EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« გაიცანით თავფეხიანი მოლუსკი სახელად - ჯოჯოხეთური ვამპირი (ლათ.Vampyroteuthis infernalis) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Demien

თარიღი: 2019-07-10 20:22:26

გაიცანით თავფეხიანი მოლუსკი სახელად - ჯოჯოხეთური ვამპირი (ლათ.Vampyroteuthis infernalis)

Vampyroteuthis infernalis

გაიცანით კიდევ ერთი პატარა თავფეხიანი მოლუსკი ნამდვილად საშიში სახელით - ჯოჯოხეთური ვამპირი (ლათ.Vampyroteuthis infernalis). ეს ცხოველი ყველაფრით უნიკალურია. თუნდაც იმით, რომ მას ცისფერი სისხლი აქვს და შეუძლია იცხოვროს 400-დან 1000მ.-მდე სიღრმეში, სადაც ჟანგბადის შემცველობა მინიმალურია. 
ეს ცხოველი 1903 წელს გერმანელმა ზოოლოგმა კარლ ჰუნმა აღმოაჩინა. ამ ღრმა წყლის მოლუსკს საერთო ნიშნები აქვს, როგორც კალმარებთან, ისე რვაფეხებთან. თავდაპირველად ის შეცდომით მიაკუთვნეს რვაფეხებს. შემდეგ გაირკვა, რომ ის არც ერთ მათგანს მიეკუთვნებოდა და მისთვის ცალკე რიგი გამოყვეს - Varpyromorhida.
მის საცხოვრებელ ზონაში შუქი არ აღწევს. ასეთ სიღრმეზე მდებარეობს განსაკუთრებული საბინადრო გარემო - ე.წ. "ჟანგბადის მინიმუმის ზონა". აქ ჟანგბადის კონცენტრაცია მინიმალურია. მაგრამ ჯოჯოხეთური ვამპირისათვის ასეთი საცხოვრებელი პირობები სრულიად კომფორტულია. მას წყალში ჟანგბადის 3%-იანი კონცენტრაციაც კი ყოფნის. ასეთი "გმირობის" ჩადენა სხვა არც ერთ ცხოველს არ შეუძლია. 
ჯოჯოხეთური ვამპირი დიდი ზომებით ვერ დაიკვეხნის, ის სულ რაღაც 15 სმ. სიგრძისაა, მაგრამ ამტკიცებენ, რომ 30 სმ.-მდე შეუძლია გაიზარდოს. მის ჟელესებურ სხეულს შეფერილობის შეცვლა განათების მიხედვით შეუძლია. შეიძლება გახდეს შავი, მუქი იისფერი, წითელი, მურა.
ჯოჯოხეთურ ვამპირს 8 საცეცი აქვს, რომლებიც ერთმანეთთან აპკითაა დაკავშირებული. ყოველი მათგანი შიგა მხრიდან ეკლებითა და ელვაშებითაა დაფარული. საცეცების ბოლოებში მისაწოვრებია განლაგებული.
 
Vampyroteuthis infernalis
 
ჯოჯოხეთურ ვამპირს უჩვეულოდ გადმოკარკლული თვალები აქვს. როგორც კანს, მათაც შეუძლიათ ფერის შეცვლა განათების ცვლილებასთან დაკავშირებით (წითელია ან ლურჯი). თვალების დიამეტრი 2,5 სმ.-ია. თუ ამ ზომას სხეულის სიგრძეს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ჯოჯოხეთურ ვამპირს მსოფლიოში ყველაზე დიდი თვალები აქვს სხეულის სიგრძესთან შეფარდებით. ვამპირის თვალები ზემგრძნობიარეა. მას შეუძლია წყლის ზედა ფენებში მცურავი ცხოველების სილუეტები სულ ადვილად გაარჩიოს. ამის გაკეთება კი სრულ სიბნელეში არც ისე ადვილია.
ჯოჯოხეთურ ვამპირს თუ კარგად შევათვალიერებთ, შეიძლება რამდენიმე წყვილი "ყური" აღმოვუჩინოთ. ეს ფარფლებია, რომლებიც მანტიის გვერდითა მხრიდან არის გამოზრდილი. მოზრდილი ინდივიდებისათვის "ყურები" გადაადგილების ძირითადი საშუალებაა. 
შემაერთებელ ქსოვილში საცეცების მიდამოში მდებარეობს 2 ჩანთა, რომელიც მალავს მგრძნობიარე ველარულ მსუსხავ საცეცებს. სწორედ ისინი არიან ნამდვილი "საცეცები", რადგანაც ვამპირს სწორედ მათი გაჭიმვა შეუძლია სხვა საცეცებზე უფრო შორს.
Vampyroteuthis infernalis
 
