EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ოფისის დაავადებები »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 14:20:18

“გონებრივი შრომის მუშაკები” – ასე ეწოდებოდათ საბჭოთა კავშირის პერიოდში, დღეს მათ ოფისის თანამშრომლებს უწოდებენ. მათი სამუშაო დრო მეტნაკლებად ნორმირებულია, ფიზიკური დატვირთვა მეტად მცირეა, სამუშაო ადგილი მოწესრიგებული, უხმაურო და სუფთაა. ეს ფაქტორები ოფისის თანამშრომლების სამუშაოს კომფორტულობის ილუზიას ქმნიან. დეტალებში ჩაღრმავების შემდეგ ეს ილუზია სწრაფად იფანტება. ოფისის თანამშრომელი სამუშაოს დიდი ნაწილს სტატიკურ პოზაში ატარებს, უმეტესწილად ხელოვნური განათების ქვეშ, ყლაპავს მრავალრიცხოვანი სტელაჟების და კარადების მტვერს. წლიდან წლამდე არაფერი იცვლება და ეს მის ჯანმრთელობას ვეება დაღს ასვამს.
 „საოფისე პროფესიების“ ზრდასთან ერთად იზრდება ოფისის თანამშრომლების რაოდენობაც. უძველეს „საოფისე პროფესიებს“ – ბუღალტერი, ეკონომისტი, კანცელარია, კადრები და ა.შ., ბოლო 20 წლის განმავლობაში „თეთრი საყელოების“ არმია დაემატა. შედეგად, დიდ ქალაქებში დასაქმებული ქალების და მამაკაცების ნახევარზე მეტი ოფისის თანამშრომელია. ამ სტატიის მიზანი არ არის მათი სამუშაოს მიზანშეწონილობისა და შრომის ნაყოფიერების დადგენა. არ მოვყვებით დამამცირებელი ტერმინის – „ოფისის პლანქტონის“ გარჩევას. ვისაუბროთ „ოფისის დაავადებებზე“, მათ გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციაზე. მედიკოსები უკვე განიხილავენ „ოფისის თანამშრომლების პროფესიულ დაავადებებს“. ამ დაავადებებით ოფისის თანამშრომელთა დაახლოებით 35% არის დაავადებული.
 
ზოგადი უმოძრაობა.
 
საშუალო სტატისტიკური ოფისის თანამშრომელი საკუთარი ბინიდან ეშვება ლიფტით, ჯდება ავტომანქანაში, ავტომანქანიდან უჯდება სამუშაო მაგიდას და ამ მაგიდასთან ატარებს დღეში 8-10 საათს თითქმის უმოძრაოდ. მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები ყველასთვის ცნობილია. ცხოვრების ამგვარი წესი ჭარბი წონის ძირითადი მიზეზია.
 
როგორ მოვიქცეთ? გამოიყენეთ ნებისმიერი წუთი სამსახურის დასრულებამდე და მის შემდეგ, ასევე არასამუშაო დღეები, და იმოძრავეთ. ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოძრაობა თავის დადებით ეფექტს იძლევა. ხშირად ისეირნეთ, თუნდაც ოფისის კორიდორში. კვირაში ერთი დღე დაივიწყეთ საკუთარი ავტომობილი და იმოძრავეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გაიღვიძეთ 15 წუთით ადრე და ჩაატარეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში. თუ მეტი დრო და საშუალება გაქვთ, მიაკითხეთ ფიტნეს-კლუბს.
 
ხანგრძლივი სტატიკური პოზა
 
სამუშაოთი გართული ადამიანი ვერ ამჩნევს რა პოზაში იმყოფება. ხშირად ეს პოზა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს – მხრები დაბრეცილია, კისერი მოღუნულია, ზურგი მოხრილია. შედეგი – თავის ტკივილი, გახშირებული მიოზიტები (ჩონჩხის მუსკულატურის ანთებითი დაზიანება), შეშუპებები კისრის და ზურგის კუნთებში, პროგრესირებადი ხერხემლის ოსტეოქონდროზი და მასთან დაკავშირებული მალების და სახსრების დეგენერატიული დარღვევები. უარყოფითი შედეგები გარდაუვალია გამართულად ჯდომის დროსაც. არაფერი ეშველება კიდურებში სისხლდენის შენელებას. ჯდომის დროს თეძოს უკანა არტერიები გადაკეტილია, რაც ქვედა კიდურების კანის, სისხლძარღვებისა და სახსრების დაავადებებს იწვევს. დროთა განმავლობაში ზიანდება მთელი სისხლის მიმოქცევის სისტემა, შესაძლოა დაიწყოს თრომბოზი და არაა გამორიცხული მწვავე კატასტროფებიც – ინფარქტი და ინსულტი.
 
