EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მისაღებია თუ არა თქვენთვის საპენსიო რეფორმა?

დიახ
არა


დარეგისტრირებული მომხმარებლები

misho11

ჭოლა

adada

zviad

sofia




« თამაშის ფსიქოლოგია, როგორ ვეთამაშოთ ბავშვებს, რა არის კარგი ბავშვების მეხსიერების გასაუმჯობესებლად »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-06-30 18:42:58

თამაშის ფსიქოლოგია, როგორ ვეთამაშოთ ბავშვებს, რა არის კარგი ბავშვების მეხსიერების გასაუმჯობესებლად

children

ბავშვს შესთავაზეთ მისი ასაკის შესაბამისი თამაშები. ზედმეტად რთულმა დავალებამ შესაძლოა ბავშვში იმედგაცრუება გამოიწვიოს და არასასურველი გავლენა მოახდინოს მის თვითშეფასებაზე.  თამაშისას პერიოდულად შესთავაზეთ შედარებით რთული და განსხვავებული თამაშები, არ დააძალოთ, თუ ბავშვი უარს იტყვის ახალ აქტივობაზე. ასეთ შემთხვევაში ეთამაშეთ ის რაც მას მოსწონს. როდესაც ბავშვი გამოავლენს ინტერესს ახალი თამაშისადმი, დაუჭირეთ მხარი და თავადაც ჩაერთეთ. მთავარია, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს დრო და საშუალება თავისუფლად იფიქროს, აღმოაჩინოს და მიიღოს ახალი გამოცდილება.
 
შესაძლებელია, მოიფიქროთ ერთობლივი გართობის ვარიანტები,  არჩევანი უნდა იყოს ორივესთვის მისაღები,   წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა არ იქნება სრულფასოვანი და სასიამოვნო. 
ითამაშეთ ბავშვთან ერთად და საერთოდ დიდი ინტერესითა და ყურადღებით მოეკიდეთ თამაშის პროცესს, რადგან იგი განვითარების საფუძველია. მნიშვნელოვანი მახასიათებლები და თვისებები, როგორიცაა ნება, ქცევა, წარმოსახვა, შემოქმედებითობა, ინიციატივა, თვითკონტროლი, პასუხისმგებლობა...ფორმირდება თამაშის პროცესში. თამაშისას ბავშვი თავისი სურვილით ემორჩილება გარკვეულ წესებს და ასრულებს მათ დიდი სიამოვნებით, რაც  მის  ქცევას აძლევს აზრს. ,,შიგნიდან", ბავშთა თამაშები ძალიან სერიოზული და სიღრმისეულია, რასაც ჩართულობის გარეშე, შორიდან სამწუხაროდ ვერ აღვიქვამთ. მასში იშლება ნამდვილი,  ცხოვრებისეული დრამები, წყდება პრობლემები. ამიტომ ერთობლივი თამაშები, გარდა გართობისა,  საუკეთესო საშუალებაა იმისათვისაც, რომ  გაიგოთ კიდევაც, თუ რა აღელვებს თქვენს შვილს, თუ როგორ აღიქვამს გარემოს, გარშემომყოფ ადამიანებს და მათ შორის თქვენც. სცადეთ და ითამაშეთ, მაგალითად,  ,,სახლობანა"- თქვენ მოირგეთ  ბავშვის როლი,  ხოლო ბავშმა - დედის ან მამის როლი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფანტაზია მდიდარია,  ის, როგორც წესი, თამაშობს იმას, რაც მისი გამოცდილების ჩარჩოებშია, რომელსაც ოჯახში ღებულობს. შეხედეთ მას, თუ რას ამბობს, როცა მშობლის როლშია, თუ როგორ ეპყრობა ,,ბავშვს'' და თქვენს საკუთარ თავს იხილავთ სარკეში.
ბავშვის თამაშს თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ იგი მესიჯია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ - რა იქნება მისთვის მომავალში ფასეული, რისკენ ექნება სწრაფვა. რაც უფრო მდიდარია თამაშის შინაარსი, მეტი ალბათობაა,  მით უფრო მდიდარი იყოს მისი შინაგანი სამყარო. ამდენად დაეხმარეთ მას მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს ეს პროცესი. 
 
