EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« შემომხედა და თავისი ბიბლიური ხმით მითხრა... »

კატეგორია: კინოსამყარო

ავტორი: admin

თარიღი: 2019-07-18 01:04:59

მსახიობმა რომ გამარჯვებას მიაღწიოს, ამისთვის არსებობს სამი კანონი: მაყურებელს უნდა ესმოდეს შენი. უნდა გხედავდეს და უნდა აღგიქვამდეს. თუკი...

სპარტაკ ბაღაშვილი თეკლე – ლიანა ასათიანი.

კადრი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”, რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი, ლუარსაბ II – სპარტაკ ბაღაშვილი; თეკლე – ლიანა ასათიანი.

„მსახიობმა რომ გამარჯვებას მიაღწიოს, ამისთვის არსებობს სამი კანონი: მაყურებელს უნდა ესმოდეს შენი. უნდა გხედავდეს და უნდა აღგიქვამდეს. თუკი მსახიობი ამ კანონებს არ იცავს, არ ახორციელებს, არაფერი არ გამოვა“, – ამბობდა დოდო აბაშიძე და თავად მართლაც რომ გაიმარჯვა.

დოდო აბაშიძე

„მიხეილ ჭიაურელი „არსენას“ იღებს. მაგრამ არსენა არ ჰყავს. რამდენი არ ეძება, სადღა არ ეძება, მაგრამ უშედეგოდ… იმედი ეწურება… მუშტაიდის ბაღთან „ძალიან ლამაზ ჭაბუკს“ მოჰკრა თვალი, რომელიც ორ გოგონას მისდევს. კინორეჟისორს ჭაბუკის გარეგნობა ისე გაიტაცებს, ისე ჰგავდა მის წარმოდგენილ არსენას, გადაწყვეტს შეაჩეროს.
– რა გვარი ხართ, ყმაწვილო? – იკითხა რეჟისორმა. ჭაბუკმა შეუღრინა: „თუ ჩემთან რაიმე ანგარიში გაქვთ, მეორე ქუჩაზე გადავიდეთ!“.
– რეჟისორი ჭიაურელი გახლავართ.
– სულ ერთია ვინც უნდა იყოთ! – მოუჭრის ჭაბუკი და გოგონებთან ერთად სწრაფად გაშორდება მისი გარეგნობით აღტაცებულ რეჟისორს.
შინ მისული ჭაბუკი მამას ეტყვის, რომ ქუჩაში ვიღაც ჭიაურელმა გააჩერა. მამა მუშა მსახიობია – ლევან ბაღაშვილი. მამა მეორე დღესვე მიიყვანს 21 წლის ჭაბუკს მიხეილ ჭიაურელთან. აღტაცებული რეჟისორი ალექსანდრე იმედაშვილს სთხოვს, სპარტაკ ბაღაშვილს მხატვრული კითხვა ასწავლოს. 2 თვის შემდეგ სპარტაკ ბაღაშვილი ოტელოს მონოლოგს წაუკითხავს მიხეილ ჭიაურელს. რეჟისორის აღტაცებას საზღვარი არ აქვს… გამოვა „არსენა“ და ჭიაურელის აღტაცება მთელ საქართველოს გადაედება, გადაედება სტალინსაც და 23 წლის ჭაბუკს სტალინურ პრემიას უბოძებს…
 
მიხეილ ჭიაურელი კვლავ გადაიღებს სპარტაკ ბაღაშვილს, ამჯერად უკვე „დიად განთიადში“, შემდეგ დავით რონდელი „კოლხეთის ჩირაღდნებში“, კონსტანტინე პიპინაშვილი „ქაჯანაში“ და ისევ ჭიაურელი „გიორგი სააკაძეში“. სპარტაკ ბაღაშვილი ლუარსაბ მეფედ შემორჩება ჩვენს მეხსიერებას, არადა მიხეილ ჭიაურელს იგი გიორგი სააკაძედ ესახებოდა. „სააკაძის“ ეკრანებზე გამოსვლიდან მრავალი წლის შემდეგ, იმდროინდელი ცეკას მდივანი კანდიდ ჩარკვიანი მერაბ კოკოჩაშვილთან იტყვის: „მე ვიხსენი ქართული ხელოვნება იმისგან, რომ სპარტაკ ბაღაშვილს ეთამაშა გიორგი სააკაძის როლი… როცა სცენარი წავიკითხე ვთქვი, არ შეიძლება გიორგი სააკაძე ითამაშოს. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, როგორ შეიძლებოდა“…
კოკოჩაშვილი ჩაეკითხება – „კი, მაგრამ მეფე რომ ითამაშა?“
„მეფე სხვა არის, სტალინის რეზოლუცია იყო გიორგი სააკაძეზე და მე დავუშვებდი სააკაძე ავადმყოფს ეთამაშა?“…
საინტერესო არგუმენტია… ფსიქიატრიულში ნაწოლს არ შეიძლებოდა ეთამაშა გიორგი სააკაძე და შეეძლო ეთამაშა წამებული მეფე… არ შეიძლებოდა ეთამაშა სააკაძე და შეეძლო ეთამაშა ვაჟა ფშაველა („აკაკის აკვანში“)… 27-28 წლის ჭაბუკს როლი „აართვეს“… სტალინის საყვარელ მსახიობს ასევე სტალინის საყვარელი მსახიობი, თან ბევრად გამოცდილი და სახელოვანი ხორავა დაუპირისპირეს…
 
