოდნავი უფლებაც კი არ ჰქონდა. და იგი ცხოველურმა სიცილმა შეიპყრო.
 
— როცა ბრაზდები, ყოველთვის მართლად გრძნობ თავს? — მკითხა და ფრინველივით დაახამხამა თვალები.
 
დონ ხუანი მართალი იყო. მქონდა ტენდენცია — თავი გამართლებულად მეგრძნო იმაში, რომ ვბრაზდებოდი.
 
— მოდი, ნუ ვილაპარაკებთ მამაჩემზე, — ვთქვი მე და კარგ განწყობას ვეჭიდებოდი. — მოდი მცენარეებზე ვილაპარაკოთ.
 
— არა, მოდი მამაშენზე ვილაპარაკოთ, — დაიჟინა მან. — ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც უნდა დავიწყოთ დღეს. თუ ფიქრობ, რომ მასზე ამდენად ძლიერი იყავი, რატომ არ მიდიოდი საბანაოდ დილის ექვსზე მის ნაცვლად?
 
ვუთხარი, რომ არ მჯეროდა, თუ სერიოზულად მეკითხებოდა ამას. ყოველთვის ვთვლიდი, რომ დილის ექვს საათზე ბანაობა — მამაჩემის საქმე იყო და არა –ჩემი.
 
— ეს შენი საქმე გახდა იმ მომენტიდან, რაც მისი იდეა მიიღე, — მომახალა დონ ხუანმა.
 
ვუთხარი, რომ არასოდეს მიმიღია იგი, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ მამაჩემი არ იყო გულწრფელი საკუთარ თავთან. დონ ხუანი დაინტერესდა, რატომ არ ვუთხარი მაშინვე ჩემი შეხედულება.
 
— შენ ხომ არ ეუბნებოდი მამაშენს მსგავს რამეებს, — ვუთხარი მე, და ეს იყო ახსნის სუსტი მცდელობა.
 
— რატომაც არა?
 
— ჩემს სახლში ასე არ ხდებოდა, სულ ესაა.
 
— შენ კიდევ უფრო უარესს აკეთებდი საკუთარ სახლში, — განაცხადა მან, როგორც მოსამართლემ თავისი სავარძლიდან. — ერთადერთი, რაც არასოდეს გაგიკეთებია, ესაა საკუთარი სულის პატივიცემა.
 
მის სიტყვებში ისეთი დამანგრეველი ძალა იყო, რომ ისინი ჩემს გონებაში გამოძახილს ჰპოვებდნენ. მან ჩემი ყველა დაცვა დაანგრია, არ შემეძლო კამათი. ხსნა ჩანაწერების კეთებაში ვიპოვე.
 
ვეცადე ბოლო, ზუსტი ახსნა-განმარტება წარმომედგინა და ვთქვი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ისეთივე ჯურის ადამიანები მხვდებოდნენ, როგორიც მამაჩემი იყო, თავიანთ სქემებში მრთავდნენ, და როგორც წესი, ყოველთვის უაზროდ ვკარგავდი დროს.
 
— შენ წუწუნებ, — მითხრა მან რბილად. — შენ წუწუნებ შენს ცხოვრებაზე იმიტომ, რომ არ იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე. შენ რომ მიგეღო პასუხისმგებლობა მამაშენის იდეასთან დაკავშირებით, თავად იბანავებდი ექვს საათზე, თუ საჭირო იქნებოდა. ან შორს გაუშვებდი პირველივე ჯერზე, მას შემდეგ, რაც მის ქცევას დაინახავდი. მაგრამ შენ არაფერი თქვი, ამიტომ, ისეთივე სუსტი იყავი, როგორც მამაშენი.
 
— საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს, რომ ადამიანი მზადაა მოკვდეს მათთვის.
 
— მოიცა, მოიცა, — ვუთხარი მე, — აქ უკვე ყველაფერს უკუღმა ატრიალებ.
 
მან დამთავრების საშუალება არ მომცა. ვაპირებდი მეთქვა, რომ საკუთარი მამა ავიღე, როგორც არარეალური მოქმედების მაგალითი, და რომ არცერთი ჯანსაღ ჭკუაზე მყოფი არ მოინდომებს ასეთი იდიოტური რამისთვის სიკვდილს.
 
— არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვტილებაა ეს, — თქვა მან. — არაფერს არ შეუძლია იყოს მეტად ან ნაკლებად სერიოზული, ვიდრე სხვა რამეა. ნუთუ ვერ ხედავ? იმ სამყაროში, სადაც სიკვდილი მონადირეა, არ არსებობს დიდი ან მცირე გადაწყვეტილებები. არსებობს მხოლოდ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენი გარდუვალი სიკვდილის სახის წინაშე ვიღებთ.
 
ვერაფრის თქმა ვერ შევძელი. თითქმის საათი გავიდა. დონ ხუანი სრულიად უძრავად იწვა თავის ჭილობზე, თუმცა არ ეძინა.
 
— რატომ მომიყევი ეს ყველაფერი, დონ ხუან? — ვკითხე მე. — რატომ მიკეთებ ამ ყველაფერს?
 
— შენ მოხვედი ჩემთან, — თქვა მან. — არა, ეს ასე არ იყო, შენ მოგიყვანეს ჩემთან, და მე შენთან შეთანხმება დავდე.
 
— რას მეუბნები?
 
— შენ შეგეძლო შენი შეთანხმება გქონოდა მამასთან და გებანავა მასთან ერთად, მაგრამ არ გააკეთე ეს, შესაძლოა იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა იყავი. მე შენზე დიდხანს ვიცხოვრე. ჩემზე არაფერია ჩამოკიდებული. მე არსად არ მეჩქარება, ამიტომ, შემიძლია საჭირო სახით გავაკეთო შეთანხმება შენთან.
 
სადილობის შემდეგ სასეირნოდ წავედით. იოლად ვიტანდი მისი ნაბიჯების სიჩქარეს და კვლავაც აღტაცებული ვიყავი მისი საოცარი ფიზიკური ამტანობით. იგი ისე ადვილად და ისეთი თავდაჯერებული ნაბიჯებით მიაბიჯებდა, რომ მის გვერდით ბავშვს ვგავდი. აღმოსავლეთის მიმართულებით წავედით. მაშინ შევამჩნიე, რომ არ უყვარდა ლაპარაკი, სანამ დადიოდა. თუ მასთან საუბარს ვიწყებდი, უნდა გაჩერებულიყო იმისთვის, რომ ეპასუხა. რამდენიმე საათში გორაკთან მივედით. იგი ჩამოჯდა და ნიშანი მომცა, რომ მეც მის გვერდით ჩამოვმჯდარიყავი. დამცინავ-დრამატული ტონით განაცხადა, რომ ჩემთვის ზღაპრის მოყოლას აპირებდა.
 
მან თქვა, რომ ოდესღაც ცხოვრობდა ახალგაზრდა კაცი, წარმომავლობით ინდიელი, და ცხოვრობდა ქალაქში, თეთრ ადამიანებს შორის. მას არ ჰქონდა არც სახლი, არ ჰყავდა არც ნათესავები, არც მეგობრები. ქალაქში ბედნიერების საძებნელად ჩავიდა, მაგრამ მხოლოდ სიღატაკე და ტანჯვა იპოვა. ვირივით მუშაობდა და დროდადრო რამდენიმე ცენტს იღებდა, რომელიც პურის ფულად ძლივს ჰყოფნიდა. მთელი დანარჩენი დრო იძულებული იყო, რომ ემათხოვრა, ან მოეპარა საჭმელი.
 
დო ხუანმა თქვა, რომ ერთხელ ახალგაზრდა კაცი ბაზარში წავიდა. მოხიბლული წინ და უკან დადიოდა ქუჩაში. ისე შეიპყრო ამ ყველაფერმა, რომ არ უყურებდა, სად მიდიოდა, და იმით დაამთავრა, რომ რაღაც კალათებს წამოედო, წაბორძიკდა და ვიღაც მოხუცს დაეცა.
 
