EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ოთახში ქოთნის ყვავილების განლაგების წესი »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-27 14:23:58

ოთახში ქოთნის ყვავილების განლაგების წესი

ყვავილების მოყვარულთა უმრავლესობა თავიანთ მცენარეებს ისე ექცევა, როგორც ცოცხალ არსებებს 

მცენარეები უყვართ, უვლიან და ეფერებიან. გრძნობაც უპასუხოდ არ რჩება: ადამიანი ინტუიციურად გრძნობს, რომ ოთახის მცენარე სასიკეთო გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, სახლში სიხარული და სიმშვიდე შემოაქვს, ჯანსაღ კლიმატს ქმნის. მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ მცენარეები დათრგუნულობის გრძნობას და სტრესს ხსნიან. 

ყვავილების ზოგიერთი მოყვარული კი მცენარეების უბრალო მოვლით არ კმაყოფილდება და მათი მეშვეობით სახლისთვის უფრო მყუდრო და თანამედროვე იერსახის შექმნას ცდილობს. ისინი მუდმივ შემოქმედებით ძიებაში არიან და ქოთნის მცენარეები ასეთი შემოქმედებისთვის საკმაოდ შესაფერისი მასალაა. სტანდარტული ბინები გაცილებით მომხიბლავ იერს იძენს, თუ მათი პატრონები პატარა მწვანე ან მოყვავილე „კუნძულებს“ მოაწყობენ თაროებზე, რაფებსა თუ იატაკზე. მნიშვნელოვანია ამ ზამთრის ბაღებისა და კომპოზიციების მოწყობისას მათი შედგენისა და ინტერიერისთვის შეფერების რამდენიმე თავისებურების გათვალისწინება. 
წესი პირველი – მცენარეები ლამაზ, კომპაქტურ ჯგუფად უნდა იყოს განლაგებული და არა ქაოტურად მოფენილი მთელ ოთახში. 

წესი მეორე - კომპოზიციაში ორგანულად შეხამებული იქნება მხოლოდ ის მცენარეები, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ერთ კლიმატურ სარტყელში იზრდება. მცენარეების ჯგუფს ხომ ჩვენ უნებურად ვუკავშირებთ ამა თუ იმ ბუნებრივ „ერთობას“ (მაგალითად, უცნაური იქნება ერთმანეთის მეზობლად „მცხოვრები“ კაქტუსები და წიწვოვნები). გარდა ამისა, ერთი კლიმატური ზონის მკვიდრი მცენარეების ერთად დალაგება მათ მოვლასაც გაგიიოლებთ, რადგან მათ შენახვის დაახლოებით ერთი და იგივე პირობები ჭირდება. მაგალითად, ტროპიკულ-სუბტროპიკული სარტყლის ბინადრებს ტენიანი ჰაერი, ზომიერი ტემპერატურა მკვეთრი ცვალებადობის გარეშე და გაფანტული სინათლე ჭირდება. ამ ჯგუფიდან ყველაზე ცნობილი მცენარეებია ფიკუსი, პალმა, ლიანა მონსტერა, დრაცენა, გვიმრები და ციტრუსისებრნი. თუ უდაბნოს ან ნახევრადუდაბნოს პეიზაჟები გხიბლავთ, თქვენი პატარა ბაღი „მექსიკურ“ სტილში უნდა მოაწყოთ. დაასახლეთ იქ წვნიანი მცენარეები, რძიანები, კაქტუსები, იუკები, აგავები და უზრუნველყავით მათთვის მისაღები პირობები: მშრალი ჰაერი, მაქსიმალური განათება და სითბო. 

სხვადასხვა კლიმატური ჯგუფის წარმომადგენელი მცენარეების კავშირი იმთავითვე განწირულია არა მხოლოდ ესთეტიური შეუსაბამობის, არამედ ეკოლოგიური შეუთავსებლობის გამოც. იმ დროს, როცა პალმების უმრავლესობა დახურულ სივრცეში სიმშრალისგან წუხდება და ჩრდილიან გარემოს ამჯობინებს, კაქტუსს კარგი განათება ჭირდება და არც ჰაერის დატენიანებას მოითხოვს.

გადარჩენის პრობლემის წინაშე შეიძლება დადგნენ მცენარეები იმ შემთხვევაში, თუ კომპოზიციაში ერთმანეთის მეზობლად აღმოჩნდება მცენარე, რომელსაც სიმშვიდის პერიოდი ესაჭიროება (მაგალითად, გერანი, რომელსაც ზამთარში 8-120C ჭირდება) და მცენარე, რომელიც ტემპერატურულ ცვალებადობას ვერ იტანს (მაგალითად, მარანტა და მისი ოჯახის სხვა წარმომადგენლები). ასე, რომ, სურვილი გასაგებია, მაგრამ არის გარემოებები, რომლებსაც უნდა დაემორჩილოთ, თუ გინდათ წარმატებული ფლორისტი გახდეთ. 