სპარტაკ ბაღაშვილი 1944 წელს კინოსტუდიასთან არსებულ კინოსამსახიობო სკოლას ამთავრებს და პროფესიონალი მსახიობი ხდება. იტაცებს ლიტერატურა, მხატვრული კითხვა… და კვლავაც სტალინის საყვარელ მსახიობად რჩება: 1946 წლის ოქტომბერში სტალინი სპარტაკ ბაღაშვილს, აკაკი ხორავას და აკაკი ვასაძეს, თავის სიყრმის მეგობრებთან ერთად, სოჭში თავის აგარაკზე პატიჟებს…
აკაკი ვასაძე თავის მემუარებში დეტალურად გაიხსენებს სტალინის მასპინძლობის ამბებს… პირველსავე ვახშამზე სტალინი შემწვარი ბატკნის აქნისას იტყვის: „ისე არავინ მომწონს ჩვენს კინოში, როგორც ეს კაცი და აი, კიდევ ესა“. იტყვის და ხელს ჯერ ხორავასკენ გაიშვერს, შედეგ სპარტაკ ბაღაშვილისკენ. ხორავა თვალზე ცრემლმომდგარი ძლივს იტყვის სამადლობლოდ ორიოდ სიტყვას…
სპარტაკმა, ცოტა პათეტიკურად, მაგრამ გულწრფელად და ლამაზად მიმართა: „ჩვენ რა, ბატონო იოსებ, ჩვენი ქვეყნის ფესვი თქვენა ბრძანდებით, ჩვენ კი კენწეროები ვართ და იმიტომ ვყელყელაობთ და მაღლა-მაღლა ვჩანვართ“… (აკაკი ვასაძის მემუარებიდან). სტალინს ჩაეცინება – „აი, კიდევ ბატონოს მეძახის“… სტალინი მეორე დღესაც მიიწვევს სიყრმის მეგობრებს და მსახიობებს სტუმრად. (აკაკი ხორავა ვეღარ ესტუმრება _ იმ დილით წავა სესიაზე მოსკოვში, არ იცოდნენ, სტალინი თუ კვლავ მიიწვევდა). სტალინი სტუმრებს რიწის ტბაზე წაიყვანს. შემდეგ კვლავ აგარაკი, კვლავ სუფრა, კვლავ უშუალო გულითადი მასპინძლობა და სტალინის საყვარელი, სრულიად ახალგაზრდა – 32 წლის სპარტაკ ბაღაშვილი სტალინს შებედავს: „ნება მიბოძეთ „ოტელოდან“ რამდენიმე ნაწყვეტი წავიკითხო“.
აკაკი ვასაძის მოგონებიდან: „ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მის კითხვას ვუსმენდი. ეს კითხვა არ იყო, ეს რაღაც საოცარი დემონსტრირება გახლდათ გულწრფელობისა და განცდის უშუალობისა… რომ დაასრულა კითხვა, ჩემდაუნებურად წამომცდა: „აფსუს, რომ ადრე არ შემხვედრიხარ სპარტაკ!“ ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე წამომცდა ეს სიტყვები, მაგრამ სტალინს, ალბათ, მაინც სხვანაირად ჩაესმა, რომ ასე ჰკითხა:
– ეგებ დრამაში არ გღებულობენ, ბიჭო? ხელს ხომ არავინ გიშლის?
-არა, ბატონო, მე თავად არ მიფიქრია დრამაში მისვლა, კინოშიც შემთხვევით ამიყვანეს და ვეღარ მოვცილდი, შემიყვარდა კინოცა და მსახიობობაც.
– რატომ არ გიფიქრია მერე? – დასძინა სტალინმა და აქეთ გადმოგვხედა, – ჩვენი ცნობილი ტრაგიკოსი მესხიშვილი მომაგონა ამ დალოცვილმა.
ეჰ, მართლა ადრე რომ შემხვედროდა სპარტაკი და ჩემს სტუდიაში მიმეყვანა, მერე თეატრში რომ ემუშავა, ეგებ ნაკლები დავიდარაბა შეხვედროდა შემოქმედებითს გზაზე. თუმცა, თეატრში მეტი თუ არა ნაკლები ინტრიგნები არ არიან და სპარტაკის სათუთ ნერვულ სისტემას, მის საოცარ მგრძნობელობას იქაც მოარღვევდნენ. კაცი კი არა, რკინა უნდა იყო, შემოქმედებითს ცხოვრებასთან დაკავშირებულ ათას დავიდარაბას რომ გაუძლო თეატრსა და კინოშიც“!
საუბარი მესხიშვილზე გაგრძელდება და… სტალინი იკითხავს: „არ შეიძლება, რომ სპარტაკმა თეატრში ოტელო ითამაშოს“?
სტალინი იკითხავს, მაგრამ ახალგაზრდა არტისტის წინ ისევ ქართული სცენის კოლოსია აზიდული – განთქმული ოტელო – აკაკი ხორავა… ვასაძეს გააციებს სტალინის წინადადებაზე, ისედაც დაძაბული აქვს ხორავასთან ურთიერთობა და… „ვაი, შენ ჩემო თავო, აკაკი მაინც აქ იყოს… ზუსტად ასევე რომ გადასცენ სტალინის ნათქვამი, მაინც რაღაცას მე მომაწერს და გამინაწყენდება. რა ვუპასუხო ახლა“? (ვასაძის მოგონებიდან). ღონეს მოიკრებს და სტალინს მოახსენებს – „რატომაც არ შეიძლება“ და… იქვე მოახსენებს, რომ თეატრს ამ როლზე გამორჩეული მსახიობი ჰყავს, რომ მისი ოტელო საქვეყნოდ არის აღიარებული… „ეგ ვიცი, ვიცი, აკაკი ხორავა. მაგრამ ის ხომ სულ სხვაა და ეს კიდე სულ სხვა იქნება. უსცენოდაც შეატყობს კაცი, რომ დიდად განსხვავდებიან. ამას თავისებურება ეტყობა და რატომ არ შეიძლება, თქვენებურად რომ გამოვთქვა, სპარტაკმა თავისი „ტრაქტოვკით“ ითამაშოს…“ – შეაწყვეტინებს სტალინი. – მართალს ბრძანებთ, ერთ თეატრშიც შეიძლება ერთი და იგივე როლის სხვადასხვაგვარი განხორციელება. მართლაც, კარგი პატრონის ხელში… წამიერად საკუთარ ფიქრებში წასულმა და სპარტაკის სასცენო შემოქმედებით შესაძლებლობებზე დაყურადებულმა უნებურად ჩავილაპარაკე ეს ბოლო სიტყვები. – მერედა შენ უპატრონე. – მოკლედ მომიჭრა. – მესმის, ამხანაგო სტალინ! სტალინმა თავისი „სათითე“ ასწია და სპარტაკი ადღეგრძელა, წინსვლა და შემოქმედებითი გამარჯვებები უსურვა.
 
