EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

ურბანი

PAATA777

Paata777

modeliani777

We Do




« რა არის კატის ნაკაწრის დაავადება, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და რატომ არის საშიში ცხოველის ბეწვის გადაყლაპვა »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Shimazaki

თარიღი: 2023-03-04 20:10:16

რა არის კატის ნაკაწრის დაავადება, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და რატომ არის საშიში ცხოველის ბეწვის გადაყლაპვა

კატის-ნაკაწრი

ადამიანებს ოთხფეხა მეგობრები ძალიან უყვართ და სახლში ძაღლი, კატა ხშირად მიჰყავთ. მათთან თამაში განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ, თუმცა თუ ცხოველი შესაბამის პირობებში არ იქნება და ვერც ჰიგიენური ნორმების დაცვას შევძლებთ, შესაძლოა მათგან საკმაოდ მძიმე და საყურადღებო ინფექციებით დავინფიცირდეთ. კონკრეტულად, რა დაავადება შეიძლება გადაედოს ადამიანს ცხოველისაგან და რამდენად დიდი საფრთხეა დაკაწვრა, ბეწვის გადაყლაპვა - აქტუალურ თემაზე ექიმი ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:
 
- შინაური ცხოველებისგან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ადამიანები სხვადასხვა დაავადებით დაინფიცირდნენ. ეს რისკები ბავშვთა ასაკშიც მაღალია და თუ ყოველწლიურ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოში შინაური ცხოველებისაგან მილიონამდე ადამიანი ინფიცირდება. როგორც წესი, ძირითადად, საკითხი ძაღლებსა და კატებს ეხება. შესაძლებელია, ადამიანები დაინფიცირდნენ როგორც ვირუსული, ასევე, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებით, სხვადასხვა პარაზიტით და ასე შემდეგ. მათი გადადების გზა სხვადასხვაა და დაავადებებიც განსხვავებულად ვლინდება. არსებობს საკმაოდ მძიმე და საყურადღებო ინფექციები, რომლებიც შეიძლება, შინაური ცხოველებისგან გადაგვედოს და არსებობს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობაც. ამიტომ, შინაური ცხოველების სწორ მოვლას, ჰიგიენური პირობების დაცვასა და გეგმიურ ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
 
- რა პრობლემებსა და გართულებებს იწვევს შინაური ცხოველებისაგან სხვადასხვა დაავადებით ინფიცირება?
- საკმაოდ ბევრი ინფექციაა, რაც შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა რამდენიმეს განსაკუთრებით გამოვყოფ. პირველ რიგში, აღსანიშნავია ცოფი. ეს ყველაზე საშიში ინფექციაა, რომელიც, პრაქტიკულად, 100%-იანი ლეტალობით გამოირჩევა და ძირითადად, ცოფის გადადება შეიძლება ცხოველის მხრიდან დაზიანების, კანის მთლიანობის დარღვევის, გაკაწვრის, დაკბენის შედეგად მოხდეს. თუმცა, თეორიულად არსებობს იმის საშიშროებაც, რომ თუ ინფიცირებული ცხოველის ნერწყვი ადამიანის ლორწოვანზე მოხვდება, მაინც შეიძლება ამ საკმაოდ საშიში ვირუსით დავინფიცირდეთ. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, სადაც, სამწუხაროდ, ცხოველებში ჯერ კიდევ გვხვდება ცოფის შემთხვევები და საქართველოც ასეთი ქვეყნების ჩამონათვალს მიეკუთვნება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ და თუ შინაურმა ცხოველმა დააზიანა, დაკბინა ან დაკაწრა ადამიანი, დროულად მივმართოთ სპეციალისტს, ექიმ რაბიოლოგს და შესაბამისი კონსულტაცია მივიღოთ.
 
ასევე, გამოვყოფდი საკმაოდ ხშირ დაავადებას, რომელიც ძირითადად კატებთანაა დაკავშირებული და მას კატის ნაკაწრის დაავადებას უწოდებენ. თავად სახელიც გვეუბნება, რომ ძირითადად გადადება კატის მხრიდან გაკაწვრისა და კანის დაზიანების შედეგად ხდება. დაავადების მიმდინარეობა შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქად, ასევე საკმაოდ მძიმედაც. მას საკმაოდ ბევრი სიმპტომი ახასიათებს, თუმცა ძირითადად ვლინდება მაღალი ტემპერატურით, ოფლიანობითა და ლიმფური კვანძების გადიდებით, როგორც კონკრეტული მიდამოს, მაგალითად, იღლიის, საზარდულისა თუ კისრის მიდამოს, ასევე შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდება მთელ ორგანიზმში მოხდეს.
 