თამაშისას წაახალისეთ ბავშვი და მიეცით მისთვის საჭირო დრო დამოუკიდებლად იფიქროს და გადაჭრას პრობლემა. მაგალითად, ფაზლის აწყობისას თვითონ მოსინჯოს სხვადასხვა ვარიანტი, თავად გადაწყვიტოს რამდენი კუბიკი დადოს ისე, რომ კონსტუქცია არ დაიშალოს, თავად შეეცადოს სთხოვოს დას სათამაშო, რომელიც ჭირდება. ინსტრუქციის მიცემისა და აქტივობის მის მაგივრად შესრულების ნაცვლად, ზოგჯერ, შესაძლებელია შესთავაზოთ დახმარება: „რას იტყვი, ხომ არ გინდა დავიჭირო კოშკი, სანამ შენ კუბიკს იპოვი?“, „ხომ არ გირჩევნია, მიხვიდე და სთხოვო ანას სათამაშო?“. ასეთი ქცევით ბავშვს დაეხმარებით ისწავლოს დამოუკიდებლად პრობლემის მოგვარება, გახდეს თავდაჯერებული. რაც მთავარია, აგრძნობინებთ, რომ თქვენ  ენდობით და გჯერათ მისი შესაძლებლობების.
 
ზოგჯერ ბავშვები თამაშობენ წყნარად, მშობლები კი, ამ დროს, სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები და  ყურადღებას არ აქცევენ მათ დამოუკიდებელ, მშვიდ და მისაღებ ქცევას. ბავშვებს ყოველთვის სურთ მშობლის ყურადღების მიქცევა. უმჯობესი იქნება,  შეაქოთ  წყნარად და დამოუკიდებლად ყოფნისათვის და თავადაც ჩაერთოთ თამაშის პროცესში. ამით თავიდან აიცილებთ ბავშვების არასასურველ ქცევას, თქვენი ყურადღების მიქცევას ხმაურით, პროტესტითა და სხვა შეუსაბამო ქცევით.
 
 
ყოველდღე ეთამაშეთ ბავშვებს,  თუნდაც, ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან მათთვის აუცილებელია სისტემატიურად გრძნობდნენ როგორც დედის, ასევე, მამის ყურადღებას. შეეცადეთ გაამხიარულოთ ბავშვები და თავადაც გამხიარულდეთ.  შეიძლება ყოველთვის  არ იყოთ კომფორტულად, ვერ მართოთ ბავშვები, გაბრაზდეთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ყველაზე დიდ გავლენას მათ ქცევაზე, აზრებსა და ემოციებზე სწორედ თქვენ ახდენთ.
 
ბავშვს არ მოსთხოვოთ ბევრი, მაგალითად, ნახატის სრულყოფილად დახატვა. მიეცით ზოგჯერ შეცდომის დაშვების საშუალება. ამ დროს, უმჯობესია შეაქოთ და აქცენტი გააკეთოთ იმაზე, რაც კარგად გამოუვიდა და თვითონ მას მოეწონა. თუ მაგალითად, არ გამოსდის კოშკის აშენება, არ გააკრიტიკოთ, წაახალისეთ, კიდევ სცადოს აშენება.
 
 
მეხსიერების თამაში
 
1. დადეთ მაგიდაზე 7 სხვადასხვა ნივთი. უთხარით პატარას, დააკვირდეს მათ. შემდეგ გადააფარეთ პირსახოცი და ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს, გამოიღეთ ერთ-ერთი ნივთი. დარჩენილი 6-ს კი მდებარეობა შეუცვალეთ. შემდეგ გადააძრეთ პირსახოცი. ბავშვმა უნდა დაასახელოს, თუ რომელი ნივთი აკლია. საგნების რაოდენობა ნელ-ნელა გაზარდეთ. ეს თამაში ძალიან კარგია მეხსიერების სავარჯიშოდ.
 
2. დააწყეთ მაგიდაზე ნივთები, რომლებიც მკვეთრად გამოხატავს გენდერულ საკუთრებას: ფრჩხილის ლაქი, დედის სუნამოს ფლაკონი, მამაკაცის ჰალსტუხი, საპარსი ქაფი და ა.შ. ამ ნივთებში გაურიეთ „უსქესო“ საგნებიც, მაგალითად სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, ფანქარი…
 
დავალება ასეთია: გოგონა და ბიჭი (დაარქვით პირობითი სახელები. მაგალითად – ეკა და ნიკა) სამოგზაუროდ მიდიან. მოცემული ნივთებიდან რომლები უნდა წაიღოს ეკამ და რომელი ნიკამ?
 
ეს თამაში ყველაზე პატარებისთვისაა. მათ ორ პარკში უნდა გაანაწილონ მოცემული ნივთები. თამაშის ბოლოს, უნდა შეუმოწმოთ, სად რა ჩააწყო. აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რომ „უსქესო ნივთები“ შეიძლება მოიხმაროს კაცმაც და ქალმაც.
 
