EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მიზეზი, თუ რატომ გაძვირდა მანქანები საქართველოში »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Shimazaki

თარიღი: 2023-03-04 20:17:12

მიზეზი, თუ რატომ გაძვირდა მანქანები საქართველოში

cars-in-tbilisi

ბოლო რამდენიმე წელიწადში ავტომანქანების ღირებულება მინიმუმ 20 პროცენტით არის გაზრდილი. რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და პანდემია - მიზეზებზე საუბრისას იმპორტიორები ამ ორ მიზეზს ასახელებენ.
 
ირაკლიმ თავის პირველ მანქანაში 2015 წელს 2600 დოლარი მისცა. ორი წელი ატარა და 1000 დოლარით ძვირად გაყიდა.
 
„2019 წელს „ტოიოტა აკვა“ მყავდა, მაშინ 4 000 დოლარი ღირდა, ახლა 6 000 დოლარი მაინც ღირს. ყველა ასეთი მანქანა, რომელიც 10 000 დოლარამდე ჯდებოდა, 1500-2000 დოლარით მაინც არის გაძვირებული. ახლა მანქანა რომ იყიდო, სულ მცირე 7 000 დოლარი გინდა“, - ამბობს ირაკლი.
 
მანქანების გაძვირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საბაჟო გადასახადი გაიზარდა. კარგად შენახული, იაპონური მანქანები 1700-2000 დოლარი ჯდებოდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო.
 
„ბაზარი მთლიანად ამერიკულ მანქანებზე გადავიდა. ამერიკული მანქანების 99% კი დაზიანებული, დამტვრეულია. მათ შესაკეთებლად ნაწილები აზიიდან უნდა ჩამოიტანო, აქაც გაიზარდა ტრანსპორტირების ფასი. ხელოსნებიც აღარ ჰყოფნიდა მანქანების შეკეთებას და მომსახურების ფასმაც აიწია“, - ამბობს კომპანია „იამატოს“ მმართველი პარტნიორი პაატა მაისურაძე.
 
2020 წელს ბევრი ელოდა, რომ პანდემიის გამო მანქანებზე ფასები დაიკლებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა ავტომობილების წარმოება შეაფერხა. მოთხოვნა გაიზარდა მეორეულ მანქანებზე ანუ სწორედ იმ სეგმენტზე, რომელიც საქართველოს აინტერესებდა. გაძვირდა მანქანების ჩამოყვანაც.
 
„ახლა 20 პროცენტით მაინც არის გაზრდილი ფასები, თუ მეტით არა. გააჩნია მოდელს. დღეს ძირითადად მაინც ჰიბრიდებზე, ეკონომიურ მანქანებზეა მოთხოვნა“, - გვიხსნის პაატა მაისურაძე.
 
კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ მარკეტინგის მენეჯერი იოსებ რეხვიაშვილი ამბობს, რომ პანდემიის დროს დარღვეული მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი ბოლომდე დღემდე არ აღმდგარა:
 
„კომპანიებმა რომ დაიწყეს ახალი ავტომობილების წარმოება, ამერიკაში ფასებმა მცირედით, მაგრამ მაინც დაიწია. მაგრამ ეს ყველა მოდელს არ ეხება“.
 
უკრაინის ომი და რუსეთში გადაყვანილი მანქანები
იმპორტიორები ამბობენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა.
 
„მოთხოვნა ისეთ ქვეყნებში გაიზარდა, საიდანაც არაოფიციალურად მანქანები რუსეთში გადაჰყავთ, მაგალითად, სომხეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში. ჩვენ ყველანაირად ვემიჯნებით ამ სიტუაციას, მაგრამ მეზობელ ქვეყნებში მოთხოვნა რომ გაზრდილია, ამას ვხედავთ, - ამბობს იოსებ რეხვიაშვილი, - ადრე საქართველოში „ჰუნდაი ელანტრას“ 5-6 000 დოლარად იყიდდი, ახლა 10 000 დოლარი ღირს. ძვირიან მანქანებზეც მატულობს ფასები, აქაც რუსეთის გამო. ცდილობენ, უფრო ახალი მანქანები გადაიყვანონ რუსეთში. თუ ადრე ცენტრიდან გამოყვანილი G კლასის „მერსედესი“ 150 ათასი დოლარი ღირდა, ახლა იგივე მანქანა, გამოყვანილი და ცოტა ხანს ნატარები, 200 ათასი დოლარი ღირს“.
 
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 904 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 16 პროცენტია.
 
ასევე სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს რუსეთში გავიდა 75 620 მილიონი დოლარის ავტომობილი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტია.
 
წყარო: radiotavisupleba