შინაურ ცხოველებთან კონტაქტით შესაძლოა, დავინფიცირდეთ ტოქსოპლაზმოზით, რომელიც ასევე საკმაოდ საყურადღებო დაავადებაა და მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს. ასევე, სხვადასხვა პარაზიტული დაავადებით, განსაკუთრებით, თუ შინაური ცხოველის ბეწვს ვეხებით, ხელის არდაბანის შემთხვევაში, შესაძლოა, სხვადასხვა პარაზიტის კვერცხების გადატანა და შემდეგ პარაზიტული დაავადებების განვითარება. საკმაოდ ხშირია ტრანსმისიული დაავადებები. არის სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადება, რომლებიც ტკიპებს გადააქვთ. შესაძლებელია, შინაური ცხოველის ტკიპამ ადამიანს უკბინოს და სხვადასხვა ტკიპისმიერი დაავადების განვითარება მოხდეს. აღსანიშნავია ნაწლავური დაავადებები, რომლებიც შესაძლოა, შინაურ ცხოველთან კონტაქტის შედეგად, თუ ხელებს სათანადოდ არ დავიბანთ და ცხოველიც არაჰიგიენურ პირობებში იქნება, ნაწლავური ინფექციებით დაინფიცირების რისკი გვქონდეს. მიმდინარეობა ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის იყოს და, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ამიტომ, შესაძლოა, შინაური ცხოველი საკმაოდ ბევრი პარაზიტული, ვირუსული, ბაქტერიული დაავადების გადამტანი გახდეს.
 
- რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს პრევენციისათვის?
-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გეგმიურად ვეტერინართან ვატაროთ, რომელიც მათი მოვლის საშუალებებს გვირჩევს. ასევე, შეგვახსენებს, რისი საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს. გარდა აღნიშნული რეკომენდაციებისა, როდესაც ახლო კონტაქტი გვაქვს, მაინც დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, დავიბანოთ ხელები და ამით ცხოველიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემის რისკი შევამციროთ. ეს განსაკუთრებით საყურადღებო ბავშვებშია, რადგანაც მათ ცხოველებთან თამაში უყვართ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ მათ ჰიგიენური ნორმების დაცვა ვასწავლოთ და ვთხოვოთ, რომ ხელები ხშირად დაიბანონ.
 
- რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს ცხოველის ბეწვის გადაყლაპვამ?
-ბეწვის გადაყლაპვის შედეგად, შესაძლოა, ადამიანს სხვადასხვა პრობლემა შეექმნას. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია, ან კიდევ შესაძლოა, ადგილობრივად, ანთებითი პროცესი განვითარდეს და საკმაოდ სერიოზული პრობლემა შექმნას. გარდა ამისა, ბეწვის გადაყლაპვის შედეგად, რის რისკი, რომ სხვადასხვა პარაზიტული დაავადება განვითარდეს, რადგანაც შეიძლება ბეწვზე პარაზიტის კვერცხი, ბაქტერია და ვირუსი იყოს, რომლის ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას შეიძლება კუჭის წვენმა გაანეიტრალოს, მაგრამ მაინც არის საფრთხე, რომ განვითარდეს როგორც პარაზიტული დაავადებები, ასევე, ბაქტერიული ინფექციები, მათ შორის, ნაწლავური ინფექციები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით გრძელბეწვიან ცხოველებს სწორად მოვუაროთ და ბავშვების შემთხვევაში უფროსებმა გავაკონტროლოთ, რომ თამაშის დროს ბეწვი მათ ლორწოვანზე, პირის ღრუში არ მოხვდეს, რათა ჩამოთვლილი ინფექციებით არ დაინფიცირდეს.
 
- კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მკითხველს, რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება აღმოჩნდეს ცხოველით დაკაწვრა, დადორბვლა?
 
- როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანი საფრთხეა. პირველ რიგში, ყველაზე საშიში, ამ კუთხით ცოფია, რომელიც როგორც დაკაწვრით, ასევე დადორბვლითა და კბენით გადადის. კატების შემთხვევაში კი კატის ნაკაწრის დაავადება. გარდა ამისა, თუ ცხოველი მიწაში თამაშობს და ეზოში ხშირადაა, არსებობს ალბათობა, რომ დაკაწვრის შედეგად ადამიანზე ტეტანუსის გადატანაც მოხდეს. ესეც საკმაოდ მძიმე ინფექციური დაავადებაა და თუ ბავშვი, ან მოზარდი ვაქცინირებული არ არის და ცხოველი დაკაწრავს ან დაკბენს, ვაქცინაციის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რაბიოლოგს უნდა მივმართოთ, რომელიც მდგომარეობას შეაფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, სჭირდება თუ არა ადამიანს ტეტანუსის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გარდა ამისა, გაკაწვრის შედეგად შესაძლოა, აღნიშნული ინფექციების განვითარება არ მოხდეს, მაგრამ იმის გამო, რომ კანის მთლიანობა ირღვევა, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კლანჭებში, თუნდაც პირის ღრუში უამრავი სხვა ბაქტერიაა, რომლებმაც ადგილობრივი ანთებითი პროცესი და ინფექცია გამოიწვიოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აუცილებელია, ჩვენს შინაურ ცხოველებს შესაბამისი ვაქცინაცია ჩავუტაროთ და ვეტერინართან ხშირად გავიაროთ კონსულტაცია. ასევე, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, თუ მაინც მოხდება დაკაწვრა, დადორბვლა, კბენა, აუცილებლად მივმართოთ რაბიოლოგს, რათა სწორი რჩევები მივიღოთ.
 
თამარ იაკობაშვილი
წყარო: mshoblebi.ge