EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« KIC 8462852 ტაბის ვარსკვლავი »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: Demien

თარიღი: 2019-12-12 22:12:55

KIC 8462852 ტაბის ვარსკვლავი

KIC8462852

KIC 8462852 (ეპონიმურად — ტაბის ვარსკვლავი) — F-ტიპის ძირითადი რიგის ვარსკვლავი გედის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 1 480 სინათლის წლის მანძილზე. პროექტ Planet Hunters-ის ფარგლებში, სამოქალაქო მეცნიერებმა ვარსკვლავის სინათლის უჩვეულო მერყეობა აღმოაჩინეს. 2015 წლის სექტემბერში, პროექტში ჩართულმა ასტრონომებმა და სამოქალაქო მეცნიერებმა სამეცნიერო ნაშრომის პრეპრინტი აღწერილი მონაცემებითა და შესაძლო ინტერპრეტაციებით arXiv-ზე გამოაქვეყნეს. აღმოჩენა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვილი მონაცემების საფუძველზე გაკეთდა. კეპლერი ეგზოპლანეტების ძიების პროცესში ვარსკვლავთა სიკაშკაშის ცვლილებასაც აკვირდება.
 
KIC 8462852 ერთადერთი ვარკსვლავია, რომელსაც მსგავსი ქცევა ახასიათებს იმ 150 000 ვარსკვლავს შორის, რომელთაც კეპლერის მისია აკვირდება.
 
ვარსკვლავის სიკაშკაშის დიდი, არარეგულარული ცვლილების ასახსნელად, განიხილება რამდენიმე ჰიპოთეზა. დაკვირვებადი ინფრაწითელი სხივების ნაკლებობის გამო, წამყვან ჰიპოთეზად მოიაზრება ცივი, მტვრიანი კომეტების ფრაგმენტების ჯგუფი, რომელიც ძლიერ ექსცენტრიულ ორბიტაზე მოძრაობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ვარსკვლავის სინათლის ცვლილების მიზეზი შესაძლოა იყოს არამიწიერი გონიერი ცივილიზავიის მიერ აშენებული დაისონის სფერო, რომელიც წარმოადგენს ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი დამოუკიდებელი კოსნტრუქციების დიდ რაოდენობას. SETI-ს ინსტიტუტმა KIC 8462852-ის რადიო-შესწავლა დაიწყო, თუმცა ვარსკვლავიდან წამოსული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რადიოსიგნალები ჯერ არ დაუჭერია.
 
KIC 8462852 გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს, ვიზუალურად კაშკაშა ვარსკვლავებს — დენებსა და გედის დელტას შორის, თვალისათვის აღიქმება ჩრდილოეთის ჯვრის შემადგენელ ნაწილად. KIC 8462852 განლაგებულია ვარსკვლავ გედი 31-ის სამხრეთით, ვარსკვლავთა კლასტერ NGC 6866-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
 
KIC 8462852-ის ვარსკვლავიერი სიდიდე 11,7-ია და მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, თუმცა კარგად ჩანს 130 მილიმეტრიან ტელესკოპებში.
 
KIC 8462852-ის სინათლის მერყეობის შესახებ არსებული ინფორმაციის ძირითადი წყაროა 2009 წელს გაშვებული კეპლერის კოსმოსური ობსერვატორია.
 
ნათება
 
ვარსკვლავის ნათებაზე კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვება აჩვენებს სიკაშკაშის პატარა, ხშირ, არაპერიოდულ მერყეობას. მათ შორისაა სინათლის ორი დიდი შესუსტება 750-დღიანი შუალედით. ვარსკვლავის სიკაშკაშის ცვლილებათა ამპლიტუდა და ამ ცვილიებათა აპერიოდულობა ამ ვარსკვლავს ასტრონომთათვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
 
