EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« კლდის დუმა (Sedum Caucasicum [Grossh.] Boris – Очиток кавказский) »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: USHIKAI

თარიღი: 2023-04-16 15:34:02

კლდის დუმა (Sedum Caucasicum [Grossh.] Boris – Очиток кавказский)

Sedum-Caucasicum-კლდისვაშლა-კლდისდუმა

სქელფოთლიანთა ოჯახში შედის. სწორმდგომი მარტივღეროიანი, 30-70 სმ სიმაღლის მრავალწლიანი სეკულენტურ ფოთლებიანი (სქელხორცოვანი ფოთლები) მცენარეა. კვერცხისებრი ან უკუკვერცხისებრი, უთანაბროდ დაკბილული ან თითქმის კიდემთლიანი, მჯდომარე ფოთლები ერთმანეთის მოპირდაპირედ და ჯვარედინადაა განლაგებული ღეროზე.
 
მომწვანო-თეთრი ყვავილები (ზოგი ეგზემპლარი გვხვდება მომწვანო-ყვითელი ან მოწითალო-ვარდისფერი ყვავილებითაც), კენწრულ ფარისებრ საგველედაა შეკრებილი. მკრთალი შეფერილობის, ძირში შეზრდილი ჯამის ფოთლები სამკუთხაა, წაწვეტებული. გვირგვინის ფურცლები ნავის მოყვანილობისაა. გვირგვინის ფურცლებიც და ჯამის ფოთლებიც ხუთ-ხუთია, მტვრიანათა რაოდენობა კი – 10 (ა. მაყაშვილი).
 
იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში. უპირატესად ტყის შუა და ზედა სარტყელში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში, თაფლოვანი მცენარეა.
 
ადრინდელ მედიცინაში მიწისზედა ნაწილები და ფესვები გარეგან სახმარ საშუალებად გამოიყენებოდა მეჭეჭების და მაზოლების მოსაცილებლად, აგრეთვე ჭრილობების და დამწვრობის სამკურნალოდ. ეპილეფსიის სამკურნალოდ კი მცენარის წვენს ასმევდნენ.
 
ზოგი ქვეყნის ხალხური მედიცინა ნედლ დანაყულ კლდის დუმას ურჩევს მტკივნეულ სახსრებზე შემოსაფენად. ამავე მიზნით ხმელი ბალახის გამონახარშის ცხელი საფენებიც გამოიყენება. ამ საშუალებებს უფრო მეტად ქრონიკული რევმატიზმის დროს სახსრებში ტკაცანისებრი ხმაურიანი ტკივილების დასაწყნარებლად იყენებენ.
 
ზოგი ექიმბაში წინათ კლდის დუმას ნაყენს ასმევდა უნაყოფო ქალებს, ამასვე ურჩევდნენ სუსტ, სქესობრივ უნარდაქვეითებულ მამაკაცებსაც. ზოგან მკერდის არეში არსებული ტკივილების სამკურნალოდაც სვამდნენ.
 
ჭრილობებსა და დამწვრობიან კერებზე სუფთად გარეცხილ, ნედლ ფოთლებს იდებდნენ. დანაყილი ნედლი ფოთოლი მართლაც კარგად აცილებს კოჟიჟებს ფეხებზე, ხანგრძლივი ხმარების შემთხვევაში კოჟიჟი უვნებელი ხდება, თეთრდება და ადვილად ვარდება კანის სიღრმიდან (ე.ზალესოვა,  ო.პეტროვსკი).
 
Sedum-Caucasicum-კლდისვაშლა-კლდისდუმა
 
კლდისდუმა
Rus. очиток кавказский, заячья капуста, толстолистник, скрипун
L. Sedum caucasicum (Grossh.) A. Bor.
იმერული, გურული – ყურა, კაციყურა;
გურული, ხევსურული – კლდისვაშლა;
აჭარული – კილტავაშლა;
რაჭული – კლდისტკეჩა;
იმერული, ლეჩხუმური – პიტკეცა, ტკეტკეცა, ქვიტკეცა, ქვატკეცია;
მეგრული – პასკერია, ფასქალი.
Synonym: კაციყურა, კლდისვაშლა, კლდისტკეჩა, კილტავაშლა, პიტკეცა, ქვიტკეცა, ქვატკეცია, ტკეც-ტკეცა, ყურა

Sedum-Caucasicum-კლდისვაშლა-კლდისდუმა

სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი აღებული ყვავილობისას. იგი შეიცავს: ალკოლოიდებს, ფენოლს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, ვიტამინ C-ს. 
კლდის დუმა ავლენს: ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენ, დამარბილებელ, ქსოვილის აღმდგენ, ასევე იმუნიტეტის აღმდგენ ფუნქციას. ნახარში და ნაყენი გამოიყენება ტაქიკარდიის, ართლაგიის (სახსრების ტკივილი), ოსტეოალგიის (ძვლის ტკივილი), მენორაგიის (გაძლიერებული მენსტრუაცია), უშვილობის, ქრონიკული რევმატიზმის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს.
ტიბეტში ნაყენს და ნახარშს იყენებენ ტუბერკულიოზის, თირკმელების დაავადების, ანორექსის (მადის დაკარგვა, რაც იწვევს კვების ცენტრის შეკავებას), შარდვის გაძნელების დროს. თუ კლდის დუმას გააცლით ზედა აპკს, ის კარგი საშუალებაა მეჭეჭების მოსაცილებლად. ასევე კარგად წმენდს კანს პიგმენტური ლაქებისაგან. კლდის დუმას ნახარში ინიშნება იმპოტენციის დროს.

Sedum-Caucasicum-კლდისვაშლა-კლდისდუმა 

 
კლდისდუმა (ლათ. Sedum) — მცენარეთა გვარი მსუქანასებრთა ოჯახისა. ბალახები, ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია. აქვთ წვნიანი ან ხორცოვანი ფოთლები.
 
500-მდე სახეობა იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, უმეტესად ევრაზიაში, რამდენიმე — სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში 15-მდე სახეობაა. სახეობების მეტი წილი სუბალპურ და ალპური სარტყლის ქვიან და კლდოვან ადგილებზე იზრდება. ხშირად გვხვდება მწვავე ფუნთუშა (ლათ. Sedum acre), რომელიც პატარა და ფხვიერ კორდებს ქმნის.
 
თაფლოვანია (მისი ფოთლების წვენი კანს წვავს და აწითლებს) კავკასიური კლდისდუმა (ლათ. Sedum caucasicum), აგრეთვე ფუნთუშა (ლათ. Sedum pallidum), მსუქანა (ლათ. Sedum stoloniferum) და სხვა. კლდისდუმას ბევრი სახეობა დეკორატიულია. აშენებენ ბაღებში, ზოგს — ოთახებსა და ორანჟერეებში. იყენებენ კლდოვანი და ქვიანი ადგილების გასამწვანებლად.
 
agrokavkaz