EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ოფიურები (ლათ.Ophiuroidea) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-07-10 20:51:51

ოფიურები (ლათ.Ophiuroidea)

Ophiuroidea

ოფიურების (ლათ.Ophiuroidea) კლასის წარმომადგენლები გარეგნულად ძალიან ჰგვანან ზღვის ვარსკვლავებს. მათ სხეულს ვარსკვლავის ფორმა აქვს, მაგრამ ზღვის ვარსკვლავებისაგან განსხვავებით ოფიურებს დისკისაგან მკვეთრად გამოყოფილი და ძალიან მოძრავი, დასახსრული სხივები აქვთ, რომლებიც გველის კუდს ჰგავს. მათი სახელწოდებაც აქედან წარმოდგება: "გველისკუდისებრნი"(ბერძნ.ὄφις -გველი, οὐρά -კუდი). ოფიურები მარტო გარეგნულად არ ჰგვანან ზღვის ვარსკვლავებს. ამის გამო ზოგიერთი ზოოლოგი და პალეონტოლოგი მათ ერთ კლასშიც კი აერთიანებს. მაგრამ მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს რომ ოფიურები ზღვის ვარსკვლავებისაგან კი არ წარმოიშვნენ, არამედ მათ საერთო წინაპარი ყავდათ. ოფიურების ევოლუცია უფრო ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ ქვედა ორდოვიკში. ზღვის ვარსკვლავებისაგან განსხვავებით მათი ევოლუცია სხივების, როგორც მოძრაობის ორგანოების განვითარების მხრივ წარიმართა. დღეისათვის ოფიურებს გავიხილავენ დამოუკიდებელ კლასად, რომელიც თანამედროვე ფაუნაში წარმოდგენილია 3 რიგით: ოეგოფიურიდები(Oegophiurida), ფრინოფიურიდები(Phrynophiurida) და ნამდვილი ოფიურები (Ophiurida), 250-ზე მეტი გვარით და 2000-ზე მეტი სახეობით. თანამედროვე ოფიურები ზღვის ვარსკვლავებისაგან ღია ამბულაკრული არხების უქონლობითაც განსხვავდება, რადგანაც ფილოგენეზური განვითარების პროცესში ამ არხების მფარავი ფირფიტები გაუჩნდა. ზღვის ვარსკვლავებისაგან განსხვავებით ოფიურების სხივებში არ შედის კუჭის განშტოებები. 
ოფიურები ზღვის ფსკერის ტიპიური ბინადრები არიან. მათი ნახვა, როგორც მეჩხერ წყლებში, ისე დიდ სიღრმეშიცაა შესაძლებელი. მაქსიმალური სიღრმე, რომელზეც ოფიურები იქნა აღმოჩენილი 8135 მ.-ია. ოფიურები სრულიად განსხვავებულ გრუნტზე ცხოვრობენ. აღწერილია, რომ ისინი ხშირად იმალებიან ქვების ქვეშ, ღრუბელებში და მარჯნებში, წყალმცენარეებში. Amphiuridae-ს ოჯახის წარმომადგენლები ფსკერზე ლამში ეფლობიან. ზემოთ მხოლოდ სხივებს ტოვებენ. ზოგიერთ ადგილას ოფიურები დიდი რაოდენობით ბინადრობენ და ფსკერის ბიოცენოზის წამყვანი ფორმები არიან. მაგ. იაპონიის ზღვაში კუნძულ სახალინის სანაპიროს გასწვრივ 100-200 მ.-ის სიღრმეზე უზარმაზარი სივრცეები უკავია ბიოცენოზს, რომელშიც პირველხარისხოვან როლს Ophiura sarsi თამაშობს. ოფიურა ზღვის წვრილი ორგანიზმებით იკვებება და თვითონაც ფსკერის თევზების საკვებია. ამიტომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოლოგიურ ჯაჭვში. 
ოფიურების სხეული, ჩვეულებრივ, გაბრტყელებულია და შედგება მომრგვალო ან ხუთკუთხა დისკისგან და 5, იშვიათად 6-9 სხივისგან. სხივები ხშირად საკმაოდ გრძელია და რამდენჯერმე (ხშირად 20-ჯერ) აღემატება დისკის სიგძეს. დისკის სიგრძე, ჩვეულებრივ 1-2 სმ.-ია, ზოგიერთ სახეობაში კი 10სმ.-ს აღწევს. როგორც წესი, ოფიურების სხივები მარტივია, ბოლოში შევიწროვებული, ზოგიერთ ოფიურას კი მაგ. გორგონას თავს (Gorgonocephalus caryi), სხივები დატოტილი აქვს. 
 
Gorgonocephalus caryi
 
ოფიურა "გორგონას თავი"
 