3. კითხვა 
ბავშვს წიგნი სულ პატარა ასაკიდან წაუკითხეთ, უფრო ადრე, სანამ მიხვდება, რას ნიშნავს კითხვა. მას ესიამოვნება თქვენთან ფიზიკური სიახლოვე და კალთაში ჯდომა. მოეწონება, როცა წიგნში დახატულ სურათებს დაათვალიერებინებთ და მათ შესახებ მოუთხრობთ. ნახატების კაშკაშა ფერებიც მიიზიდავს. თანდათან ბავშვი წაკითხულის შინაარსაც მიხვდება.
 
4. თამაში ''დაიჭირე''
ყველა ბავშვს უყვარს სათამაშოს დაჭერა. დაჯექით იატაკზე, ბავშვი პირდაპირ დაისვით და ფრთხილად გაუგორეთ რბილი ბურთი ან გორგოლაჭებიანი სათამაშო. შეიძლება ბავშვმა აიღოს სათამაშო და დაგიბრუნოთ. ანდა, პირიქით, დაიტოვოს და დათვალიერება დაუწყოს, ან სულაც, ღეჭვა დაუპიროს. შეიძლება სათამაშო გამოგიწოდოთ და განიშნოთ, რომ ისევ გაუგოროთ. ეს ბუნებრივია, მართალია ხელში აღება იცის, მაგრამ ჯერ ხელიდან გაშვება არ შეუძლია. ნუ ეცდებით, სათამაშო თქვენკენ გამოაგორებინოთ. მხოლოდ უთხარით, რა კარგი სათამაშოაო და თამაში გააგრძელეთ.
 
ასევე - რომელი თამაშები უწყობს ბავშვის განვითარებას ხელს?
 
- ძერწვა. ნევროპათოლოგების აზრით, ძერწვის პროცესი დამამშვიდებ­ლად მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამიტომ, თუ ბავშვს სტრესის გადატანა მოუწია, ფსიქოლოგები მასთან მუშაობისას ძერწვას ხშირად მიმართავენ. ამ დროს ბავშვი ხორცს ასხამს თავის ფიქრებს და თქვენც ფიზიკურად ხედავთ, რა აწუხებს მას. ყველა ბავშვისთვის საჭიროა მოტორული ფუნქციების განვითარება. მოტორული ფუნქცია გულისხმობს მოძრაობას და სხეულის ფლობას. თქვენი შვილის პატარა ხელები თავად ქმნიან ფიგურებს, ატრიალებენ ან აბრტყელებენ პლასტილინს და სხვადასხვა ფორმას აძლევენ. ძერწვა ავითარებს აზროვნებასაც. ძერწვის დროს ბავშვებს გონების დაძაბვა და ფიქრი უწევთ
 
- პაზლების აწყობა. პაზლების დახმარებით ბავშვი ახერხებს წვრილმანების გაერთიანებას და ერთ მთლიანობად აღქმას. პაზლი მის წარმოდგენის უნარსაც ავითარებს. როცა ბავშვი ნახატის აწყობას ცდილობს, გამოტოვებული ადგილების ნაცვლად სიუჟეტის ლოგიკურ დასასრულს წარმოიდგენს და სწორედ ამის მიხედვით ეძებს შესაბამის ნაწილს. ფსიქოლოგების აზრით, თუ ბავშვი დამოუკიდებლად გაართმევს თავს ამ ამოცანას, განუვითარდება კოგნიტური უნარები. მაგალითად, სწრაფად აითვისებს და გადაამუშავებს ახალ ინფორმაციას. თუ პაზლს მშობელთან, მომვლელთან ან მეგობართან ერთად ააწყობს, ბავშვი უფრო კომუნიკაბელური გახდება და ჯგუფურ მუშაობას მიეჩვევა. მას გაუვარჯიშდება მახსოვრობის უნარიც. ჟურნალ "საბავშვო კარუსელს"პაზლები ახლავს ხოლმე თან, მას ბავშვებთან თამაშისას ხშირად ვიყენებთ.
 
- ხატვა. ხატვა ბავშვებს შინაგანი სამყაროს გამოხატვაში ეხმარება. ბავშვები, რომლებიც ხატავენ, მეტ კრეატიულობას იჩენენ. თუ შვილმა არ იცის, როგორ გაგიზიაროთ ფიქრები, ან რცხვენია, ფურცელი საუკეთესო შუამავალი ხდება. ამ დროს ბავშვი თავად წყვეტს, რა დახატოს და რა ფერები გამოიყენოს, შესაბამისად, ის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ეჩვევა. ნუ უკარნახებთ შვილს, რომ მზე აუცილებლად ყვითლად უნდა გააფერადოს, ბალახი კი -მწვანედ. ხელოვნებაში არ არსებობს ჩარჩოები და კანონები, შესაბამისად, შეცდომის დაშვების შანსი ნაკლებია, რაც ბავშვს სითამამეს სძენს, თავისი ნაჭუჭიდან გამოჰყავს და თავდაჯერებულს ხდის.