KIC 8462852-ის პირველი ძირითადი ჩაქრობა 2011 წლის 5 მარტს დააფიქსირეს, როდესაც ვარსკვლავის სიკაშკაშე 15%-ით შემცირდა, 2013 წლის 28 თებერვალს კი 22%-ით. შედარებისათვის, იუპიტერის ზომის პლანეტაც კი, ვარსკვლავის სიკაშკაშეს მხოლოდ 1%-ით შეამცირებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავის სინათლეს პლანეტა არ ბლოკავს, ეს რაღაც ვარსკვლავს ნახევარ სიგანეზე ეფარება. კეპლერის მწყობრიდან გამოსვლის გამო, 2015 წელს ჩაქრობის მომენტი ვერ დაფიქსირდა. შემდეგი დაკვირვება 2017 წლის მაისისთვის იგეგმება.
 
თითქმის საუკუნის წინანდელი ფოტოების შესწავლის შემდეგ ნათელი ხდება, რომ 1890-დან 1989 წლამდე ვარსკვლავის ნათება დაახლოებით 20%-ითაა შემცირებული, რაც უპრეცედენტო მოვლენაა F-ტიპის ნებისმიერი ძირითადი რიგის ვარსკვლავისათვის.
 
კეპლერის ობსერვატორიის მიერ სინათლის გაზომვის 4-წლიან პერიოდში გამოვლინდა, რომ KIC 8462852-ს ბრწყინვალება 0.34%-ით შემცირდა, სანამ 200 დღეში დრამატულად, 2,5%-ით კიდევ შემცირდებოდა. ამის შემდეგ, სიკაშკაშე ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. სინათლის მსგავსი შემცირება არ შეინიშნება KIC 8462852-ის მეზობლად მდებარე 500 ვარსკვლავიდან არც ერთზე და არც მისი ზომის 500 სხვა ვარსკვლავზე.
 
ჰიპოთეზები
 
KIC 8462852-ის სპექტრისა და ვრასკვლავური ტიპიდან გამომდინარე, მისი სიკაშკაშის ცვლილება კავშირში ვერ იქნება ცვალებად ვარსკვლავთან. შესაბამისად, გაჩნდა რამდენიმე ჰიპოთეზა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბრუნავს მის გარშემო, რაც მის შუქს ბლოკავს, დაწყებული გიგანტურ პლანეტათა სერიით, დამთავრებული ძალიან დიდი სტრუქტურებით. თუმცა, ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ შეუძლია ამოხსნას საიდუმლო.
 
ასტრონომ ჯეისონ ვრაითის აზრით, რომელიც KIC 8462852-ს იკვლევდა, შესაძლოა ვარსკვლავი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და მის გარშემო ჯერ კიდევ ბრუნავს მასთან დაკავშირებული უამრავი ნივთიერება.
 
თუმცა, NASA-ს მიკრონული სპექტროსკოპილი შესწავლის შედეგად, ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი მასთან დაკავშირებული მატერიალების არსებობა არ გამოვლინდა.
 
პლანეტური ნამსხვრევების ველი
 
პროტო-პლანეტების მასიური შეჯახება
ჩატარდა მაღალი რეზოლუციის სპექტროსკოპია და ფოტოგრაფიული დაკვირვება, აგრეთვე სპექტრული ენერგიის განაწილების ანალიზები, რომლის დროსაც ესპანეთში მდებარე ჩრდილოეთის ოპტიკური ტელესკოპი გამოიყენეს. მასიური შეჯახების სცენარი თბილი მტვრის გროვებს შექმნიდა, რაც ინფრაწითელ სხივებში აისახებოდა. თუმცა, დაკვირვებების შედეგად არ ვლინდება გადაჭარბებული ინფრაწითელი ენერგია, რომელიც მასიური პლანეტური შეჯახებებისას წარმოიქმნებოდა. სხვა მკვლევართა აზრით, პლანეტური ნამსხვრევების ველის არსებობა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ამ ზომის შეჯახებები უიშვიათესად ხდება.
 