მოხუცს გოგრისგან დამზადებული ოთხი უზარმაზარი ქოთანი მოჰქონდა და ეს-ესაა დამჯდარიყო, რომ დაესვენა და ცოტა წაეხემსა. დონ ხუანს გაეღიმა და თქვა, რომ მოხუცს ძალიან უცნაურად მოეჩვენა ახალგაზრდა კაცის მასზე დაცემის ფაქტი. არ გაბრაზებულა, მაგრამ გაუკვირდა, რატომ დაეცა მაინცდამაინც ეს ახალგაზრდა თავზე. ახალგარდა, პირიქით, გაბრაზებული იყო და უთხრა, რომ გზიდან მოშორებოდა. მას საერთოდ არ აინტერესებდა მათი შეხვედრის ღრმა მიზეზები. ვერ შეამჩნია, რომ მათი გზები ფაქტიურად გადაიკვეთა.
 
დონ ხუანმა მიმიკით გამოსახა ადამიანის მოძრაობა, რომელიც ცდილობს რაღაც წარმავალი დაიჭიროს. თქვა, რომ ქოთნები გადაბრუნდა და ქუჩაში მიგორავდა. როცა ახალგაზრდამ ქოთნები დაინახა, იფიქრა, რომ ამ დღის საჭმელი იპოვნა.
 
იგი დაეხმარა მოხუცს და დაიჟინა, რომ დახმარებოდა მძიმე ქოთნების ტარებაში. მოხუცმა უთხრა, რომ სახლში აპირებდა დაბრუნებას, მთებში, მაგრამ ახალგაზრდამ სთხოვა, რომ თან წაეყვანა, ყოველ შემთხვევაში, გზის რაღაც მონაკვეთი მაინც.
 
მოხუცი მთებისკენ მიმავალ გზას შეუდგა, და სანამ მიდიოდნენ, ახალგაზრდას ცოტა საჭმელი მისცა იქიდან, რაც ბაზარში იყიდა. ახალგაზრდა კარგად გამოძღა, და როცა ბოლომდე დაკმაყოფილდა, შეამჩნია, როგორ დამძიმდა ქოთნები და უფრო მაგრად ჩაჰკიდა ხელები.
 
დონ ხუანმა თვალები გაახილა და ეშმაკური გრიმასით გაიღიმა, შემდეგ კი თქვა, რომ ახალგაზრდა კაცმა იკითხა: «რა გაქვს ამ ქოთნებში?» მოხუცმა არ უპასუხა, მაგრამ უთხრა, რომ მისთვის კომპანიონის ან მეგობრის ჩვენებას აპირებდა, რომელიც მის სევდას გააქარვებდა და ცხოვრებისეულ სიბრძნეს ასწავლიდა.
 
დონ ხუანმა დიდებული ჟესტი გააკეთა ორივე ხელით და თქვა, რომ მოხუცმა ყველაზე მშვენიერი ირემი მოიხმო, რაც კი ახალგაზრდას ოდესმე უნახავს. ირემი ისეთი თვინიერი იყო, რომ მივიდა და მის გარშემო დაიწყო სიარული. მასში ფერები გადადიოდა და ანათებდა. ახალგაზრდა ძალიან მოიხიბლა და მაშინვე მიხვდა, რომ ეს იყო «ირემი-სული». მოხუცმა უთხრა, რომ თუ სურდა ჰყოლოდა ეს მეგობარი და მისი სიბრძნე, ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ ქოთნები უნდა მიეცა.
 
დონ ხუანის გრიმასამ ამბიცია გამოხატა. მან თქვა, რომ ახალგაზრდა კაცის მეწვრილმანე სურვილები ასეთი თხოვნის შემდეგ უფრო გაღვივდა. დონ ხუანს თვალები პატარა და ეშაკური გაუხდა, როცა ახალგაზრდა კაცის კითხვა წარმოთქვა: «რა გაქვს ამ ოთხ უზარმაზარ ქოთანში?»
 
დონ ხუანის სიტყვებით, მოხუცმა ძალზე გულწრფელად უპასუხა, რომ საჭმელი და წყალი მიჰქონდა. მან ზღაპრის მოყოლა შეწყვიტა და რამდენიმე წრე დაარტყა. არ ვიცოდი, რას აკეთებდა, ცხადია, ეს ზღაპრის ნაწილი იყო. ადგილზე ტრიალი, როგორც ჩანს, ახალგაზრდა კაცის ფიქრს ნიშნავდა.
 
