EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რა წერია შინაური ცხოველების შესახებ კანონში? »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2024-02-18 19:13:19

რა წერია შინაური ცხოველების შესახებ კანონში?

cat-dog

სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები, კატისა და ძაღლის გამრავლების უფლება მხოლოდ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საშენებს ექნებათ, ე.წ. მეტისი ცხოველების პატრონები ვალდებული ხდებიან, უზრუნველყონ მათი კასტრაცია/სტერილიზაცია ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან სამი თვის ვადაში - ამ და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებით ახალი კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.
 
ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე არსებული კანონმდებლობის გამკაცრება
 
ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით, ვადით 18 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 18 თვიდან 2 წლამდე;
ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით, ვადით 2-იდან 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-იდან 4 წლამდე.
ამასთან, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც დგინდება პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები: 
 
შინაური ბინადარი ცხოველისთვის არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება, რამაც მისი სხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 60-იდან 120 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვემდე;
შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს სისხლის სამართლის ჯარიმას, 120-იდან 240 საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ექვს თვემდე ვადით შინაპატიმრობას ან ექვს თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთას;
შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება, ისჯება ჯარიმით, 240-იდან 360 საათამდე ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობით ან 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით;
ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა დაისჯება ჯარიმით, ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით ან ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთით;
შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, დაისჯება ჯარიმით, ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე ვადით შინაპატიმრობით ან თვრამეტი თვიდან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს:
 
კანონპროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. შენიშნვნა - აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.
 
რა სახის ჯარიმას ითვალისწინებს ამ რეგულაციის დარღვევა?
 
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
 
მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამრავლებისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1500 ლარით; ხოლო იურიდიული პირი 2000 ლარით.
18 თვემდე/8 წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) ან არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით;
მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
რომელი ძაღლებია მიკუთვნებული მომეტებული რისკის მქონე ჯიშებს?
 
ამერიკული პიტბულ ტერიერი ტოსა ინუ;
ფილა ბრაზილეირო;
ბულტერიერი;
ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი;
არგენტინული დოგი;
ტოსა ინუ;
ამერიკული ბულდოგი;
კანგალი;
კანე კორსო;
დობერმანი;
კავკასიური ნაგაზი;
შუააზიური ნაგაზი;
აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი;
ბერძნული ნაგაზი;
კრაშის ნაგაზი;
გერმანული ნაგაზი;
რუმინული ნაგაზი;
მასტიფები;
ბორდოული დოგი;
კანარის დოგი;
როტვეილერი;
რიზენშნაუცერი;
ლეონბერგერი;
მარემა;
მოსკოვური საყარაულო;
კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი);
სტაფორდშირ ბულტერიერი;
ბანდოგი;
გულდონგი;
მგლის ჰიბრიდები.
ამასთან, კანონმდებლობა მკაცრდება და ახალი ტიპის სანქციები შემოდის შინაურ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის, ევთანაზიის, გამრავლების, რეალიზაციის პირობების და საარსებო გარემოს სტანდარტების კუთხით.
 
ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა)სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით;
ცხოველის ყოლისთვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვებისთვის, რაც გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით.
ამას გარდა, იგეგმება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისთვის: 
 
შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის.
 
ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.
კიდევ ერთი ცვლილებით, კატისა და ძაღლის გამრავლების უფლება მხოლოდ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საშენებს ექნებათ:
 
კანონპროექტის მიხედვით, პატრონიან ცხოველთა გამრავლება მიზნობრივი და გეგმაზომიერი უნდა იყოს - მეპატრონეს მოეთხოვება, საშენს წარუდგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ცნობა ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ვეტერინარული დაწესებულებიდან და ცნობა ცხოველის ჯიშიანობასა და გამრავლებაზე ვარგისიანობის შესახებ კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებიდან.
 
ამასთან, იკრძალება ნარევი (მეტისი) ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, გარდა სელექციის შემთხვევისა; ცხოველის გამრავლება, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში; გენეტიკური დაავადების მქონე ცხოველის გამრავლება; თვრამეტ თვემდე და რვა წლის ზემოთ ასაკის ძაღლის გამრავლება; გარეული ცხოველის შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველთან; ძუ ძაღლების გამრავლება წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ; ასევე, იკრძალება ორი თვის ასაკამდე ლეკვის დედისგან მოშორება.
 
მთავრობა უფლებამოსილი იქნება დაადგინოს მომეტებული/პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლების დროებითი აკრძალვები, ძაღლის მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლების უზრუნველსაყოფად.
 
ე.წ. მეტისი ცხოველების პატრონები ვალდებული ხდებიან, უზრუნველყონ მათი კასტრაცია/სტერილიზაცია ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან სამი თვის ვადაში.
 
პროექტით, ძუ ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია დასაშვებია ოთხი თვის ასაკიდან, ხოლო ხვადის კასტრაცია – ერთი წლის ასაკიდან.
 
ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.