სტალინის ყურადღება საყვარელი მსახიობის მიმართ სადღეგრძელოთი არ იწურება: „შენ, ჩემო კარგო, დასვენება გჭირდება, აბა მითხარი, რამდენი წელიწადია რაც არ დაგისვენია?“ ახალგაზრდა მსახიობი გამოტყდება, რომ სპეციალურად დასასვენებლად არასოდეს წასულა. „ჰოდა უნდა დაისვენო“ – არის სტალინის პასუხი, შეთავაზებს ამოირჩიოს ნებისმიერი აგარაკი და ვისთან ერთადაც სურს დაისვენოს, მაგრამ ვარსკვლავი ჯიუტობს: „დასვენება რას მიქვიან, მუშაობა მინდა, რაც შეიძლება მეტი მუშაობა“… ბელადს ეტყვის, რომ „აკაკის აკვანში“ უნდა ითამაშოს. „ბიჭო, „აკაკის აკვანი“ არსად გაგექცევა, ჯანმრთელობას კი სწორედ მუშაობისთვის უნდა გაუფრთხილდე. შენ ჯერ დაისვენე და მერე უკეთ დაარწევ იმ „აკვანს“. – ეტყვის სტალინი. მსახიობი ისევ ცივ უარზე დგას… მუშაობა უნდა…
ვასაძის მოგონებიდან: „სტალინი ერთხანს დუმდა, მიაჩერდა სპარტაკს; თან მოალერსე, თან რაღაც უცნაურად შთამნერგავი მზერით და უფრო დინჯად, თითქმის დამარცვლით წარმოთქვა: „გაიგე, რომ შენ „აკვანზე“ მეტი გაქვს გასაკეთებელი; რომ მაგ შენს ნიჭს გამოვლენის ძალა, გამძლეობა სჭირდება და ამისთვის უნდა დაისვენო“. ამას რომ ეუბნებოდა სტალინი და თვალებში მისჩერებოდა, სპარტაკმა თვალები დახარა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. „თუ თქვენ აგრე მიგაჩნიათ საჭიროდ, დავისვენებ“… მე მაშინ გამიკვირდა სპარტაკის ქცევა, მერე მასზე სიტყვა რომ ჩამოვუგდე ამხანაგ კანდიდ ჩარკვიანს, მოიარებით მიმანიშნა, შიზოფრენია ემუქრებაო და გულწრფელად შევწუხდი, ამ ნიჭიერი, ჯერ ახალგაზრდა კაცის საშინელი ავადმყოფობის გამო…“
იმ ღამეს გამთენიისას აიშლება სუფრა. სტალინი თავის სიყრმის მეგობრებს, აკაკი ვასაძეს და სპარტაკ ბაღაშვილს ეტყვის: „თქვენ ჩემთან უნდა დაგტოვოთ და დაგაძინოთ, ვინ იცის კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს და ეს ერთი ღამეც ახლობლურად ერთ ჭერქვეშ მოვისვენოთ“. უარს ვინ შებედავდა სტალინს… მაგრამ შებედა… სპარტაკ ბაღაშვილმა… „კადნიერებად ნუ ჩამითვლით, წყენად ნუ მიიღებთ ჩემს თხოვნას, ბატონო იოსებ, თქვენს გვერდით, ერთ ჭერქვეშ სუნთქვაც კი მიჭირს და გამიშვით, წავალ, თორემ ვგრძნობ მთელი ღამე ვერ მოვისვენებ, ძილი არ მომეკარება“. იტყვის და რამდენჯერმე მოიბოდიშებს თავაზიანად. სტალინი არ დააძალებს დარჩენას, გაუშვებს, მეორე დილით მოიკითხავს სპარტაკ ბაღაშვილს. „შეუძლოდ არის, ვეღარ გეახლათ“ – მოახსენებს კანდიდ ჩარკვიანი. „ეს ბიჭი, როგორც ჩანს, სერიოზულადაა ავად, უშველეთ რამე სანამ დროა…“ – იტყვის სტალინი…
 