ჯოჯოხეთურ ვამპირს შეუძლია სიბნელეში გაანათოს. მთელი მისი სხეული დაფარულია ფოტოფორებით - განათების ორგანოებით. ფოტოფორი პატარა დისკია, რომლის ზომა თანდათან იზრდება ფარფლების ფუძისკენ და საცეცების ბოლოებისკენ. აპკის შიდა მხარეს ვამპირს ფოტოფორები არ აქვს.
თავის განათებას ვამპირი მოხერხებულად იყენებს მტაცებლებისგან თავის დასაღწევად: ის მომენტალურად ანათებს და აქრობს შუქს, რაც მტაცებლის დეზორიენტაციას იწვევს. ვამპირს შეუძლია ფოტოფორების ზომისა და განათების ინტენსივობის კონტროლი.
მაგრამ ამით მისი განსაკუთრებულობა არ მთავრდება:
1. ვამპირს ცისფერი სისხლი აქვს;
2. მას ცხოველებს შორის ნივთიერებათა ცვლის ყველაზე დაბალი დონე აქვს;
3. მისი სხეულის სიმკვრივე ქსოვილებში ამიაკის მაღალი შემცველობის გამო, პრაქტიკულად, ზღვის წყლის სიმკვრივის ტოლია. ამის წყალობით ვამპირი ახერხებს გადაადგილებას ენერგიის მინიმალური დანახარჯით;
4. ვამპირს თავდაცვის კიდევ ერთი უჩვეულო სტრატეგია აქვს. მას კონტრილუმინესცენცია ეწოდება. იმისათვის, რომ არ გასცეს თავისი ადგილმდებარეობა, ის ცისფრად ანათებს. ეს შლის ცხოველის კონტურებს და ნიღბავს ქვემოდან შემოხედვისას;
5. მას არ აქვს მელნის პარკი. მელნის ნაცვლად ის უშვებს მანათობელი ლორწოს წებოვან ღრუბელს, რომელიც უამრავ მანათობელ ცისფერ ბურთულას შეიცავს. ეს საშუალებას აძლევს ყურადღება გაუფანტოს მოწინააღმდეგეს და თვითონ მიიმალოს. ასეთ რაღაცას ვამპირი უკიდურეს შემთხვევაში იყენებს, რადგანაც მანათობელი ღრუბლის შესაქმნელად ის დიდ ენერგიას ხარჯავს.
6. მტაცებლების თავდასხმისას, ვამპირი "გოგრის პოზას" იღებს. ის საცეცებსა და აპკს უკუღმა ამოატრიალებს და მთელ სხეულს იფარავს. ამით ორ საქმეს აკეთებს. ერთი ის რომ, მოწინააღმდეგეს სულაც არ მოსწონს მისი ეკლებისა დანახვა, მეორე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპკის შიდა მხარეს ვამპირს ფოტოფორები არ აქვს, ამიტომ ის პრაქტიკულად უჩინარი ხდება. მოჩანს მხოლოდ საცეცების მანათობელი ბოლოები, რომლებიც თავიდან საკმაოდ მოშორებითაა განლაგებული. ასეთი უჩვეულო პოზით ვამპირი თავდასხმისაგან იცავს სხეულის მნიშვნელოვან ნაწილებს. მტაცებელი ძირითადად მანათობელ საცეცებს კბენს, მაგრამ ეს დიდი უბედურება არაა. ისინი სწრაფად იბრუნებენ ძველ ფორმას.
 
ვამპირები წვრილი კიბოსნაირებითა და ქნიდარიებით იკვებებიან.
ჯოჯოხეთურ ვამპირებს გამრავლების პროცესიც უჩვეულო აქვთ. საწინააღმდეგო სქესის ინდივიდების ერთმანეთთან შეხვედრის ალბათობა ასეთ სიბნელეში მინიმალურია. თან მათი რაოდენობაც არ არის ბევრი. ამიტომ მდედრს შეუძლია დიდი ხნის მანძილზე შეინახოს სპერმატოფორები. განაყოფიერების შემდეგ მდედრი დებს მოზრდილ, მცირე რაოდენობის კვერცხებს და გულმოდგინედ უვლის მათ პატარების გამოჩეკვამდე. ამის შემდეგ ის იღუპება. 
გამოჩეკილი პატარები მშობლების 8 მმ.-იანი ასლები არიან. ისინი გამჭვირვალეები არიან და მათ არ აქვთ აპკი საცეცებს შორის. ისინი ძირითადად ორგანული ნარჩენებით იკვებებიან. ახალგაზრდა მოლუსკები გადიან განვითარების 3 სტადიას: პირველ სტადიაზე მათ 1 წყვილი საცეცი აქვთ, მეორე სტადიაზე - 2, მესამეზე კი პირველი წყვილი საცეცი დეგენერაციას განიცდის და რჩება მხოლოდ ბოლო 2 წყვილი.