EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ვეფხისტყაოსანი: წიგნი ავთანდილისა ფატმანთანა »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: admin

თარიღი: 2020-03-12 13:08:16

ვეფხისტყაოსანი: წიგნი ავთანდილისა ფატმანთანა

შოთა-რუსთაველი-ვეფხისტყაოსანი

მიუწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.
შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება;
შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,
შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება”.
 
ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!
მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე,
აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვებ მარტოსა მე,
მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.
 
მას ღამითვე, საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა,
შეღამდა და წა-ცა-ვიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა:
“ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”.
მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”
 
წვეული აღარ დაბრუნდა, კვლა ზევე უკუწვევითა.
ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა,
დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე, ვითა,
ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.
 
ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი;
შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი,
შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი,
დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი.
 
ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;
უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!
 
“გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:
ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!”
 
ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი;
ფატმან შექმნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი;
ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი;
თქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი!”
 
მოთქვამს: “მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,
იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,
გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი!
ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.
 
ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული;
უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული?
რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?
დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”
 
დიაცმან უთხრა: “ჰე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,
ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა;
დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა.
თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.
 
“ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,
ხვაშიადის ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;
ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა,
მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.
 
“ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით:
მო- ვითა -ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით,
მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით!
მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით.
 
“თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა,
დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი, რითა.
ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა,
თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.
 
რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა,
ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!
“ამა საქმესა ვერ-ცნობა, - თქვა, - ჩემი სიძუნწე არსა”.
ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი არსა!
 
ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად,
გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად;
იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად,
რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.
 
მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,
კვლავე მიჰყივლა: “ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად,
თუ მო- ვითა -ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად,
ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.
 
ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა;
ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა,
ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა,
დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.
 
მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა;
ხმა-მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”.
უჩვენებს, ეტყვის: “ჰხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა?
იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.
 
კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.
ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა,
თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა,
თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.
 
იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;
ხელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;
ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა, თუ ვერცა ვცანითა.
ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.
 
მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია.
ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელთ მიწასა გარია,
ზღვათაკე სარკმლით გატყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,
მისთვის არცა სად სამარე, არცა სათხარად ბარია.
 
ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა.
წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა!
ესე მიკვირს, სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა!
რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა.
 
“რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,
თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,
აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.
 
“აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?
რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად”.
ფატმან ფერხთა მოეხვია: “არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად,
გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად.
 
“მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;
ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!
ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრასა დაექადენით,
თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.