ოფიურებისათვის დამახასიათებელია სხივების არა მხოლოდ გარეგანი (ნაზი ფირფიტები), არამედ მტკიცე შინაგანი ჩონჩხის არსებობაც. სხივების შინაგანი ჩონჩხი შედგება განცალკავებული მალებისაგან, რომლებიც ერთმანეთს კუნთებითა და მყესებით უკავშირდებიან. ზოგ ოფიურას მალების სასახსრე ზედაპირი გლუვი აქვს, ამიტომ სხივები მეტისმეტად მოძრავია, მათ ნებისმიერი მიმართულებით შეუძლიათ მოხრა. სხვა ოფიურებში მალების სასახსრე ზედაპირები უფრო რთული აგებულებისაა, ასეთ შემთხვევაში სხივები ნაკლებ მოძრავები არიან და ძირითადად ჰორიზონტალურ სიბრტყეში შეუძლიათ მოხრა. გარედან ყოველი სხივი დაფარულია ნაზი ფირფიტებით, რომელიც 4 რიგს ქმნის ყოველ სხივზე. ზოგჯერ სხივის ფირფიტები ძალიან სუსტად ან საერთოდ არ არის განვითარებული. სხივებს მისაწოვრები არ აქვს. ოფიურების დისკი, სხივების მსგავსად, დაფარულია ფირფიტებით, რომლებიც ქერცლებს გავს. დისკის ცენტრში ოფიურას ვარსკვლავის ფორმის პირი აქვს. ასეთ ფორმას პირს 5 ყბა აძლევს. მათ უკან, პირის ღრუში კბილებია განლაგებული. ოფიურებს საკმაოდ მოძრავი ყბები აქვთ. ისინი არა მხოლოდ მსხვერპლის დაჭერასა და დაქუცმაცებაში ეხმარებიან, არამედ მათ დაჭერაშიც. 
ოფიურათა უმეტესობა ორსქესიანია. თუმცა ჰემაფროდიტული ფორმებიც არსებობენ. ოფიურების გამრავლება, როგორც წესი გაზაფხულზე ხდება. ისინი სასქესო უჯრედებს წყალში გამოყოფენ. განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან 3 კვირის შემდეგ პელაგიური ლარვა - ოფიუპლუტეუსი იჩეკება. ისინი გამოირჩევიან გრძელი გამონაზარდებითა და ჩონჩხით, რომელიც ორი სიმეტრიული ნაწილისგან შედგება. რთული გარდაქმნის შემდეგ ოფიუპლუტეუსი პატარა ოფიურად იქცევა და ფსკერზე ეშვება. 
 
აღსანიშნავია, რომ ყველა სახეობა არ გამოყოფს წყალში სასქესო უჯრედებს. მაგ. ახალ ზელანდიასთან მობინადრე სახეობა ყვითრით მდიდარ 20-200-მდე კვერცხს ქვების ქვედა მხარეს და ნაპრალებში მალავს. ეს უკვე პატარებზე ზრუნვად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც უფრო განვითარებული ფორმით არქტიკულ და სუბარქტიკულ სახეობებს ახასიათებთ. ყველაზე მარტივ შემთხვევაში ისინი კვერცხს წყალში დებენ, გამოჩეკილ პატარებს კი სხეულით დაატარებენ. ზოგიერთი სახეობა სპეციალური ჩანთებით ატარებენ კვერცხებს და გამოჩეკილ ლარვებს. ჩანთებში სპეციალური ხვრელებიდან მუდმივად შედის ახალი წყალი. ცოცხალმშობიარობა მხოლოდ ზოგიერთ არქტიკულ სახეობებში გვხვდება. მაგ. Ophionotus hexactis.
ოფიურები უმეტესობაში სქესის გარჩევა შეუძლებლია. მხოლოდ 4 სახეობაშია მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი: Amphilicus androphorus, Ophiosphaera insignis, Ophiodaphne materna და Astrochlamys bruneus. მათი მამრები მინიატურული ზომისანი არიან და ყოველთვის დიდ მდედრებზე არიან მიკრულნი. 
ზოგიერთ სახეობას უსქესო გამრავლებაც შეუძლია შუაზე გაყოფით. ეს ძირითადად პატარა ზომის სახეობებს ახასიათებთ, რომელთა დისკის ზომა 3 მმ.-ს არ აღემატება. დისკს გაყოფა ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია. უსქესო გამრავლება უფრო Ophiactis-ის გვარის ოფიურებს ახასიათებთ. 
ოფიურებს რეგენერაციის მკვეთრად გამოხატული უნარი აქვთ: ისინი ადვილად აღიდგენენ დაკრგულ სხივებს. ზოგიერთ ოფიურას დისკის ზურგის მხარის და შიგნეულობის ნაწილისაღდგენაც კი შეუძლია მათი დაკარგვის შემთხვევაში. მთავარია პირის ირგვლივ არსებული ნერვული რგოლი არ იყოს დაზიანებული და დიკმა შეინარჩუნოს ერთი სხივი მაინც. 
ოფიურები რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდებიან. ზრდასრულები კი 4-6 წლისათვის ხდებიან. გამრავლებას უმეტესობა 2-3 წლისათვის იწყებს. 
ოფიურები კანეკლიანებს შორის ყველაზე მოძრავი ორგანიზმები არიან. ისინი მოძრაობისათვის სხივებს იყენებენ, იშვიათად ხმარობენ ამბულაკრულ ფეხებს. მიუხედავად გამოხატული სხივისებური სიმეტრიისა, მოძრაობისას ოფიურები ორმხრივი სიმეტრიის მქონე ცხოველებივით იქცევიან. ამბულაკრული ფეხების დახმარებით ოფიურა დავილად დაცოცავს აკვარიუმის კედლებზე. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გრუნტში ჩაფვლისას. 
 
ოფიურები მრავალფეროვანი წვრილი ცხოველებითა და დეტრიტით იკვებებიან. ცალკეული სახეობები მხოლოდ წყალმცენარეებს მიირთმევენ. ოფიურათა უმეტესობა შორიდან გრძნობს მსხვერპლს და მიცოცავს მისკენ, თუმცა მათი გრძნობის ორგანოების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი მგრძნობიარენი არიან სინათლის ცვლილებისა და მექანიკური გაღიზიანების მიმართ. 
ზოგიერთ ოფიურას ნათებაც შეუძლია. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ სხივები და მათი ეკლები, იშვიათად კი ორალური ფარებიც ანათებენ. ნათება წარმოადგენს პასუხს მექანიკურ გაღიზიანებაზე. ნათება საკმაოდ ძლიერია - მოყვითალო-მწვანე ფერის.