სპარტაკ ბაღაშვილი ითამაშებს „აკაკის აკვანში“ – ითამაშებს სამ როლს – გამზრდელს, ესტატე მეწისქვილეს და ვაჟა ფშაველას და დაამტკიცებს, რომ გარდასახვის უბადლო ნიჭი აქვს. საერთოდ ყველა აღიარებდა მის ტალანტს, ის თამაშობდა ძალდაუტანებლად, ზედმეტი თეატრალობის გარეშე – როგორც შეშვენის კინოს ნამდვილ ოსტატს, მაგრამ აძლევდნენ პათეტიკურ, ზედმეტად თეატრალურ როლებს. ის მაინც ქმნიდა ღირებულ სახეებს და იყო ბუნებრივი ნამდვილ ფილმებში – აბულაძის „ვედრებაში“, ფარაჯანოვის ფილმებში, ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას „თეთრ ქარავანში“… სხვაგან კი რა ექნა, როცა სქემებს აძლევდნენ როლის ნაცვლად? თანაც, რატომღაც, ერთი აკვიატებით – ეთამაშა შეშლილი… ის არავინ გააკარა სცენას, სტალინის ბრძანება, ეთამაშებინათ ოტელო, არ შესრულებულა… მერე და მერე ის ეკრანიდანაც განდევნეს… რადიოში ბარათაშვილს კითხულობდა ადამიანურად, გულში ჩამწვდომად… სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე კი უკვე ქუჩაშიც კითხულობდა ლექსებს – ხალხი ხედავდა უკვე მართლაც ავადმყოფ მსახიობს, ხშირად მთვრალსაც… კითხულობდა გიორგი ლეონიძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის ლექსებს… სწორედ ასეთს ნახავს რეზო ინანიშვილი. ინანიშვილი მოგვიანებით იტყვის: „შემომხედა და თავისი ბიბლიური ხმით მითხრა, ადამიანმა წინასწარ რომ იცოდეს რა ელის ცხოვრებაში, მას ვერავითარი ძალა ვერ გამოიყვანს დედის საშოდან…“
 
რეზო შატიკაშვილი