NASA-ს ინფრაწითელი შესაძლებლობების მქონე ტელესკოპით დაკვირვებისას, ვრასკვლავის გარშემო მბრუნავი მატერიალების არსებობა არ დასტურდება. NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპისა და Wide-field Infrared Survey Explorer-ის კვლევებმა ვარსკვლავზე ჭარბი ინფრაწითელი ენერგიის გამოყოფა არ დაადასტურა, რაც ინდიკატორი იქნებოდა სისტემაში არსებული პლანეტებისა თუ მეტეორების კატასტროფული შეჯახებების შედეგად წარმოქმნილი თბილი მტვრის ღრუბლებისა. ეს კი მხარს უჭერს თეორიას, რომლის მიხედვითაც ვარსკვლავის სინათლის უცნაური ცვლილების მიზეზი შესაძლოა იყოს ექსცენტრიულ ორბიტაზე მოძრავი ცივი კომეტების გროვა, თუმცა ეს თეორია მეტ კვლევას საჭიროებს.
 
დეზინტეგრირებული კომეტების ღრუბელი
 
ვარსკვლავის სინათლის შემცირების ერთ-ერთი ახსნა შესაძლოა იყოს დეზინტეგრირებული კომეტების ღრუბელი, რომელიც ვარსკვლავის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. ამ სცენარით, ახლომდებარე ვარსკვლავის გრავიტაცია შესაძლოა KIC 8462852-ის ორტის ღრუბლიდან სისტემაში კომეტების შეჭრას იწვევდეს. ამ ჰიპოთეზას მხარს უჭერს KIC 8462852-დან 132 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარე წითელი ჯუჯა. თუმცა, საეჭვოა, რომ ორტის ღრუბლიდან შეჭრილი და ელიფსურ ორბიტაზე მოძრავი კომეტები საკმაირის იყოს იმისათვის, რომ ვარსკვლავის სიკაშკაშე 22%-ით შეამციროს.
 
სისტემის კოიპერის სარტყლის მიღმა ცივი მტვრის სუბმილიმეტრული ტალღის სიგრძითი კვლევა აჩვენებს, რომ კატასტროფული პლანეტური შეჯახებები ნაკლებ სავარაუდოა.
 
ხელოვნური მეგასტრუქტურა
 
ასტრონომ ჯეისონ ვრაითისა და KIC 8462852-ის სხვა მკვლევართა ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ობიექტები, რომლებიც ვარსკვლავს აბნელებს შესაძლოა უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის მეგასტრუქტურის, მაგალითად დაისონის სფეროს შემადგენელი ნაწილი იყოს. დაისონის სფერო ჰიპოთეტური სტრუქტურაა, რომელიც შესაძლოა მოწინავე ცივილიზაციამ ვარსკვლავის გარშემო ააშენოს, რათა მისი სინათლე სრულად გამოიყენოს საჭირო ენერგიის მისაღებად. ამ ფაქტის მედიაში ფართოდ გაშუქების გამო, KIC 8462852 კეპლერის მკვლევარმა სტივ ჰოუელმა ვარსკვლავ KIC 4110611-ს შეადარა, რომელიც ასევე განიცდიდა სიკაშკაშის გარკვეულ ცვლილებას, თუმცა როგორც წლების მანძილზე მიმდინარე კვლევის შემდეგ დადგინდა, იგი ხუთვარსკვლავიანი სისტემის ნაწილი იყო. ვრაითის აზრით, ვარსკვლავის სინათლის შემცირების მიზეზად არამიწიერი გონიერი ცივილიზაციის ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა, ვარსკვლავი ნამდვილად რჩება SETI-ს (არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა) მთავარ სამიზნედ, რადგან აქამდე არსებული კვლევები ჯერ კიდევ ვერ ხსნის ვარსკვლავის სიკაშკაშის შემცირების ფენომენს.