თუნდაც გულდასმით შეისწავლოთ მცენარეების სახეობრივი შესაბამისობის თემა სპეციალური სახელმძღვანელოების მიხედვით, წარმატებისკენ გზა მხოლოდ სანახევროდ გექნებათ გავლილი, რადგან ყვავილების ჯგუფის შიდა სტრუქტურაში მკაფიო კომპოზიციური კანონები მოქმედებს და ბაღისთვის განსაზღვრული იერსახის მისაცემად (თუ რასაკვირველია, მაგალითად, გაუვალი ჯუნგლების კომპოზიციის შექმნას ცდილობთ), მათი ცოდნაც საჭიროა. ამ წესების მიხედვით, ჯგუფის შიგნით აუცილებლად უნდა იყოს დიდი მცენარე (170 სმ-დან) ხშირი ვარჯითა და ძლიერი ტოტებით. ის მომავალი კომპოზიციის ჩონჩხია. ყველაზე პოპულარული ამ როლში არის ფიკუსი, პალმა, ციტრუსისებნი, ბანანი, ზანტედესკია, ანტურიუმი, ასევე დღეს მოდური აღნაგობის მცენარეები - დაახლოებით მეტრამდე შიშველი ღეროთი და ბურთისმსგავსი ვარჯით. მსხვილი მცენარეებიდან ირჩევენ ყველაზე მაღლებს - ე.წ. ღერძულებს. ის უნდა იყოს ჯგუფის ცენტრი, დანარჩენები კი მის ირგვლივ საფეხურისებრი წესრიგით განლაგდებიან. დამხმარე მცენარეების ზომები და ჰაბიტუსი ღერძულა მცენარის იერსახით უნდა განისაზღვროს, ამიტომაც პირველი, მაღალი მცენარის არჩევას ყველაზე მეტი ფიქრი ჭირდება. 

ჰარმონიული სურათის შესაქმნელად საჭიროა საშუალო ზომის მცენარეებიც. აქ კომპოზიციაში აუცილებლად უნდა ჩართოთ ლამაზად მოყვავილე ან დეკორატიულფოთლებიანი მცენარეები, რომლებიც ჯგუფში აქცენტის როლს შეასრულებს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, პუანსეტია, ალოკაზია, ანტურიუმი, მარანტა, კამელია, ზამთარში მოყვავილე ბეგონია. ჭრელფოთლება მცენარეები - ფილოდენდრონი და ასპიდისტრა დეკორატიულობას მთელი წლის განმავლობაში არ კარგავენ, თუმცა, მოვლისადმი საკმაოდ პრეტენზიულები არიან. 

მცირე ზომის მცენარეები კომპოზიციის შემავსებლის როლს ასრულებენ. ამისთვის გამოიყენება მცოცავი და ხვიარა მცენარეები. ისინი შეიძლება თავისუფლად დაალაგოთ ან საყრდენზე გაუშვათ. ამ ჯგუფში ხვდება სურო, ქლოროფიტუმი, პასიფლორა, ასპარაგუსი. ისინი ძალიან ლამაზად ავსებენ ზამთრის ბაღის ზედა დონეს, შეიძლება გავიდნენ კედლებზე, სვეტებზე და სივრცეს სიღრმე და მოცულობა მიანიჭონ. 
კომპოზიციას დასრულებულ სახეს წვრილი მიწისზედები (ფიტონია, სედუმი) აძლევს, რომლებიც კონტეინერების მიწას ფარავს და მწვანე ფონს ქმნის. 

ყვავილოვანი კომპოზიცია მხოლოდ ყველა ამ კომპონენტის არსებობის შემთხვევაში მიიღებს იარუსულ ფორმას, რაც ბუნებრივ მცენარეულ ერთობებს ახასიათებს. გარდა ამისა, საფეხურებრივი განლაგება საშუალებას მოგვცემს მცენარეები მათი საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინოთ და საჭიროების შემთხვევაში გაშიშვლებული ღერო თუ დაზიანებული ფოთლები დავმალოთ. 

დამხმარე ელემენტების შერჩევისას, მიუხედავად თქვენი ფანტაზიის გასაქანისა, კომპოზიციას მცენარეების მაქსიმალურად ბევრი სახეობით ნუ გადატვირთავთ. დიზაინერები, ჩვეულებრივ, 5-7 ტიპის მცენარეს იყენებენ, დამწყებ ფლორისტებს კი, უგემოვნობისგან დასაცავად, მხოლოდ 3-4 სახეობის მცენარის გამოყენებას ვურჩევთ. მცენარეების ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ერთმანეთისგან ზომით, ფოთლების ფორმითა და შეფერილობით და ყვავილობის დროით უნდა განსხვავდებოდეს. ლამაზი და აბსოლუტურად დასრულებული კომპოზიცია მხოლოდ ერთი სახეობის მცენარის გამოყენებითაც კი შეგიძლიათ შექმნათ.