როგორ მოვიქცეთ? გაწყვიტეთ ხანგრძლივი ჯდომა ნებისმიერი განტვირთვითი მოძრაობებით. მაშინაც კი, თუკი „არ გცალიათ“. თქვენი ჯანმრთელობა ვერ დაელოდება თქვენს მოუცლელობას. ყოველ საათში ერთხელ ჩაატარეთ მინი-მოთელვა. მოხარეთ და გამართეთ კორპუსი, გაიქნიეთ ხელები, ჩაიბუქნეთ, დაატრიალეთ თავი და სხვ. ამას გარდა ხშირად გამოცვალეთ მაგიდასთან ჯდომის პოზა. არ ჩარგოთ თავი მხრებში, არ მოხაროთ ზურგი. მიბაძეთ პიანისტს – ზურგი და კისერი გასწორებულია, ხელები მოდუნებულია და მსუბუქად ეხება კლავიატურას.
 
დატვირთვა თვალებზე
 
ყველა ოფთალმოლოგი ერთხმად აღნიშნავს, რომ თვალებზე უარყოფითი ზემოქმედების მხრივ პირველ ადგილზე იმყოფება კომპიუტერი. მას გააჩნია რამდენიმე დამაზიანებელი ფაქტორი: მოციმციმე ეკრანი, შრიფტის ზომები და გარჩევადობა, ვერტიკალურად მოძრავი ტექსტი და ა.შ. შედეგად კი ვიღებთ თითქმის ყველა ცნობილ თვალის დაავადებას, დაწყებული მიოპიიდან (ახლომხედველობა) და დამთავრებული ბადურის დაავადებებით და ასტიგმატიზმით.
 
როგორ მოვიქცეთ? პერიოდულად ჩაატარეთ თვალების ვარჯიში. მაგალითად, გადაიტანეთ ფოკუსი ახლოდან შორ საგნებზე. ორი წუთის განმავლობაში დახუჭეთ თვალები და გააკეთეთ წრიული მოძრაობები სხვადასხვა მიმართულებით. ყოველ ორ საათში დაასვენეთ თვალები. ამისთვის მიდით ფანჯარასთან და გაიხედეთ მაქსიმალურად შორ პერსპექტივას. თვალების პერიოდული ფოკუსირება-განფოკუსირებისთვის გამოიყენეთ სტერეო-გამოსახულებები.
 
ხელის მტევნების დაძაბვა
 
კლავიატურაზე თითების კაკუნი და კომპიუტერის თაგუნასთან ინტენსიური კონტაქტი ხელის მტევნების (განსაკუთრებით მარჯვენა ხელის) დაძაბვას იწვევს. უარყოფითი ეფექტი იზრდება, თუკი კლავიატურა და თაგუნა მაგიდის კიდესთან ახლოსაა განლაგებული. უსაყრდენო იდაყვით და ჩამოკიდებული ხელის მტევნებით მუშაობა იწვევს სხივმაჯის სახსრების ართროზსა და მაჯის გვირაბულ სინდრომს. კუნთების, ფიბროზული და ძვლის არხებში გამავალი ნერვები განიცდიან დიდ დაწოლას გვირაბული სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებების გამო. ამ დაავადებას ძლიერი ტკივილები ახლავს და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს.
 
როგორ მოვიქცეთ? მოაწესრიგეთ მაგიდა და გაწიეთ კლავიატურა და თაგუნა მაგიდის სიღრმეში. შეიძინეთ ისეთი მაგიდა, რომელსაც აქვს კლავიატურის გამოსაწევი დასადგამი, ან დაუმონტაჟეთ ამგვარი დასადგამი ძველს. საუკეთესო შემთხვევაში ხელის მტევანი და იდაყვი უნდა იყოს მაგიდის ზედაპირის პარალელური. ამას გარდა სისტემატიურად გააკეთეთ ხელის მტევნებისთვის სასარგებლო მარტივი ვარჯიშები. მუშტის შეკვრა-გაშლა, მაჯის სახსარში ტრიალი, „წყლის დაფერთხვა“.
 
ცუდი ჰაერი
 
დიდი რაოდენობით ქაღალდი, ჰორიზონტალური ზედაპირები და რბილი იატაკი მტვრის დაგროვებას უწყობს ხელს. ორგტექნიკა ამ მტვერს იზიდავს და გაგრილების სისტემით კვლავ ჰაერში გააფრქვევს მას. გამორთული კონდიციონერები ფილტრებში აგროვებენ ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოებს. ჩართავთ კონდიციონერს, ფიქრობთ რომ გააუმჯობესებთ ჰაერის ცირკულაციას და ამ დროს ხარბად ისუნთქავთ ნახსენებ მავნე „მიკროკოქტეილს“. ამას გარდა ვირუსები და ბაქტერიები მშვენივრად გრძნობენ თავს კლავიატურაში და ტელეფონის ყურმილში.
 
როგორ მოვიქცეთ? დაიკაპიწეთ ხელები და ჩაატარეთ სამუშაო ადგილის „სველი მილაგება“. გაწმინდეთ ორგტექნიკა სპეციალური სველი ხელსახოცებით, ან ნებისმიერი ნოტიო ჩვრით. მოსთხოვეთ ხელმძღვანელობას კონდიციონერების გაწმენდა და ფილტრების გამოცვლა. გამოაღეთ ფანჯრები; ყოველ დღე; მინიმუმ 10-15 წუთით; მათ შორის ზამთარშიც.