დონ ხუანმა თქვა, რომ რა თქმა უნდა ახალგაზრდამ არცერთი სიტყვა არ დაიჯერა. მან ჩათვალა, რომ თუ მოხუცი, რომელიც აშკარად ჯადოქარი იყო, «ირემ-სულს» იძლეოდა თავისი ქოთნების სანაცვლოდ, ქოთნები სრულიად წარმოუდგენელი ძალაუფლებით უნდა ყოფილიყო სავსე.
 
დონ ხუანმა კვლავ დამანჭა სახე ეშმაკური გრიმასით და თქვა, რომ ახალგაზრდა კაცმა განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, ჰქონოდა ეს ქოთნები. ამას ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა, რომელიც, როგორც მომეჩვენა, ზღაპრის დასასრულს აღნიშნავდა. დონ ხუანი სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თუმცაღა დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდოდა მეკითხა მის შესახებ, და ასეც გავაკეთე. «რა დაემართა ამ ახალგაზრდა კაცს?»
 
— თვალები ველური ჰქონდა ყველა ამ საოცარი ნივთის დანახვაზე, რომლებიც...
 
ამას კიდევ ერთი ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა. მე გამეცინა. ვიფიქრე, რომ ეს ნამდვილი «ინდიელების» ზღაპარი იყო.
 
დონ ხუანის თვალები ბრწყინავდნენ, როცა მან გამიღიმა. იგი თავად უმანკოება იყო. სიცილი დაიწყო და მკითხა:
 
— ნუთუ არ გინდა გაიგო, რა იყო ქოთნებში?
 
— რა თქმა უნდა, მინდა. მეგონა, რომ ეს უკვე ზღაპრის დასასრული იყო.
 
— ო, არა, — თქვა მან თვალებში გამცემი ელვარებით. — ახალგაზრდამ აიღო თავისი ქოთნები, მოფარებულ ადგილას გაიქცა და გახსნა ისინი.
 
— რა ნახა იქ? — ვკითხე მე.
 
დონ ხუანმა შემომხედა, და ვიგრძენი, რომ იგი აცნობიერებდა ჩემს გონებრივ გიმნასტიკას. თავი გააქნია და ჩაიცინა.
 
— ქოთნები ცარიელი იყო? — ვკითხე მე.
 
— იქ მხოლოდ საჭმელი და წყალი იყო, — თქვა მან. — და განრისხებულმა ახალგაზრდა კაცმა ქვებზე შემოამტვრია ისინი.
 
მე ვთქვი, რომ მისი რეაქცია სრულიად ბუნებრივი იყო. ნებისმიერი მის ადგილას იგივეს გააკეთებდა. დონ ხუანმა თქვა, რომ ახალგაზრდა კაცი სულელი იყო, რომელმაც არ იცოდა, რას ეძებდა. მან არ იცოდა, როგორია «ძალაუფლება», ამიტომ არ შეეძლო ეთქვა, იპოვა თუ არა იგი. მან არ მიიღო პასუხისმგებლობა თავის გადაწყვეტილებებზე, ამიტომ განრისხდა თავის შეცდომაზე. იგი რაღაცის მიღებას ელოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ვერაფერი ვერ მიიღო. დონ ხუანმა ივარაუდა, რომ ამ ახალგაზრდა კაცის ადგილას, თუკი ჩემს მიდრეკილებებს ავყვებოდი, მეც სიბრაზით და სინანულით დავამთავრებდი, და დარჩენილ ცხოვრებას საკუთარი თავის სიბრალულში და დანაკარგზე წუხილში გავატარებდი.
 
შემდეგ მან მოხუცის ქცევა ახსნა. მან ჭკვიანურად დააპურა ახალგაზრდა, რომ მისთვის «დაკმაყოფილებული მუცლის სითამამე» მიეცა. ამგვარად, როცა ახალგაზრდამ ქოთნებში მხოლოდ საჭმელი იპოვნა, რისხვის შემოტევის გამო დაამტვრია ისინი.
 
— მას რომ გაეცნობიერებინა თავისი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა აეღო მასზე, — თქვა დონ ხუანმა, — აიღებდა საჭმელს და კმაყოფილზე მეტიც იქნებოდა. ან შესაძლოა იმასაც მიმხვდარიყო, რომ საჭმელიც ძალაუფლებაა.
 
1  2  3  4  5  6  7  8  9